ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.024683
288
04/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
340090000.10.003.024683
ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2024 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 33 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი).
მუხლი 2
პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და მასზე ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება, ვალდებულია, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატიკატის მისაღებად, რომლის მოქმედების ვადა არის 2030 წლის პირველ იანვრამდე.

 

მუხლი 3
პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/სერტიფიკატი და მასზე ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება, ვალდებულია, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატიკატის მისაღებად, რომლის მოქმედების ვადა არის 2030 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 4
2025 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცოს „ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს“ დებულება და უზრუნველყოს საბჭოს შექმნა.
მუხლი 5
2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 6
2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალულია.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები


 მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების“ (შემდგომში − წესი) მიზანია, უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება, შესაბამისი პროფესიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება, მათ პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მათი უფლებების დაცვა, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა.

2. ეს წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და შეყვანილია ამ წესით განსაზღვრულ ვეტერინართა რეესტრში და მოპოვებული აქვს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი, ვეტერინარული საქმიანობის განსახორციელებლად;

 ბ) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/სერტიფიკატი და შეყვანილია ამ წესით განსაზღვრულ ვეტერინარ ტექნიკოსთა რეესტრში, მოპოვებული აქვს ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი და უფლება აქვს, ეწეოდეს ვეტერინარულ პრაქტიკას ან/და ვეტერინარულ ზედამხედველობას ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

გ) სახელმწიფო ვეტერინარი − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარი, რომელსაც უფლებამოსილებას ანიჭებს კომპეტენტური ორგანო;

დ) ავტორიზებული ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი − კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი, რომელიც შეყვანილია ამ წესით განსაზღვრულ რეესტრში, აქვს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი და კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანების შესრულების ან კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების უფლება;

ე) ვეტერინარული საქმიანობა – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც გამოიყენება ცხოველის/ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად, ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და მოიცავს ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველური პროდუქტების ჰიგიენისა და ცხოველთა დაცვის სფეროში საქმიანობას. ვეტერინარული საქმიანობა იყოფა ვეტერინარულ ზედამხედველობად და ვეტერინარულ პრაქტიკად. სახელმწიფო ვეტერინარის საქმიანობა არ ითვლება ვეტერინარულ პრაქტიკად;

ვ) ვეტერინარული ზედამხედველობა − სახელმწიფო ვეტერინარისა და უფლებამოსილი (ავტორიზებული) ვეტერინარის მიერ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლი;

ზ) ვეტერინარული პრაქტიკა − ცხოველთა დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მათ შორის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სავეტერინარო ფარმაცია;

თ) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო), რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს;

ი) ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიცირება − პროცესი, როდესაც პირი იღებს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს და ირიცხება ამ წესით განსაზღვრულ ვეტერინართა რეესტრში, როგორც სერტიფიცირებული ვეტერინარი, ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლებით; სერტიფიცირება მოიცავს ვეტერინარული საქმიანობის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებას;

კ) ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიცირება − პროცესი, როდესაც პირი იღებს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს და ირიცხება ამ წესით განსაზღვრულ ვეტერინარ ტექნიკოსთა რეესტრში როგორც სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი და უფლება აქვს, ეწეოდეს ვეტერინარულ პრაქტიკას ან/და ვეტერინარულ ზედამხედველობას ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

ლ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში − სახელმწიფო სერტიფიკატი) − ვეტერინარული/ვეტერინარული ტექნიკოსის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული/ვეტერინარული ტექნიკოსის საქმიანობის ფარგლებსა და ვადას;

მ) ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა ეროვნული რეესტრი (შემდგომში − რეესტრი) − ამ წესის შესაბამისად, ვეტერინარებისა და ვეტერინარი ტექნიკოსების შესახებ ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც შეიცავს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრულ განახლებად მონაცემებს და რომლის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო;

ნ) უწყვეტი პროფესიული განვითარება – კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა);

ო) უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობა – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას და ფასდება სათანადო მახასიათებლებით (პაციენტების რაოდენობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა).

თავი II

ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიცირება

მუხლი 3. ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭო

1. ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს სააგენტო, ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დასკვნის საფუძველზე.

2. საბჭო იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ბრძანებით, სააგენტოსთან. სააგენტო უზრუნველყოფს საბჭოს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და საფინანსო მომსახურებას.

3. საბჭო შედგება თავმჯდომარის, ორი მოადგილისა და არაუმეტეს 9 წევრისგან. საბჭოს წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით, საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს ირჩევს საბჭო ხმათა უმრავლესობით და ამტკიცებს მინისტრი.

4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 წარმომადგენელი, სააგენტოს 3 წარმომადგენელი, სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 1 წარმომადგენელი, სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაცისა და განათლების ცენტრის 1 წარმომადგენელი, საქართველოს უნივერსიტეტების ვეტერინარიის პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების 2 წარმომადგენელი და ვეტერინარიის სფეროში პროფესიული გაერთიანების/ასოციაციის 3 წარმომადგენელი, საიდანაც ერთი წარმომადგენელი უნდა იყოს კერძო პრაქტიკით დაკავებული ვეტერინარი, ერთი − ვეტერინარი ტექნიკოსი და ერთი ასოციაციის მმართველობითი ორგანოდან.

5. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ აგრეთვე ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

6. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

7. საბჭო:

ა) შეიმუშავებს და სააგენტოს უფროსს წარუდგენს სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამას, კრედიტქულების განსაზღვრის მექანიზმებს, მაძიებელის ცოდნის შეფასების მექანიზმებს და კრიტერიუმებს, გამოცდის გრაფიკსა და ადგილს;

ბ) წევრებიდან ქმნის საგამოცდო კომისიას;

გ) განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ საბუთებს;

დ) განიხილავს და სააგენტოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;

ე) ამზადებს დასკვნას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების, გაუქმების ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და წარუდგენს სააგენტოს უფროსს;

ვ) პასუხისმგებელია რეესტრის შექმნასა და განახლებაზე;

ზ) ამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული პროფესიული ეთიკის პრინციპებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსს;

თ) ამზადებს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესის პროექტს და წარუდგენს სააგენტოს უფროსს;

ი) განიხილავს და ითანხმებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მომზადებულია მის მიერ ან წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორცეიელებლი იურიდიული პირის მიერ;

კ) იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს შეითანხმებს საბჭო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება მოხდება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის  №131 დადგენილების შესაბამისად;

ლ) მის მიერ მომზადებული პროგრამის განხორციელებისათვის არჩევს დაწესებულებას (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, უნივერსიტეტი და ა. შ.), რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად მომზადების/სწავლების ჩატარებას;

მ) აზუსტებს და განაახლებს პროფესიული განვითარების პროგრამებს;

ნ) მონაწილეობას იღებს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სავალდებულო განათლებისა და მომზადების მინიმალური სტანდარტების შემუშავებაში, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელ შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით;

ო) ატარებს მოკვლევას ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს დასკვნას პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე, მათ შორის, ადგენს ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირისთვის პროფესიული განვითარების დამატებით მოთხოვნებს;

პ) ადგენს ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს და აწესებს ვეტერინარულ პრაქტიკაზე სათანადო ზედამხედველობას;

ჟ) აძლევს სააგენტოს უფროსს რჩევას საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს;

რ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობას განვითარებას;

ს) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს რეკომენდაციებს სხვა ქვეყანაში მიღებული, ან მათ მიერ აღიარებული ვეტერინარული კვალიფიკაციების ურთიერთაღიარების მიზნებისათვის, ასევე დიპლომების, ხარისხებისა და ფორმალური კვალიფიკაციის სხვა მტკიცებულებების რეგისტრაციის მიზნებისათვის;

ტ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ და ვეტერინარული მომსახურების მიმღებ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლას;

უ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს უფროსს;

ფ) ახორციელებს ამ წესით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი

1. ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებისთვის.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს. აგრეთვე, სპეციალობათა არჩევანის შემთხვევაში მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი ან/და პროფესიული ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია პროფესიული სამუშაო გამოცდილების შესახებ (CV);

დ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს:

ვ.ა) უწყვეტი პროფესიული განვითარების დამადასტურებელი დოკუმენტის/პროფესიული მომზადებისა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის დედნები ასლებთან ერთად;

ვ.ბ) არსებული სახელმწიფო სერტიფიკატის დედანი და ასლი;

ვ.გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა:

ზ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. პირი, რომელიც დაამთავრებს სწავლას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამასა ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (60-კრედიტიანი) ან ვეტერინარულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას/კოლეჯს, ვეტერინარული საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად, ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც გასცემს სახელმწიფო სერტიფიკატს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში/კოლეჯში სწავლის დასრულებიდან 5 წლის ვადით.

