დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/02/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 01/03/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.010.030 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.030
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №63/ნ
2007 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №9, მუხ. 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა, ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში.“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება), რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი პროფილის ან სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას, შემდეგი სახის გამოკვლევების გათვალისწინებით:
ა) საერთო კლინიკური გამოკვლევები;
ბ) ბიოქიმიური გამოკვლევები;
გ) იმუნოლოგიური გამოკვლევები;
დ) რენტგენოლოგიური გამოკვლევები;
ე) ფუნქციონალური გამოკვლევები.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
დაწესებულებაში პირის შემოწმებისას, ხდება მისი კლინიკურ-შრომითი ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზება. საჭიროებისას, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით, ავადმყოფი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის, ან გამოთხოვილ იქნება საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“.
6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:
ა) პირველი ხარისხი – ფუნქციების უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევა;
ბ) მეორე ხარისხი – ფუნქციების ზომიერად გამოხატული დარღვევა;
გ) მესამე ხარისხი – ფუნქციების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევა;
დ) მეოთხე ხარისხი – ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევა.“.
7. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.“.
8. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაავადებების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს“.
9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (უვადოდ);
ბ) ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ჰემიპლეგია, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით (უვადოდ);
გ) მოძრაობის კორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა: ატაქსია, ჰიპერკინეზული სინდრომი, ამიოსტატიკური სინდრომი (უვადოდ);
დ) თავის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული ტოტალური აფაზია (უვადოდ);
ე) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე (უვადოდ);
ვ) ნებისმიერი ეტიოლოგიის ჭკუასუსტობა (უვადოდ);
ზ) გონებრივი განვითარების ღრმა ან მძიმე ჩამორჩენილობა – იდიოტიის ან მკვეთრად გამოხატული იმბეცილობის ხარისხში (უვადოდ);
თ) შიზოფრენია, გახანგრძლივებული ქვემწვავე მიმდინარეობით, აგრესიისა და იმპულსური ქცევებისადმი მიდრეკილებით ან კანდინსკლერამბოს სინდრომით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ი) მწვავე ლეიკოზი (უვადოთ);
კ) ჰემოფილია, მძიმე ფორმა (უვადოდ);
ლ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, ქრონიკული არტერიული უკმარისობა IV სტადია (თითების ნეკროზი, წყლულები, პრეგანგრენა ან განგრენა) (უვადოდ);
მ) ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა III ხარისხის – შეუხორცებელი მრავლობითი ტროფიკული წყლულები (უვადოდ);
ნ) ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა III ხარისხის – სპილოვნება, ლიმფორეა (უვადოდ);
ო) ბარძაყის ტაკვი და მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ან ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხი ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა II-III ხარისხი (უვადოდ);
პ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული მეორე ქვედა კიდურის წვივის ტაკვთან ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციასთან (უვადოდ);
ჟ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული მტევნის ყველა თითების უქონლობასთან ან ამავე თითების ანკილოზთან ან მკვეთრად გამოხატულ კონტრაქტურასთან ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციასთან (უვადოდ);
რ) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა 10°-მდე) (უვადოდ);
ს) ორივე მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები (უვადოდ).
2. მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), 5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ, გადამოწმების ვადით, წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) გულის ანევრიზმა (უვადოდ);
ბ) კარდიოსტიმულატორის არსებობა (უვადოდ);
გ) ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ხშირი გამწვავებებით, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების სარკოიდოზი III ხარისხის, სუნთქვის უკარისობა II-III ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
დ) ბრონქოექტაზიური დაავადება III სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ე) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის პროგრესირებადი ტუბერკულოზი, ფილტვ-გულის უკმარისობა II ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ვ) გულმკერდის მალების ტუბერკულოზი, დიდი ზომის გიბუსით, ფილტ-გულის II ხარისხის უკმარისობით (უვადოდ);
ზ) ხერხემლის ოსტეოქონდროზი III სტადია, მყარი, მკვეთრად გამოხატული მტკივნეული სინდრომით და ხშირი რეციდივებით, რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას (გადამოწმების ვადით);
თ) მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) საშუალო სიმძიმის, რეციდიული ფორმა, ხშირი, ხანგრძლივი გამწვავებებით, ოლიგო-პოლიართრიტი, ფუნქციური უკმარისობა II ხარისხის (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაციის შემდგომი მორფო-ფუნქციონალური დარღვევები, კვების მკვეთრი დაქვეითებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
კ) დიდი ზომის ვენტრალური თიაქარი (25X20სმ), რომელიც არ ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას (უვადოდ);
ლ) შარდოვანი, განავალ-შარდოვანი, განავალ-ვაგინალური, შარდ-ვაგინალური, ნაღვლოვანი ფისტულები, ხელოვნური უკანა ტანი, რომლებიც არ ექვემდებარებიან ოპერაციულ მკურნალობას (უვადოდ);
მ) ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანალური სპინქტერის უკმარისობა II-III ხარისხის (უვადოდ);
ნ) ერთადერთი თირკმლის ქრონიკული უკმარისობა II ხარისხის (უვადოდ);
ო) თირკმლების დაავადებები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
პ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია, ან ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხის, ან ქვედა კიდურების ლიმფოდემა, ქრონიკული ლიმფური უკმარისობა II-III ხარისხის (გადამოწმების ვადით);
ჟ) გაფანტული სკლეროზი ხშირი რეციდივებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
რ) პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დგომისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ს) მიასთენია (ლოკალური ან გენერალიზებული), მძიმე ფორმა, თვითმომსახურების შესაძლებლობისას დამხმარე საშუალებების გამოყენებით და/ან სხვა პირთა დახმარებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ტ) ეპილეფსია და თავის ტვინის სხვა ორგანული დაავადებები ხშირი გენერალიზებული კრუნჩხვებით ან იშვიათი დიდი გულყრებით, დისფორიებით და გონების დაბინდვით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
უ) თავის ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი), თუ ადგილი აქვს ტვინის პულსაციას, ან დაზიანება მიმდინარეობდა ინფექციურ-ჩირქოვანი პროცესით (უვადოდ);
ფ) შიზოფრენიის დროს გამოხატული პოსტპროცესუალური დეფექტები, შიზოფრენია არამყარი რემისიით, რემისიის სტრუქტურაში პარანოიდული, ჰალუცინატორული, დეპრესიული, აპათოაბულიური ან ფსიქოპათიური სინდრომით (გადამოწმების ვადით);
ქ) ინვოლუციური ფსიქოზი, ინვოლუციური პარანოია, ან ინვოლუციური მელანქოლია (გადამოწმების ვადით);
ღ) რეაქტიული ფსიქოზი გახანგრძლივებული მიმდინარეობით (გადამოწმების ვადით);
ყ) გუნებაგანწყობის აფექტური აშლილობა – მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ხშირი ფაზებით ან ფაზის გახანგრძლივებული მიმდინარეობით (გადამოწმების ვადით);
შ) ფსიქოპათია მიდრეკილი ხშირი დეკომპენსაციებისადმი ან პარანოიალური განვითარებით (გადამოწმების ვადით);
ჩ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,05-0,08, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე (გადამოწმების ვადით);
ც) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები (გადამოწმების ვადით);
ძ) მხედველობის სიმახვილე ორივე ან უკეთმხედველ თვალში კორექციით 0,09-0,1, მხედველობის პროგრესირებადი პათოლოგიის და არადამაკმაყოფილებელი პროგნოზის დროს (ბადურის აბიოტროფიები, გლაუკომა, ახლომხედველობის დისტროფიული ფორმა) (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
წ) ორმხრივი სიყრუე, თანდართული მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით – დებილობის ხარისხში (უვადოდ);
ჭ) ნებისმიერი ეტიოლოგიის ხორხის მყარი დეფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობით, ხორხის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ამოკვეთის შემდგომი ნაწიბუროვანი ტრაქეოსტომა, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობით (გადამოწმების ვადით);
ხ) არაჰოჩკინის ლიმფომა III სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ჯ) ქრონიკული ლეიკოზი საშუალო სიმძიმის (უვადოდ);
ჰ) ჭეშმარიტი პოლიციტემია, საშუალო სიმძიმის, სისხლძარღვოვანი გართულებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ჰ.ა) ჰემოფილია, საშუალო სიმძიმის (უვადოდ);
ჰ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი, პროგრესირებადი, გენერალიზირებული სტადია (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);
ჰ.გ) ჰოჩკინის ლიმფომა III სტადია (გადამოწმების ვადით);
ჰ.დ) ორივე წვივის ტაკვი, მათ შორის, ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ (უვადოდ);
ჰ.ე) ორივე ტერფის ტაკვი შოპარის სახსრის დონეზე (უვადოდ);
ჰ.ვ) ) ბარძაყის ტაკვი (უვადოდ);
ჰ.ზ) ქვედა კიდურების მსხვილი სახსრების (ორი და მეტი) ენდოპროთეზი (უვადოდ);
ჰ.თ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (უვადოდ);
ჰ.ი) ორივე მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) (უვადოდ);
ჰ.კ) ორივე მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით; ორივე მტევნის სამი თითის უქონლობა პირველის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (უვადოდ);
ჰ.ლ) მტევნის ოთხი თითის უქონლობა, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან წინამხრის ტაკვი, შერწყმული წვივის ტაკვთან, ან ერთი თვალის შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებულ სრულ ან პრაქტიკულ სიბრმავესთან (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე) (უვადოდ);
ჰ.მ) ქვედა კიდურის დამბლა; ქვედა კიდურის გამოხატული პარეზი მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით (კუნთების გამოხატული ატროფია ან ქრონიკული ტროფიული წყლული) (უვადოდ);
ჰ.ნ) მხრის ტაკვი (უვადოდ);
ჰ.ო) ზედა კიდურის დამბლა; ზედა კიდურის გამოხატული პარეზი, მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით (უვადოდ);
ჰ.პ) ორმხრივი ადრენალექტომია (უვადოდ).
3. ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) მტევნის ოთხი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის ჩათვლით, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში;
ბ) მტევნის პირველი და მეორე თითების ან სამი თითის უქონლობა პირველი თითის გამოკლებით შესაბამისი ნების ძვლებთან ერთად;
გ) ორივე მტევნის პირველი თითების უქონლობა;
დ) მტევნის უქონლობა ან ზედა კიდურის უფრო მაღალი ამპუტაცია წინამხრის დონეზე;
ე) მხრის ან წინამხრის ორთავე ძვლის ცრუ სახსარი;
ვ) იდაყვის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (60°-ზე ნაკლები ან 150°-ზე მეტი კუთხით) ან წინამხრის ფიქსაციისას უკიდურესი პრონაციის ან სუპინაციის მდგომარეობაში;
ზ) მხრის ან იდაყვის მოლაყლაყე სახსარი;
თ) ტერფის ტაკვი ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
ი) ტერფის ტაკვი შოპარის სახსარში;
კ) ორივე ტერფის ამპუტაცია მეტატარზალური ძვლების თავების დონეზე;
ლ) წვივის ტაკვი;
მ) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით (ქუსლოვანი ან ცხენის ტერფი, 90° -ზე ნაკლები ან 125°-ზე მეტი კუთხით);
ნ) ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში;
ო) ბარძაყის ან წვივის ორივე ძვლის ცრუ სახსარი;
პ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;
ჟ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;
რ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170° -ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);
ს) კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტით;
ტ) მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი;
უ) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა;
ფ) მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა, კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლით (კიდურის დამოკლება 6სმ-ით და მეტით, სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა – მოცულობა 10°-ზე ნაკლები, სახსრის არასტაბილურობა, დადებითი ტრენდელენბურგის სიმპტომი, კიდურის მანკიერი მდებარეობა);
ქ) ყბის ან მაგარი სასის დეფექტი, თუ პროთეზირება ვერ უზრუნველყოფს ღეჭვის ფუნქციას;
ღ) ქალას ძვლის დეფექტი (3X1სმ და მეტი) ან ტვინის ქსოვილში უცხო სხეულის არსებობა;
ყ) ფილტვის უქონლობა;
შ) გასტრექტომიის შედეგად კუჭის უქონლობა;
ჩ) გულის კუნთში ან გულის პერანგში უცხო სხეულის არსებობა;
ც) კიფოსქოლიოზი IV ხარისხის (ჩაკლინის მიხედვით);
ძ) ხორხის ამოკვეთის გამო მუდმივი ტრაქეოსტომა;
წ) ხორხის ნაწიბუროვანი სტენოზი ან დეფორმაცია, სუნთქვის II ხარისხის მყარი უკმარისობით;
ჭ) ხმის იოგების ორმხრივი დამბლა;
ხ) თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული მყარი აფონია;
ჯ) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნქობა III-IV ხარისხის;
ჰ) ჰიპოფიზური ნანიზმი, ოსტეოქონდროპათია, ოსტეოქონდროდისტროფია, ზრდაში მკვეთრი ჩამორჩენით (ლილიპუტობა);
ჰ.ა) მტევნის დამბლა; მტევნის მკვეთრად გამოხატული პარეზი, მნიშვნელოვანი ტროფიული მოშლით;
ჰ.ბ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე).“.
