,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 10/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.001.078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
131
03/06/2008
სსმ, 82, 10/06/2008
300.010.000.10.003.001.078
,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/06/2008 - 27/06/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2008 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ

1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების თანდართული წესები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე    

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (შემდგომში – თიზ) შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებს.

    მუხლი 2. თიზის შექმნის მოთხოვნისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება

1. თიზის შექმნის შესახებ დასკვნის მომზადებისათვის პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. თიზი შეიძლება შეიქმნას როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირის (შემდგომში – ორგანიზატორი) მოთხოვნით მის საკუთრებაში ან/და თანამფლობელობაში არსებულ ან/და იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე.

3. თიზისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი უნდა იყოს 10 ჰექტარზე მეტი.

4. თიზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და გამოსცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებას.

5. თიზი არ შეიძლება შეიქმნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აწარმოებს საქართველოში შექმნილი თიზების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს.

7. თიზების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 3. თიზის შექმნა ორგანიზატორის მოთხოვნით

1. თიზის შესაქმნელად ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს განცხადებას თიზის შექმნის ინიციატივით.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თიზის ფუნქციონირების ვადა.

3. თიზის მიწის ნაკვეთის იჯარის შემთხვევაში თიზის ფუნქციონირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იჯარის ვადას.

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემები (თარიღი, ინფორმაცია წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ), ინფორმაცია 10%-ზე მეტი წილის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) მიწის ნაკვეთის 1 : 5 000, ან უფრო მსხვილი მასშტაბის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც დატანილი უნდა იყოს თიზის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთები, არსებული შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა და მ იწისზედა კომუნიკაციები, სხვა ობიექტები და მათი დანიშნულება;

დ) თიზის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკა;

ე) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეობის შემთხვევაში თანამესაკუთრეთა ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, ხოლო მიწის იჯარის შემთხვევაში – მიწის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თიზის შექმნის შესახებ;

ვ) თიზის მოწყობისა და განვითარების კონცეფცია;

ზ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თიზის წესდების პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

თ) „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის საბანკო გარანტია;

ი) დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ დაკმაყოფილებულია თიზის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან წერილობითი სახის ვალდებულება, რომ ორგანიზატორი დააკმაყოფილებს თიზის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში;

კ) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები ორგანიზატორის შეხედულებისამებრ.

5. თიზის შექმნის ინიციატივით განცხადების წარდგენის უფლება არა აქვს იურიდიული პირის ფილიალს ან მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (გარდა არარეზიდენტი პირის მუდმივი დაწესებულებისა).

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ევალება:

ა) განიხილოს თიზის შექმნის შესახებ განცხადება;

ბ) ორგანიზატორის მიერ დოკუმენტაციის კანონმდებლობით და ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში აცნობოს ორგანიზატორს დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა აითვლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის თარიღიდან;

გ) თიზის შექმნის შესახებ ორგანიზატორის სრულყოფილი განცხადების მიღების შემდეგ 30 დღის ვადაში მოამზადოს დასკვნა თიზის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უნდა მოამზადოს დასაბუთებული უარი;

დ) თუ ორგანიზატორმა წარმოადგინა თიზის წესდება, შეისწავლოს წესდების პროექტი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში ასახოს, თუ რამდენად შეესაბამება თიზის წესდების პროექტი საქართველოს კანონმდებლობას;

ე) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

ვ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თიზის შექმნის შესახებ;

ზ) დაიცვას შემოსულ განაცხადსა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

თ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში თიზის ორგანიზატორს მოსთხოვოს:

თ.ა) თიზის მოწყობის სიტუაციური გეგმის (ნახაზის) წარმოდგენა;

თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აგრეთვე სავალდებულოა აისახოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო, სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს თიზის მოწყობის გეგმის ის ნაწილი, რომლის მოთხოვნებიც რეგულირდება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 4. თიზის ფუნქციონირების დაწყება და ფუნქციონირების შეჩერება

1. თიზის ფუნქციონირება შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

ა) შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად იქნება შემოწმებული და დადასტურებული თიზის შესაბამისობა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, აგრეთვე „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) წარმოდგენილი იქნება გარანტია, რომელიც აკმაყოფილებს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა თიზში შესასვლელი და გამოსასვლელი პუნქტები ფეხით მოსიარულეთათვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ითხოვს და სახელმწიფო თანახმაა დააფინანსოს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილი, გარანტია უნდა მოქმედებდეს ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოების დაწყების დღიდან.

