2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018563
145/ნ
05/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
430110000.22.022.018563
2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №145/ნ

2024 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტისა და „2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №67 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგელა გელაძე



დანართი

 

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის  გაცემის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.

2. 2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან 22 500 ლარი გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც  „ყოფილი  სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის  40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი (შემდგომ – რეპატრიანტის სტატუსი).

3. ამ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2024 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2023 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გაიყოფა თანაბრად და 50-50% გადაუნაწილდება იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიებს და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის  №242  დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა ამ დანართის დანართით განსაზღვრული განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო), 2024 წლის 9 სექტემბრიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. განცხადება მოიცავს ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, განცხადებას ასევე  უნდა დაურთონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი  სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის  40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი; გვარი; პასპორტის ნომერი) გადააგზავნოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში – შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წელი; მოქალაქეობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სადაც მოიპოვა სწავლის უფლება; ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულა.), სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც აგრძელებს სწავლას; საგანმანათლებო პროგრამის დასახელება; უმაღლესი განათლების საფეხური; სწავლის საფასური; პროგრამის აკრედიტაცია; სტუდენტის სტატუსი, ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობასთან დაკავშირებით), საჭიროების შემთხვევაში – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან (აქვს თუ არა სტუდენტს რეპატრიანტის სტატუსი).

3. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

 

 

 

 

დანართი

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს

_________________________________________

განმცხადებელი_________________________________________

(გვარი, სახელი, მოქალაქეობა)

პასპორტის ნომერი ________________________

ფაქტობრივი მისამართი ________________________
________________________________________________

ტელეფონის ნომერი ________________________

 

განცხადება

 

ჩავირიცხე ________________________________________________________

                           (მიუთითეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება)

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

გთხოვთ,  განიხილოთ ჩემი განცხადება 2024-2025 სასწავლო წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების განხილვისა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) უფლებამოსილია დაამუშაოს განმცხადებლის პერსონალური მონაცემები (მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი/პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ან/და საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით სხვა სახის პერსონალური ინფორმაცია) და მონაცემთა შეგროვებისა და გადამოწმების მიზნით გადააგზავნოს იგი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და, საჭიროების შემთხვევაში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია; გაეცნოს სამინისტროში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური; მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ; გაასაჩივროს – თუ მიიჩნევს, რომ სამინისტროს  მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს.

 

 

დანართი:

 

თარიღი:

 

ხელმოწერა: