“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"

  • Word
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
17/01/2006
სსმ, 8, 23/01/2006
040.030.010.22.022.008.037
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

პირველადი სახე (23/01/2006 - 17/03/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №30

2006 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესასრულებლად, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დებულება

საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საგანი

ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.

    მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი

სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში – არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია – საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები

არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

    მუხლი 4. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს (შემდგომში – მშობლებს) აქვთ ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.

    მუხლი 5. პირდაპირი საარჩევნო უფლება

1. არჩევნები პირდაპირია.

2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.

    მუხლი 6. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა

1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

    მუხლი 7. საარჩევნო სუბიექტები

1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ იმავე სკოლის:

ა) მასწავლებლებს;

ბ) მოსწავლის მშობელს პრინციპით: ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”.

2. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს მესამე საფეხურის თვითმმართველობის წევრები ირჩევენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 8. კანდიდატები

არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მშობელს.

    მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ნიშნავს სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს სამინისტრო (ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს ნიშნავს ამავე რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო. შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).

2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:

ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;

ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;

გ) უფლებამოსილია განიხილოს საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული, აგრეთვე საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრები;

დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, გააუქმოს დირექტორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, გარდა არჩევნების საბოლოო შედეგებისა;

ე) განიხილავს დირექტორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თაობაზე საჩივრებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით;

ვ) სამინისტროს მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო;

ზ) თვითონ ან სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით ახორციელებს კორესპონდენციის/საჩივრების რეგისტრაციას;

თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალებულია ხელი შეუწოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები, მათ შორის, კოორდინატორის დავალებით უზრუნველყოს კოორდინატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება.

    მუხლი 10. საარჩევნო კომისია

1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.

2. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 100-ზე მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მესამე საფეხურზე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს შვიდს, შემდეგი თანაფარდობით:

ა) 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე;

ბ) 2 მასწავლებელი;

გ) 2 მშობელი;

დ) 2 პირი, რომელიც არ არის მოსწავლე, მასწავლებელი, მოსწავლის მშობელი და არც მათი ახლო ნათესავი და აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს (შემდგომში – გარეშე პირი).

3. სკოლაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ასს და სწავლება ხორციელდება მესამე საფეხურზე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს ხუთს:

ა) 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე;

ბ) 1 მასწავლებელი;

გ) 1 მშობელი;

დ) 2 გარეშე პირი.

4. სკოლაში, სადაც არ არსებობს მესამე საფეხური, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს შვიდს, შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2 მასწავლებელი;

ბ) 2 მშობელი;

გ) 3 გარეშე პირი.

5. სკოლაში, სადაც არ არსებობს საშუალო საფეხური და მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ასს, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს ხუთს, შემდეგი თანაფარდობით:

ა) 1 მასწავლებელი;

ბ) 1 მშობელი;

გ) 3 გარეშე პირი.

6. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი ან მშობელი არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მის ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი შეიძლება იყოს გარეშე პირი.

7. საარჩევნო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

8. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი), აგრეთვე პირი, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას დირექტორის შესარჩევ კონკურსში ან მათი ახლო ნათესავი;

გ) დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);

დ) ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;

ე) პირი, რომელსაც არ აქვს სრული ქმედუნარიანობა (გარდა მესამე საფეხურის მოსწავლისა);

ვ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.

    მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.

2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 25 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების (საზოგადოების წარმომადგენლები, მასმედია და სხვ.) თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:

ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრობის კანდიდატთა სახელსა და გვარს;

ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით; ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;

გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს 4 ყუთში, რომლებიც განკუთვნილია ცალ-ცალკე მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და სხვა კანდიდატებისათვის;

დ) კოორდინატორი კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ცალ- ცალკე ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს;

ე) კოორდინატორი თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს კომისიის წევრი მოსწავლის, მასწავლებლების, მშობელთა და გარეშე პირთა გამოსავლენად.

5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება, მათ შორის, მასწავლებლების, მშობლისა და მოსწავლის, შეიძლება გარეშე პირებით. ამ შემთხვევაში, თუ, გარეშე პირების ჩათვლით, კანდიდატთა რიცხვი, აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ კომისიის წევრთა რაოდენობას, წილისყრა ჩატარდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის პირველი სხდომა იმართება წევრების შერჩევის მომდევნო სამუშაო დღეს. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;

დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;

ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი

1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

2. საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;

ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;

დ) ადგენს არჩევნების შედეგის შემაჯამებელ ოქმებს;

ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 14. დამკვირვებელი

1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:

ა) კანდიდატის დამკვირვებლები;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;

გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;

დ) კოორდინატორი.

2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.

3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.

4. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;

დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე­მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;

ზ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება კოორდინატორთან, სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ან სასამართლოში, ხოლო კოორდინატორის გადაწყვეტილება და ქმედება – სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;

თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

5. დამკვირვებელს ეკრძალება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.