4. პირი, რომელსაც უცხო ქვეყანაში მიღებული აქვს უმაღლესი სავეტერინარო ან პროფესიული განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები აღიარებული იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 5. თუ პირს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, ისრაელის სახელმწიფოში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მიღებული აქვს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური დოკუმენტი, ის ვალდებულია ვეტერინარული საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, მიმართოს საბჭოს ამ სერტიფიკატის/ეკვივალენტური დოკუმენტის აღიარების თაობაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხდება სერტიფიკატის/ეკვივალენტური დოკუმენტის აღიარება იმ ვადით, რა ვადითაც არის გაცემული სერტიფიკატი/ეკვივალენტური დოკუმენტი, მაგრამ არაუმეტეს 2030 წლის 1 იანვრისა და ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის რეესტრში შეყვანა.

 6. ვეტერინარი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დააგროვა 40 კრედიტქულა ან ვეტერინარი ტექნიკოსი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დააგროვა 15 კრედიტქულა, წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და განმეორებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და მას საბჭოს დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება გამოცდის ჩაბარების გარეშე.

შენიშვნა: სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნები უბრუნდება მაძიებელს, ხოლო ასლები რჩება სააგენტოში.

მუხლი 5. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა, განხილვის შედეგების შეტყობინება და სასერტიფიკატო გამოცდა

1. მაძიებლის სახელმწიფო სერტიფიკატზე განაცხადის განხილვის შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება გამოცდაზე დაშვების შესახებ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მაძიებელს ამ გადაწყვეტილების შესახებ საფუძვლის მითითებით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი არ დაიშვება გამოცდაზე და სახელმწიფო სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოთხოვნისას შეგნებულად არის მიწოდებული ყალბი ინფორმაცია;

ე) მაძიებელს გაუქმებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) მაძიებელმა ვერ ჩააბარა ამ წესით განსაზღვრული სასერტიფიკაციო გამოცდა ან ვერ დააგროვა ამ წესით განსაზღვრული კრედიტქულები;

ზ) მაძიებლის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს პროფესიის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებს.

3. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.

4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით და ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება, ამასთან, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი შუალედით.

6. საბჭო იხილავს წარდგენილ საბუთებს და განხილვის შედეგებს აცნობებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში.

7. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების წესი

1. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს მიერ.

2. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით საბჭო უზრუნველყოფს:

ა) განაცხადების რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღების, საგამოცდო პროცესის პერიოდის განსაზღვრას და საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციას;

გ) საბუთების განხილვას;

დ) გამოსაცდელთა მონაცემთა ბაზის შექმნას.

4. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:

ა) გამოცდის თარიღის შესახებ გამოსაცდელების ინფორმირების უზრუნველყოფას;

ბ) საგამოცდო პროცესის ორგანიზებას;

გ) გამოცდის შედეგების საბჭოსათვის წარდგენას;

დ) დადებითი შედეგის მქონე პირების სიის საჯაროობის უზრუნველყოფას.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი გამოცდაზე დასაშვებად.

6. დაგვიანებული მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება.

7. გამოცდა ტარდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, ტესტური ფორმით, წელიწადში ორჯერ.

8. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს გამოცდის შედეგები;

ბ) განმეორებით გავიდეს მომდევნო გამოცდაზე.

9. გამოცდის მსვლელობისას, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან.

10. გამოცდაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს იმავე საგამოცდო პერიოდში განმეორებითი გამოცდის ჩაბარება, მიუხედავად საპატიო მიზეზისა. გამოცდაზე გამოუცხადებელ პირს ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საგამოცდო პერიოდში.

მუხლი 7. შეფასების პროცედურა

1. საგამოცდო ბილეთში ტესტების რაოდენობა, ფორმატი და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრება საბჭოს მიერ.

2. საბჭოს მიერ განისაზღვრება დადებითი შედეგის ქულების რაოდენობა.

3. საგამოცდო ბილეთის პასუხები მოწმდება და დაფიქსირებული შედეგი სამ სამუშაო დღეში ეცნობება მაძიებელს.

მუხლი 8. გამოცდის შედეგი და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი, მისი გაცემის დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ მაძიებელმა უნდა გაიაროს განმეორებითი სერტიფიცირება ამ წესის შესაბამისად.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია საქმიანობა განახორციელოს სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების დღიდან.

4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. სახელმწიფო სერტიფიკატში უნდა იყოს მითითებული:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;

გ) საქმიანობის სფერო და საქმიანობის პირობები;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის თარიღი და ადგილი;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის რეგისტრაციის ნომერი.

6. სახელმწიფო  სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) თუ ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი ინიციატივით ამბობს უარს საქმიანობაზე;

გ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის გარდაცვალება;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსისთვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობისას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე) – მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

ე) ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

მუხლი 9. გასაჩივრება

სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი უფლებამოსილია, გამოცდის შედეგები გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10. საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

პირი პროფესიული საქმიანობის დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას უგზავნის საბჭოს, საქმიანობის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში, სამსახურის მისამართის ჩვენებით.

მუხლი 11. ვეტერინარული ჩანაწერების წარმოების პირობები

1. ვეტერინარი ვალდებულია, თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჩანაწერები, რომლებიც ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

 2. ვეტერინარი, კომპეტენტური ორგანოს ან/და საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია მათ წარუდგინოს ჩანაწერები.

თავი III

რეესტრი და რეესტრის მონაცემთა დამუშავება

მუხლი 12. რეესტრთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. რეესტრი შედგება:

ა) ციფრულ მონაცემთა ბაზისგან;

ბ) შესატანი ინფორმაციისათვის გამოყენებული დამხმარე/დამადასტურებელი დოკუმენტებისგან;

გ) არქივში შენახული რეესტრის მონაცემებისგან.

2. რეესტრის შექმნასთან, წარმოებასთან, ფუნქციონირებასა და ტექნოლოგიურ მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სააგენტოს მიერ.

3. ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული მონაცემები რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს წარდგენილი დოკუმენტების/მონაცემების საფუძველზე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მუხლი 13. რეესტრში შესატანი მონაცემები

ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა ეროვნულ რეესტრში შეიტანება:

ა) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის პირადი მონაცემები:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) დაბადების წელი, თვე და თარიღი;

ა.გ) პირადი ნომერი;

ა.დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საფოსტო მისამართი);     

ბ) ინფორმაცია ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის კვალიფიკაციის შესახებ:

ბ.ა) სპეციალობა;

ბ.ბ) სპეციალიზაცია (სპეციალიზაციის უფრო ვიწრო სფერო, თუ ის არსებობს);

ბ.გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი;

ბ.დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და დოკუმენტის გაცემის თარიღი;

ბ.ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წელი;

ბ.ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ:

გ.ა) პროფესიული განვითარებისთვის განხორციელებული აქტივობის თარიღი;

გ.ბ) პროფესიული განვითარების საათების (კრედიტქულები) რაოდენობა;

გ.გ) ტრენერის, ხელმძღვანელის ან დაწესებულების დასახელება, რომელმაც ჩაატარა პროფესიული განვითარების ტრენინგი/სწავლება/კონფერენცია;

გ.დ) პროფესიული განვითარების შინაარსი;

დ) ინფორმაცია ავტორიზებულ ვეტერინართან/ვეტერინარ ტექნიკოსთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს მიერ პრაქტიკული საქმიანობის მინიჭების უფლების შესახებ:

დ.ა) ავტორიზაციის დაწყების თარიღი;

დ.ბ) ავტორიზაციის ვადის გასვლის თარიღი;

დ.გ) საზედამხედველო ტერიტორია (რაიონი, ზედამხედველობის ობიექტი და სხვ.);

ე) ინფორმაცია სახელმწიფო სერტიფიკატის შესახებ:

ე.ა) სააგენტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე ან უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

ე.ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი;

ე.გ) სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

ე.დ) სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების ვადა;

ე.ე) სააგენტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

ე.ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი;

ვ) ინფორმაცია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესახებ:

ვ.ა) მითითების (ბრძანების) გაცემის თარიღი და ნომერი;

ვ.ბ) მითითების მიზეზები, შინაარსი და სამართლებრივი საფუძველი;

ვ. გ) მითითების შესრულების/დაცვის ვადა;

ვ.დ) ინფორმაცია მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ;

ვ.ე) აცილების ან საჩივრის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება ფიქსირდება რეესტრში;

ვ.ვ) თუ არსებობს დოკუმენტი ბრძანების გაუქმების შესახებ, გაუქმების დროისა და ვადის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ინფორმაცია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაწესებული საქმიანობის აკრძალვის შესახებ:

ზ.ა) სასამართლოს გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

ზ.ბ) აკრძალვის ძალაში შესვლის დრო;

ზ.გ) აკრძალვის ვადის გასვლის თარიღი;

ზ.დ) აკრძალვის ფარგლები.

მუხლი 14. რეესტრში შეტანილ მონაცემებზე წვდომა

1. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის უსაფრთხოებასა და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

2. ამ წესის მე-13 მუხლის „ა.ა“, „ა.დ“, „ე.ა“ – „ე.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია რეესტრში უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

3. რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომი (საჯარო) უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

თავი IV

ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის

პასუხისმგებლობის ზომები

მუხლი 15. ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომები

ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება.

მუხლი 16. წერილობითი გაფრთხილება

1. წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართ, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

2. წერილობითი გაფრთხილების საკითხის განხილვის საფუძველია:

ა) ცხოველთა მეპატრონის ან მომსახურების მიმღები სუბიექტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

გ) იმ ვეტერინარულ სამსახურში მომუშავე პირის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი;

დ) ვეტერინართა ასოციაციის განცხადება ან საჩივარი;

ე) განახლებული ინფორმაციის რეესტრში შესატანად წარუდგენლობა.

3. თუ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

4. თუ ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, 1 წლის განმავლობაში, სულ ცოტა ერთხელ უკვე მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბჭო უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.

5. საბჭო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შეტანიდან ერთ კვირაში აცნობოს ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;

ბ) ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს გააცნოს მასზე შესული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;

გ) ვეტერინარისგან/ვეტერინარი ტექნიკოსისგან  მიიღოს მისი ზეპირი ან წერილობითი განმარტება განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების შესახებ;

დ) მოამზადოს დასკვნა განცხადების ან საჩივრის შეტანიდან ერთ თვეში;

ე) გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში აცნობოს ეს გადაწყვეტილება ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

მუხლი 17. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის დროებითი აკრძალვა, სააგენტოს მიერ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებამდე.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:

ა) თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი მნიშვნელოვნად არღვევს კანონმდებლობით ან/და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელიც მნიშვნელოვანია მის პროფესიულ საქმიანობაში ან თუ დარღვევა საფრთხეს უქმნის ცხოველის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) თუ ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართ გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორებით არღვევს მოთხოვნებს.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვისა ან შესაძლებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე.

4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ შეიტანება რეესტრში და დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება ვეტერინარ/ვეტერინარ ტექნიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით.

5. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება საბჭოს დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ, ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის განცხადების საფუძველზე.

7. საბჭო ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის განცხადებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილავს მისი წარდგენიდან 2 კვირაში.

მუხლი 18. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობებთან;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებს;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა მის გასვლამდე არ აღმოფხვრა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი;

დ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების, მათ შორის, ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების, სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელება ან ცხოველთა მეპატრონისათვის მატერიალური ზიანის მიყენება.

2. საბჭო ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი მონაცემები რეესტრში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვისას სააგენტო შეაჩერებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მიიჩნევს, რომ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება შექმნას ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების საფრთხე.

მუხლი 19. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოსთვის

1. განცხადება ან საჩივარი სააგენტოს (საბჭოს) წარედგინება წერილობით.

2. საბჭოსთვის წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

ბ) იმ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;

გ) განცხადების ან საჩივრის შინაარსსა და მოთხოვნას;

დ) სხვა გარემოებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.

მუხლი 20. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვება

1. საბჭო, ერთი თვის ვადაში, ამოწმებს განცხადების/საჩივრის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი/მომჩივანი საბჭოს არ წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, საბჭო, განმცხადებელს/მომჩივანს განუსაზღვრავს 2 კვირის ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

4. თუ საბჭოს მიერ დადგინდება განცხადების/საჩივრის ამ წესთან შესაბამისობა, საბჭო ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში, განცხადების/საჩივრის და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, რომელსაც ეხება განცხადება/საჩივარი.

მუხლი 21. განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების ექსპერტიზა

1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ განცხადებაში/საჩივარში დასმული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს განმარტებები შესაბამისი ექსპერტებისაგან.

2. ექსპერტის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება სააგენტოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციას იმ ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსის თანხმობის შემთხვევაში ან მოთხოვნით, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

მუხლი 22. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრების აუცილებლობა

 საბჭოს მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვისას სავალდებულოა ზეპირი მოსმენის ჩატარება.

თავი V

სახელმწიფო ზედამხედველობა ვეტერინარული პრაქტიკაზე

მუხლი 23. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის სახეები

ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის სახეებია:

ა) ვეტერინარული მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;

გ) ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება.

მუხლი 24. ვეტერინარული მომსახურების ხარისხისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი

1. საბჭო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პერიოდულად, შერჩევით აკონტროლებს ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას.

2. კონტროლის შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც გაკონტროლდა.

3. ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელ პირს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმი.

მუხლი 25. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება

საბჭო 5 წელიწადში ერთხელ ამოწმებს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირის, მათ შორის, ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის, პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოცდის შედეგების ან ამ წესით განსაზღვრული დაგროვილი კრედიტქულების მეშვეობით.

მუხლი 26. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგი

თუ ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირი უარს აცხადებს მის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, საბჭოს დასკვნის საფუძველზე სააგენტოს უფროსი შეაჩერებს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას, სანამ არ მოხდება აღნიშნული კონტროლის განხორციელება.