საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 01/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016096
6
01/10/2024
ვებგვერდი, 02/10/2024
220010070.11.004.016096
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №6

2024 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 33-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:


მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები თანდართულ დანართთან ერთად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2020 წლის 28 დეკემბრის №5 დადგენილება.

მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე (შემდგომში – ბანკი) ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.

2. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის (შემდგომში – სესხი) გაცემის მიზანია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და ფინანსური კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილება ან/და ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი ნეგატიური შედეგების შეძლებისდაგვარად შემცირება.

3. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სესხის გაცემის პირობებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

მუხლი 2. სესხის გაცემის პირობები

1. ეროვნული ბანკი სესხს გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით:

ა) ბანკი არის გადახდისუნარიანი და მისი ბიზნესმოდელი არის მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი;

ბ) ბანკს შეექმნა ან უახლოეს მომავალში შეიძლება შეექმნას ლიკვიდური სახსრების დროებითი მწვავე უკმარისობა;

გ) ბანკს აქვს უნარი და შესაძლებლობა გონივრულ ვადებში გაატაროს ლიკვიდობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ადეკვატური ღონისძიებები, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის სამომავლო სამოქმედო გეგმაში;

დ) ბანკს აღარ აქვს სხვა წყაროებიდან ფინანსური რესურსების მიღების საშუალება და აქვს დასაბუთება სესხის აღების აუცილებლობისა და სესხის დროულად და სრულად დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და ამასთან, სესხი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის საეჭვოობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ან/და რეზოლუციის კომიტეტის შეფასების/გადაწყვეტილების საფუძველზე და აღნიშნული გადაწყვეტილება წარედგინება ეროვნული ბანკის საბჭოს. ამ პუნქტით განსაზღვრული სესხი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;

გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას;

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით, რომელიც უნდა მოიცავდეს სესხის ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით“ (შემდგომში   ფინანსური გირავნობის მართვის დებულება) განსაზღვრული ან/და სხვა ნებისმიერი აქტივით;

ბ) სესხი უნდა გაიცეს ორკვირიან ტრანშებად ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ყოველი მომდევნო ტრანში გაიცემა ბანკის მიერ შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში. ახალი ტრანშით აგრეთვე შეიძლება დაიფაროს წინა ტრანში;

გ) სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ტრანშის გაცემის მომენტში ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე 1 პროცენტული პუნქტით მეტი. სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა განახლდეს ყოველი ტრანშის გაცემისას;

დ) სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ბანკის აქტივები ჰეარქათების გათვალისწინებით უნდა შეადგენდეს სესხის სრული თანხის არანაკლებ 110%-ს;

ე) სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

5. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ ბანკს ეროვნული ბანკი უწესებს დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს დაუწესოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები/მოთხოვნები.

მუხლი 3. სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

1. სესხის გაცემის შესახებ ბანკი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ან იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების არგუმენტირებულ აღწერას, შეფასებას, ასევე სამოქმედო გეგმას;

ბ) ბანკის აქტივების სრულ სიას და დეტალურ აღწერას, ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება სესხის გაცემის თაობაზე და, ამასთან, ბანკს განუსაზღვროს ვადა ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენისთვის.

3. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ან/და რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს:

ა) ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ან  იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ;

ბ) ინფორმაციას ბანკის საკუთრებაში არსებული იმ აქტივების სახეობების, ხარისხისა და ღირებულების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სესხის უზრუნველსაყოფად;

გ) წინადადებებს ბანკისათვის სესხის გაცემის მიზანშეწონილობისა და გასაცემი სესხის ოდენობის, სესხის გაცემის, დაფარვის და სესხის სხვა პირობების შესახებ;

დ) წინადადებებს, საჭიროების შემთხვევაში, ბანკისათვის სხვა პირობებისა ან/და დამატებითი მოთხოვნების დაწესების შესახებ.

