საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017265
88
17/10/2024
ვებგვერდი, 18/10/2024
120340000.22.026.017265
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის 

ბრძანება №88

2024 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა

ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ნ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №01 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის

სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი


მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – ეთიკის კოდექსი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და ღირებულებებს.

მუხლი 2. ეთიკის კოდექსის მიზანი

ეთიკის კოდექსის მიზანია სამინისტროს სისტემაში ეთიკური გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურში აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარებას, სამხედრო დისციპლინის განმტკიცებას, სამხედრო სამსახურის მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის რისკების შემცირებას, კეთილსინდისიერების ამაღლებას, სამხედრო მოსამსახურის პატივის/ღირსების დაცვასა და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლებას.

მუხლი 3. ერთგულება

1. სამხედრო მოსამსახურე არის ხალხისა და სახელმწიფოს, აგრეთვე სამხედრო სამსახურის ერთგული.

2. საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით ხალხის, სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულება გულისხმობს:

ა) სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორებიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

ბ) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა მიზნების მისაღწევად თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცის გამოვლენას;

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას;

დ) ხელმძღვანელობისა და თანამებრძოლების ერთგულებას;

ე) რეგიონული და გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში წვლილის შესატანად მზადყოფნას.

მუხლი 4. თანასწორობა

სამხედრო მოსამსახურე:

ა) პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებას და სამხედრო სამსახურში არსებულ მრავალფეროვან გარემოს;

ბ) ზრუნავს სამხედრო სამსახურში თანასწორი და არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის;

გ) სათანადო ყურადღებას აქცევს სამხედრო სამსახურში გენდერულ საკითხებს და ცდილობს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

მუხლი 5. კანონიერება

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან.

2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.

3. სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. სამხედრო მოსამსახურე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები.

მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

სამხედრო მოსამსახურე:

ა) სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით;

ბ) თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან;

გ) თავის სამსახურებრივ მდგომარეობას არ იყენებს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის;

დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისგან, რომელიც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გასატარებლად;

ე) არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის;

ვ) თავს იკავებს კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობებისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გასატარებლად.

მუხლი 7. რელიგიური ნეიტრალიტეტი  

1. სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტილების მიღებისას მიჯნავს სახელმწიფო ინტერესებს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების ინტერესებისგან, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.

2. სამხედრო მოსამსახურე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პირადი რელიგიური კუთვნილების, მრწამსისა და შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, სხვა  მოსამსახურეებთან, თანამშრომლებსა/ კოლეგებსა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას, პირდაპირი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, თავს იკავებს რელიგიური შინაარსის საჯარო განცხადებებისგან და არ ახდენს საკუთარი რელიგიური მრწამსის, პრაქტიკის ან შეხედულებების მიზანშეუწონელ დემონსტრირებას.

3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე დაქვემდებარებულ თანამდებობაზე მყოფი მოსამსახურისაგან არ ითხოვს პირადი რელიგიური მრწამსის, პრაქტიკის ან შეხედულებების შესახებ ინფორმაციის სავალდებულო გასაჯაროებას როგორც სამსახურში მიღებისას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

4. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული რელიგიური დოქტრინის, თემის ან გაერთიანების ინტერესების გატარებად.

5. სამხედრო მოსამსახურე არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების მიზნებისთვის, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.

მუხლი 8. კეთილსინდისიერება

სამხედრო მოსამსახურე:

ა) ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უფროსის/მეთაურის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება;

ბ) საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი;

გ) მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობას და უფლებამოსილებას იყენებს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო ინტერესების დასაცავად;

დ) დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად;

ე) იცავს ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნებს;

ვ) იცავს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის პრინციპებს;

ზ) უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ ქონებას;

თ) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.

მუხლი 9. გამოხატვის თავისუფლება

1. სამხედრო მოსამსახურე:

ა) საჯაროდ გამოხატავს საჯარო დაწესებულების პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება;

ბ) თავს იკავებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისგან, ზეპირი, წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა;

გ) თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება;

დ) თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება;

ე) თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

2. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა.

მუხლი 10. პროფესიონალიზმი

1. სამხედრო მოსამსახურე:

ა) ხელმძღვანელობს პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად, საკუთარი და მისთვის გადაცემული (დელეგირებული) უფლებამოსილების ფარგლებში იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე და უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ქმედებების დასაბუთებას;

ბ) მზადაა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს თანამშრომლებს;

გ) ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ ვითარებაში;

დ) იუმჯობესებს სამხედრო, ტექნიკურ, პროფესიულ და ზოგადი ცოდნის დონესა და უნარ-ჩვევებს. მონაწილეობს, მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ, პროფესიული განვითარების პროგრამებში;

ე) ავლენს ბრძოლისუნარიანობის მაღალ დონეს და წარმატებით ასრულებს საბრძოლო დავალებებს;

ვ) მოქმედებს სამხედრო სამსახურში არსებული სუბორდინაციის წესების დაცვით;

ზ) სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო მეთაურს/უფროსს და მისი გვერდის ავლით არ აწარმოებს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;

თ) იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს;

ი) უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას;

კ) მტკიცედ იცავს სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნებს;

ლ) ერთგულად ასრულებს მხედრულ მოვალეობას;

მ) სამაგალითოა სხვა სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოებისათვის;

ნ) ემორჩილება მეთაურს/უფროსს, ზედმიწევნით და დროულად ასრულებს მეთაურის/უფროსის დავალებებს.

2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, სამხედრო სამსახურის რეპუტაციას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას, აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით. სამხედრო მოსამსახურემ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფით საუბრებში უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე;

გ) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლო;

დ) სამხედრო სამსახურში ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო მეთაურს/უფროსს და სამხედრო პოლიციას, თუ ის უშუალოდ შეესწრო აღნიშნულ სამართალდარღვევას;

ე) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე, არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საშვი რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების მიზნით;

ვ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლით არ შევიდეს სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში, ღამის კლუბში ან სხვა გასართობ დაწესებულებაში, რომელიც შეუფერებელია სამხედრო სამსახურისთვის (გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა);

ზ) თავი შეიკავოს სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქების, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსებისაგან;

თ) დაიცვას ქცევის წესები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას (ლექციის მიმდინარეობისას დაუშვებელია ხელის შეშლა და სხვა ტიპის შეუსაბამო ქმედება).

3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს მეთაურის/უფროსის დავალება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი დავალების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დავალების შესრულება საზიანოა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

მუხლი 11. მიუკერძოებლობა

სამხედრო მოსამსახურე იღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების შესაბამისად და არა პირადი ინტერესების საფუძველზე.

მუხლი 12. პროპორციულობა და თანაზომიერება

1. სამხედრო მოსამსახურე:

ა) საქმიანობისას ხელმძღვანელობს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, შესაბამისი ვითარების გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლო საშუალებებიდან უპირატესობას ანიჭებს ნაკლები ზიანის მომტან საშუალებას;

ბ) განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შესაბამისი და აუცილებელი ქმედების განხორციელებისას ადგენს, არის თუ არა მის მიერ განხორციელებული ქმედება პროპორციული განსაზღვრულ მიზანთან;

გ) ქმედების განხორციელებამდე განსაზღვრავს მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად განხორციელებული ქმედება უნდა იყოს:

ა)  შესაბამისი – როდესაც ის ემსახურება განსაზღვრულ მიზანს და შესაძლებელს ხდის ამ მიზნის მიღწევას;

ბ) აუცილებელი – როდესაც სამხედრო მოსამსახურეს, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არ აქვს სხვა უფრო მსუბუქი ზიანის მიმყენებელი ქმედების განხორციელების საშუალება.

მუხლი 13. ეკონომიურობა /ეფექტიანობა/ეფექტურობა

სამხედრო მოსამსახურე:

ა) ცდილობს ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯოს ადმინისტრაციული რესურსი;

ბ) ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს სამხედრო სამსახურის საჭიროებების და დანიშნულების შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციული რესურსების გონივრული დანახარჯით აღწევს სასურველ შედეგს.

მუხლი 14. ანგარიშვალდებულება

სამხედრო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მისი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში.

მუხლი 15. თავაზიანობა

სამხედრო მოსამსახურე:

ა) არის კორექტული და თავაზიანი  ხელმძღვანელობასთან ან/და დაქვემდებარებულ პერსონალთან, ასევე სხვა პირებთან ურთიერთობისას;

ბ) ცდილობს თავიდან აირიდოს თანამშრომელთან მიმართებით სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და მზად არის აღიაროს საკუთარი შეცდომა;

გ) არავის აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თავს იკავებს ბილწსიტყვაობისაგან, არ ახორციელებს შეუფერებელ ჟესტიკულაციას, არ ქმნის კონფლიქტურ ვითარებას ან/და კონფლიქტის ესკალაციას.

მუხლი 16. კოლეგიალობა და გუნდურობა

1. სამხედრო მოსამსახურე:

ა) პატივს სცემს თანამშრომელთა კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას;

გ) ეხმარება და იცავს თავის თანამშრომელს, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრისას ან განსაკუთრებული ვითარების არსებობისას უზრუნველყოფს მის გამოყვანას და სათანადო დახმარების გაწევას;

დ) საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს;

ე) დავალების შესრულებისას ქმნიან ერთიან ძლიერ გუნდს დასახული მიზნების და ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, რა დროსაც პირადი საჭიროებები და სურვილები ექვემდებარება გუნდურ პრინციპებს.

2. სამხედრო მოსამსახურეს აქვს  ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისადმი (თანამებრძოლებისადმი) ნდობა.

მუხლი 17. კომუნიკაცია

1. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა ხორციელდება შესაბამისი საჯარისო სამსახურის წესდებით და ემყარება სუბორდინაციასა და დისციპლინას, აგრეთვე კოლეგიალობის პრინციპებს.

2. სამხედრო მოსამსახურემ:

ა) უნდა აწარმოოს თანამშრომლებთან კორექტული ურთიერთობა, მიაწოდოს მათ სწორი ინფორმაცია. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა;

ბ)  ხელმძღვანელობის ან დაქვემდებარებული პერსონალის, აგრეთვე სხვა პირთა  მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი  შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან;

გ) სამსახურებრივი ურთიერთობისას თავი უნდა შეიკავოს ფამილიარული ურთიერთობებისაგან, არ  ისაუბროს მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით,  დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;

დ) თანამშრომლებს უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ სათანადო დახმარება;

ე) პატივი უნდა სცეს მეთაურს და ზემდგომ თანამდებობის პირებს. თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედების ჩადენისგან, რამაც შესაძლოა შელახოს მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

3. სამხედრო მოსამსახურე გამოხატავს აზრს  გასაგებად და დასაბუთებულად, სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.

მუხლი 18. სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება

სამხედრო მოსამსახურე:

ა) განსაზღვრავს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დავალებების პრიორიტეტულობას. პრიორიტეტთა განაწილებისას წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მიმართავს უშუალო მეთაურს/უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) რაციონალურად და გონივრულად ანაწილებს სამუშაო დროსა და რესურსებს დავალებების შესრულებისას;

გ) სამუშაოს დაგეგმვისას გონივრულად აფასებს შესაძლო რისკებისა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს გზებსა და სტრატეგიებს მათ აღმოსაფხვრელად;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას სამხედრო სამსახურის მიზნებთან.

მუხლი 19. სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა ზემდგომ თანამდებობის პირთან

სამხედრო მოსამსახურე კეთილსინდისიერად ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი მოსამსახურის დავალებებს. თუ აღნიშნული დავალებები სამხედრო მოსამსახურისათვის ბუნდოვანი ან რთულად შესასრულებელია ან მისი კომპეტენცია და პროფესიული ცოდნა არ არის მსგავსი დავალების შესრულებისათვის საკმარისი, სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნული გარემოებების შესახებ დავალების მიმცემ ხელმძღვანელს.

მუხლი 20. ზემდგომ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან

ზემდგომ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე:

ა) თავს არიდებს მის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე მოსამსახურისათვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას;

ბ) დავალებებს გასცემს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების კომპეტენციების ფარგლებში და უზრუნველყოფს სამუშაო დროისა და ფუნქციების ეფექტიან გადანაწილებას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლენს იმ სფეროებს, რომლებშიც შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის რისკი და ცდილობს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული რისკის შემცირებას ან/და ეფექტიან მართვას;

დ) ობიექტურად და მიუკერძოებლად აფასებს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ შესრულებულ საქმიანობას, აფასებს თანამშრომლის მიერ მიღწეულ შედეგებსა და ძალისხმევას;

ე) მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემისას ინარჩუნებს კორექტულობას;

ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულად გავრცელებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სამხედრო მოსამსახურის საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე;

ზ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ მოსამსახურის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება;

თ) გულისხმიერად ეპყრობა მოსამსახურეთა პირად პრობლემებს, რათა აღნიშნულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურებრივ გარემოზე;

ი) ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების სამხედრო განათლების ხელმისაწვდომობასა და მათ ჩართულობას პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებში.

მუხლი 21. სამხედრო მოსამსახურის ურთიერთობა სხვა პირებთან 

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას, სამხედრო მოსამსახურე ითვალისწინებს მათ განსხვავებულ ტრადიციებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს.

2. საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში სამხედრო მოსამსახურე  არის თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

3. სამხედრო მოსამსახურემ საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან.

4. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სიგარეტის მოწევა, სატრანსპორტო საშუალებიდან საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

მუხლი 22. სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა

1. სამხედრო მოსამსახურე პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

2. სამხედრო მოსამსახურე კარგადაა ინფორმირებული სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.

3. სამხედრო მოსამსახურე არ ახორციელებს სექსუალურ შევიწროებას, ინფორმირებულია ამგვარი ფაქტების მხილების შიდაუწყებრივი და ზოგადი პროცედურების შესახებ.

4. სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ეპყრობა სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართულ ნებისმიერ განხილვას, კომუნიკაციასა თუ ქმედებას.

მუხლი 23. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში

ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.