საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“
დოკუმენტის ნომერი 01/138/86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000131
01/138/86
28/11/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997
000000180.01(2).003.000131
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და  ფოსტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

 

 ერთობლივი ბრძანება №01/138 /86

 

1997 წლის 28 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს

„სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები“

თავი I

 

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები (შემდგომში – წესები) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავენ სატელეგრაფო მომსახურების წესებს და პირობებს რომლებიც სავალდებულოა ფიზიკური პირებისათვის და ნებისმიერი საკუთრების ფორმის და უწყებრივი დაქვემდებარების მეურნე სუბიექტებისათვის.

მუხლი 2

წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის - სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელწმიფო უშიშროების სამინსიტროების, აგრეთვე შიდა საწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულების სატელეგრაფო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, რომლებსაც გასასვლელი არა აქვთ საერთო სარგებლობის სატელეგრაფო ქსელებზე.

მუხლი 3

წინამდებარე წესებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:

„მომხმარებელი“ იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყვნენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ სატელეგრაფო კავშირის მომსახურება.

„მეურნე სუბიექტი“ იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სატელეგრაფო კავშირებით მომსახურებს მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„კატეგორიის გარეშე“ და „რიგგარეშე“ დეპეშები მომხმარებელთა სია, დეპეშების დამუშავების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ.

„სქემური დეპეშა“ და “კრიპტოგრამა“ მიიღება მხოლოდ იურიდიული პირებისგან.

„სერტიფიკატი“ დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო სერტიფიკაციის წესების შესაბამისად და რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ იდენტიფიცირებული პროდუქტია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოქმედ სტანდარტს ან სხვა ნორმატულ დოკუმენტს.

მუხლი 4

სატელეგრაფო კავშირით მომხმარებლის მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსაგან მიღებული აქვს აღნიშნული კავშირით მომხმარებლის მომსახურების სპეციალური ნებართვა (ლიცენზია).

მუხლი 5

საქართვლოს ტერიტორიაზე მეურნე სუბიექტებს შორის სამსახურებრივი ურთიერთობანი და სასამსახურო საქმის წარმოება სახელმწიფო - ქართულ ენაზე ხორციელდება.

მუხლი 6

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება - თბილისის დრო. საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირში სააღრიცხვო - საანგარიშსწორებო დრო განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

მუხლი 7

1. მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებელთა კულტურული მომსახურება, სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოებების დაცვა.

2. მეურნე სუბიექტები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დაუშვებენ სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების გაცემას, პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 8

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ინფორმაციას მომსახურების შესახებ და მოლაპარაკების პირობებს.

მუხლი 9

მხარეთა დამოკიდებულება ფორმდება ქვითრით, საკონტროლო-საკასო მანქანის ჩეკით ან წერილობითი ფორმის ხელშეკრულებით.

მუხლი 10

მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან მომხმარებლებს უსასყიდლოდ მიწოდონ აუცილებელი და მართებული ინფორმაცია საწარმოს მუშაობის რეჟიმზე, შეთავაზებულ მომსახურებათა სახეობებზე, დეპეშათა დამუშავების ვადებზე, სატელეგრაფო კავშირის მომსახურების გაწევის წესებზე და მომსახურების ტარიფებზე.

მუხლი 11

მეურნე სუბიექტების მუშაობის რეჟიმი, რომლებიც მიეკუთვნებიან სახელმწიფო საკუთრებას, დგინდება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა საკუთრების ფორმის შემთხვევაში, მესაკუთრის გადაწყვეტილებით.

მუხლი 12

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების ერთიან სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს ამუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, მათი დაცვა სავალდებულოა ყველა მეურნე სუბიექტის მიერ.

 თავი II

 

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების ფორმები და სახეობები

მუხლი 13

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების სახეებია:

ა) დეპეშების მიღება, გადაცემა, დატარება.

ბ) სააბონენტო ტელეგრაფირება.

გ) ტელექსი.

დ) სატელეგრაფო არხების იჯარით გაცემა.

ე) საგაზეთო გვერდების გადაცემა.

მუხლი 14

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების სახეობები განისაზღვრება მეურნე სუბიექტების მიერ, სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევაზე მისთვის გაცემული ლიცენზიის და მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესაბამისად.

მუხლი 15

პრიორიტეტებისა და დამუშავების ვადების გათვალისწინებით დეპეშები იყოფა კატეგორიებად და სახეობებად.

