დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/3/697 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 20/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016955 |
|
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე – წევრი; გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – მიხეილ შარაშიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, ბაჩანა სურმავა და თინათინ ერქვანია; მოპასუხის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლები – მარიამ კერესელიძე და ეკატერინე წულაია; მოპასუხის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენელი – მიხეილ ტყეშელაშვილი.
I 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №697) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №697 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 26 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №1/11/697 საოქმო ჩანაწერით, №697 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №697 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 22 ივნისს, 26 ივლისს, 24 და 25 ოქტომბერს. 2. №697 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი. 3. სადავო ნორმებით მოწესრიგებულია, ნარკოლოგიური საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლები და პროცედურა, აგრეთვე, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის პროცედურა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ „პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა“. პოლიციელის ანალოგიურ უფლებამოსილებას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, პოლიციელი მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის (შემდგომში – პირის წარდგენის) პირობებსა და პროცედურებს. ინსტრუქციის პირველი მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო დაწესებულება). ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, პირის წარდგენის უფლება აქვთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს (შემდგომში – მოსამსახურე). 5. ინსტრუქციის მე-3 მუხლი ადგენს პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, მოსამსახურე უფლებამოსილია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირი წარადგინოს გამოსაკვლევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების (პირის იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა) განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირის გამოსაკვლევად წარდგენის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას. 6. ინსტრუქციის მე-4 მუხლში გაწერილია პირის გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა, რომლის თანახმადაც, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსამსახურე სთავაზობს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე. თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად. მოსამსახურე ვალდებულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლის შესახებ. დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად. 7. ინსტრუქციის მე-5 მუხლი მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით. ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად წარდგენილი პირის უფლებას, გაასაჩივროს მოსამსახურის მოქმედება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირი უფლებამოსილია ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგები გაასაჩივროს ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ (შემდგომში – ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესი) მე-2 მუხლი ადგენს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“, ხოლო მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები. 9. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი არის სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას“. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებების თანახმად, „სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში. თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) შემოწმება წარმომდგენის მითითების შესაბამისად“. 10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მონაცემები შეიძლება დადგინდეს მათ შორის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით. 11. №697 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რეაქციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული იყო ადამიანის ღირსება და აკრძალული იყო ადამიანის წამება არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენება, ასევე დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება; კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევდა თავისუფლების აღკვეთას ან პირადი თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები ადგენდა, რომ „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა“; კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დეკლარირებული იყო, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენდა, რომ არავინ იყო ვალდებული მიეცა თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრებოდა კანონით. 12. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით ადამიანის ღირსება დაცულია მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელის გამოყენებას. ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას განამტკიცებს მოქმედი კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, ხოლო მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა“. მოქმედი კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება, 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. 13. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადგენის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურას. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საკანონმდებლო საფუძვლებს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს წარდგენის დეფინიციას, რაც ბუნდოვანს ხდის სადავო ნორმების შინაარს, რადგან გაურკვეველია, კონკრეტულად, რა მოქმედების განხორციელებას გულისხმობს აღნიშნული ტერმინი. 14. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის წარდგენა, თავისი არსით, წარმოადგენს პირის დაკავებას, რადგან მას აქვს იძულებითი ხასიათი და, ხშირ შემთხვევაში, ხორციელდება ადმინისტრაციული დაკავების ფორმით. წარდგენის მიზანია სამართალდარღვევის გამოვლენა და პირისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ამოწურულია დასახელებული მიზნის მიღწევის სხვა საშუალებები. სადავო ნორმები ითვალისწინებს პირის წარდგენას ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც არ არსებობს ამგვარი უკიდურესი აუცილებლობა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისათვის. ამასთან, პირის ადმინისტრაციული დაკავება შესაძლოა გაგრძელდეს 12 ან 48 საათამდე, რაც, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებაში. 15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლად, ადგენს პოლიციელის ეჭვს/ვარაუდს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თაობაზე. მისი თქმით, პირის დასაკავებლად აუცილებელია, არსებობდეს სამართალდარღვევის სავარაუდო ნიშნები და არა ზოგადი ეჭვი ან ვარაუდი. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება a priori არ გულისხმობს პირის იმწუთიერ ყოფნას ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში. ნარკოტიკული თრობის გარეგნული ნიშნები აღინიშნება მაშინ, როდესაც პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შესაძლოა დადგინდეს მოხმარების აქტიდან რამდენიმე დღის, კვირების შემდეგაც კი. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით შეიძლება ივარაუდოს პოლიციელმა, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, მაშინ, როდესაც იგი არ იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ამასთან, მხოლოდ პირის ვიზუალური მდგომარეობა არ არის საკმარისი მის წარსადგენად. პოლიციელს არ აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რათა ერთმანეთისგან გაარჩიოს ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობისგან გამოწვეული კლინიკური ნიშნები. 16. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირის წარდგენა სასამართლოს წინასწარი კონტროლის გარეშე ხორციელდება, რის გამოც მაღალია პოლიციელის მხრიდან თვითნებობის რისკი. იგი მიუთითებს წარდგენის ინსტიტუტის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და აცხადებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, პოლიციელის მხრიდან ხდება იმ პირთა წარდგენა, რომლებიც არიან უკვე ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებულნი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. მისი თქმით, უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, წარდგენილ პირთა 60-70%-ს ბიოლოგიური მასალის ჩაბარების შედეგად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირთა წარდგენა ხდება უსაფუძვლოდ. 17. მოსარჩელის პოზიციით, პირის წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი აშკარა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან საკუთარ თავს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ცალკე აღებული, არ წარმოადგენს იმგვარი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რომელიც გადაწონიდა წარდგენილი პირის თავისუფლების შეზღუდვას. სადავო ნორმებით დადგენილი პროცედურით უხეშად ირღვევა ადამიანის თავისუფლება, რაც წარმოადგენს უფრო დიდ სიკეთეს, ვიდრე ის საჯარო ინტერესი, რომელიც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ყოველი კონკრეტული შემთხვევის გამოვლენაში. 18. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს პირის წარდგენის ახალ, საკანონმდებლო საფუძვლებისგან განსხვავებულ საფუძველს, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ფორმალურ მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, ადამიანის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და იძლევა იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, პირის წარდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს მის მიერ ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არ წარმოშობს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს პირის წარდგენის ახალ, საკანონმდებლო საფუძვლისგან განსხვავებულ საფუძველს. 19. მოსარჩელის განმარტებით, „წარდგენის“ პროცედურას წინააღმდეგობრივი სამართლებრივი ბუნება გააჩნია. ერთი მხრივ, ინსტრუქცია ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე გადაყვანას მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განიხილავს როგორც ნებაყოფლობითს, თუმცა ამავე მუხლის მესამე პუნქტი საუბრობს პოლიციელის არა ვალდებულებაზე, არამედ უფლებამოსილებაზე – უარის შემთხვევაში განახორციელოს დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა დანიშნულება აქვს ნებაყოფლობითი გადაყვანის შეთავაზებას, თუ არსებობს გამოკვლევაზე იძულებითი წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. 20. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილისაგან (2018 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსხვავებით, რომლის შესაბამისად, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე პირის წარდგენისათვის საჭიროა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების თაობაზე ეჭვი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმით, გამოკვლევაზე წარდგენისათვის საკმარისია ნარკოტიკული ნივთიერების არათუ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, არამედ, უბრალოდ მოხმარების ვარაუდი. მოსარჩელის განმარტებით, ნორმის ასეთი აბსტრაქტული შინაარსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს შეუზღუდავ ძალაუფლებას, რომლის დროსაც, შესაბამის უფლებამოსილ პირს არ ეკისრება არც ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის რეალურად არსებობის და არც თავისუფლების შეზღუდვის გარდაუვალი აუცილებლობის მტკიცების ვალდებულება. 21. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საუბარია „ნარკოტიკული საშუალების“ მოხმარებაზე. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის წარდგენის საფუძვლად მიუთითებს „ნარკოტიკული ნივთიერების“ სავარაუდო მოხმარებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უკანონო მოხმარების თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ნარკოტიკული ნივთიერება და მისი მოხმარების საბოლოო პროდუქტი – ნარკოტიკული საშუალება. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და, შესაბამისად, ნარკოტიკული სამართალდარღვევის თაობაზე ეჭვის ან ვარაუდის საფუძველი უნდა იყოს არა ნარკოტიკული ნივთიერების, არამედ მისი, როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება. 22. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ლახავს პირის ღირსებას, რადგან პირის წარდგენა და მისგან იძულებით ბიოლოგიური მასალის აღება ხდება მხოლოდ პოლიციელის სუბიექტური შეფასებიდან გამომდინარე, რაც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს ასეთი ინტენსივობის ღონისძიების ჩასატარებლად. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი წინმსწრები მოვლენა ან გარემოება, რომელიც მიუთითებდა წარდგენილი პირის მიერ ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევაზე. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენებამდე, სასამართლოს წინასწარი კონტროლის შემთხვევაში, პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება არ მიიჩნეოდა ღირსების შემლახავ მოპყრობად. 23. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ „კანონიერი მოთხოვნის“ შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახის განუსაზღვრელობა სახელმწიფო ორგანოს ანიჭებს მოქმედების ფართო დისკრეციას და იძლევა ნორმის თვითნებურად წაკითხვისა და გამოყენების შესაძლებლობას. მისი თქმით, ნარკოლოგიურ ტესტირებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების ბუნდოვანი ხასიათი პირს აიძულებს, დათანხმდეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, მისი დაკავება შეიძლება გაგრძელდეს 12 ან 48 საათამდე. ამგვარი ნორმატიული რეგულირება მსხვერპლში გარდაუვლად იწვევს დაუცველობის, არასრულფასოვნების, სახელმწიფოს წინაშე აბსოლუტური უძლურების განცდას და აღწევს სიმკაცრის და ღირსების შემლახველი მოპყრობის იმ დონეს, რაც საკმარისია, ჩაითვალოს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დარღევად. 24. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სიკეთეა. ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დაცულ სფეროში ექცევა პირისგან ნებისმიერი სახის ბიოლოგიური ნიმუშის იძულებით აღება. მოსარჩელე მხარე უშვებს გამოკვლევის ჩატარების და პირისგან ბიოლოგიური მასალის აღების შესაძლებლობას, მხოლოდ სასამართლოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. მისთვის პრობლემურია პირის წარდგენის და მისგან ბიოლოგიური მასალის აღების ფორმა და საფუძველი. იგი მიიჩნევს, რომ პირის იძულება, ჩააბაროს ბიოლოგიური მასალის ნიმუში შესაბამისი თანამდებობის პირის თანდასწრებით, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე, ლახავს პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). 25. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავოდ გამხდარი სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ საფუძველზე ხდება სამართალდარღვევის – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების დადგენა ისეთი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც მოპოვებულია კონსტიტუციური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციური ნორმებით გაწერილი პროცედურებით მოპოვებულ მტკიცებულებას არ უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). 26. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ თვითინკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება, მათ შორის, ისეთ მტკიცებულებებზე, რომელთა მოპოვებაც ხდება ბრალდებულისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი რეგულაცია, რომელიც პირს ავალდებულებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). 27. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ხაზს უსვამს ქვეყანაში მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და აცხადებს, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია ნარკომომხმარებლის დასჯაზე და არა მის მკურნალობაზე. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. 28. მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული წარდგენის ღონისძიება წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის, მისი დროული გამოვლენისა და აღკვეთის, მასზე რეაგირების მექანიზმს, რაც, საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების განხორციელებას ისახავს მიზნად. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო პირის წარდგენის ღონისძიება ემსახურება აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენასა და აღმოფხვრას. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან საბრძოლველად სახელმწიფო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის, ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით, წარდგენას ბიოლოგიური მასალის ჩაბარებისთვის. 29. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმები წარმოადგენს ზემოხსენებული მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. პოლიციელის უფლებამოსილება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას წარადგინოს პირი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, წარმოადგენს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის ეფექტურ საშუალებას. ამასთან, ფაქტია, რომ პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ვერ დადგინდება ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე. სამეცნიერო ლიტერატურის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებიდან უპირატესობა ენიჭება შარდის ანალიზს, გამომდინარე შედეგის სისწრაფიდან. ბიოლოგიური მასალის ჩაბარებიდან 3-5 წუთში დგება შედეგი ნარკოლოგიური საშუალების მოხმარების შესახებ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენა ვერ მოხდება ქუჩაში. აღნიშნული გამოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელია პირის გადაყვანა ტექნიკურად სპეციალურად აღჭურვილ დაწესებულებაში. 30. მოპასუხის განმარტებით, ტერმინი „წარდგენა“ არ არის ბუნდოვანი. იგი გულისხმობს პირის გადაყვანას საექსპერტო დაწესებულებაში და მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა. წარდგენის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი ქმედება, გარემოება ან მათი ერთობლიობა, რომელიც ნეიტრალურ, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენს ეჭვს, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების თაობაზე. აუცილებელია, წარდგენის ღონისძიება ემყარებოდეს ისეთ ობიექტურ გარემოებებს, რომლებიც წარდგენილ პირსა და სამართალდარღვევას შორის გონივრულ კავშირზე მიუთითებს. 31. მოპასუხის პოზიციით, წარდგენის ყველა შესაძლო საფუძვლის ან გარემოების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამგვარმა რეგულაციებმა პრაქტიკაში იმუშაოს, აუცილებელია, რომ ისინი გარკვეული მოქნილობით ხასიათდებოდეს. ზოგადად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი პროცედურული ნორმები განჭვრეტადობის მაღალი ხარისხით უნდა ხასიათდებოდეს, თუმცა ამ კონტექსტშიც მოქმედებს დოქტრინა, რომლის თანახმადაც, კანონმდებელი, ყველა შემთხვევაში, ვერ გაექცევა ე.წ. მოქნილ ცნებებს და გარკვეულ აბსტრაქტულ კატეგორიებს, რომელთაც სამართალშემფარდებელი ან სამართალდამცავი ორგანო, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, უნდა განმარტავდეს ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან. 32. მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება არის სასამართლოს განსჯადობას დაქვემდებარებული საკითხი და სწორედ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, დასახელებული სამართალდარღვევის არსებობის ან არარსებობის თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა სასამართლო კონტროლი. 33. მოპასუხე მხარის განმარტებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პირის წარდგენა და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. პირის წარდგენით ხდება ნაკლები ინტენსივობის ჩარევა ადამიანის თავისუფლებაში. მისი თქმით, პირის გამოკვლევის მიზნით, შესაბამის დაწესებულებაში წარდგენა და ბიოლოგიური მასალის აღება დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ, ბიოლოგიური მასალის ასაღებად პირის დაყოვნების მაქსიმალური დრო არის 12 საათი. შესაბამისად, არ აქვს ადგილი წარდგენილი პირის თავისუფლების ხანგრძლივ შეზღუდვას და არ არსებობს პირის წარსადგენად სასამართლოს წინასწარი ან პოსტფაქტუმ დადასტურების აუცილებლობა. პირის წარდგენა არ გულისხმობს პირის დაკავებას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიზნებისთვის და, შესაბამისად, მასზე არ უნდა გავრცელდეს დასახელებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კონსტიტუციური გარანტიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება წარმოადგენს დანაშაულზე რეაგირების ეფექტურ და ყველაზე ნაკლებადმზღუდველ მექანიზმს. 34. მოპასუხის თქმით, პირის წარდგენა ხასიათდება ჩარევის ინტენსივობის დაბალი ხარისხით. მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს ქვეყანაში მოქმედ მართლწესრიგს, რიგ შემთხვევებში, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, ის ვალდებულია მოქმედებდეს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ადამიანის ნების და სინდისის საწინააღმდეგო ქმედების იძულების ელემენტს. პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება ემყარება ობიექტურად მკაფიოდ განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს კონკრეტული სამართალდარღვევის – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, მოხმარების გამოვლენას და არა წარდგენილი პირის დამცირებას ან შეურაცხყოფას. წარდგენილი პირი შარდის ნიმუშის ჩაბარებით არ განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ სტრესს ან სატანჯველს, რადგან საქმე შეეხება ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმიდან ასაღებ მასალას. ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მიზნით პირის წარდგენა ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს. ამასთან, წარდგენილი პირი სარგებლობს საპროცესო უფლებებით და მას, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ეუფლებოდეს შიშის და დაუცველობის განცდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). 35. მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმ საშუალებათა ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც, შეიძლება დადგინდეს ის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგი. მისი თქმით, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი ვერ დადგინდება ლაბორატორიული შემოწმების გარეშე. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს სასამართლოს მიერ შესაფასებელ მტკიცებულებას და სწორედ სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ადგილი ჰქონდა თუ არა პირის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. ამასთან, პირს აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაასაჩივროს ექსპერტიზის შედეგი და მოითხოვოს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნებს. 36. მოპასუხე მხარის პოზიციით, პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება არ ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციის პრინციპს. აღნიშნული პრინციპი არ ვრცელდება იმ მასალის გამოყენებაზე, რომელიც არსებობს ბრალდებულის სურვილისგან დამოუკიდებლად (მაგ., სუნთქვის, სისხლისა და შარდის ნიმუშები). ამასთან, პირის გამოკვლევა არ ხდება ისეთი იძულების ღონისძიებით, რომელიც დააზიანებდა მის ჯანმრთელობას. შარდის ნიმუშის აღება არ იწვევს სხეულის პათოლოგიურ რეაქციას და არ არის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და, შესაბამისად, №697 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 37. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. 38. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დამამცირებელია ისეთი მოპყრობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანში შიშის, მწუხარების და დათრგუნვის გრძნობის აღძვრას. მისი თქმით, პირის გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება აუცილებელია ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. აღნიშნული პროცედურა ემყარება კანონმდებლობით განსაზღვრულ საფუძვლებს და მის საბოლოო მიზანს მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. ამასთან, სადავო ნორმებით გაწერილი პროცედურა – შარდის ნიმუშის აღება არ იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს. წარდგენილი პირი სარგებლობს საპროცესო უფლებებით, რაც უზრუნველყოფს პირისთვის დაცულობის შეგრძნებას. დაუცველობის განცდის არარსებობა, თავის მხრივ, გამორიცხავს დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება ღირსების ხელშეუვალობას. 39. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, პოლიციელის მიერ პირის წარდგენისას ადგილი აქვს ნაკლები ინტენსივობის ჩარევას პირის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში, ვიდრე პირის დაკავებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის წარდგენისას არ არსებობს სასამართლოს წინასწარი კონტროლის აუცილებლობა. პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება ხდება დროის მცირე მონაკვეთში, შესაბამისად, ადგილი არ აქვს პირის ფიზიკური თავისუფლების ხანგრძლივი დროით შეზღუდვას. კერძოდ, წარდგენისას ადმინისტრაციული დაკავების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, ბიოლოგიური მასალის ასაღებად პირის დაყოვნების მაქსიმალური დრო არის 12 საათი, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნებთან და არ არსებობს სასამართლო კონტროლის განხორციელების აუცილებლობა. პირის ნებაყოფლობით წარდგენის შემთხვევაში, მისი დაყოვნების მაქსიმალური დრო არის 2 საათი. აღნიშნული ვადა გამომდინარეობს „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის №317/ნ ბრძანებიდან, რომლის თანახმადაც, პირის წარდგენიდან 2 საათის განმავლობაში უნდა შეიქმნას კლინიკური დასკვნა. 40. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, პირის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ. ინსტრუქციის თანახმად, პოლიციელის მიერ ნარკომომხმარებლის გამოვლენა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ შეესწრო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს ან არსებობს სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რეაგირება, რომელსაც დამატებით ახლავს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ქვეშ. 41. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პირის წარსადგენად საკმარისი საფუძველი, ვარაუდისთვის, შეიძლება წარმოშვას ისეთმა გარეგანმა ნიშნებმა, როგორებიცაა: შეწითლებული თვალები, მეტყველების შეფერხება, არაადეკვატური პასუხები ან ქცევები, ძილისადმი მიდრეკილება, სპეციფიკური სუნი და ა.შ. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე შეუძლებელია, სრულად გაიწეროს ის ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება გახდეს პირის წარდგენის საფუძველი. შესაბამისად, პოლიციელი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შექმნილი ვითარებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე იღებს. პოლიციის სტატუსის მქონე პირს გავლილი აქვს სპეციალური მომზადების კურსები. სწორედ პოლიციელის სპეციალური ცოდნა განაპირობებს პოლიციის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, პირის წარდგენა არ ხდება შემთხვევითობის პრინციპიდან გამომდინარე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით ხდება ლეგიტიმური და პროპორციული ჩარევა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში. 42. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით აკრძალული ქმედება – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამასთან, წარდგენილ პირს აქვს შესაძლებლობა, მის მიერ ჩაბარებული ბიოლოგიური მასალის ულუფაზე ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა და მისი შედეგი წარადგინოს სასამართლოში. ყოველივე აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ პირის წარდგენის ღონისძიება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. გარდა ამისა, ფუნქციონირებს გენერალური ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილია, შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს პოლიციელის მიერ ჩადენილ ნებისმიერ ისეთ ქმედებაზე, რომელიც სცდება ინსტრუქციით დადგენილ ფარგლებს. 43. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, წარდგენა გულისხმობს პირის ნებაყოფლობით გადაყვანას საექსპერტო დაწესებულებაში. პირველ ჯერზე, პოლიციელის მხრიდან, ხდება პირის მიმართ შეთავაზება საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანის თაობაზე. ბიოლოგიური მასალის მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულებაში კვლევა გრძელდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, რაც წარმოადგენს პირადი ხელშეუხებლობის უფლების მინიმალურ შეზღუდვას. პირის წარდგენის მიზანს არ წარმოადგენს მისი დამცირება. მისი თქმით, ლაბორატორიული შემოწმების გარეშე შეუძლებელია დასახელებული სამართალდარღვევის დადგენა. ამასთან, ლაბორატორიული შემოწმებით დგინდება მხოლოდ პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რის შემდგომაც სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გაარკვიოს, ადგილი აქვს თუ არა ნარკოტიკული საშუალების კანონის დარღვევით მოხმარებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. 44. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. 45. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენის ერთადერთ გზას წარმოადგენს მისი ნარკოლოგიური შემოწმება. სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ხორციელდება პირის სადავო ნორმებით გაწერილი ნარკოლოგიური შემოწმება. წარდგენილი პირის დაყოვნება, მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების მომენტიდან, გრძელდება, მაქსიმუმ, 40 წუთს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი პირისგან არ ხერხდება ბიოლოგიური მასალის აღება, მაშინ მისი დაყოვნება შესაძლებელია, მაქსიმუმ, 12 საათით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით არ ხდება ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.
