“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 3/256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 08/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/256
07/08/2006
სსმ, 105, 08/08/2006
040.030.000.22.028.009.059
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2006 - 27/04/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.059

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

 მინისტრის ბრძანება №3/256

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/107 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე “;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის

დე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ეროვნული კინოცენტრი) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით.

3. ეროვნულ კინოცენტრს აქვს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონება, რომელსაც იგი თავისი მიზნების მისაღწევად მოიხმარს და განკარგავს დანიშნულებისამებრ, ამასთან პასუხისმგებელია ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

4. ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, იკისროს ვალდებულებები.

5. ეროვნულ კინოცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, ლოგო, ასევე იურიდიული პირის ყველა სხვა რეკვიზიტები.

6. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0105 თბილისი, მარჯვენა სანაპირო №4.

    მუხლი 2. ეროვნული კინოცენტრის მიზნები და ამოცანები

1. ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში.

2.ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდიანცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელებისათვის ხელშეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია.

3. ეროვნული კინოცენტრის ამოცანებია:

ა) შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

ბ) კინოს განვითარებისათვის სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;

გ) ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა;

დ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;

ე) კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელის განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ვ) კინემატოგრაფიაში ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა-ამოქმედება;

ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;

თ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება;

ი) კინოგანათლებისა და კინომცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა;

კ) შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა;

ლ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთაშორისო კინოფესიტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

    მუხლი 3. ეროვნული კინოცენტრის უფლებები და მოვალეობები

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს:

ა) მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები, შეიმუშაოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები კინოს სფეროში და წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;

ბ) მოამზადოს ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამები, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოამზადოს და წარადგინოს სათანადო წინადადებები კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსები, გაანაწილოს შესაბამისი თანხები კონკურსში გამარჯვებული ეროვნული ფილმების წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების მიზნით;

ე) განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური რესურსების მობილიზება და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება;

ვ) კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვროს საკუთარი სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;

ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ინფორმაცია;

თ) თავის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოს უკანონო ქმედებათა შეწყვეტის მიზნით;

ი) დაამყაროს ურთიერთობა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები;

კ) მოამზადოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამები და კონკრეტული წინადადებანი, განახორციელოს ისინი, საჭიროების შემთხვევაში კი განსახილველად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;

ლ) განახორციელოს ღონისძიებები ქართული კინოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და უზრუნველყოს სახელმწიფო მხარდაჭერა;

მ) ჩამოაყალიბოს ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკი და განსაზღვროს მისი ფუნქციონირების წესი;

ნ) გამართოს კონფერენციები, სემინარები, კინოჩვენებები, მოაწყოს ფესტივალები, მათ შორის, საერთაშორისო;

ო) დააწესოს ფულადი ან სხვა სახის ჯილდო ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და კინო-ფესტივალებში მონაწილეთათვის;

პ) დადგენილი წესით წარმართოს თავისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, მოამზადოს წინადადებები მათი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ ახალი სტრუქტურების შექმნის შესახებ;

ჟ) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვის მიზნით, შექმნას კინოორგანიზაციების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო წესით რეგისტრირებული ყველა კინოორგანიზაცია;

რ) პროპაგანდა გაუწიოს ქართულ კინოკულტურას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ს) ხელი შეუწყოს კინოს დარგში ცნობარების, ჟურნალებისა და ლიტერატურის გამოცემას;

ტ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ დებულებას;

უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. ეროვნული კინოცენტრი ვალდებულია:

ა) რაციონალურად და ოპტიმალურად გამოიყენოს შრომითი და ფინანსური რესურსები;

ბ) თავისი საქმიანობა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

    მუხლი 4. ეროვნული კინოცენტრის მართვა

1. ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფუნქციები ეკისრება კინოცენტრის დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის დავალებით მისი მოადგილე. ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს დირექტორი.

3. დირექტორი წარმოადგენს ეროვნულ კინოცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში.

4. დირექტორი, როგორც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი:

ა) უძღვება ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება ეროვნული კინოცენტრის გამგებლობის სფეროს;

ბ) პასუხისმგებელია ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაზე;

გ) შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და სამუშაო გეგმებს;

დ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ე) განსაზღვრავს კომპეტენციათა შიდასტრუქტურულ გადანაწილებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე;

ვ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კინოცენტრის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს.

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ეროვნული კინოცენტრის ყველა თანამშრომლისათვის;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიისა და საკონკურსო დებულების პროექტს;

კ) ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებებს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფესტივალებში ეროვნული ფილმების მონაწილეობის დაფინანსების შესახებ;

მ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში;

ნ) საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე ქმნის საექსპერტო კომისიას.

5. კინოცენტრის დირექტორი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც შეესაბამება კინოცენტრის მიზნებს და მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 5. კინოცენტრის სტრუქტურა

1. კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) ფილმწარმოების განყოფილება;

გ) კინოექსპორტის განყოფილება;

დ) საინფორმაციო განყოფილება.

2. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულები თავიანთი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ კინოცენტრის დირექტორს.

3. ეროვნულ კინოცენტრთან შემოქმედ მუშაკთა და ექსპერტთა შემადგენლობით იქმნება საექსპერტო კომისია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.

    მუხლი 6. ეროვნული კინოცენტრის საქმინობის სახელმწიფო კონტროლი

1. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. ეროვნულ კინოცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება კინოცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 7. ეროვნული კინოცენტრის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება

1. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობანი და გრანტები;

ვ) ეროვნული კინოცენტრის მიერ მხარდაჭერილი ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას.

3. ეროვნული კინოცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც კინოცენტრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეროვნული კინოცენტრის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ეროვნული კინოცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 9. კინოცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია

ეროვნული კინოცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.