6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია კანდიდატთა რეგისტრაციასთან ერთად ამ დებულების მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ შეეხება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებს. სამინისტროს/შესაბამის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა კანდიდატურების რეგისტრაციას ახორციელებს სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო და მათ ნუსხას წარუდგენს კოორდინატორებს. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.

თავი II

მოსამზადებელი ეტაპი

    მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა

1. სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები ტარდება სამე რვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 20 დღისა.

2. დაუშვებელია არჩევნების დანიშნვა არდადეგების პერიოდში.

3. სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნებს – შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით.

    მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);

ვ) 2 ფოტოსურათი.

3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.

4. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და რა ვადაში უნდა აღმოიფხვრას იგი, რომელიც არ შეიძლება იყოს 2 კალენდარულ დღეზე მეტი.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი დღის ვადაში საარჩევნო კომისიამ არ გაატარა რეგისტრაციაში კანდიდატი და ამასთან დასაბუთებული უარი არ წარუდგინა მას, კანდიდატი ითვლება რეგისტრაციაში გატარებულად.

6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.

    მუხლი 17. საარჩევნო სიები

1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე. მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.

2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე საარჩევნო კომისია სკოლის დირექციიდან გამოითხოვს მასწავლებელთა ნუსხას სახელფასო უწყისის მიხედვით.

3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის მშობელთა სიას, რომელთაც განაცხადეს ამომრჩევლად რეგისტრაციის სურვილი. რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მოსწავლის ორივე მშობელმა.

4. მშობლის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა დაბადების მოწმობის ასლის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.

    მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).

2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.

3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;

5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;

ბ) სკოლის დირექციას;

გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.

6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.

7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.

8. სკოლის დირექტორს უფლება არა აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.

9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.

    მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.

2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.

3. საარჩევნო ტერიტორიაზე:

ა) ფარული კენჭისყრისათვის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;

ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში – ბიულეტენი) დამოწმებისათვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.

4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

თავი III

კენჭისყრის დღე

    მუხლი 20. კენჭისყრის დრო

1. არჩევნები ტარდება 12 სთ-დან 16 სთ-მდე არასამუშაო დღეს.

2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.

3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

    მუხლი 21. საარჩევნო ადგილის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 11 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;

ბ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით და სკოლის ბეჭდით (შემდგომში – ბეჭედი);

გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს.

2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ სკოლებში თითო მაგიდასთან ზის ერთი ადამიანი და ითავსებს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.

5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ლუქის მთლიანობას;

გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.

7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სახე (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა) და ნომრები. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან, საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.

8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.

    მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა

1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ მშობელს, რომელიც წარმოადგენს იმავე საფეხურს.

2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში წერს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის სახელსა და გვარს და რეგისტრაციის ნომერს.

3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთნაირი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები. მშობლის ბიულეტენზე აღნიშნული უნდა იყოს, რომელ საფეხურს წარმოადგენს იგი.

    მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს ფოტოსურათიან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამომრჩეველთა სიაში მოწმობის ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;

გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს;

დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას და საარჩევნო ბიულეტენში წერს სასურველი კანდიდატის სახლს, გვარსა და სარეგისტრაციო ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;

ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი ბიულეტენი აქვს;

ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) კანდიდატის წარმომადგენლის;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.

7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება 16 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

    მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. შედეგები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.

2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;

3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

4. კომისიის მდივანს გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეაქვს შემაჯამებელ ოქმში.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.

    მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა, საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს კოორდინატორის მეშვეობით.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.

4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, საარჩევნო ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/კოორდინატორის მეშვეობით. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.

    მუხლი 26. ხმების დათვლა

1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მასწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.

2. საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.

    მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი

1. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.

2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

    მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება

1. 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

2. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს შემაჯამებელი ოქმის სამ ასლს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სკოლებში – 4 ასლს: ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე – სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ, მეოთხე – შესაბამის სამინისტროს. შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;

დ) სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებული ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობები ცალ-ცალკე;

ე) კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);

ნ) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში.

6. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

7. საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს შემაჯამებელ ოქმთან ერთად.

    მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა

1. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი, სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები – 6 წევრი.

2. იმ სკოლებში, რომლებშიც სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა სამეურვეო საბჭოს 8 წევრი.

3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.

4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.

5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.

6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში – 6 მშობელი.

7. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

არჩევნების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს ხმების დათვლის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

თავი IV

გასაჩივრება

    მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა

1. დირექტორის, აგრეთვე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კოორდინატორთან დარღვევიდან 2 დღის ვადაში.

2. პირი უფლებამოსილია 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან ქმედების შესახებ საჩივარი წარადგინოს უშუალოდ კოორდინატორთან, ან არჩევნების დღის 18 საათამდე საარჩევნო კომისიაში კოორდინატორისათვის წარსადგენად.

3. კოორდინატორი ვალდებულია საჩივარი, რომლის განხილვაც სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს, გადაუგზავნოს მას არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.

4. კოორდინატორი ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, აგრეთვე შეცვალოს, ძალადაკარგულად, არარად ან ბათილად გამოაცხადოს გასაჩივრებული აქტი. კოორდინატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში.

    მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა

1. საარჩევნო კომისიაში წარსადგენად საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს ამ დებულების ნორმების დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 11 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა საჩივრების ჟურნალში. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა რეაგირებაზე, განმცხადებელმა საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელს, საარჩევნო კომისიის ან კოორდინატორის მეშვეობით.

    მუხლი 33. საჩივრის ფორმა

1. საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჩივრის ნიმუშის შესაბამისად.

2. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი;

გ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

    მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში

1. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში შეიძლება გასაჩივრდეს კოორდინატორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

2. სამინისტროში შეიძლება აგრეთვე გასაჩივრდეს შესაბამისი სამინისტროს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

3. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის, აგრეთვე სარეგისტრაციოდ წარდგენილ სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით იქმნება საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში კომისია), რომელიც საჩივრის საფუძველზე განიხილავს და ამოწმებს როგორც კენჭისყრის, ასევე შედეგების შეჯამების კანონიერებას და გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

ა) უარს ამბობს განცხადების განხილვაზე უსაფუძვლობის გამო;

ბ) ძალაში ტოვებს საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ შედეგებს;

გ) აუქმებს საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად ამტკიცებს არჩევნების ახალ შედეგებს, რითაც ცვლის საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ შედეგებს ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე;

დ) ბათილად ცნობს არჩევნების შედეგებს და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს, თუ ამ დებულების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

4. საჩივრის განხილვისა და სამეურვეო საბჭოს წევრთა რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის შემოწმების პროცესში კომისია უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მ.შ., საარჩევნო სიები, საარჩევნო ბიულეტენების პაკეტები), განხილვაში მონაწლეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებლები, მათ შორის სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ იმ სკოლაში წარგზავნილი დამკვირვებელი.

თავი V

რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

    მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:

ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;

ბ) სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების ავტობიოგრაფიის ასლი;

გ) კომისიაში შესული საჩივრების ჟურნალი და ყველა შესული საჩივარი;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება.

2. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ სამინისტრო მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.

3. სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრის მონაცემების რეგისტრაციის შემდეგ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დედნები უბრუნდება შესაბამის სკოლას წევრის სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად, ხოლო მათი ასლები ინახება სამინისტროში.

4. სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 36. არჩევნების შედეგების ძალაში შესვლა

არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 37. სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა

სამეურვეო საბჭოში მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აირჩევიან 3 წლის ვადით.

    მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) თუ პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3-ის მოთხოვნით, პრინციპით: ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”;

გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, აღარ სწავლობს ამ სკოლაში ან გადავიდა შემდეგ საფეხურზე, ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი აღარ არის ამ სკოლის მასწავლებელი.

    მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემები:

ბ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი სკოლის მიერ გაცემული ცნობა;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი სამინისტროს წარდგინება.

    მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება

1. სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციას აუქმებს, თუ:

ა) ამის თაობაზე მიმართავს სამეურვეო საბჭოს წევრი პირადი განცხადებით;

ბ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა, ან ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად, ან ქმედუუნაროდ;

გ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) ამ დებულების შესაბამისად ხორციელდება სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული წევრების რეგისტრაცია.

2. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობოს სამუერვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის დადგომის თაობაზე.

    მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი

1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ახალი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 42. სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების განრიგი

სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების განრიგს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო შესაბამისი სამინისტროების საჯარო სკოლებისათვის – შესაბამისი მინისტრის წარდგინებით.

14. 23/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 82/ნ - ვებგვერდი, 25/04/2019 13. 03/06/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54/ნ - ვებგვერდი, 03/06/2016 12. 20/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 42/ნ - ვებგვერდი, 20/05/2016 11. 11/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16/ნ - ვებგვერდი, 17/02/2014 10. 06/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 03/ნ - ვებგვერდი, 09/01/2012 9. 27/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 176/ნ - ვებგვერდი, 111028003, 01/11/2011 8. 12/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 392 - სსმ, 71, 12/06/2009 7. 18/05/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 283 - სსმ, 60, 18/05/2009 6. 14/05/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 271 - სსმ, 59, 14/05/2009 5. 18/10/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 987 - სსმ, 152, 30/10/2007 4. 02/05/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 310 - სსმ, 66, 14/05/2007 3. 31/10/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 906 - სსმ, 149, 06/11/2006 2. 20/06/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 629 - სსმ, 88, 30/06/2006 1. 17/03/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 207 - სსმ, 39, 23/03/2006
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.