4. ეროვნული ბანკის საბჭო განიხილავს სესხის გაცემის შესახებ ბანკის წერილობით მიმართვას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის/ბანკის საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტის ან/და რეზოლუციის კომიტეტის ინფორმაციას/წინადადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბანკის მიმართვიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკის საბჭო ასევე განსაზღვრავს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი მომდევნო ტრანშის გაცემისათვის განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების   თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილების ფარგლებს. ეროვნული ბანკის საბჭო დროულად აცნობებს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სესხის საჭიროების თაობაზე.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლება აქვს სესხის გაცემასთან დაკავშირებით ბანკს გარკვეული პერიოდით აუკრძალოს ან/და შეუჩეროს დივიდენდებისა და ბონუსების გაცემა, დაუწესოს სხვა შეზღუდვები/მოთხოვნები, ასევე შეღავათები.

6. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სესხის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უპირობო და გამოუთხოვად გარანტიას წარადგენს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე.

7. ეროვნული ბანკის საბჭო კონკრეტულ ბანკზე სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას, წარდგენილი წინადადების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტული სესხის უზრუნველყოფის საშუალებებს და მათი ჰეარქათის ოდენობას აქტივების სახეობების მიხედვით. ეროვნული ბანკის საბჭო აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი აქტივების კონცენტრაციის ლიმიტი. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ აქტივების სახეობების მიხედვით განსაზღვრული ჰეარქათების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, მათ შორის, ბანკისთვის.

8. ეროვნული ბანკის საბჭომ წარდგენილი წინადადების საფუძველზე შეიძლება განსაზღვროს განსხვავებული ჰეარქათი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი თითოეული აქტივის ან აქტივების ჯგუფის სახეობის, ხარისხის და საბაზრო (ან სალიკვიდაციო) ღირებულებიდან გამომდინარე შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) თუ აქტივი აღიარებულია მონეტარული ოპერაციებისათვის მისაღებ აქტივად და მიეკუთვნება ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით განსაზღვრული A, B და C ჯგუფის აქტივებს, მაშინ მისი ჰეარქათის ოდენობა უნდა იყოს მონეტარული ოპერაციებისათვის უზრუნველყოფის აქტივზე დადგენილი ჰეარქათის ოდენობის შესაბამისი;

ბ) ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით განსაზღვრული D და E ჯგუფის აქტივების ჰეარქათის ოდენობა არ უნდა იყო 20%-ზე ნაკლები;

გ) ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით განსაზღვრული F ჯგუფში შემავალი აქტივების ჰეარქათის ოდენობა არ უნდა იყო 30%-ზე ნაკლები;

დ) თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივები დენომინირებულია უცხოური ვალუტით, მაშინ ასეთი აქტივებისთვის დამატებითი ჰეარქათის ოდენობა არ უნდა იყოს 15 პროცენტულ პუნქტზე ნაკლები;

ე) ჰეარქათის ოდენობას იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

9. ეროვნული ბანკი წინასწარ და პერიოდულად ახორციელებს სესხით პოტენციურად მოსარგებლე ბანკის აქტივების ხარისხის შეფასებას და საბაზრო (ან სალიკვიდაციო) ფასის განსაზღვრას, რათა სესხით სარგებლობის შემთხვევაში დროულად მოხდეს უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი აქტივების ჰეარქათის განსაზღვრა და მათი დაგირავება/იპოთეკით დატვირთვა. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად გამოითხოვს   სესხის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების შესახებ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ქმნის შესაბამის რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას თავის მიერ დადგენილი ფორმატით. ეროვნული ბანკი ასევე ახორციელებს ბანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორის შემოწმებას თავის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიითა და სიხშირით.

10. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე უარი უთხრას ბანკს სესხის გაცემაზე.

11. სესხის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამზადებს სესხის ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს ბანკს.

12. ორივე მხარის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სესხის ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელებს სესხის გაცემისა და აქტივების დაგირავების/იპოთეკით დატვირთვის პროცედურას.

13. სესხის პირობის/პირობების ცვლილება ხდება იმავე პროცედურების დაცვით, როგორც სესხის გაცემა.

მუხლი 4. სესხის პირობების დარღვევა

1. ბანკის მიერ სესხის სრულ დაფარვამდე, ბანკის საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და რეზოლუციასა და ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის ან/და სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ.

2. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის ან/და სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი/ბანკის საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი ან/და რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს.

3. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის ან/და სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებელი და უპირობო დაფარვა.

4. სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ დაუფარაობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ახდენს გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის რეალიზაცია მოახდინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის მეორე სამუშაო დღიდან.

5. თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის რეალიზაციის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები არ არის საკმარისი ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის სრულად დასაფარად, ეროვნული ბანკი აამოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვად გარანტიას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე ფასიანი ქაღალდების სახით. ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცემს მიმოქცევად (საბაზრო) სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადისა და პირობების ანალოგიური იქნება.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში მიღებული თანხა უბრუნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამოქმედებული გარანტიის ფარგლებში, ხოლო დარჩენილი აქტივი ან/და აქტივის რეალიზაციიდან მიღებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება ბანკს ან მის სამართალმემკვიდრეს.

7. თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ არის  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხის სრულად დასაფარად, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ბანკის სხვა აქტივებიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 5. სესხის ანაზღაურება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში

თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე სესხის გაცემის შემდეგ, საჭირო გახდა დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 2 სექტემბრის №288/№227/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის,  დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების  წესის“ შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უპირატესად ანაზღაურდება სესხი.


 

დანართი №1

ბანკის აქტივების სია და აღწერა

1. დეტალური ინფორმაცია თითოეულ სესხის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს  შემდეგს:

1.1. ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი;

1.2. მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი);

1.3. სესხის გაცემის და დაფარვის თარიღი;

1.4. სესხის ვალუტა;

1.5. სესხის საწყისი მოცულობა;

1.6. სესხის მიმდინარე ნარჩენი მოცულობა (ძირი თანხის) და მიმდინარე დარიცხული პროცენტი;

1.7. სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები;

1.8. საკრედიტო რისკის კატეგორია;

1.9. სხვა დამატებითი ინფორმაცია.

2. სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაჯგუფებული შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

2.1. ფიზიკურ პირებზე გაცემული საკრედიტო პროდუქტები გარდა ბიზნეს მიზნობრიობით გაცემული სესხებისა:

ა) სესხები, რომლებიც შეესაბამება „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით“ გათვალისწინებული C კატეგორიის აქტივების კრიტერიუმებს და არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალებად (მათ შორის, იპოთეკით დაცული ობლიგაციების უზრუნველსაყოფად);

ბ) უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საკრედიტო პროდუქტები, რაც ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით“ გათვალისწინებული C კატეგორიის აქტივების კრიტერიუმებს;

გ) ავტოსესხები (უზრუნველყოფილი სატრანსპორტო საშუალებით) და ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფილი სესხები;

დ) არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები;

ე) ფიზიკურ პირებზე გაცემული სხვა სესხები, რაც არ არის ასახული ამ პუნქტის  „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში.

2.2. ბიზნესსესხები, მათ შორის ბიზნესის შემოსავლების საფუძველზე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები და სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობის სესხები:

ა) უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ბიზნესსესხები;

ბ) უძრავი ქონების გარდა სხვა ქონებით უზრუნველყოფილი ბიზნესსესხები;

გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობის  სესხები;

დ) არაუზრუნველყოფილი ბიზნესსესხები.

2.3. საფინანსო სექტორზე გაცემული სესხები:

ა) ბანკებზე გაცემული სესხები;

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გაცემული სესხები;

გ) საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებზე გაცემული სესხები.

3. ფასიანი ქაღალდები და წილები სხვა კომპანიებში, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

3.1. ფასიანი ქაღალდების გამომშვების სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი;

3.2. ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო კოდი (ISIN);

3.3. ფასიანი ქაღალდის გამოშვების და დაფარვის თარიღი;

3.4. ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება;

3.5. სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4. ფასიანი ქაღალდების და წილების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაჯგუფებული შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

4.1. საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები;

4.2. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

4.3. სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები;

4.4. აქციები;

4.5. წილები სხვა კომპანიებში.

5. სხვა აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

5.1. ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები;

5.2. 10,000 ლარზე ზემოთ არსებული მოძრავი ქონების ღირებულება;

5.3. ფაქტორინგი;

5.4. დებიტორები;

5.5. სხვა აქტივები.