მუხლი 16

დეპეშები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) „კატეგორიის გარეშე „(აღნიშვნებით“ ჰაერი“, „რაკეტა“ „სამობილიზაციო“, „თვითმფრინავი“ „შლამი“).

ბ) „რიგგარეშე“ („აღნიშვნებით“ „ავარია“ „გრიგალი“ „ავია“).

გ) „საქართველოს პრეზიდენტი“

დ) უმაღლესი სამთავრობო

ე) სამთავრობო

ვ) სასწრაფო

ზ) ჩვეულებრივი

მუხლი 17

1. აბსოლუტური პრიორიტეტი ეძლევათ დეპეშებს შეტყობინებით, რომლებიც შეეხებიან ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში, აგრეთვე თავდაცვით და სამართალდამცავ ღონისძიებებს, დიდ ავარიებს, კატასტროფებს, ეპიდემიებს.

2. წინამდებარე წესების დანართში ჩამოთვლილი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერილი დეპეშები კატეგორიით „საქართველოს პრეზიდენტი“, „უმაღლესი სამთავრობო“ და „სამთავრობო“ გადაიცემა პრიორიტეტული თანმიმდევრობით.

მუხლი 18

1. დეპეშები, შეიძლება დაწერილი იყოს ღია (ყველასათვის გასაგები) ან პირობით (კოდირებულ) ენაზე.

2. დეპეშა ითვლება ყველასთვის გასაგებ ენაზე დაწერილად თუ ტექსტი დაწერილია ქართულ ენაზე, იგი შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს ციფრებით და ასოებით გამოსახულ საწარმო ან სავაჭრო ნიშნებს და მარკებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მხოლოდ ციფრებისაგან შედგება.

3. დეპეშა ითვლება პირობით (კოდირებულ) ენაზე დაწერილად, თუ ჩანაწერი შესრულებულია პირობით აღნიშვნებით ან სიტყვებით, რომლებსაც პირობითი მნიშვნელობა აქვთ. ყოველი თავისუფლად შედგენილი სიტყვა ან ციფრების ჯგუფი უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 5 ნიშანს.

4. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სტრუქტურული ქვეგანაყოფების დეპეშებში დასაშვებია გამოყენებული იქნეს კოდირებული სიტყვები და რიცხვთა ჯგუფები, რომლებიც შეიცავენ არა უმეტეს 10 ნიშანს.

მუხლი 19

დეპეშები შეიძლება დაიწეროს ქართული, ლათინური ან რუსული შრიფტით, საქართველოს ფარგლებში დამისამართებული დეპეშა იწერება ქართული შრიფტით, დსთ-ს ქვეყნებში დამისამართებული რუსული ან ლათინური შრიფტით, ხოლო შორეულ საზღვარგარეთის ქვეყნებში დამისამართებული კი - ლათინური შრიფტით.

მუხლი 20

გადასაცემად არ მიიღება დეპეშები, რომლებიც შეიცავენ არა ეთიკურ, სალანძღავ და ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ სიტყვებს, აგრეთვე ტექსტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

მუხლი 21

დეპეშები იყოფა შემდეგ სახეობებად:

ა) შეტყობინებით ჩაბარების შესახებ (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე) .

ბ) შეკვეთილი მიტანა ფოსტით“

გ) გამგზავნის მიერ მითითებულ ვადებში ჩაბარებით.

დ) დამოწმებული

ე) გადახდილი პასუხით (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ვ) სქემური დეპეშა (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ზ) კრიპტოგრამა.

თ) დეპეშა-წერილი

მუხლი 22

„შეკვეთილი მიტანა ფოსტით“ სახეობის დეპეშებს მეურნე სუბიექტი ღებულობს მომხმარებლისაგან, როდესაც მომხმარებელი დეპეშას აგზავნის არატელეფონიზირებულ სოფელში.

მუხლი 23

„გამგზავნის მიერ მითითებულ ვადებში ჩაბარებით“ სახეობის დეპეშებს მეურნე სუბიექტი ღებულობს მომხმარებლისაგან, როდესაც მომხმარებელი დეპეშის ჩაბარების ვადამდე 2 დღით ადრე აგზავნის მას საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში.

მუხლი 24

მეურნე სუბიექტს შეუძლია დაამოწმოს და გადასცეს „დამოწმებული“ სახის დეპეშა, თუ მომხმარებელი წარუდგენს დეპეშაში მოყვანილი ფაქტის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს ან მინდობილობას (აღნიშნული დოკუმენტების დედნებს მეურნე სუბიექტი გადაცემულ დეპეშასთან ერთად 2 წლის განმავლობაში ინახავს).