3. სახელმწიფო არ აფინანსებს საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების 50%-ზე მეტ ოდენობას.

4. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაკმაყოფილებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ორგანიზატორს ეძლევა გონივრული ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში თავისუფალი საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და მასში მითითებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ პირობებს.

6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით და მასში მითითებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განისაზღვრება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. თიზის ფუნქციონირების პერიოდში, მისი ფუნქციონირებისათვის დადგენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნების დარღვევის, ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეუთანხმებლად შესასვლელ-გამოსასვლელის ან/და შენობა-ნაგებობის დამატების შემთხვევაში, დგება საკითხი თიზის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე და ორგანიზატორს ეძლევა გონივრული ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შუამდგომლობს სასამართლოში თიზის ლიკვიდაციის თაობაზე, ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 5. სახელმწიფო მომსახურება და ზედამხედველობა თიზში

1. თიზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმ(ებ)ით:

ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოცემულ თიზში არსებული ერთიანი მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თიზის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით;

ბ) თიზში განთავსებული სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობ(ებ)ის მეშვეობით;

გ) თიზის ფარგლებს გარეთ განთავსებული სახელმწიფო ორგანო(ებ)ის მეშვეობით.

2. თიზში სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის განხორციელების ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ყოველი ცალკეული თიზისათვის.

3. თიზის საწარმოების მომსახურება/ზედამხედველობა შეიძლება განახორციელონ შემდეგმა სახელმწიფო ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურმა;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციამ;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ;

ვ) სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ;

ზ) სსიპ – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა;

თ) სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ;

ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა;

კ) სხვა ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ორგანიზატორი ვალდებულია სარგებლობაში გადასცეს თიზის სააგენტოს ან თიზში დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის თანახმად საქონლის დათვალიერებისათვის, სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საჭირო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფართობი გონივრულ ფარგლებში.

5. კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში ერთ დასაქმებულზე (გარდა დამხმარე მოსამსახურეებისა) 15 კვადრატულ მეტრს. ფართობის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობასა და ორგანიზატორს შორის თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა თაობაზე დადებული ხელშეკრულებით.

6. თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს შეიძლება გაეწიოთ სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის:

ა) დარეგისტრირდნენ მოცემული თიზის გადამხდელად „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციის და სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

ბ) მიიღონ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით;

გ) ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია და კონსულტაციები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესახებ, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ და სხვ.;

დ) ხელმისაწვდომი იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ან მათ მიერ გამოცემული მათი საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები და სხვა მარეგულირებელი ნორმები და გაეწიოთ შესაბამისი კონსულტაციები;

ე) მეტროლოგიური მომსახურება (გამზომი საშუალებების დაკალიბრება, ეტალონებიდან ზომის გადაცემა და სხვ.);

ვ) საგამოცდო ლაბორატორიებისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები;

ზ) სხვა სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია თიზში ეკონომიკურ საქმიანობასთან.

7. თიზის საწარმო ლიცენზიას/ნებართვას მოიპოვებს ლიცენზიის/ნებართვის სახიდან გამომდინარე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და წესით.

8. თიზში ლიცენზია/ნებართვა თიზის საწარმოსათვის გაიცემა სააგენტოს მეშვეობით.

