დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4442-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200010.05.001.102381 |
|
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის მითითება 1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან/და დამატების შეტანით მასში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ეს აკრძალვები არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ამ მუხლის ამოქმედებამდე ცვლილების შეტანით მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. აღნიშნული აკრძალვები ასევე არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.“. 2. 54-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი: „მუხლი 541. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირებისა და ქორწინებად აღიარების დაუშვებლობა, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირებისა და აღიარების დაუშვებლობა 1. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია, როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს. 2. ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება დაუშვებელია. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი, ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. ამასთანავე, ამ მუხლის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.“. 4. 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო აქტთან დაკავშირებით ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული საქმისწარმოება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი შესაბამისი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. N4442-XVIმს-Xმპ
|
დოკუმენტის კომენტარები