10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1.დაწესებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, დასკვნა რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების საჭიროების შესახებ (სპეციალური მოწყობილობები, ხელსაწყოები, შეგუებითი საშუალებები) გამოაქვს შემდეგი დაავადებების და დეფექტების არსებობის შემთხევაში:
ა) მკვეთრად გამოხატული მონოპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;
ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;
გ) მკვეთრად გამოხატული ჰიპერკინეზული სინდრომი;
დ) შარდისა და განავლის მუდმივი შეუკავებლობა, მათ შორის შარდ-განავლოვანი ფისტულები;
ე) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე და სმენაჩლუნგობა III-IV ხარისხის; ორმხრივი სიყრუე, თანდართული მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით – დებილობის ხარისხში;
ვ) მტევნის ოთხი თითის უქონლობა, ამავე თითების ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ან ზედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;
ზ) ორი ან მეტი კიდურის მსხვილი სახსრების მკვეთრი კონტრაქტურა;
თ) მხრის, იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის მოლაყლაყე სახსარი;
ი) ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაციით;
კ) ორივე თვალის მხედველობის დაქვეითება კორექციით 0,08-მდე ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 15°-მდე.
2. დაწესებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დასკვნა გადაადგილების საშუალებების საჭიროების შესახებ გამოაქვს შემდეგი დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში:
ა) ოთახის სავარძელი-ეტლი:
ა.ა) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;
ა.ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;
ა.გ) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები.
ბ) ველო-ეტლი:
ბ.ა) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი;
ბ.ბ) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;
ბ.გ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;
ბ.დ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.
გ) სპეციალიზებული (ხელით ან ერთი ხელით და ერთი ფეხით სამართავი) ავტო-მოტო ტრანსპორტი:
გ.ა) ერთი ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ორივე ქვედა კიდურის დამბლა ან მკვეთრად გამოხატული პარეზი, ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;
გ.ბ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია;
გ.გ) ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით;
გ.დ) ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები, II და მეტი ხარისხის ქრონიკული არტერიული უკმარისობით;
გ.ე) ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა II-III ხარისხის ან ერთი ქვედა კიდურის ვენური უკმარისობა III ხარისხის;
გ.ვ) ქვედა კიდურების ქრონიკული ლიმფური უკმარისობა III ხარისხის (სპილოვნება);
გ.ზ) ორივე ტერფის ტაკვი მეტატარზალური ძვლების თავების რეზექციით, ან ქვედა კიდურების უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;
გ.თ) წვივის ტაკვი ან ქვედა კიდურის უფრო მაღალი დონის ამპუტაცია;
გ.ი) ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა;
გ.კ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;
გ.ლ) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის მოლაყლაყე სახსარი;
გ.მ) მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;
გ.ნ) მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170° -ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);
გ.ო) კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა, ტერფის მანკიერი მდებარეობით;
გ.პ) ორივე ქვედა კიდურის ორი ან მეტი მსხვილი სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;
გ.ჟ) ორივე ბარძაყის ან ორივე წვივის ძვლების არასწორად შეხორცებული მოტეხილობები დეფორმაციით 170° -ზე ნაკლები კუთხით;
გ.რ) ბარძაყის ან დიდი წვივის ძვლის ცრუ სახსარი;
გ.ს) მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზი;
გ.ტ) ერთი ქვედა კიდურის დამოკლება 10სმ-ით და მეტი;
გ.უ) ქვედა კიდურის მნიშვნელვანი ტროფიული დარღვევები ხანგრძლივად შეუხორცებელი (6 თვეზე მეტი), ან მორეციდივე წყლულის არსებობით, ზომით: წვივზე – 20კვ.სმ და მეტით, ტერფის ზურგზე – 10კვ.სმ და მეტით, ტერფის გულზე – არანაკლებ 2 კვ.სმ ფართით;
გ.ფ) ხერხემლის დაავადებები, დეფორმაციები გადაადგილების და დგომის მნიშვნელოვანი გაძნე-ლებით (ხერხემლის III-IV ხარისხის გამრუდება მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი – ბეხტერევის დაავადება, მენჯ-ბარძაყის სახსრების გამოხატული კონტრაქტურით).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან.
ლ. ჭიპაშვილი
დოკუმენტის კომენტარები