მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024623
229
12/07/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
240140000.10.003.024623
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

 


ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“;

ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში;

გ) მეწარმე სუბიექტი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;

დ) ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული აქვს სესხი და ამავე პროგრამის ფარგლებში მიიღებს/იღებს  შესაბამის მხარდაჭერას;

ე) სესხი − კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე დამტკიცებული/გაცემული სესხი;

ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია, როგორც ბანკი;

ზ) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიზნებისათვის, აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია, როგორც ბანკი;

თ)  დეფოლტი − ბენეფიციარის მიერ ბანკის წინაშე პროგრამის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან ბენეფიციარის გადახდისუუნარობის საქმის დაწყება და ბანკის მიერ სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელების დაწყება, მათ შორის და არამხოლოდ, სასამართლოსთვის ან/და არბიტრაჟისთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, ნოტარიუსისთვის მიმართვა, აღსრულების ორგანოსთვის ან/და კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვა ან/და ქონების დასაკუთრების/რეალიზაციის პროცედურის  დაწყების მიზნით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდევინების მიქცევის სხვა პროცედურის  დაწყების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისთვის მიმართვა;

ი) სესხის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა იმავე ან სხვა ბანკში აღებული რეფინანსირების სესხით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი სესხის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი სესხის ნარჩენ ძირსა და სესხზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა, თავის მხრივ, უნდა გაიცეს ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება მიმდინარე სესხის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება;

კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ლ) შემოსავალი – მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის/წილის მესაკუთრის კალენდარული წლის ერთობლივი შემოსავალი, რომლის დადგენის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

მ) სადეპოზიტო ანგარიში − სააგენტოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილი ანგარიში, რომელიც განკუთვნილია ამავე პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისათვის;

ნ) სხვა სადეპოზიტო ანგარიში − ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის განხორციელების მიზნით, სააგენტოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელსაც ბანკი ყოველდღიურად არიცხავს საპროცენტო სარგებელს;

ო) აუთვისებელი თანხები − ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადასტურებული სესხებისათვის გარანტირებული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ამავე პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ჩარიცხული თანხა, რომლის განთავსებაც სადეპოზიტო ანგარიშ(ებ)ზე სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ამავე პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად და არ არსებობს მისი ამ მიზნით შემდგომი გამოყენების საფუძველი. აღნიშნული თანხები სრულად ან ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მიერ შესაძლოა, მიმართულ იქნეს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში;

პ) საერთო სახსრები − ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა, რომლის მოცულობის თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს მიერ ასახულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელზედაც წვდომა აქვთ პროგრამაში ჩართულ ბანკებს;

ჟ) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი;

რ) საკრედიტო ხაზი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო ხაზი;

ს) სესხის გარანტირებული ნაწილი − ამ პროგრამის პირობების შესაბამისად გაცემულ სესხზე ბანკში სააგენტოს მიერ განთავსებული/ განსათავსებელი თანხა; 

ტ) განაცხადი − სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით ბანკის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი სადეპოზიტო ანგარიშზე სესხის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვის თაობაზე.         

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

ა) გარანტიის კომპონენტი;

ბ) სუბსიდირების კომპონენტი;

გ) გრანტის კომპონენტი.

3. პროგრამის ფარგლებში, ერთი სესხის მიმართებით გარანტიის კომპონენტთან ერთად, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, ისარგებლოს სუბსიდირებისა და გრანტის კომპონენტებითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელება

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), რომელიც ასევე  უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. სააგენტოსა და ბანკებს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

3. სააგენტო უფლებამოსილია, რისკების შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მას. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების გაუქმებას.

მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარი

1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტი ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს;

ბ) არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

გ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

დ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. პროგრამის ფარგლებში სესხი არ დამტკიცდება მეწარმე სუბიექტზე, რომელმაც ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლის ეტაპზე ამ პროგრამის ან/და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადა დეფოლტი ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1234 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუწყდა თანადაფინანსება ან/და რეგისტრირებულია სააგენტოს ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დავა.

მუხლი 5. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი

1. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

2. ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.

4. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ბანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმებული წესის შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე განსაზღვროს არანაკლებ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომლის დროსაც ბენეფიციარი თავისუფლდება სესხის ძირი თანხის დაფარვისგან.

6. ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს არ დააკისროს სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშისა და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

7. პროგრამის ფარგლებში სესხი არ გაიცემა ბანკის მიერ საკრედიტო ხაზის ქვეშ დამტკიცებულ სესხებზე.

8. პროგრამის ფარგლებში სესხი/სესხის პირველი ტრანში (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 000 ლარისა) უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას.

9. პროგრამის ფარგლებში სესხი სრული ოდენობით უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება.

10. ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს სესხის მიზნობრივი ათვისება/ხარჯვა პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში, რომელიც დასტურდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად.

11. პროგრამის ფარგლებში აკრძალულია სესხის გაცემა ამავე პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით არ დაფინანსდება:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;

გ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა.

12. ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მისცეს ბენეფიციარს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, რომლის დროსაც სააგენტო ვალდებულია, კონკრეტულ სესხზე შეწყვიტოს გარანტია და მოითხოვოს ბანკისგან სესხის გარანტირებული ნაწილის უკან დაბრუნება. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ასევე სარგებლობდა ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ბენეფიციარი ასევე ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების პროცესი

1. პროგრამა ხორციელდება სააგენტოს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის/უზრუნველყოფების გამოყენებით.

2. პროგრამაში ჩართვისთვის მეწარმე სუბიექტი გადის სააგენტოს მიერ დამტკიცებულ დიაგნოსტიკას (შემდგომში − დიაგნოსტიკა).

3. დიაგნოსტიკის შედეგად მეწარმე სუბიექტისთვის პროგრამაში ჩართვის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო მეწარმე სუბიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგზავნის შესაბამის ბანკ(ებ)ში, პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების მიზნით.

4. ბანკი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც აცნობებს სააგენტოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხ(ებ)ი უნდა იქნეს დამტკიცებული ბანკ(ებ)ის მიერ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

5. სესხის დამტკიცების შემთხვევაში,  ინფორმაციის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სესხი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.

მუხლი 7. გარანტიის კომპონენტი

1. გარანტია წარმოადგენს ბანკ(ებ)ის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე გარანტია გაიცემა ბანკის მიერ (ბენეფიციართან შეთანხმებით) მოთხოვნილ, არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე.

3. ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებისთვის გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში, რომელზეც არ განხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სხვა სადეპოზიტო ანგარიშისა;

) სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების გადარიცხვისთვის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხოს შესაბამისი თანხები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხების გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით. სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს;

გ) სააგენტო ვალდებულია, პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე ან/და ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად.

4. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხებისათვის/სესხების ტრანშებისათვის ჩაურიცხავი სესხის გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში − სააგენტო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;

ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში − იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, სააგენტო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სააგენტოს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვა არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად;

გ) სააგენტო ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას ან სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს შესაბამის ბანკში ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად.

5. პროგრამის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული სესხის გარანტირებულ ნაწილს არ დაერიცხება საპროცენტო სარგებელი, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული პროცენტისა.

6. ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბანკებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ამოღებული თანხა და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ყოველი საბიუჯეტო წლისათვის გამოყოფილი ასიგნებები წარმოადგენს ამავე პროგრამის ფარგლებში სესხების გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ საერთო სახსრებს.

7. სააგენტო, ხაზინაში მის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე არსებულ თანხას (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული საერთო სახსრები), თუ იგი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაირიცხა სადეპოზიტო ანგარიშებზე, განათავსებს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ ბანკში გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე და სააგენტოს მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საერთო სახსრებიდან კონკრეტული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ბანკის მიერ სესხის გარანტირებული ნაწილის მოთხოვნა, ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად, ხდება პრინციპით: „დროში პირველი, უფლებაში პირველი“  (ე. წ. First come, first serve).

9. პროგრამაში მონაწილე ბანკის მიერ ამავე პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმისას მისთვის გამოყოფილი აუთვისებელი სესხის გარანტირებული ნაწილი სააგენტოს მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში პროგრამაში მონაწილეობაზე ბანკის მიერ უარის თქმიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

10. პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი იმავე სესხზე დამატებით ვერ ისარგებლებს სხვა საგარანტიო სქემით (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) და პირიქით, თუ სესხზე სხვა საგარანტიო სქემის/ფონდის (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ფარგლებში უკვე გაცემულია გარანტია, აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით არ მოხდება პროგრამის ფარგლებში გარანტიის გაცემა.

11. პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს. სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა. ამასთანავე, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ის ქონება, რომელიც ერთხელ ან რამდენჯერმე უკვე დაგირავებულია სხვა სესხის/სესხების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამური ოდენობა დაითვლება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

12. გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მოცულობისა, ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი/შექმნილი ძირითადი საშუალებ(ებ)ის დატვირთვა, იმავე სესხის უზრუნველსაყოფად (სააგენტოს მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლებით ან გარეშე), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სესხის პირველად უზრუნველყოფას.