მუხლი 25

მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს სატელეგრაფო კავშირებით შემდეგი დამატებითი მომსახურებებით:

- დეპეშის გადაცემამდე გააუქმოს ან შეცვალოს იგი;

- დეპეშის გაგზავნიდან 3 დღის განმავლობაში მიიღოს მისი დამოწმებული ასლი;

- დეპეშის გაგზავნიდან 3 დღის განმავლობაში მიიღოს დეპეშის ადრესატისათვის ჩაბარების ინფორმაცია;

- ადრესატისათვის ადრე ჩაბარებული დეპეშის განმეორებითი გადაცემა („დამოწმებული“, „გადახდილი პასუხის“. „შეტყობინება-ჩაბარების შესახებ“ სახეობების დეპეშების გარდა);

- „მოკითხვამდე“ დეპეშების მეურნე სუბიექტის მიერ სახლში მიტანა.

 მუხლი 26

მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან სატელეგრაფო კავშირით მომსახურება გასწიონ წინამდებარე წესებით დადგენილ ვადებში.

მუხლი 27

1. „ჩვეულებრივი“, „სასწრაფო“ და „დეპეშა-წერილი“ კატეგორიის დეპეშების გაგზავნიდან ადრესატამდე განმავლობის ვადები შემდეგია:

ა) ქალაქებს შორის და ქალაქებში (ადგილობრივი)

სასწრაფო კატეგორიის დეპეშებისათვის                       6 საათამდე

ჩვეულებრივი კატეგორიის დეპეშებისათვის               12 საათამდე

შეტყობინება დეპეშის ჩაბარების შესახებ                      24 საათამდე

წერილი - დეპეშა კატეგორიის დეპეშებისათვის          48 საათამდე

ბ) რაიონულ ცენტრებს შორის, რაიონულ ცენტრებს და ქალაქებს შორის:

სასწრაფო კატეგორიის დეპეშებისათვის                       7 საათამდე

ჩვეულებრივი კატეგორიის დეპეშებისათვის               14 საათამდე

შეტყობინება დეპეშის ჩაბარების შესახებ                      48 საათამდე

წერილი დეპეშა კატეგორიის დეპეშებისათვის            48 საათამდე

გ) ქალაქებს, რაიონებს და სოფლებს შორის

ჩვეულებრივი კატეგორიის დეპეშებისათვის               24 საათამდე

შეტყობინება დეპეშების ჩაბარების შესახებ                  72 საათამდე

წერილი - დეპეშა კატეგორიის დეპეშებისათვის         24 საათამდე

2. არატელეფონიზირებულ სოფლებში, ადრესატებს დეპეშები ჩაბარდებათ რაიცენტებსა და სოფლებს შორის მოქმედი საფოსტო გადაზიდვების გრაფიკით, რაზედაც მეურნე სუბიექტებს მიერ მომხმარებელი წინასწარ უნდა გაფრთხილდეს.

3. დეპეშის ან მისი ჩაბარების შეტყობინების განვლადობის დროში არ შედის დრო, რომლის განმავლობაში მეურნე სუბიექტის მუშაობის რეჟიმით დეპეშების და შეტყობინებათა დატარება არ ხდება, ღამის დრო და დრო რომლის განმავლობაშიც მომხმარებლის განცხადების საფუძველზე მას დეპეშაა მიტანა უწყდება.

4. იმ შემთხვევაში, თუ მეურნე სუბიექტი ვერ ახერხებს „სასწრაფო“ კატეგორიის დეპეშის ადრესატისათვის იმავე დღის 7 საათიდან 21 საათამდე ჩაბარებას, იგი მოვალეა გააფრთხილოს მომხმარებელი და დეპეშა მიიღოს „ჩვეულებრივი“ კატეგორიით.

მუხლი 28

სააბონენტო ტელეგრაფით და ტელექსით მომხმარებლის მომსახურება წარმოებს მეურნე სუბიექტისა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 29

სატელეგრაფო არხები იჯარაში გაიცემა მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სატელეგრაფო არხების იჯარაში აღების პრიორიტეტით სარგებლობენ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

მუხლი 30

გაზეთების დეცენტრალიზებული ბეჭდვის პუნქტებში, გაზეთების გვერდების კავშირგაბმულობის არხებით გადაცემა ხორციელდება მეურნე სუბიექტს და გაზეთების რედაქციებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 31

1. მომხმარებელი ვალდებულია ინფორმაციის (შეტყობინების) გადასაცემად გამოიყენოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული სააბონენტო აპარატი (ტერმინალი).

2. მომხმარებლის მიერ სატელეგრაფო ქსელში არა სერტიფიცირებული სააბონენტო აპარატის (ტერმინალი) გამოყენების შემთხვევაში მეურნე სუბიექტს უფლება აქვს მასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმოს.

მუხლი 32

მეურნე სუბიექტი, რომელსაც სატელეგრაფო კავშირით მომსახურების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია, ვალდებულია მომხმარებელი უზრუნველყოს სატელეგრაფო კავშირით მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეურნე სუბიექტი დაამტკიცებს, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მის საწარმო შესაძლებლობებს ან სცილდება ლიცენზიით დაშვებული საქმიანობის საზღვრებს.

 თავი III

 

სატელეგრაფო კავშირებით მომსახურების ტარიფები. ანგარიშსწორების წესები

მუხლი 33

სახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის სატელეგრაფო კავშირებით მომსახურების ტარიფებს არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ახორციელებს მათი დაცვის კონტროლს.

კერძო საკუთრების სატელეგრაფო კავშირებით მომსახურების ტარიფებს ადგენს მისი მესაკუთრე.

სატელეგრაფო კავშირებით მომსახურებაზე დაწესებული შეღავათების კომპენსირება ხორციელდება შეღავათების დამწესებელი იურიდიული პირების ან ორგანოების მიერ.

მუხლი 34

სატელეგრაფო კავშირებით მომსახურების გადახდის წესი, პირობები და ვადები დგინდება მეურნე სუბიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იგი 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 35

მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის ყველა სახის ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით-ლარით. ანგარიშსწორება უცხოური ვალუტით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 თავი IV

 

პრეტენზიების განხილვის წესი

მუხლი 36

გაწეულ მომსახურებაზე მეურნე სუბიექტისათვის პრეტენზიების წარდგენა შესაძლებელია სატელეგრაფო კავშირით მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.

პრეტენზიები, რომელიც წარდგენილი იქნება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, მეურნე სუბიექტის მიერ არ განიხილება.

მუხლი 37

1. მომხმარებლის მიერ პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იყოს ნებისმიერი ფორმით. საპრეტენზიო საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით, განმცხადებლის ხელმოწერითა და იმ მისამართის მითითებით, რომელზეც შეიძლება მიღებული იქნეს პასუხი.

2. მომხმარებელმა მეურნე სუბიექტს შესაძლებელია პრეტენზია წარუდგენს როგორც დეპეშის გაგზავნის, ასევე მიღების ადგილზე.

მუხლი 38

 მეურნე სუბიექტს უფლება აქვს მომხმარებელს წარუდგინოს პრეტენზია იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს სატელეგრაფო კავშირით მომსახურების წესებს, რითაც სუბიექტს ურთულებს საქმიანობას ან დადგენილი წესით არ იხდის მომხმარებელი მომსახურების ღირებულებას.

მუხლი 39

მეურნე სუბიექტისა და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისათვის წაყენებული პრეტენზიები შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს ნებაყოფლობით, ორივე მხარის მოლაპარაკებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოდავე მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ზემდგომ ორგანოს ან სასამართლოს.

მუხლი 40

წერილობით წარმოდგენილი პრეტენზიის განხილვას მეურნე სუბიექტი აწარმოებს პრეტენზიის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. პრეტენზიის განხილვის შედეგები მომხმარებელს წერილობით ეცნობება. პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებული მიმოწერა უნდა ინახებოდეს 5 წლის განმავლობაში.

თავი V

 

მეურნე სუბიექტების და მომხმარებლების პასუხისმგებლობა

მუხლი 41

ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში მეურნე სუბიექტის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 42

მეურნე სუბიექტი პასუხისმგებელია მომხმარებლისთვის გაცხადებული მომსახურების ხარისხზე, ვადებზე და მომხმარებლის საჩივრის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრაზე, აგრეთვე მომსახურების შესახებ გაცემული ინფორმაციის სისწორეზე.

მუხლი 43

მეურნე სუბიექტის მიერ მომსახურების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს თავისი არჩევნით შეუძლია:

ა) დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადები;

ბ) გააუქმოს ხელშეკრულება.

მომსახურების ვადების დარღვევას თან უნდა მოჰყვეს მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით.

მხარეთა მოლაპარაკების (ხელშეკრულების) თანახმად აღნიშნული პირგასამტეხლო მომხმარებლის არჩევით შეიძლება გადახდილი იყოს;

- მომსახურების ღირებულების შემცირებით;

- მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების უსასყიდლოდ გაწევით.

შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 44

1. მეურნე სუბიექტი პასუხს აგებს კავშირგაბმულობის საშუალებებით უხარისხო მომსახურებისათვის და მომსახურებაში არსებული ხარვეზების მოლაპარაკებულ ვადებში აღმოფხვრისათვის.

2. მომხმარებელი, რომელსაც კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება გაეწია ხარვეზებით, რომელთა შესახებ იგი მეურნე სუბიექტის მიერ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული, უფლებამოსილია თავისი არჩევანით მოითხოვოს:

ა) ნორმალური ხარისხით მომსახურების ხელახალი გაწევა;

ბ) ხელშეკრულების გაუქმება;

უხარისხო მომსახურებისა და ხარვეზების აღმოფხვრის ვადების დარღვევას თან უნდა მოჰყვეს მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით.

მხარეთა მოლაპარაკების თანახმად აღნიშნული პირგასამტეხლო მომხმარებლის არჩევით შეიძლება გადახდილი იყოს:

- მომსახურების ღირებულების შემცირებით;

- მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურების უსასყიდლოდ გაწევით.

შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 45

მეურნე სუბიექტს მომხმარებლის წინაშე მატერიალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დროული ან ხარისხიანი მომსახურება შეუძლებელი გადახდა მომხმარებლის მიზეზით ან წარმოქმნილი დაუძლეველი წინააღმდეგობების გამო.

მუხლი 46

დაუძლეველი წინააღმდეგობის გამო მეურნე სუბიექტის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მომხმარებელს უფლებას აძლევს მეურნე სუბიექტთან შეთანხმებით დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადა.

მუხლი 47

მომხმარებელი პასუხს აგებს მეურნე სუბიექტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დროულად გადახდაზე. თუ მომხმარებლის მიერ დეპეშა გადაცემული იქნა ტელეფონით და მან გაწეული მომსახურების ღირებულება არ გადაიხადა მეურნე სუბიექტის მიერ დადგენილ ვადებში, მეურნე სუბიექტს უფლება აქვს მომხმარებელს, გაფრთხილების შემდეგ, გაუთიშოს ტელეფონი და გათიშვიდან ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ მომსახურების და გათიშული ტელეფონის ჩართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მოუხსნას ტელეფონი, ხოლო მასზე რიცხული დავალიანება ამოიღოს დადგენილი წესით.

მუხლი 48

მეურნე სუბიექტს შეუძლია უარი უთხრას მომხმარებელს სატელეგრაფო კავშირით მომსახურებაზე, თუ:

ა) მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მეურნე სუბიექტის საწარმოო შესაძლებლობას ან ლიცენზიაში აღნიშნულ პირობებს;

ბ) მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს;

მუხლი 49

წინამდებარე წესების სისტემატური უხეში დარღვევისათვის მეურნე სუბიექტს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას სატელეგრაფო კავშირით მომსახურების უფლება (ლიცენზია).

 თავი VI

 

კონტროლი

მუხლი 50

წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 51

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 თავი VII

 

წესების ამოქმედების ვადები

მუხლი 52

წინამდებარე წესები ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს კავშირგაბმულობისა და  ფოსტის მინისტრი ფრ. ინჯია  

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი  ვ. პაპავა

სატელეგრაფო კავშირით მომსახურების წესების დანართი

თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ხელმოწერით გადაიცემა „საქართველოს პრეზიდენტის დეპეშა“, „უმაღლესი სამთავრობო დეპეშა“ და „სამთავრობო დეპეშა“ კატეგორიის დეპეშები:

1. დეპეშები კატეგორიით „საქართველოს პრეზიდენტის დეპეშა“:

– საქართველოს პრეზიდენტი

2. დეპეშები კატეგორიით „უმაღლესი სამთავრობო დეპეშა“:

– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

– საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

– საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

– საქართველოს მინისტრები;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

– საქართველოს გენერალური პროკურორი;

– აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები;

3. დეპეშები კატეგორიით „სამთავრობო დეპეშა“

– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;

– საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები;

- სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები;

– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

– საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

- სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებათა გამგეები;

– საქართველოს პარლამენტის კომიტეტების და კომისიების თავმჯდომარეები;

– საქართველოს პარლამენტის დეპუტატები;

– საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;

– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები;

– საქართველოს მინისტრების მოადგილეები;

– აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეები;

– საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები;

– საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები;

– საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილეები;

– სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მისი მოადგილეები;

– კორპორაცია „საქტელერადიოს“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

– საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების და კომიტეტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;

 – ქალაქების მერები;

– ადგილობრივი მმართველობის რაიონული ორგანოების თავმჯდომარეები;

– საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობათა სარდლები.