დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 428 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.024823 |
|
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
|
მუხლი 1 |
თავდაცვის კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 66-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2025 წლის 15 იანვრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე. 2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობაა 4510. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტების ოდენობებს. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს ეტაპობრივად, კერძოდ: ა) 6 თვის ვადით საბრძოლო ქვედანაყოფში ერთ ეტაპად – 2025 წლის 15 აპრილიდან; ბ) 8 თვის ვადით დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ოთხ ეტაპად, მათ შორის: ბ.ა) პირველი ეტაპი – 2025 წლის 15 მარტიდან; ბ.ბ) მეორე ეტაპი – 2025 წლის 1 ივნისიდან; ბ.გ) მესამე ეტაპი – 2025 წლის 15 აგვისტოდან; ბ.დ) მეოთხე ეტაპი – 2025 წლის 1 ნოემბრიდან; გ) 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით ერთ ეტაპად – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. 5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების (შემდგომში – მუნიციპალური/რაიონული განყოფილება) მიხედვით შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით. 7. თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის არჩევა შეეძლება მის დაკომპლექტებამდე. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება, შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა. 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. 10. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. 12. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები