გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/28222-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/07/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/28222-19
18/07/2024
ვებგვერდი, 19/07/2024
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/28222-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2024 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე


განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) იუსუბ იუსუბოვი, ს/ნ 28001019714

წარმომადგენელი: ზვიად გადელია

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ იუსუბ იუსუბოვის განცხადება და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ი/მ იუსუბ იუსუბოვის გადახდისუუნარობის საქმე, რომელიც დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე ი/მ იუსუბ იუსუბოვის 2019 წლის 11 ნოემბრის განცხადების საფუძველზე.

2019 წლის 25 დეკემბერს საქმეზე მიღებულია განჩინება გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 4 მარტს. ამ განჩინებით i. a. ი/მ იუსუბ იუსუბოვის კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ სასამართლოსთვის და მეურვისთვის განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა წარედგინათ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 17 ივლისის მდგომარეობით „„სს საქართველოს ბანკი““ არის ერთადერთი კრედიტორი, რომელსაც მოვალის მიმართ კრედიტორული მოთხოვნა აქვს წარმოდგენილი.

„სს საქართველოს ბანკი“ს კრედიტორული მოთხოვნის გარდა, თავდაპირველად საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სს კრედო ბანკის მოთხოვნებიც, თუმცა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის ცნობით (ID 33303615, შტრიხკოდი 3041807) დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით იუსუბ იუსუბოვს ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 10179,31 ლარის ოდენობით (ტ. V, ს. ფ. 452); შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის N056-6778 შეტყობინებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა ი/მ იუსუბ იუსუბოვის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გააუქმა (ტ. V, ს. ფ. 454). საქმეში წარმოდგენილია ასევე სს კრედო ბანკის 2024 წლის 19 ივნისის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ სს კრედო ბანკს მოვალე იუსუბ იუსუბოვის მიმართ მოთხოვნა აღარ გააჩნია (ტ. V, ს. ფ. 254).

2024 წლის 15 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა ი/მ იუსუბ იუსუბოვის წარმომადგენელმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

2024 წლის 16 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა „სს საქართველოს ბანკი“ს წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ „სს საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს იუსუბ იუსუბოვის განცხადებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან მხარეებს შორის არსებობს სასამართლოს მიერ დამტკიცებული, კანონიერ ძალაში შესული მორიგების აქტი სამოქალაქო საქმეზე N2/7536-20, რომლის შესაბამისადაც ი/მ იუსუბ იუსუბოვის ფულადი ვალდებულება „სს საქართველოს ბანკი“ს მიმართ 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა შესრულდეს.

2024 წლის 17 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა მეურვემ და მიუთითა, რომ მეურვის ინფორმაციით, 2024 წლის 17 ივლისის მდგომარეობით ი/მ იუსუბ იუსუბოვის ერთადერთი სავარაუდო კრედიტორი „სს საქართველოს ბანკი“ა, რომელიც მხარს უჭერს გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტას. მეურვის განცხადებაში მითითებულია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ი/მ იუსუბ იუსუბოვის სახელზე რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ჯამში 408000 ლარს შეადგენს და მოვალეს „სს საქართველოს ბანკი“ს ანგარიშზე ნაშთის სახით უფიქსირდება 3192,86 ლარი, ხოლო სს პაშა ბანკის ანგარიშზე განთავსებული აქვს 8.80 ლარი, რაც ადასტურებს, რომ მოვალეს შეუძლია ვალი დაფაროს კრედიტორებისთვის ზიანის მიუყენებლად.

ამავე განცხადებით მეურვემ მოითხოვა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, ანაზღაურდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

2024 წლის 18 ივლისს სასამართლოს წერილობით მომართა ი/მ იუსუბ იუსუბოვის წარმომადგენელმა და სს საქართველოს ბანკთან გაფორმებული მორიგების აქტით აღებული ვალდებულების ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა მოითხოვა. განმცადებლემა მიუთითა, რომ N2/7536-20 სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული, კანონიერ ძალაში შესული მორიგების არსებითი პირობის შესაბამისად, მოვალემ და მისმა თავდებმა პირებმა სს საქართველოს ბანკს 96.261,85 ლარი 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა გადაუხადონ. 2024 18 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა „სს საქართველოს ბანკი“ს წარმომადგენელმაც და მხარი დაუჭირა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას.

სასამართლომ განიხილა მოვალის განცხადებები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნით და მიიჩნევს, რომ განცხადებები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:

ამჟამად მოქმედი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებული კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მოვალეს შეუძლია ვალის დაფარვა თავისი ქონებიდან. შესაბამისად, განსახილველი საქმის წარმოების გაგრძელება არ ემსახურება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვეტას ექვემდებარება.

ამასთან, N2/7536-20 სამოქალაქო საქმეზე „სს საქართველოს ბანკი“ს სარჩელისა გამო მოპასუხეების იუსუბ იუსუბოვის, აკიბა კარახმაზლის, ვუგარ დურსუნოვისა და ფარვანა იუსუბოვის მიმართ სასამართლოს მიერ დამტკიცებული, კანონიერ ძალაში შესული მორიგების აქტის პირობების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ 2024 1 აგვისტომდე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მორიგების აქტით შეთანხმებული არსებითი პირობის დარღვევის შედეგად მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების დაკისრებისგან ი/მ იუსუბ იუსუბოვის დაცვის მიზნით, განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემისას სასამართლო ითვალისწინებს ასევე საქმის მასალებიდან გამომდინარე გარემოებას, რომ არც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, არც ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა არ ეხება და შესაბამისად არ ლახავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის არცერთი მხარის უფლებას, ან კანონიერ ინტერესს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამავე კანონის 26-ე მუხლით დადგენილია, რომ მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს 5000 ლარს.

ყოველივე ზემომითითებულიდან გამომდინარე, განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, განჩინება უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და განმცხადებელს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მეურვის მომსახურების საფასურის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-6, მე-8 მუხლებით, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებითა და 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ი/მ იუსუბ იუსუბოვის მიმართ.

გაუქმდეს საქმეზე N2/28222-19 გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ყველა ღონისძიება.

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. ი/მ იუსუბ იუსუბოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა მეურვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების მიზნით.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე