“რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ"

  • Word
“რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.009.049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-143
07/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
340.170.000.22.032.009.049
“რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/08/2006 - 01/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.009.049

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-143

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის თანდართული პროცედურები.

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურები

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურები შემუშავებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და კომუნიკაციის პროცედურებს.

    მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

ა) საფრთხის იდენტიფიკაცია – ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტების გამოვლენა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჯანმრთელობის საზიანო შედეგები ან/და გარემოზე არასასურველი ეფექტი/გავლენა და ამ ეფექტის/გავლენის ხარისხობრივი შეფასება;

ბ) საფრთხის დახასიათება – ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება, რომელიც დაკავშირებულია ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ აგენტებთან;

გ) საფრთხის გამოვლენის შეფასება – სურსათსა და ცხოველის საკვებში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტების მოქმედებით მოსალოდნელი შედეგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება;

დ) რისკის დახასიათება – საფრთხის განსაზღვრაზე, დახასიათებაზე და გამოვლენის შეფასებაზე დაყრდნობილი მონაცემთა რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი განსაზღვრა, მოსახლეობის ან ცხოველთა ჯანმრთელობაზე მავნე მოქმედებით მიღებული ცნობილი ან მოსალოდნელი შედეგების ჩათვლით;

ე) დოზასთან დაკავშირებული შეფასება – ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური აგენტების გამოვლენის სიდიდესა (დოზა) და ჯანმრთელობის საზიანო შედეგების სიმძიმესა ან/და სიხშირეს (პასუხი) შორის ურთიერთობის (ქმედების) განსაზღვრა;

ვ) რისკის რაოდენობრივი შეფასება – რისკის შეფასება, რომლის შედეგადაც მიიღება რისკის რიცხობრივი გამოსახულება;

ზ) რისკის თვისობრივი შეფასება – რისკის რაოდენიბრივი შეფასებისაგან განსხვავებული მონაცემები, რომელიც არსებული არასარწმუნოობის გათვალისწინებით რისკის აღწერისას მას ანიჭებს კატეგორიას;

თ) ანალიზის მგრძნობელობა – მოდელის მოქმედების შესწავლისათვის გამოყენებული მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მასში შემავალი მონაცემების ცვლილების შედეგად მიღებული მონაცემების ვარიაციებს;

ი) არასარწმუნოობათა ანალიზი – მეთოდი, რომელიც გამოიყენება მოდელის მონაცამების, ცდომილების და სტრუქტურის ფორმასთან დაკავშირებულ არასარწმუნოობათა შეფასებისათვის;

კ) გამჭვირვალობა – პროცესის დახასიათება, როდესაც მიღებული შედეგები, განვითარების ლოგიკა, დაბრკოლებები, დაშვებები, მნიშვნელობათა განხილვები, გადაწყვეტილებები, შეზღუდვები და არასარწმუნოობა სრულად და სისტემატურად ფიქსირდება, დოკუმენტურად ფორმდება და ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ლ) კრიზისული მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოებისას ან/და მოხმარებისას, არსებული რეალური რისკი გაზრდილია და საფრთხეს უქმნის გარკვეული ან ყველა კატეგორიის (სქესი, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, შრომის პირობები, კვების თავისებურება, ორსულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა) მომხმარებელის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. აღნიშნული მდგომარეობის გადაწყვეტა მოითხოვს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს რისკის დონეს და კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს რისკის აღმოსაფხვრელად ან მისაღებ დონემდე შესამცირებლად.

    მუხლი 3. რისკის ანალიზი

1. რისკის ანალიზი არის პროცესი, რომელიც მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის მართვას, რისკის კომუნიკაციასა და სხვა დამატებით ღონისძიებებს.

2. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რისკის ანალიზში შემავალი შემდეგი დამატებითი ღონისძიებები:

ა) კომპეტენტური სამეცნიერო დასკვნის მიწოდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით;

ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) რისკის შეფასებისათვის აუცილებელი დამატებითი სამეცნიერო კვლევების საჭიროების განსაზღვრა;

დ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;

ე) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;

ვ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში მოქმედი სუბიექტებისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ზ) კრიზისული მდგომარეობის დროს საგანგებო ზომების გატარებისას მეცნიერული და საექსპერტო დახმარება.

3. აკრძალულია რისკის ანალიზის პროცესში მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. რისკის ანალიზი უნდა წარიმართოს რისკის შეფასებასთან დაკავშირებული პრინციპების შესაბამისად, განახლებული მეცნიერული მონაცემების, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებათა მიღების მეშვეობით.

5. ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის რისკის არსებობისას, როდესაც არასაკმარისი და არასრულია მეცნიერული მონაცემები, რისკის ანალიზისათვის საჭიროა ე.წ. „პრაქტიკაში არსებული მონაცემების” სათანადო და ხელთ არსებული მეცნიერული დასაბუთების გონივრული გამოყენება.

    მუხლი 4. რისკის შეფასების პროცედურები

1. რისკის შეფასება რისკის ანალიზის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული პროცესს და მოიცავს ოთხ საფეხურს: საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის დახასიათება-აღწერას, საფრთხის გამოვლენის შეფასებასა და რისკის დახასიათებას.

2. რისკის შეფასება ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს და ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.

3. რისკის შეფასების პროცესში მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული რისკის შეფასების მიზანი, სფერო, სავარაუდო ალტერნატივები.

4. რისკის შეფასებაზე პასუხისმგებელი მეცნიერ-ექსპერტები შერჩეულ უნდა იქნენ მათი სპეციალობისა და ინდივიდუალური გამოცდილების საფუძველზე.

5. რისკის შეფასების პროცესი არ უნდა შეყოვნდეს გარკვეულ მონაცემთა მიღების მოლოდინში. იგი, შესაძლოა განხილულ იქნეს ხელახლა ამ მონაცემების მოპოვების შემდეგ.

6. რისკის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს რისკის შეფასებაზე. არასრული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს დოკუმენტურად და მიეთითოს რისკის არასრული შეფასების მიზეზი და მოსალოდნელი შედეგები.

7. რისკის შეფასების დოკუმენტში არსებული მონაცემები უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და ამომწურავი.

8. რისკის შეფასებისას ყოველმხრივ უნდა იქნეს განხილული სურსათში/ცხოველის საკვებში არსებულ საფრთხესა და ადამიანს შორის ურთიერთქმედება (მოსალოდნელი ან სავარაუდო შედეგების ჩათვლით), აგრეთვე შემდგომი გართულებების შესაძლებლობა, საფრთხით გამოწვეული პროცესის დინამიკა.

9. რისკის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე საფრთხის საზიანო, მწვავე, ქრონიკული, კუმულაციური ან/და კომბინირებული მოქმედების შედეგები.

10. რისკის შეფასებისას მეცნიერ-ექსპერტთა გადაწყვეტილების საფუძველზე კეთდება ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელმისაწვდომი დასკვნა რისკის შეფასების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს.

    მუხლი 5. საფრთხის იდენტიფიცირება

1. საფრთხის იდენტიფიცირება თვისობრივი პროცესია და გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტების განსაზღვრას, რომლებმაც სასურსათო პროდუქტში ან ცხოველის საკვებში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.

2. საფრთხის იდენტიფიცირება ხდება მონაცემთა შესაბამისი წყაროებიდან, მათ შორის, სამეცნიერო ლიტერატურიდან, სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებლების/დისტრიბუტორებისა და სამთავრობო დაწესებულებებისაგან, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. საფრთხის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია სწორად განისაზღვროს და მიეცეს დახასიათება საფრთხესა და მისი ზემოქმედების ობიექტებს.

    მუხლი 6. საფრთხის დახასიათება-აღწერა

1. საფრთხის დახასიათებისას ხდება სურსათში და ცხოველის საკვებში არსებული საფრთხით გამოწვეული ან შესაძლო უარყოფითი შედეგების მოქმედების ხანგძლივობისა და სიმძიმის რაოდენობრივი და თვისობრივი აღწერა.

2. საფრთხის დახასიათებისას აუცილებელია ქიმიური აგენტებისათვის განისაზღვროს მოქმედ დოზასთან დაკავშირებული შეფასება, ხოლო ბიოლოგიური და ფიზიკური აგენტებისათვის – დოზასთან დაკავშირებული შეფასება უნდა მოხდეს შესაძლებლობის გათვალისწინებით.

3. ადამიანის ორგანიზმზე საფრთხის გავლენის დასადგენად საფრთხის დახასიათებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხის მოქმედების პირობები, ადამიანის სქესი, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, შრომის პირობები, კვების თავისებურება, ორსულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.