9. თიზის საწარმოები გათავისუფლებული არიან თიზში შემდეგი სახის ლიცენზიების/ნებართვების აღების ვალდებულებისაგან:

ა) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიისაგან;

ბ) ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიისაგან;

გ) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიისაგან;

დ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიისაგან;

ე) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიისაგან;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიისაგან;

ზ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიისაგან;

თ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვისაგან;

ი) საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვისაგან;

კ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისაგან;

ლ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვისაგან, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდავი;

მ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვისაგან;

ნ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვისაგან;

ო) I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვისაგან;

პ) II ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვისაგან;

ჟ) სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვისაგან;

რ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვისაგან.

10. თიზში მშენებლობის ნებართვის გაცემა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებით „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“.

11. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზატორი უზრუნველყოფს თიზში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

    მუხლი 6. თიზის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანო – თიზის სააგენტო

1. თიზის სააგენტო ფუძნდება მხოლოდ ორგანიზატორის სურვილისა და მოთხოვნის შემთხვევაში.

2. თიზის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუძნდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

3. თიზის სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო.

4. სააგენტოს დებულების, საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის დამტკიცების სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოს განსაზღვრის საკითხები რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

5. თიზის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი შემოსავალი.

6. სააგენტო თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო მომსახურებას, რომლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლების ოდენობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გარდა სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის შემოსავლების ოდენობა განისაზღვრება წინასწარ სააგენტოსა და ორგანიზატორს ან ადმინისტრატორს შორის შეთანხმების საფუძველზე.

8. თიზის სააგენტო ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ, ხოლო საფასურის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში – სულ მცირე ერთი თვით ადრე აცნობოს თიზის საწარმოებს და ადმინისტრატორს ცვლილების შესახებ.

9. თიზის სააგენტო მუშაობს „ერთი სარკმლის“ პრინციპით და ემსახურება მხოლოდ თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს და მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით ან/და საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში და პირობებით. სააგენტო თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს მომსახურებას უწევს მხოლოდ საწარმოების სურვილის შემთხვევაში.

10. თიზის სააგენტო ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ახდენს თიზის საწარმოს თიზის გადამხდელად რეგისტრაციას „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციის და სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ბ) ახორციელებს თიზში რეგისტრირებული ან დარეგისტრირების მსურველი საწარმოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს თიზში დარეგისტრირებული საწარმოების ურთიერთობებს იმ სახელმწიფო ორგანოებთან, რომლებიც აუცილებელია თიზში საქმიანობისათვის;

დ) გასცემს თიზში რეგისტრირებულ საწარმოზე ლიცენზიას ან/და ნებართვას;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე გასცემს შესაბამისი ფორმის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს;

ვ) ახორციელებს თიზში უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობას;

ზ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ანგარიშს თიზში გაწეული მომსახურების შესახებ, ანგარიშის ასლს წარუდგენს ორგანიზატორს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პირისათვის;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მისი დებულებით ნებადართულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 7. თიზის მართვა და ფუნქციონირება

1. თიზის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი, რომელიც შეიძლება იყოს თვითონ ორგანიზატორი, ან მის მიერ დანიშნული როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თიზის საწარმოს და რეგისტრირებულ უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თიზის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი არარეზიდენტი იურიდიული პირია, თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მან უნდა დააფუძნოს მუდმივი დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზატორი შეიმუშავებს თიზის წესდების პროექტის საბოლოო ვარიანტს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

5. თიზის წესდებით შეიძლება დარეგულირდეს:

ა) ადმინისტრატორის ფუნქციები და მოვალეობები;

ბ) ის მოთხოვნები და პირობები, რომელთა აღიარება და შესრულება ევალება თიზში რეგისტრირებულ საწარმოს;

გ) თიზში წარმოქმნილი დავების გადაწყვეტის წესი;

დ) თიზის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი;

ე) კანონით დადგენილი სხვა საკითხები.

6. თიზის წესდებით შეიძლება ნებადართული იყოს თიზში არაოფიციალური საქმისწარმოების განხორციელება ინგლისურ ენაზეც.

7. თიზის ორგანიზატორი უფლებამოსილია თიზის წესდებით განსაზღვროს, რომ თიზში წარმოქმნილ დავებს, რომლებშიც სახელმწიფო არ გამოდის ერთ-ერთ მოდავე მხარედ, განიხილავს და გადაწყვეტს თიზში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი.

8. წესდებით ასევე შეიძლება განისაზღვროს, რომ თიზში წარმოქმნილი დავების განხილვა და გადაწყვეტა განხორციელდეს როგორც საერთო სასამართლოს, ისე არბიტრაჟის მიერ, მათ შორის, თიზში შექმნილი დროებითი კერძო არბიტრაჟის, სხვა კერძო არბიტრაჟის, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დავის განხილვის ორგანოს თიზის საწარმოები ირჩევენ ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტის საკითხი მხარეთა შორის არ არის დარეგულირებული, დავის განხილვა და გადაწყვეტა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. თიზის წესდებით შესაძლებელია დარეგულირდეს წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. დასაშვებია წესდების სხვადასხვა ნაწილებისა და საკითხების ცვლილების განსხვავებული წესებით დარეგულირება.

11. თუ წესდება მასში ცვლილებების შეტანის სხვა წესს არ ითვალისწინებს, უნდა განისაზღვროს წესდების ის ნაწილები, რომლებიც:

ა) არ ექვემდებარება ცვლილებას;

ბ) ექვემდებარება ცვლილებას ორგანიზატორის ინიციატივით;

გ) ექვემდებარება ცვლილებას თიზის საწარმოების რაოდენობის 75%-ის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

12. იმ შემთხვევაში, თუ წესდება არეგულირებს მასში ცვლილებების შეტანის წესს, წესდება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას მისი ყოველი ცალკეული ნაწილის ცვლილების წესის შესახებ.

13. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ორგანიზატორმა სულ მცირე ერთი წლით ადრე თიზში რეგისტრირებულ ყველა საწარმოს წერილობით უნდა აცნობოს ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანის შესახებ. ასეთ შემთხვევაში წესდებაში ცვლილებები ძალაში შედის თიზის საწარმოების შეტყობინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

14. იმ შემთხვევაში, თუ წესდებითა და ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და, თუ ორგანიზატორმა განახორციელა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, თიზში რეგისტრირებული ნებისმიერი საწარმო, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები ორგანიზატორის წინაშე, გათავისუფლებულია მათი შესრულებისაგან და უფლებამოსილია ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს ადმინისტრატორთან დადებული ხელშეკრულებები წესდების ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან.

15. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორმა მოიპოვა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობის წერილობითი თანხმობა, მაშინ წესდებაში ცვლილებები ძალაში შედის შეტყობინებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

16. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე არ უქმდება თიზის სტატუსი, ორგანიზატორს ევალება მხოლოდ წერილობით აცნობოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თიზის საწარმოებს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ.

17. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლისას, იმ შემთხვევაში, თუ თიზის სტატუსი არ უქმდება, ორგანიზატორს (ან ახალ მესაკუთრეს) მოეთხოვება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ახალი მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მოცემულ მიწის ნაკვეთზე თიზის არსებობის შესახებ.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება თიზის ორგანიზატორი, ახალ ორგანიზატორს მოეთხოვება იმოქმედოს ამ წესების გათვალისწინებით და მოიპოვოს თანხმობა თიზის შექმნის შესახებ.

19. იმ შემთხვევაში, თუ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე ახალ მესაკუთრეს სურს თიზის სტატუსის გაუქმება, ხორციელდება თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

20. თიზის მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, თუ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე რომელიმე პირს სურს ახალი თიზის შექმნა და მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, ახალი თიზის შექმნის მსურველი (ახალი ორგანიზატორი) ვალდებულია თიზის სტატუსის მოსაპოვებლად განახორციელოს ამ წესებით გათვალისწინებული მოქმედებები და მოიპოვოს თანხმობა თიზის შექმნის შესახებ.

21. თიზის მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენარჩუნდება თიზის სტატუსი, ნაკლებია 10 ჰექტარზე, ხორციელდება ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული თიზის ლიკვიდაციის პროცედურები.

22. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო თიზის ნაწილზე, თიზის დარჩენილ (იჯარის გარდა) ნაწილზე არ გაუქმდება თიზის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი უზრუნველყოფს დარჩენილ მიწის ნაკვეთზე თიზის ფუნქციონირებისათვის ამ წესებით გათვალისწინებულ მოქმედებებს და მოიპოვებს თანხმობას თიზის შექმნის შესახებ.

23. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს გაზარდოს თიზის მიწის ნაკვეთის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და წარუდგინოს მას ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გეგმები თიზის გაფართოებული საზღვრების ჩვენებით და თიზის ახალ ტერიტორიაზე დააკმაყოფილოს თიზის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ამ წესებით დადგენილი ყველა პირობა.

24. იმ შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთის გაფართოება ხდება სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, ორგანიზატორმა ამ მუხლის 22-ე პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას უნდა დაურთოს მიწის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თიზის შექმნის შესახებ.

25. თიზის ადმინისტრატორი შეიმუშავებს ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

26. თიზის განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის მოთხოვნებს.

    მუხლი 8. თიზში აკრძალული და შეზღუდული საქმიანობა

1. თიზში აკრძალულია:

ა) შენობის საცხოვრებლად გამოყენება და სამოსახლო და სასტუმრო დანიშნულების კაპიტალური და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

ბ) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

გ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

დ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;

ე) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თიზის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა აკრძალვები და შეზღუდვები.

    მუხლი 9. თიზის ლიკვიდაცია

1. თიზის ლიკვიდაციის საფუძველია:

ა) თიზის ვადის ამოწურვა;

ბ) ორგანიზატორის განცხადება თიზის ლიკვიდაციის თაობაზე;

გ) სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. თიზის სტატუსის ვადის ამოწურვამდე ლიკვიდაციის განზრახვის შემთხვევაში ორგანიზატორმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და თიზში რეგისტრირებულ ყველა საწარმოს სულ მცირე ერთი წლით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ლიკვიდაციის განზრახვის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზში რეგისტრირებული ნებისმიერი საწარმო, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები ორგანიზატორის წინაშე, გათავისუფლებულია მათი შესრულებისაგან და უფლებამოსილია ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ლიკვიდაციის დღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით თიზის სტატუსის გაუქმების შესახებ ორგანიზატორის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ისეთ შემთხვევებში შეუსრულებლობის დროსაც, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობა ან ამ წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულება რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.

5. ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებით იქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც განახორციელებს თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, კერძოდ:

ა) ამზადებს დასკვნას ორგანიზატორის ან/და ადმინისტრატორის საქართველოს მთავრობისადმი არსებული კრედიტორული/დებიტორული დავალიანების შესახებ;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

გ) სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ამზადებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

6. ლიკვიდაციის დროს თიზის სააგენტო და ადმინისტრატორი ვალდებული არიან კოორდინაცია გაუწიონ თიზის საწარმოების მიერ სასაქონლო-მატერიალური ნაშთების ინვენტარიზაციასა და მარაგების დეკლარირებას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

7. თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. 14/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 15/01/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 14/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 624 - ვებგვერდი, 16/12/2015 8. 26/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 511 - ვებგვერდი, 27/08/2014 7. 28/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 480 - ვებგვერდი, 29/12/2012 6. 18/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 264 - ვებგვერდი, 20/07/2012 5. 05/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 4. 03/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 338 - სსმ, 146, 10/11/2010 3. 15/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 189 - სსმ, 86, 15/07/2010 2. 29/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 201 - სსმ, 143, 30/09/2008 1. 27/06/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 142 - სსმ, 93, 01/07/2008
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.