პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018561
143/ნ
30/08/2024
ვებგვერდი, 02/09/2024
430210000.22.022.018561
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №143/ნ

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

 


„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი




დანართი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესი და პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დისტანციური სწავლება და მისი ფორმები

1. დისტანციური სწავლება გულისხმობს სრულად თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს, მის დისტანციური/ელექტრონული ფორმით, ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება. პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს დისტანციური სწავლების სრულად ასინქრონული ფორმით.

მუხლი 3. პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელება

1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს.

2. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შინაარსის მარეგულირებელი აქტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია ამ პროგრამის ფარგლებში.

3. სრულად დისტანციური სწავლება დასაშვებია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებზე, რომლებიც არ ეფუძნება საგანმანათლებლო სტანდარტს:

ა) მონაცემთა დამუშავება Microsoft Excel-ის საშუალებით;

ბ) Full-stack ვებდეველოპმენტი;

გ) ციფრული პროდუქტების ტესტირება;

დ) კიბერუსაფრთხოება;

ე) Front End დეველოპმენტი – React;

ვ) DevOps მენეჯმენტი;

ზ) Back End დეველოპმენტი: Java;

თ) IT პროექტების მართვა და ანალიზი: Agile და Scrum მეთოდოლოგია;

ი) ციფრული რეკლამის მართვა;

კ) გრაფიკული დიზაინი და UX/UI;

ლ) სოციალური მედიის მართვა.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიუხედავად პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის არსებობისა, გადაწყვეტილებას პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების თაობაზე იღებს პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება და ამის შესახებ აღნიშნავს პროგრამაში.

5. დაუშვებელია ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება დისტანციური ფორმით.

6. დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დისტანციური ფორმით.

7. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ორგანიზება არადისტანციური ფორმით.

8. პროგრამის კომპონენტის დისტანციურად განხორციელების მიზნით დაწესებულება განსაზღვრავს დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესის ეტაპებს, პროცესში ჩართულ პირთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ასევე დისტანციური სწავლებისა და შეფასების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებს.

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ წესის ძალაში შესვლამდე დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტების დისტანციურად სწავლების შესაძლებლობების განსაზღვრა და შესაბამისი ჩანაწერების ასახვა.