II 1. კონსტიტუციური დებულებების ცვლილება 1. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია. 2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლი იცავდა ადამიანის ღირსებას და კრძალავდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას, ასევე დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევდა თავისუფლების აღკვეთას ან პირადი თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები ადგენდა, რომ „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დეკლარირებული იყო, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენდა, რომ არავინ იყო ვალდებული მიეცა თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრებოდა კანონით. 3. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის ღირსება დაცულია მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელის გამოყენებას. ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას განამტკიცებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, ხოლო მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა“. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება, 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. 4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით. 2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა 5. №697 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის შემდგომ ცვლილებები განხორციელდა რიგ სადავო ნორმებში. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 30 ნოემბრის №3774-Iს საქართველოს კანონის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2018 წლის 20 დეკემბრიდან ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი. ცვლილებამდელი რედაქციის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილ პირთან გამოსაკვლევად წარადგენდა იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. ზემოაღნიშნული ცვლილების შედეგად, სადავო ნორმაში ტერმინი „საფუძვლიანი ეჭვი“ შეიცვალა ტერმინით „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“. ამდენად, სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიციელი გამოსაკვლევად წარადგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 6. „„ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №20 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 2020 წლის 24 მარტიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, სადავო ნორმაში მოხსენიებული ორგანო „სსიპ – „112““ ჩანაცვლდა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ით“. 7. „„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №25 – №01-30/ნ ერთობლივი ბრძანების (შემდგომში – №25 – №01-30/ნ ერთობლივი ბრძანება) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის პირველი აპრილიდან ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატა 11 პუნქტი, ხოლო თავად სადავოდ გამხდარ პუნქტებს ცვლილება არ შეხებია. 8. №25 – №01-30/ნ ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი 2019 წლის პირველი აპრილიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ცვლილებამდელი რედაქციის თანხმად, „პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი არის ამ წესით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას“. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად კი, „პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი არის სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას“. 9. სასამართლო დავის საგნის სწორად იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, შეაფასოს სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილების გავლენა მათ სადავოდ გამხდარ შინაარსზე. 10. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დასადგენად შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების საფუძვლებს, ფორმებსა და პროცედურას. მისთვის პრობლემურია პირის დაკავებისა და წარდგენის უფლებამოსილების არსებობა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამგვარის უკიდურესი აუცილებლობა. ამავდროულად, იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პირის წარდგენას სასამართლოს წინასწარი კონტროლის გარეშე, ასევე ბიოლოგიური მასალის ნიმუშის შესაბამისი თანამდებობის პირის თანდასწრებით იძულებით ჩაბარებას სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე. 11. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმებში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებები, რომელიც გამოიხატა კონკრეტული ტერმინებისა და უფლებამოსილი ორგანოს ცვლილებაში, შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ მოწესრიგებას და ახლად ჩამოყალიბებული ნორმები არსებითად იმეორებს ძველი რედაქციის შინაარსს. კერძოდ, განხორციელებული ცვლიელებების შედეგად, არ იცვლება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დასადგენად შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების საფუძვლები, ფორმები და პროცედურები და ისინი კვლავ ძველი რედაქციის იდენტური რჩება. ამდენად, ცვლილებების შემდგომ, სადავო ნორმებს, შინაარსობრივად, უფლების დაცვის თვალსაზრისით, რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია და მოქმედ რედაქციაში კვლავაც არსებობს უფლების შესაძლო დარღვევის ანალოგიური რისკი. 12. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება, კონსტიტუციური უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია სადავო ნორმების მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მოიძებნება შესაბამისი პრეცედენტები. კერძოდ, როდესაც სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). 13. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ექნება პირთა უფლებების დაცვის პოტენციალი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ნაცვლად ძალადაკარგული გასაჩივრებული ნორმებისა, შეაფასებს სადავო რეგულირების მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის საკითხს. 3. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით 3.1. დაცული სფერო 14. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უპირატეს მნიშვნელობაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). „კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „...კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-54). 15. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. დასახელებული დებულების მიზნებისთვის, იმისთვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად ან დამამცირებლად, მან უნდა მიაღწიოს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. კერძოდ, „არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს ... ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185). 16. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „...ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181). 3.2. სადავო ნორმების შინაარსი 17. მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ინსტრუქცია, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები. 18. დასახელებული სადავო ნორმები აწესრიგებს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებსა და პროცედურას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით, პირის წარდგენის საკანონმდებლო საფუძვლებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დასახელებული ნორმის მიხედვით, „პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა“. პოლიციელის ანალოგიურ უფლებამოსილებას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, პოლიციელი მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 19. ინსტრუქციის პირველი მუხლის თანახმად, „ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო დაწესებულება) გამოსაკვლევად წარდგენის პირობებსა და პროცედურებს“. 20. ინსტრუქციის მე-2 მუხლი ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენის უფლებამოსილება. დასახელებული ნორმის თანახმად, ამგვარი უფლებამოსილება გააჩნიათ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს. 21. ინსტრუქციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე უფლებამოსილია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირი წარადგინოს გამოსაკვლევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების (პირის იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა) განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირის გამოსაკვლევად წარდგენის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას. 22. ინსტრუქციის მე-4 მუხლში გაწერილია პირის გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, „ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე სთავაზობს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოსამსახურეს ავალდებულებს, განუმარტოს პირს, რომ გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მოსამსახურე ვალდებულია, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების/გარემოებების შესახებ“, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ „დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად“. 23. ინსტრუქციის მე-5 მუხლის თანახმად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით. 24. ინსტრუქციის მე-6 მუხლი არეგულირებს მოსამსახურის მოქმედებისა და გამოკვლევის შედეგების გასაჩივრების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირი უფლებამოსილია, მოსამსახურის მოქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „პირი უფლებამოსილია, გამოკვლევის შედეგები გაასაჩივროს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით“. 25. თავის მხრივ, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით“. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები“. 26. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს წარდგენილი პირის ვალდებულებას, დაემორჩილოს პოლიციელისა და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გასაჩივრებული წინადადებების მიხედვით კი, „სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში. თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) შემოწმება წარმომდგენის მითითების შესაბამისად“. 3.3. შემხებლობა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობასთან 27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ღირსების ხელშეუვალობას „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). 28. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების ადამიანის ღირსების ხელშეუვალობასთან წინააღმდეგობის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ პირის წარდგენა და მისგან იძულებით ბიოლოგიური მასალის აღება ხდება, მხოლოდ პოლიციელის სუბიექტური შეფასების საფუძველზე, რაც არ არის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად. მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება არ ჩაითვლება ღირსების შემლახავ მოპყრობად. მოსარჩელე ასევე მიუთითებს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის ბუნდოვანებაზე, რის გამოც პირი შესაძლებელია, დათანმხდეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. 29. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ღირსების ხელშეუვალობას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვას შესაბამისი კონსტიტუციურსამართლებრივი დანიშნულება აქვს. ადამიანის ღირსების პატივისცემა, მათ შორის, მის მიერ კონსტიტუციური უფლებებით და თავისუფლებებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობასაც მოიცავს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის აღიარება არ გულისხმობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნებისმიერი უფლების შეზღუდვას სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეაფასებს. ამა თუ იმ ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან წინააღმდეგობის დასადგენად უნდა დადასტურდეს, რომ ნორმატიული აქტით, გამოწვეულია განსაკუთრებით მიუღებელი მოპყრობა, ადამიანის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ადამიანს განიხილავს ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად, გულისხმობს სერიოზულ ფიზიკურ ან სულიერ სატანჯველს და გამოიხატება მისი წამებით, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობით ან ამგვარი სასჯელის დაკისრებით. 30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით აღიარებული თავისუფლების უფლების, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით განმტკიცებული საპროცესო უფლების – თავისი ან კანონით განსაზღვრული ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულების აკრძალვის შეზღუდვაზე. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ხელშესახებს გახდიდა, რომ სადავო ნორმებით გამოწვეული უფლებათა შეზღუდვები, თავიანთი ინტენსივობით, ადამიანის ღირსების საწინააღმდეგო, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას ან სასჯელს უთანაბრდება. მეტიც, სარჩელში ისიც კი არ არის დაკონკრეტებული, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დასადგენად, პირის იძულებით გადაყვანა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, კონსტიტუციის მე-9 მუხლით აკრძალულ, კერძოდ, რომელ ქმედებად მიაჩნია მოსარჩელეს – არაადამიანურ მოპყრობად თუ დამამცირებელ მოპყრობად. აღნიშნული აკრძალული მოპყრობები არა მარტო იმ სულიერი და მორალური სატანჯველის ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომელსაც უფლებათა დარღვევის მსხვერპლი განიცდის, არამედ მათი ობიექტური და სუბიექტური მხარეც განსხვავებულია. ამიტომ მოსარჩელე მხარეს შესატყვისი არგუმენტები უნდა წარმოედგინა, ნაცვლად იმისა, რომზოგადად შეეფასებინა ისინი, როგორც ადამიანის ღირსების საწინააღმდეგო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. დასახელებული ნორმებით გამოწვეული პირადი ცხოვრების, თავისუფლებისა და ცალკეული საპროცესო უფლებების შეზღუდვები სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეფასდება შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. 4. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით 4.1. დაცული სფერო 31. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა“. 32. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება იცავს პირადი ცხოვრების უფლების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, როგორიცაა ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე). აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს. კერძო, პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ, სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის N1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ეს უფლება „...იცავს პიროვნების ხელშეუხებლობას, მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არის შესაძლებელი პიროვნების, მისი სხეულის, ტანსაცმლის ან/და პირადი ნივთების შემოწმება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-17). 33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, „ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის N1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). 4.2. სადავო ნორმების შინაარსი, უფლების შეზღუდვა 34. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებსა და პროცედურას, აგრეთვე ბიოლოგიური ნიმუშის აღების წესს. 35. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეწინააღმდეგება ინსტრუქცია, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები. 36. ინსტრუქციის პირველი მუხლი განსაზღვრავს მისი რეგულირების სფეროს, მე-2 მუხლი კი – ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას. თავის მხრივ, ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, შესთავაზოს პირს დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, იგი განუმარტავს პირს, რომ გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს პირის გამოსაკვლევად წარდგენისათვის ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაკავების ოქმში აღინიშნება იმის თაობაზე, რომ პირმა უარი თქვა ნებაყოფლობით გადაყვანაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, წარსადგენ პირს განუმარტოს მისი უფლებები. ინსტრუქციის მე-5 მუხლი ადგენს, რომ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით, ხოლო მე-6 მუხლი განსაზღრავს მოსამსახურის ქმედების და გამოკვლევის შედეგების გასაჩივრების წესებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინსტრუქციის რეგულირების სფეროს, პირის გამოსაკვლევად წარსადგენად საჭირო უფლებამოსილი სუბიექტების, პირის გამოსაკვლევად წარსადგენად საჭირო გარემოებების ობიექტურად შეფასების, პირის ნებაყოფლობით გადაყვანის, პირის ადმინისტრაციული დაკავების, პირისათვის უფლებების განმარტების, ოქმში გარკვეული საკითხების აღნიშვნისა და გასაჩივრების მომწესრიგებელი წესები არ ზღუდავს ადამიანის პირად სივრცეს, ვინაიდან არ შეიცავს პირადი სივრცის ხელშეუხებლობაში ჩარევის არც საფუძველს და არც რაიმე პროცედურას, რომელიც პირის პირად სივრცეში ჩარევას უკავშირდება. შესაბამისად, ზემოთ დასახელებული სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში. 37. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის სადავოდ გამხდარი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის ოქმს, სადაც აისახება ტესტირების შედეგები. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გამოსაკვლევი პირის ვალდებულებას, დაემორჩილოს პოლიციელისა და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული რეგულაციით, განსაზღვრული არ არის რომელიმე კონკრეტული მოთხოვნის შინაარსი და იგი უკავშირდება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი. გამოკვლევებით დადასტურების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, აღნიშნულის თაობაზე ოქმის შედგენა და პირის ზოგადი ვალდებულება, რომ დაემორჩილოს პოლიციელისა და სხვა უფლებამოსილი პირების კანონიერ მოთხოვნებს, არ ქმნის ადამიანის პირადი სივრცის შეზღუდვის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში. 38. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ადგენს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენის საფუძვლებს. თავის მხრივ, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით, ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებით კი, დადგენილია შემთხვევები, როდესაც ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება. კერძოდ, თუ, ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) შემოწმება. 39. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს გარანტიას, რომ გაუმართლებლად არ მოხდეს პირის, მისი პირადი ნივთების, ტანსაცმლისა და სხეულის შემოწმება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-17). შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ადგენს ადამიანის სხეულის შემოწმებისა და იმის დადგენის უფლებამოსილებას, თუ რა ნივთიერება მოიხმარა ადამიანმა, განიხილება პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვად და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. ზემოთ დასახელებული სადავო ნორმები ითვალისწინებს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დასადგენად შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების საფუძვლებს, ფორმებსა და პროცედურებს. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამის თანამდებობის პირებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ პირის ბიოლოგიური მასალა და დაადგინონ, მოიხმარა თუ არა მან კონკრეტული ნივთიერებები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, პირისგან შესაბამისი ნიმუშის აღება წარმოადგენს სააქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული პირადი სივრცის ხელშეუხებლობაში ჩარევას, ვინაიდან ითვალისწინებს პირის სხეულის შემოწმების შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/7/1522 განჩინება საქმეზე „გიორგი დარჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ანალოგიურად, მოცემულ შემთხვევაში, პირისგან ბიოლოგიური მასალის აღება უკავშირდება პირის სხეულის შემოწმებისა და იმის დადგენის უფლებამოსილებას, თუ რა ნივთიერება მოიხმარა მან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებით ხდება პირადი სივრცის ხელშეუხებლობაში ჩარევა და იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება. 4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის შეფასების ტესტი 40. პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვის საფუძვლები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, ხსენებული უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ შეზღუდვა განხორციელდა კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ამასთან, კონსტიტუცია პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისთვის სახელმწიფოსგან სპეციალური ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებასაც მოითხოვს, რაც გულისხმობს, უფლების შეზღუდვის წინაპირობად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობას. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, თუმცა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. შესაბამისად, აუცილებელია, შემოწმდეს, რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ კრიტერიუმებს. ამ მოთხოვნებთან სადავო ნორმების შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლად შეაფასებს. 4.4. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა 41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13). აღნიშნული ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა კი, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. 42. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირადი სივრცე შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებაშემზღუდველი წესები განსაზღვრულია, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აქტით (ბრძანება ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ) და, მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი აქტით (ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის შესახებ). დასახელებული აქტები არ არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და არ განეკუთვნება კანონს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის. 43. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამა თუ იმ უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური მოთხოვნის მიზანი არ არის უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ფორმალური საკითხების კანონით მოწესრიგება (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, პარლამენტი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევაში მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება მოახდინოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). 44. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, არსებობს გარკვეული პირობები, რომელთა არსებობისას დაუშვებელია საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, საკითხის მოწესრიგება გადაანდოს რომელიმე ორგანოს, მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ამას პირდაპირ კრძალავს ან როდესაც დადგინდება, რომ დელეგირებით პარლამენტი უარს ამბობს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების დელეგირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის ერთნაირი. გარკვეული კატეგორიის/შინაარსის საკითხების მოწესრიგების დელეგირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად მოსაწესრიგებელი საკითხის არსი განაპირობებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-34). 45. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი აკეთებს ზოგად მითითებას პირადი სივრცის შეზღუდვის საფუძვლებისა და წესის კანონით განსაზღვრის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი არ მოითხოვს პირადი სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, პროცედურული და ტექნიკური საკითხის კანონით მოწესრიგებას. საკითხის ბუნებიდან და მისი სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირადი სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების შესახებ, ხოლო ტექნიკური საკითხების მოწესრიგების დელეგირება შესაძლებელია მოხდეს სხვა ორგანოებზე. 46. როგორც უკვე აღინიშნა, ინსტრუქციით გაწერილია ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის პირობები და პროცედურები, ამავდროულად, „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანების მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის, 250-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ნ“ ქვეპუნქტების, „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანების სრულყოფილად, შეუფერხებლად და ოპერატიულად შესრულება. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სადავო აქტების მიღებით, კანონმდებლობის შესრულების მიზნით, გამოსცა სამოქმედო ინსტრუქცია სამინისტროს მოსამსახურეებისათვის. პირადი სივრცის შემზღუდველი კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულების ტექნიკური, პრაქტიკული კომპონენტების განსაზღვრა განეკუთვნება იმგვარ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების დელეგირებასაც უშვებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი. 47. თავის მხრივ, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესით განსაზღვრულია ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მეთოდები. ის, თუ კონკრეტულად რა გზით, რა მეთოდების გამოყენებით უნდა დადგინდეს პირის მიერ ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მიეკუთვნება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამედიცინო და, ზოგადად, სამეცნიერო სფეროში არსებული ტექნოლოგიური პროგრესის მუდმივ გათვალისწინებას, ასახვას. პირის წარდგენის და მისგან ბიოლოგიური მასალის აღების პროცედურის რეგულირება შესაძლოა მოითხოვდეს მოქნილ ნორმატიულ მექანიზმს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არა კონკრეტული საკითხის პრინციპულ გადაწყვეტაში, არამედ ამა თუ იმ პროცედურული საკითხის რეგულირებაში გამოიხატება. ამავე დროს, იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილია, რომ გარკვეული საფუძვლების არსებობისას ხდება პირის გამოსაკვლევად წარდგენა და გამოკვლევა, არ იკვეთება, რომ პირის წარდგენისა და მისგან ბიოლოგიური მასალის აღების პროცედურა იმგვარი საკითხია, რომლის მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოსათვის გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის მოწესრიგებაზე უარის თქმად. 48. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც ინსტრუქციით, ისე ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესით მოწესრიგებული ურთიერთობები, თავისი შინაარსით არ მოიცავს პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ იმგვარ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია, კანონით მოწესრიგდეს. ამრიგად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებული საკითხების მოწესრიგების დელეგირების საკანონმდებლო საფუძველი. 49. როგორც აღინიშნა, ინსტრუქციით განსაზღვრულია ტექნიკური, პრაქტიკული საკითხები შესაბამისი მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სრულყოფილად, ოპერატიულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს ამგვარი საკითხის მოწესრიგების კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს პოლიციის/შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების კომპეტენციას, რომ პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ვარაუდის საკმარისი საფუძვლის არსებობისას, გამოკვლევის მიზნით წარადგინოს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირთან. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი კი შინაგან საქმეთა მინისტრს აღჭურავს უფლებამოსილებით, რომ ამ კანონის აღსრულების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტები. შესაბამისად, არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეების მიერ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების მოწესრიგების დელეგირების დამდგენი საკანონმდებლო საფუძველი. 50. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 51. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას, პირადი სივრცის კანონის შესაბამისად შეზღუდვის თაობაზე. 4.5. სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა 52. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების თავისებურებების გათვალისწინებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფორმალურ მოთხოვნას შეიცავს. კერძოდ, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლება დასაშვებია შეიზღუდოს „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა“. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებულ სტანდარტს აწესებს. აღნიშნული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები – სახეზე უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, რომელიც ასევე ექვემდებარება post factum ავტომატურ სასამართლო კონტროლს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებაში ჩარევის საჭიროება მოსამართლემ უნდა შეაფასოს და, როგორც წესი, სწორედ მისი გადაწყვეტილება ქმნის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის შეზღუდვის საფუძველს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). 53. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც უფლებაში ჩარევის წინაპირობად განსაზღვრა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ უფლებაში ჩარევა მოხდეს ნეიტრალური ორგანოს – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის სწორად გამოყენების კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შემოწმებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II- 111). 54. ამასთან, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმება გულისხმობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების სწორად გამოყენების კონტროლს. სასამართლო კონტროლი ამ შემთხვევაში არ მოიცავს იმის გადამოწმებას, რამდენად სწორად არის განსაზღვრული კანონმდებლობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საფუძვლები ან რამდენად აუცილებელია უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მინიჭება ამა თუ იმ აღმასრულებელი ორგანოსთვის. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის სწორად გამოყენების უზრუნველყოფას და არა კანონით დადგენილი საფუძვლების გონივრულობის შემოწმებას. კანონით დადგენილი საფუძვლების გონივრულობის შემოწმება ხდება საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება რეგულაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მატერიალურ სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ, II- 112). 55. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით, ურთიერთობის სპეციფიკის მიხედვით, სხვადასხვაგვარია ამ მოთხოვნების გამოყენებისა და შეფარდების საფუძვლები. კერძოდ, ეს მოთხოვნები არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების დათქმა აზრს/საჭიროებას მოკლებულია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-115-117). 56. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ურთიერთობის სპეციფიკა და დაადგინოს, არსებობს თუ არა სამართალშემფარდებლის მიერ კანონმდებლობის არასწორად გამოყენებით, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უსაფუძვლო შეზღუდვის საფრთხე, რაც განსაკუთრებით აქტუალურს ხდის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმალური გარანტიების დაცულობას. 57. სადავო ნორმების თანახმად, პირის წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება ხდება მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა. გადაწყვეტილებას, კონკრეტულ შემთხვევებში, პირის წარსადგენად საჭირო საფუძვლის არსებობის თაობაზე, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოხელე. იმ პირობებში, როდესაც პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი და კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვის საფუძვლის საჭიროება დგინდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გზით, არსებობს შეზღუდვის საფუძვლების არასწორად შეფარდების გზით, უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკები, რაც განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ფორმალურ პროცესუალური გარანტიების გამოყენებას. 58. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სადავო ნორმები ითვალისწინებს პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, არ არის სახეზე სასამართლოს გადაწყვეტილება. ამრიგად, უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოსაკვლევად პირის წარდგენის კანონით დაშვებული შემთხვევები გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებას. 59. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გადაუდებელი აუცილებლობა“ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). 60. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირის გამოსაკვლევად წარდგენის შემდეგ საფუძვლებს: ა) როდესაც მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ბ) მოსამსახურის მიერ გარკვეული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ; და გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ. თავის მხრივ, მოსამსახურის მიერ პირის გამოსაკვლევად წარდგენა არის პირის ლაბორატორიული/კლინიკური გამოკვლევისა და მის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების დადგენის წინაპირობა. სწორედ ამ საფუძვლების არსებობისას ხდება უკვე წარდგენილი პირის კლინიკური/ლაბორატორიული გამოკვლევა ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რამდენად შეესაბამება ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი საფუძვლები კონსტიტუციის მოთხოვნებს. 61. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს „კანონით“ დადგენილ გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ დგას დასახელებულ მოთხოვნასთან წინააღმდეგობის საკითხი, ვინაიდან წარდგენის უშუალო საკანონმდებლო საფუძვლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უფრო ფართო საფუძველს და პოლიციელს აღჭურავს პირის წარდგენის უფლებამოსილებით, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა. ინსტრუქციის სადავოდ გამხდარი ნორმები მხოლოდ ავიწროებს შემთხვევებს, როდესაც შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, ჩათვალოს, რომ სახეზეა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის. 62. სადავო ნორმების მიხედვით, პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენა და გამოკვლევა უკავშირდება ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, (როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ისე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით) ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება წარმოადგენს სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არ დამდგარა უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობის საკითხი. ზოგადად, ამა თუ იმ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მასზე რეაგირება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაუდებელი აუცილებლობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისა და პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საჯარო ინტერესს. ამასთან, გადაუდებლობაზე უნდა მიუთითებდეს მყისიერი მოქმედების საჭიროება, დროის სიმცირე და იმის დასაბუთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაპოვებლად დროის დაკარგვით, ეჭვქვეშ დადგება ლეგიტიმური ინტერესის დაცვის შესაძლებლობა. 63. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენა და მისი ნარკოლოგიური გამოკვლევა არ არის უშუალო კავშირში ისეთ ლეგიტიმურ მიზნებთან, როგორებიცაა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XIII თავში მოცემულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი მთელი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირი თავისი ქმედებით არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იგი სჩადის დამოუკიდებლად დასჯად ქმედებას (მაგ., წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი), სექსუალური შევიწროება (1661 მუხლი), ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (171-ე მუხლის მე-2 ნაწილი)), განურჩევლად იმისა, იმყოფება თუ არა იგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი აღჭურვილია ამგვარ ქმედებებზე რეაგირების მოხდენის და მათი აღკვეთის დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძვლებით. 64. იგივე ითქმის შემთხვევებზე, როდესაც პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კონკრეტული შემთხვევები, გარემოებები უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1161 და 1184 მუხლები დასჯადად აცხადებს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მართვას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276-ე მუხლები კრძალავს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მართვას ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა ამგვარი საფრთხეების აღსაკვეთად საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დამატებით მექანიზმებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, „პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული სასარჩელო დავის ფარგლებში, არ აფასებს პირის წარდგენის კონსტიტუციურობის საკითხს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით პირის წარდგენა განპირობებულია აშკარად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 65. განსახილველ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობას შესაძლებელია განაპირობებდეს სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქრობის/განადგურების პრევენციის ინტერესი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ პირის გამოსაკვლევად წარდგენისა და გამოკვლევისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვებამდე, შესაძლებელია, ბუნებრივად, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ან შესაბამისი მანიპულაციებით (მაგალითად, პრეპარატების მიღებით), გაქრეს/შემცირდეს პირის სხეულიდან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების კვალი და შედეგად, აღარ იყოს შესაძლებელი მისი გამოკვლევის გზით იდენტიფიცირება. სადავოდ გამხდარი ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს პირის გამოსაკვლევად წარდგენის სამ დამოუკიდებელ საფუძველს. თავის მხრივ, თითოეული საფუძვლის ბუნებისა და ყოველი საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქრობის/განადგურების პრევენციის მიზანთან მიმართებაში, პირის დაუყოვნებლივი გამოკლევის საჭიროება, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ხარისხით არსებობდეს ან საერთოდ არ არსებობეს. 66. სადავო ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ უფლებამოსილი მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, per se არ მიუთითებს მისი გადაუდებელი გამოკვლევის საჭიროებაზე. კერძოდ, ამგვარ შემთხვევაში, ერთი მხრივ, შესაძლოა, თავად პირისთვის, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ცხადი ვერ გახდეს, შეამჩნია თუ არა პოლიციელმა აღნიშნული გარემოება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პირისაგან ქცევის შეცვლის მოსალოდნელობა, მანიპულირების გზით მტკიცებულების გაქრობის/განადგურების რისკი და, შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მისი ფიზიკური შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. მეორე მხრივ, მსგავსი აუცილებლობა, შესაძლებელია არ არსებობდეს იმის გამოც, რომ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების კვალი, თავად აღნიშნული ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მახასიათებლების გათვალისწინებით, პირის ორგანიზმში რჩება ხანგრძლივი დროით და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მინიმუმ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სასამართლოს ნებართვის აღებისა და შემდგომ, მოხმარების ფაქტის დადასტურებისათვის. 67. სადავო ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში წარადგინოს, იმ შემთხვევაშიც, თუ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას, პოლიციელს აქვს უფლებამოსილება, პირი დააკავოს ადმინისტრაციული წესით და აღნიშნულ ვადაში მოიპოვოს სასამართლოს ნებართვა მის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დასადგენად. ამდენად, არც ზემოაღნიშნული საფუძვლის შემთხვევაში დგას პირის უპირობოდ გადაუდებელი გამოკვლევის საჭიროება. 68. სადავო ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი პირის გამოსაკვლევად წარდგენის უფლებამოსილებას ასევე ადგენს იმ შემთხვეაში, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ. მსგავს შემთხვევაში, პირმა შესაძლებელია, საერთოდ არ იცოდეს, რა ინფორმაციას ფლობს მის შესახებ პოლიცია, რის გამოც, საფრთხე იმისა, რომ იგი დაგეგმავს, მანიპულაციის გზით, მტკიცებულებების განადგურებას, ფაქტობრივად არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არც ობიექტურად გამართლებული მოლოდინი იმისა, რომ გართულდება სამართალდარღვევის გამოვლენა. ამდენად, ამგვარ ვითარებაში, სავსებით შესაძლებელია, რომ ჯერ მოპოვებულ იქნეს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემდეგ მოხდეს პირის დაბარება სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად. 69. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო რეგულაციით დადგენილი პირობები პრაქტიკაში შეიძლება მოიცავდეს არაერთ იმგვარ შემთხვევას, როდესაც რეალურად არ არსებობს საექსპერტო დაწესებულებაში პირის წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა, რაც სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ინდივიდის უფლებებში ამგვარ ჩარევას გაამართლებდა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ როდესაც სახეზე არ არის რაიმე აშკარა გარემოება ან ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი სამართალდარღვევის გამოვლენა ან მტკიცებულების მოპოვება გართულდება, არ არსებობს არც პირის ნარკოლოგიური შემოწმებისა და ამ მიზნით მისი შესამოწმელად წარდგენის გარდაუვალი მყისიერი აუცილებლობა, რაც გაამართლებდა პირად ცხოვრებაში ჩარევას, სასამართლოს წინასაწარი ნებერთვის გარეშე. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს. შესაბამისად, სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენასა და ნარკოლოგიურ გამოკვლევას ითვალისწინებს იმგვარ პირობებში, როდესაც არ არსებობს საამისო გადაუდებელი მყისიერი აუცილებლობა და როდესაც ობიექტურად შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა იმ დროში, რა დროშიც რისკის ქვეშ არ დადგება სამართალდარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. 70. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის კიდევ ერთი ფორმალური მოთხოვნაა, რომ ის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვა ხდება გადაუდებელი აუცილებლობისას, აგრეთვე დაექვემდებაროს post factum ავტომატურ სასამართლო კონტროლს. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების გამოყენებისა და შეფარდების საფუძვლები თავად ამ მოთხოვნის არსიდან და მიზანმიმართულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან რეგულირებული ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე. გადაუდებელი აუცილებლობისას განხორციელებული ყველა იმ ღონისძიების ავტომატურ რეჟიმში post factum სასამართლოს კონტროლს დაქვემდებარება, რომელიც იწვევს პირადი სივრცის შეზღუდვას, მნიშვნელოვნად მძიმე ტვირთად დააწვებოდა საერთო სასამართლოებს, რაც გაართულებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დასახელებული კონსტიტუციური გარანტიის მიზანია, არ დაუშვას სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული იმ მოქმედებების სასამართლოს კონტროლს მიღმა დატოვება, რომლებიც განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობისას და რომლებმაც გამოიწვია პირადი სივრცისა და პირადი კომუნიკაციის სფეროს შეზღუდვა. 71. post factum ავტომატური სასამართლო კონტროლის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პირადი სივრცით და პირადი კომუნიკაციით დაცულ სფეროში ჩარევა ატარებს ფარულ ხასიათს, რადგან ამგვარ შემთხვევებში უფლების სუბიექტი არ არის ინფორმირებული მის პირად ცხოვრებაში განხორციელებული ჩარევის თაობაზე და, შესაბამისად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იდავოს უფლების შეზღუდვის კანონიერებასთან დაკავშირებით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 72. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი post factum ავტომატური სასამართლო კონტროლი, მისი არსისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით, როგორც წესი, მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ამავე პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება უფლების სუბიექტისგან ფარულად ან როდესაც პირი, მართალია, ინფორმირებულია მის პირად სივრცეში განხორციელებული ჩარევის შესახებ, მაგრამ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის შეუძლებელი ან ზედმეტად გართულებულია სასამართლოსადმი მიმართვა (მაგ., პირის დაკავების/თავისუფლების შეზღუდვის პირობებში). 73. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული post factum ავტომატური სასამართლო კონტროლის ფარგლების ამომწურავი განმარტების წინაშე. მოცემულ საქმეზე უნდა დადგინდეს, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს თუ არა post factum ავტომატური სასამართლო კონტროლის გამოყენების აუცილებლობა ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირის გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება ხდება გადაუდებელი აუცილებლობისას. 74. გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი პროცედურიდან გამომდინარე, შეუძლებელია, პირის გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება მოხდეს წარდგენილი პირისგან ფარულად. პირის გამოსაკვლევად წარდგენისას გამოიყენება ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი პირი ინფორმირებულია მის უფლებაში ჩარევის შესახებ და თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი წარდგენისას ან/და ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებს, მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით მიმართოს სასამართლოს და იდაოს მისი უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე. ამგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობისას გამოსაკვლევად წარდგენილი ყველა პირის მიმართ განხორციელებული მოქმედებების ავტომატურ რეჟიმში post factum სასამართლო კონტროლს დაქვემდებარების აუცილებლობა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში პირის გამოსაკვლევად წარდგენისა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების პროცედურა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას. სადავო ნორმების მატერიალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით 75. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილი პირის გამოსაკვლევად წარდგენის/გამოკვლევის საფუძვლები, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის გამოსაკვლევად წარდგენას, მაშინ, როდესაც არ დგას პირის წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი მყისიერი აუცილებლობა და როდესაც ობიექტურად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება იმ დროში, რა დროშიც არ დადგება ეჭვქვეშ სამართალდარღვევის გამოვლენის ინტერესი, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 66-69 პუნქტები). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესით განსაზღვრული მოწესრიგებაც, რომელიც ითვალისწინებს პირის კლინიკური და ლაბორატორიული მეთოდებით შემოწმებას და ადგენს ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების საფუძველს (წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 39-ე პუნქტი). დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შეზღუდვის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საჭიროება არ დგას, ვინაიდან ეს ღონისძიებები ტარდება ინსტრუქციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, რომლებიც როგორც აღინიშნა, უნდა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის კონსტიტუციური მოთხოვნის გათვალისწინებით. ამავდროულად, უნდა შეფასდეს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესით (მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებით) გათვალისწინებული პირადი სივრცის შემზღუდველი წესების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მატერიალურ მოთხოვნებთან, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ფორმალური მოთხოვნების გარდა, პირადი ცხოვრების, მათ შორის, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს უფლების შეზღუდვის მატერიალურ კრიტერიუმსაც. 4.6. თანაზომიერების პრინციპი 76. როგორც უკვე აღინიშნა, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში უნდა შეფასდეს. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). 4.6.1. ლეგიტიმური საჯარო მიზანი 77. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). მოპასუხე მხარემ პირის გამოსაკვლევად წარდგენისა და გამოკვლევის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სამართალდარღვევის გამოვლენა, პრევენცია და მასზე რეაგირება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება, ... და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამდენად, ცხადია, ზემოდასახელებული მიზნები წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება 4.6.2. გამოსადეგობა 78. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმურ მიზანზე მითითება საკმარისი არ არის. სხვა პირობებთან ერთად, ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). 79. როგორც უკვე აღინიშნა, პირის წარდგენა და გამოკვლევა უკავშირდება მის მიერ ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ითვალისწინებს პირის ლაბორატორიული და კლინიკური მეთოდით შემოწმებას, ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას და ამ გზით, მის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენას. შესაბამისად, სადავო ნორმები უზრუნველყოფს სამართალდარღვევის – ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების უკანონოდ მოხმარების გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა. 4.6.3. აუცილებლობა 80. პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. აუცილებლობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი იმავე ეფექტურობით ვერ მიიღწევა უფლების სხვა, უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით. 81. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პირის წარდგენა ემსახურება მის მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის – ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების უკანონო მოხმარების გამოვლენას. ამასთან, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს, რომ პირის მიერ ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიოტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით, მეორე მხრივ კი მიუთითებს კონკრეტული ლაბორატორიული გამოკვლევის – ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებისა და მისი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობის შემოწმების საფუძვლებზე. ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება გამოცხადებულია სამართალდარღვევად. იმის დასადგენად, რომ დასახელებული ღონისძიებები იმაზე მეტად ზღუდავს პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო, უნდა დადასტურდეს, რომ არსებობს სხვა, ნაკლებად ინტენსიური, ნაკლებინვაზიური მეთოდით ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის გონივრული შესაძლებლობა. 82. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნას, პირის კლინიკური/ლაბორატორიული გამოკვლევა, მათ შორის, ბიოლოგიური მასალის (შარდის) ანალიზი არ არის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტის დასადგენად აუცილებელი ღონისძიება, საჭიროა, არსებობდეს მეცნიერულ ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცალსახა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ სხვა, ნაკლებად მზღუდველი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამოვლენა. 83. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ სახელმწიფოს აქვს გონივრული შესაძლებლობა, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის გარდა, ასევე კლინიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უფრო ნაკლები დისკომფორტის შემცველი მეთოდით, იმავე ეფექტურობით დაადგინოს პირის მიერ ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. ამასთან, არ გამოირიცხება, რომ სამედიცინო ტექნოლოგიების პროგრესის კვალდაკვალ სახელმწიფოს გაუჩნდეს გონივრული შესაძლებლობა, ნაკლებად ინვაზიური, ნაკლები დისკომფორტის შემქმნელი მეთოდებით გამოიკვლიოს პირის მიერ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარება, რაც ეჭვქვეშ დააყენებს სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიებების აუცილებლობას (მაგ., ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ადგილზე დადგენა და ა.შ.), თუმცა, როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე მსგავსი გარემოებები დადასტურებული არ ყოფილა. 4.6.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით 84. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენადაა დაცული გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, პირის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებასა და, მეორე მხრივ, სამართალდარღვევის გამოვლენისა და პრევენციის საზოგადოებრივ ინტერესს შორის. ბუნებრივია, რაც უფრო მძიმე ხასიათისაა სამართალდარღვევა, მით უფრო მეტია მისი გამოვლენისა და აღკვეთის საზოგადოებრივი ინტერესი. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს სამართალდარღვევის ბუნება და მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება. 85. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა კანონმდებლის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. ამავე დროს, დიდია მისი მიხედულების ფარგლები ამა თუ იმ ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების განსაზღვრისას. კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში რთული, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელია სამართალდარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, ზუსტად განისაზღვროს მათი სიმძიმის ხარისხი. ასევე შეუძლებელია, სამართალდარღვევების მათი სიმძიმის მიხედვით ზუსტი რანგირება. ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა ნაკარნახევია საზოგადოებაში ამა თუ იმ ქცევის კორექციის საჭიროებით. შესაბამისად, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩადენილი ქმედების სიხშირის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ესა თუ ის ქმედება წარმოადგენდეს მძიმე სამართალდარღვევას, სხვა პირობებში კი მისი დევნა ნაკლებად რელევანტური იყოს. შესაბამისად, კანონმდებელი განსაზღვრავს ქმედების საშიშროების ხარისხს და ადგენს შესაბამის სანქციებს. ამავე დროს, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ამა თუ იმ ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციის მოცულობა მიუთითებს მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობის მიზნებისათვის სამართალდარღვევის სიმძიმე უნდა განისაზღვროს შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომით. კერძოდ, პასუხისმგებლობის სიმკაცრე პირდაპირ არის დაკავშირებული ქმედების უმართლობის, გასაკიცხაობის ხარისხთან და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პასუხისმგებლობის ზომა არის ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების პროპორციული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). 86. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების (გარდა მცენარე კანაფისა და მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 87. როგორც ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, სანქციის ერთ-ერთ სახედ დადგენილია თავისუფლების აღკვეთა/ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უკვე შეაფასა სანქციის სახედ თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კონსტიტუციურობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი სანქციის გამოყენება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, რომელიც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც შეაფასა ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი. 88. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ისეთი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, რომელიც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, წარმოადგენს იმდენად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რომ გამართლებულია თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება. 89. განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში დასახელებული ინტერესის საპირწონეა პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, რაც გამოიხატება პირის ლაბორატორიულ/კლინიკურ გამოკვლევაში, მათ შორის, ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებასა და მის შემოწმებაში. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირისაგან ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს პირის წარმდგენი პოლიციელი. ცხადია, ღონისძიება, რომელიც მოიცავს პირის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის (შარდის) ჩაბარების ვალდებულებას სხვა პირის თანდასწრებით, გარკვეულწილად, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას, რის გამოც წარმოადგენს პირადი სივრცის ხელშეუხებლობის საკმაოდ ინტენსიური ხასიათის შეზღუდვას. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით წარდგენილი პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის (შარდის) აღების შესაძლებლობას გარკვეული ხელოვნური მანიპულაციების გზით. მაგალითად, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც წარდგენილ პირს აიძულებდა სპეციალური შარდმდენი პრეპარატის მიღებას. შესაბამისად, ამგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, პირის ლაბორატორიული გამოკვლევა შემოიფარგლება ბუნებრივად ფუნქციონირებადი ორგანიზმიდან ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის ან შარდის) აღების შესაძლებლობით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული შეზღუდვის ინტენსივობა, თავისი ხარისხით, არ აღწევს იმგვარ მასშტაბს და არ იწვევს იმგვარ დისკომფორტს, რომ გადაწონოს მნიშნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროება. 90. შესაბამისად, დაცულია სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის სადავო ნორმები (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებს. 5. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით 5.1. დაცული სფერო 91. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას. რაც გულისხმობს პირის „ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ადამიანის ფიზიკური თავისუფლება სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის წინაპირობაა და კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). 92. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი გამორიცხავს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვას და ამისათვის სათანადო დაცვის გარანტიებს აწესებს. „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). 93. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ადგენს ადამიანის თავისუფლების დაცვის მატერიალურ და საპროცესო გარანტიებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). 5.2. სადავო ნორმების შინაარსი, უფლების შეზღუდვა 94. მოსარჩელე ითხოვს, თავისუფლების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ინსტრუქცია და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. 95. ინსტრუქციის პირველი მუხლი განსაზღვრავს ამავე ინსტრუქციის რეგულირების სფეროს, მე-2 მუხლი კი – ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას. თავის მხრივ, ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, შესთავაზოს პირს დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით იგი განუმარტავს პირს, რომ გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაკავების ოქმში აღინიშნება იმის თაობაზე, რომ პირმა უარი თქვა ნებაყოფლობით გადაყვანაზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, წარსადგენ პირს განუმარტოს მისი უფლებები. ინსტრუქციის მე-5 მუხლი ადგენს, რომ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით, ხოლო მე-6 მუხლი განსაზღვრავს მოსამსახურის ქმედების და გამოკვლევის შედეგების გასაჩივრების წესებს. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გამოსაკვლევი პირის ვალდებულებას, დაემორჩილოს პოლიციელისა და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას. ამასთან, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არ არის რომელიმე კონკრეტული მოთხოვნის შინაარსი და იგი უკავშირდება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საფუძველი აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინსტრუქციის რეგულირების სფეროს, პირის გამოსაკვლევად წარსადგენად საჭირო უფლებამოსილი სუბიექტების, პირის გამოსაკვლევად წარსადგენად საჭირო გარემოებების ობიექტურად შეფასების, პირის ნებაყოფლობით გადაყვანის, პირისათვის უფლებების განმარტების, ოქმში გარკვეული საკითხების აღნიშვნისა და გასაჩივრების მომწესრიგებელი წესები, აგრეთვე ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირის ზოგადი ვალდებულება, დაემორჩილოს პოლიციელისა და სხვა უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, არ ზღუდავს ადამიანის პირად თავისუფლებას, არ შეიცავს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს და არც ამ უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებულ რაიმე პროცედურას. შესაბამისად, დასახელებული სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებულ უფლებაში. 96. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით პირის წარდგენის საკანონმდებლო საფუძვლებს. აღნიშნული ნორმები ადგენს პოლიციელის უფლებამოსილებას, ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით წარადგინოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენის საფუძვლებს, ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს პირის გამოსაკვლევად წარდგენისათვის დაკავების ღონისძიების გამოყენებას. 97. დასახელებული სადავო ნორმები შესაბამის თანამდებობის პირებს ანიჭებს უფლებამოსილებას, გარკვეული საფუძვლების არსებობისას შეზღუდონ პირის ფიზიკური თავისუფლება და იგი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ გამოსაკვლევად. შედეგად, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი სურვილისამებრ გადაადგილდეს, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას. 5.3. შეფასების ტესტი 98. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება. თუმცა, ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს თავისუფლების უფლებას, უნდა განხორციელდეს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). 99. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით, თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმის მიმართ, განსხვავებული გარანტიებია დადგენილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია თავისუფლების უფლების შეზღუდვის ისეთი ფორმები, როგორებიც არის „თავისუფლების აღკვეთა“, „თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება“, „დაკავება“, „პატიმრობა“. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს სადავო ნორმებით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით) გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით განსაზღვრულ კონკრეტულად რომელ ფორმას უკავშირდება და განისაზღვროს მისთვის დადგენილი სპეციფიკური კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები. 100. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციურ ტერმინებს ავტონომიური მნიშვნელობა აქვთ და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. საქართველოს კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს ძირითადი უფლებების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული ტერმინების მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს მათი საკანონმდებლო რეგლამენტაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელი მოცემულობაა და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. კონსტიტუციური ტერმინის შინაარსი დგინდება კონსტიტუციური დებულების სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა დებულებაში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით, უფლების არსით და სხვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში მოცემული ტერმინები ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით უნდა განიმარტოს. 101. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით განსაზღვრული დაკავება სახეზეა მაშინ, როდესაც უფლებაშემზღუდველ ღონისძიებას მკვეთრად გამოხატული მიზნები აქვს. კერძოდ, „დაკავებასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირი ეჭვმიტანილია კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენაში და როდესაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებისგან პირის დროებით იზოლირება, ან მისი დახურულ სივრცეში გადაყვანა (მოთავსება) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, დაკავების განსაზღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს პირის განსაზღვრულ (როგორც წესი, დახურულ) სივრცეში მოთავსების ფაქტი, როდესაც მას ამ სივრცის დატოვების შესაძლებლობა არ აქვს. ამასთან, პირი დაკავებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მას ფიზიკური თავისუფლება დახურულ სივრცეში გადაყვანის მიზნით შეეზღუდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). 102. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება – პირის გამოსაკვლევად წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება. ამასთან, პირის იძულებით წარდგენა ხორციელდება ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიების გამოყენებით, რასაც თან ახლავს პირის გადაყვანა დახურულ სივრცეში – საექსპერტო დაწესებულებაში, რათა მოხდეს პირის შემოწმება, სამართალდარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ამრიგად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება შესაძლო სამართალდარღვევაზე რეაგირების მექანიზმია, რომელიც გამოიყენება პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდის არსებობისას და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელებას – სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „დაკავების“ ღონისძიებას. 103. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება დაკავებისათვის გათვალისწინებულ ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს. 5.4. ფორმალური მოთხოვნები 104. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით გათვალისწინებულ ფორმალურ გარანტიებთან მიმართებით. 105. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით, დაკავების განმსაზღვრელი ნორმები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ მოთხოვნებს: ა) დაკავების საფუძველს უნდა ითვალისწინებდეს კანონი; ბ) დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უნდა იყოს კანონით განსაზღვრული; გ) დაკავებული უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. ამდენად, უნდა შეფასდეს თითოეულ ზემოაღნიშნულ ფორმალურ მოთხოვნებთან სადავო ნორმების შესაბამისობა. 5.4.1. დაკავების საფუძვლების კანონით განსაზღვრის მოთხოვნა 106. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში“. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა ამა თუ იმ უფლების კანონით შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნის არსი და მნიშვნელობა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 43-44-ე პუნქტები). უნდა აღინიშნოს, რომ პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 45-ე პუნქტი) მსგავსად, თავისუფლების უფლების შეზღუდვის, დაკავების კანონით განსაზღვრის მოთხოვნაც გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, დაკავებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები თავად მოაწესრიგოს, ასევე დასაშვებია ტექნიკური საკითხების მოწესრიგების დელეგირება მოახდინოს სხვა ორგანოებზე. 107. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი მიღებულია კანონის ფორმით და დასახელებულ სადავო ნორმებთან მიმართებით არ იკვეთება წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის ფორმალურ მოთხოვნასთან მიმართებით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს დაკავებასთან დაკავშირებული საკითხების ინსტრუქციით (მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით) მოწესრიგება. 108. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რომ ინსტრუქციის მიზანია პირის გამოსაკვლევად წარდგენასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის სრულყოფილად, შეუფერხებლად და ოპერატიულად შესრულება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 46-ე პუნქტი). ამასთან, დასახელებული ღონისძიების ტექნიკური და პრაქტიკული კომპონენტების განსაზღვრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმგვარ საკითხად მიიჩნია, რომლის დელეგირებაც დასაშვებია პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 47-ე და 48-ე პუნქტები). ანალოგიურად, დაკავებასთან დაკავშირებული იმგვარი საკითხების მოწესრიგება, რომლებიც დამკავებელი პირისათვის განსაზღვრავს კანონით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს დასაშვებია, კანონით დელეგირებული იყოს სხვა ორგანოებზე. 109. წინამდებარე გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეების მიერ წარდგენის აღსრულებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების, მათ შორის, ინსტრუქციის შემოღების დელეგირება შინაგან საქმეთა მინისტრზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 49-ე პუნქტი). 110. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, რომ ადამიანის დაკავება განსაზღვრული იყოს კანონით. 5.4.2. კანონით უფლებამოსილი პირის მიერ დაკავება 111. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილია კიდევ ერთი ფორმალური მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის დაკავება უნდა განხორციელდეს კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პირის ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით წარდგენის საკანონმდებლო საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმები პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პირის წარდგენის უფლებამოსილება აქვს პოლიციელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ ანიჭებს ინსტრუქციის სადავო ნორმები წარდგენის უფლებამოსილებას ისეთ პირს, ვინც არ წარმოადგენს პოლიციელს კანონის მიზნებისთვის. 112. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. 113. ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, პირის წარდგენის უფლებამოსილება აქვთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს (შემდგომში – მოსამსახურე). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენენ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსამსახურეები პოლიციელებს კანონის მიზნებისთვის. 114. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ (შემდგომში – დებულების) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი“. დებულების მე-7 მუხლის მიხედვით, გენერალური ინსპექცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 115. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსამსახურეები წარმოადგენენ პოლიციელებს კანონის მიზნებისთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ პირის წარდგენა არ ხდება კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ და, შესაბამისად, სადავო ნორმები აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ დასახელებულ ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმად, ადამიანის დაკავება უნდა განხორციელდეს კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. 5.4.3. დაკავების ვადა 116. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, როგორც წესი, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს არის ძირითადი წესი, პრინციპი, რომელსაც თავისუფლების უფლების მზღუდავი ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთან, კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ზემოაღნიშნული წესიდან ერთგვარ გამონაკლისს ადგენს და ადამიანის დაკავებას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონით უფლებამოსილი პირის მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, დასაშვებად მიიჩნევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საგამონაკლისო უფლებამოსილება გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დანაშაულის (სამართალდარღვევის) აღკვეთის ან პრევენციის მიზნით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის მყისიერი, გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ამავე დროს, თავისუფლების უფლების შეზღუდვის დასახელებული საგამონაკლისო წესის ფარგლები კონსტიტუციით მკაცრად არის რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს, რომ „დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა“. 117. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია უშვებს, რომ დაკავებულს შეეზღუდოს თავისუფლება 48 საათის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-206). შესაბამისად, დაკავების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების საწინააღმდეგო იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს პირის დაკავებას 48 საათზე ხანგრძლივი ვადით, პირის სასამართლოში წარდგენის გარეშე. 118. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პირის გამოსაკვლევად წარდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში მისი იძულებით წარდგენა ხორციელდება ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიების გამოყენების გზით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით“. მე-3 ნაწილის თანახმად კი, „თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“. შესაბამისად, იძულებით წარდგენილი პირის დაყოვნების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 24 საათი, ხოლო საგამონაკლისო შემთხვევებში – 48 საათი. 119. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნას, რომ დაკავებული პირი წარედგინოს სასამართლოს არაუგვიანეს 48 საათისა. 5.5. თანაზომიერების პრინციპი 120. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ როგორც ფორმალურ, ისე – მატერიალურ გარანტიებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა დაცვით შეაფასებს სადავო ნორმებიდან (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან და ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან) მომდინარე შეზღუდვის შესაბამისობას თავისუფლების უფლების მატერიალურ გარანტიებთან. 5.5.1. ლეგიტიმური საჯარო მიზანი 121. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). 122. როგორც აღინიშნა, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა ჩადენილი სამართალდარღვევის გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებად მიიჩნია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 77-ე პუნქტი). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლების მსგავსად, დასაშვებია თავისუფლების უფლება შეიზღუდოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. 5.5.2. გამოსადეგობა 123. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. დაწესებული შეზღუდვის თანაზომიერად მიჩნევისთვის აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 78-ე პუნქტი). 124. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოსადეგობა და დაადგინა, რომ იგი მიმართულია სამართალდარღვევის გამოვლენისკენ და, შესაბამისად, არსებობს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ ღონისძიებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 79-ე პუნქტი). 125. ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რომ პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენა და მისი ნარკოლოგიური გამოკვლევა არ უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს დასახელებული მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 63-64-ე პუნქტები). 5.5.3. აუცილებლობა 126. გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაც უნდა იყოს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-80 პუნქტი). როგორც უკვე აღინიშნა, პირის გამოსაკვლევად წარდგენა მის მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის – ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების უკანონო მოხმარების გამოვლენას ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ პირის გამოსაკვლევად წარდგენა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებაა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 86-88 პუნქტები). ამავდროულად, წინამდებარე საქმეზე დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირის გადაუდებელი გამოკვლევის საჭიროებას, შეიძლება ქმნიდეს რეალური საფრთხე, რომ პირის სხეულიდან გაქრება/შემცირდება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების კვალი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 65-ე პუნქტი). აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევებში სახეზეა პირის თავისუფლების შეზღუდვისა და მისი დაუყოვნებლივ გამოსაკვლევად წარდგენის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დადგებოდა ღონისძიების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის – ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენის შესაძლებლობა. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს სხვა, ნაკლებად ინტენსიური, ნაკლებინვაზიური მეთოდით ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის გონივრული შესაძლებლობა, ვიდრე ეს სადავო ღონისძიებით მიიღწევა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 82-83-ე პუნქტები). 127. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლები უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირის გამოსაკვლევად წარდგენასა და შემოწმებას იმგვარ ვითარებაშიც, როდესაც ობიექტურად არ არსებობს საამისო გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 66-69-ე პუნქტები). ანალოგიურად, შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს სახეზე პირის მიმართ თავისუფლების ისეთი ინტენსიური შეზღუდვის ფორმის გამოყენების აუცილებლობა, როგორიც არის დაკავების ღონისძიება. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებს პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების ან სხვა დამატებით საფრთხეებზე, არ იკვეთება პირის დაკავების აუცილებლობა. პირი შესაძლებელია, სავალდებულო წესით დაიბარონ (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ასევე შეაფასებს პირის შემოწმების საჭიროებას) გამოსაკვლევად და ამ გზით უზრუნველყონ მის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა. 128. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ სადავო ნორმები იმაზე მეტად ზღუდავს პირის თავისუფლების უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. 6. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით 6.1. დაცული სფერო 129. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის ხსენებული დანაწესი მოიცავს ორ ასპექტს, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და კანონით განსაზღვრულ ახლობელთა წრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულების არარსებობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, იცავს რა პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულებისა და იძულებისაგან. ხსენებული უფლება მჭიდრო კავშირშია არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა კომპონენტებთან, როგორებიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება, არამედ რიგ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებთან. თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უმთავრესი პრინციპის გამოძახილს, რომლის თანახმადაც, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ იგი თავად უნდა იყოს ის მიზანი, ორიენტირი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). 130. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის „ჩვენების მიცემა გულისხმობს ვერბალურ, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმის ქმედებაში საკუთარი ნებელობითი ელემენტის რეალიზებას, გამოხატვას. ხოლო თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგია კრძალავს სწორედ პირის ნებაზე ზემოქმედებას, მისცეს ჩვენება რაიმე ფორმით, საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). 6.2. სადავო ნორმების შინაარსი, შეზღუდვის იდენტიფიცირება 131. როგორც არაერთხელ აღნიშნა, სადავო ნორმები ადგენს პირის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენისა და გამოკვლევის წესს. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევით. ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება – ნერწყვში ან/და შარდში“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია, მათ შორის, იცავს პირს მისი ნების საწინააღმდეგოდ მისგან ბიოლოგიური მასალის აღებისა და მის წინააღმდეგ გამოყენებისაგან, რის გამოც სადავო ნორმები ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს. 132. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იწვევს თუ არა პირის ლაბორატორიული გამოკვლევა, კერძოდ, მისგან ბიოლოგიური მასალის (შარდის/ნერწყვის) აღება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი მიუთითებს, რომ არავინ არ არის ვალდებული მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებით გარანტირებული თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია მოიცავს პირის ნებაზე ზემოქმედების გზით, მისგან საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩვენების, ან მისი მაინკრიმინირებელი სხვა ინფორმაციის შემცველი ობიექტის (მათ შორის, ბიოლოგიური მასალის) მიღების აკრძალვას. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტიის მთავარი კომპონენტია პირის ნებაზე ზემოქმედების აკრძალვა. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება არ შეიცავს პირის ნებაზე ზემოქმედების ელემენტს, არ ხდება მისი იძულება – მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და, შესაბამისად, არ დგას თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიის დარღვევის საკითხი, თუნდაც აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ობიექტის მოპოვება ხდებოდეს სავალდებულო წესით. 133. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიოლოგიური მასალა, მათ შორის ნერწყვისა და შარდის ნიმუშები, (მსგავსად თითის ანაბეჭდის, თმის ღერის...) არსებობს პირის ნებისგან დამოუკიდებლად. მისი მოპოვება შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, ჩვეულებრივი ფუნქციონირების შედეგად, ხელოვნური ჩარევისა და პირის იძულების გარეშე. ამავდროულად, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს უშუალოდ ბიოლოგიური მასალის გამოყოფის იძულებას. ამგვარი მასალის მოპოვება არ მოითხოვს პირის ნებაზე ზეწოლას, მის იძულებას. შესაბამისად, სადავო ნორმები არ გულისხმობს პირის ნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირისგან ბიოლოგიური მასალის სახით ნერწყვისა და შარდის ნიმუშების აღებით, არ ხდება თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგიით დაცულ სფეროში ჩარევა და სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს. 7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით 7.1. დაცული სფერო 134. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაოს მტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, კონკრეტული პირის სამართლიან მსჯავრდებას საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1,2). 135. დასახელებული კონსტიტუციური დებულება, პირველ რიგში, მოითხოვს, რომ მტკიცებულების მოპოვება მოხდეს კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. „კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). 136. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით დაცული უფლება მხოლოდ მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებით არ შემოიფარგლება. იგი ასევე მოითხოვს, რომ მტკიცებულების მოპოვება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, კონსტიტუციური უფლებების შესაბამისად მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებს რისკი, რომ პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო გზით, რაც არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. 7.2. სადავო ნორმის შინაარსი, სასარჩელო მოთხოვნის შეფასება 137. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებების განმარტებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს მონაცემები შეიძლება დადგინდეს, მათ შორის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით. 138. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფაქტის დადგენის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს კონსტიტუციის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. 139. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, უკვე შეაფასა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირის გამოსაკვლევად წარდგენისა და გამოკვლევის წესის (რომლის მიხედვითაც დგინდება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტი) კონსტიტუციურობა და დაადგინა რომ ზემოაღნიშნული წესის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება პირადი სივრცის ხელშეუხებლობისა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 69-ე პუნქტი) და თავისუფლების უფლებებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 127-128-ე პუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, არ დაიშვება სადავო ნორმებით დადგენილი ფორმით მტკიცებულების – პირის მიერ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების დამადასტურებელი ინფორმაციის მოპოვება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო სიტყვებს ეცლება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი და შეუძლებელია, იგი განხილული იქნეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საფრთხის შემცველ ნორმატიულ რეგულირებად (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-85). შესაბამისად, არ დგას დასახელებული ფორმით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების კონსტიტუციურობის შემოწმების საჭიროება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №697 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ სიტყვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით საქმე უნდა შეწყდეს.
III საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №697 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის დაკავების აუცილებლობას ადგენს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის წარდგენისა და გამოკვლევის უფლებამოსილებით შესაბამის მოხელეს აღჭურავს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ დგას პირის წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა და ობიექტურად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება იმ დროში, რა დროშიც ეჭვქვეშ არ დადგება სამართალდარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; 2. კონსტიტუციური სარჩელი №697 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ პირველი და მე-2 მუხლების, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-5 და მე-6 მუხლების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ პირველი და მე-2 მუხლების, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის“ მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. 3. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №697 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით. 4. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 5. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა: ვასილ როინიშვილი ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე
|
დოკუმენტის კომენტარები