    მუხლი 7. საფრთხის გამოვლენის შეფასება

1. საფრთხის გამოვლენის შეფასება მოიცავს ადამიანზე საფრთხის რეალური ან შესაძლო ზემოქმედების შეფასებას. რისკის შეფასებისას განხილული უნდა იყოს სურსათისა და ცხოველის საკვების საშიში აგენტებით დაბინძურების სიხშირე და მათი შემცველობის დონე, მოსახლეობისა და ცხოველის კვების ფაქტობრივი მონაცემები.

2. საფრთხის გამოვლენის შეფასებისას განსაზღვრულ უნდა იქნეს საფრთხის დინამიურობა, აღიწეროს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები, მოხდეს საფრთხის სავარაუდო ზემოქმედების პროგნოზირება წარმოებისა და დისტრიბუციის ცალკეული ეტაპების მიხედვით.

 3. საფრთხის გამოვლენის შეფასება განსაზღვრავს არასარწმუნოობათა სხვადასხვა დონეებს, მათ შორის, სურსათში და ცხოველის საკვებში პათოგენური მიკროორგანიზმებისა და მიკრობული ტოქსინების მოხვედრის შესაძლებლობასა და დონეს.

    მუხლი 8. რისკის დახასიათება

1. რისკის დახასიათება წარმოადგენს საფრთხის იდენტიფიცირების, საფრთხის დახასიათება-აღწერისა და საფრთხის გამოვლენის შეფასებათა ერთობლიობას.

2. რისკის დახასიათებისას აღწერილი უნდა იყოს მოცემული რისკის სავარაუდო უარყოფითი ეფექტის და სიმძიმის რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება, მათ შორის, იმ არასარწმუნოობათა აღწერა, რომლებიც ამ შეფასებებს უკავშირდება.

3. რისკის დახასიათება დამოკიდებულია მოპოვებულ მონაცემებზე, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, ექსტრაპოლაციის ცდომილებებსა და ექსპერტების დასაბუთებულ მოსაზრებებზე. რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების საფუძველზე ხდება რისკის ხარისხობრივი შეფასება და საბოლოო დახასიათება.

    მუხლი 9. რისკის შეფასების დოკუმენტირება

1. რისკის შეფასება სრულად და სისტემატურად უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად და დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს.

2. რისკის შეფასებისას დასაბუთებულად უნდა ჩამოყალიბდეს შეფასების პროცესში მონაწილე ყველა მეცნიერის/ექსპერტის მოსაზრებები.

3. რისკის შეფასების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს რეზიუმეს. რისკის შეფასების რეზიუმეში, ისევე როგორც თვით დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ყველა დაბრკოლება, არასარწმუნოობა, დაშვებები და მათი ზემოქმედება რისკის შეფასებაზე.

    მუხლი 10. რისკის კომუნიკაციის მიზნები, ამოცანები და პრინციპები

1. რისკის კომუნიკაციის მიზანია რისკის მართვაზე, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლზე, სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებლებისა და მომხმარებელთა უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე. რისკის კომუნიკაცია ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდების სწრაფი სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ზუსტი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

2. რისკის კომუნიკაციამ უნდა უზრუნველყოს საფრთხეებისა და შესაძლო რისკების შესახებ გადაწყვეტილებების გაცვლის პროცესი, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, და აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მიღება გამარტივებული გზით, რათა ჩართულ მხარეთა უფლებები და ინტერესები იყოს მაქსიმლურად დაცული.

3. რისკის კომუნიკაციამ უნდა უზრუნველყოს:

ა) რისკის მართვის შესახებ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების ზუსტი განსაზღვრა და რისკის ანალიზის პროცესში მონაწილეთა საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება;

ბ) რისკის მართვის რეკომენდაციების შემუშავებისა და მიწოდების დროს ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა კონკრეტული განსახილველი საკითხების შესახებ ცოდნის ამაღლება;

გ) საზოგადოების მიერ რისკის ანალიზის პროცესის უკეთ აღქმა მომხმარებლთა ინტერესების დაცვისა და მათი ნდობის ამაღლებისათვის;

დ) რისკის ანალიზის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის სათანადო ჩართვა და სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული რისკების საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;

ე) რისკის შეფასების უზუსტობების განმარტება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორი, უზუსტობა, ვარაუდი და მათი გავლენა რისკის ანალიზზე, ასევე, რისკის შეფასების პროცესში მონაწილე მეცნიერთა/ექსპერტთა განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები;

ვ) რისკის კომუნიკაცია ხორციელდება ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული შეტყობინების, ინტერნეტ – ტრანსლაციის, ვიდეომიმართვის, პრესის, საჯარო გამოსვლის და სხვა საშუალებებით.