13. გარანტია მოქმედებს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/ სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

14. ბენეფიციართან შეთანხმებით, ბანკი უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას გარანტიაზე ან/და სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს გარანტია სხვა უზრუნველყოფით.

მუხლი 8. გარანტიის თანხის მართვა

1. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემდეგ, ბანკი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმით და ვადაში, წარუდგენს მას განაცხადს სესხის გარანტირებული ნაწილის მოთხოვნის თაობაზე.

2.  სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი სესხის გარანტირებული ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე მოთხოვნილი გარანტიის სრული ოდენობით, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობისა.

3. სააგენტო  სესხის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

4. ყოველი თვის 5  რიცხვამდე ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული სესხების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე.

5. ბანკი უზრუნველყოფს გარანტიის ვადის ამოწურვის, გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში სესხის ძირი თანხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე გარანტიის ვადის ამოწურვიდან, გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  ბანკში ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი არ ექვემდებარება ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

7. ბანკი, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით, უზრუნველყოფს სააგენტოსთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებებისა და დეფოლტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

მუხლი 9. გარანტიის აღსრულების პროცედურა დეფოლტის დადგომის შემდეგ

1. პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ, ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული სესხის გარანტირებული ნაწილიდან ბანკის მიერ ხდება გარანტიის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. დეფოლტის დადგომის შემთხვევაში, ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს და აწვდის ინფორმაციას ასათვისებელი გარანტირებული ნაწილის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

3. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით ბანკის მიერ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელ სესხზე დარჩენილი გარანტირებული ნაწილის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

4. ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სესხის ძირი თანხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად.

5. ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.

6. დეფოლტის დადგომის საფუძველზე, ბანკი უზრუნველყოფს გადეფოლტებული სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.

7. პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის სესხის ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯი, შემდგომ დაკმაყოფილდება სესხის ძირზე ბანკის მოთხოვნა (გარდა ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, ჯარიმის ან/და ნებისმერი სახის სანქციისა) სრულად და თანხის დარჩენის შემთხვევაში აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდება სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილება, სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, რომელიც ჩარიცხული უნდა იყოს ხაზინაში სააგენტოს სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.

8. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინაში სააგენტოს სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

9. იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა ბანკის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, სააგენტოსთვის კუთვნილი (ძირის გარანტირებული ნაწილის) ნაწილის ჩარიცხვა ხაზინაში სააგენტოს სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე განხორციელდება ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციისა და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. აღნიშნული თანხები სააგენტოს მიერ მიიმართება ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში ბანკი უზრუნველყოფს სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

11. თუ პროგრამის ფარგლებში გასაცემი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ბენეფიციარის მიერ ხდება ისეთი ქონების მითითება, რომელზეც უკვე რეგისტრირებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები (იპოთეკა/გირავნობა), მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 10. სესხის სუბსიდირების კომპონენტი

1. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ პირველი ტრანშის გაცემის მომენტიდან დარიცხული 5 (ხუთი) წლის საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობის სუბსიდირებით (დაფინანსებით) დამატებით ისარგებლებს ის ბენეფიციარი, რომელიც დიაგნოსტიკის გავლისას აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პირობას მაინც:

ა) დიაგნოსტიკის შედეგად არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს;  

ბ) არის ქალი მეწარმე. ამასთან, იურიდიული პირის შემთხვევაში, პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;

გ) ბიზნესის განხორციელების ადგილია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში გათვალისწინებული დასახლება;

დ) ჩართულია სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში − „მზის კარი“ (შემდგომში − პროექტი). ამასთან, სააგენტო მოახდენს საპროცენტო განაკვეთის სრულ სუბსიდირებას, იმ შემთხვევაშიც, თუ ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების შემდგომ ჩაერთვება პროექტში. ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობით სუბსიდირება განხორციელდება პროექტში ჩართვის მომენტიდან, თუმცა არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 5 წლის ვადით.

2. სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტის აღსრულების მიზნით, სესხის პროცენტის სუბსიდიას რიცხავს სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე. ბანკის მიერ ბენეფიციარის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი რეგულირდება ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წილი ვალდებულების (სუბსიდირების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

3. ბანკი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე აწარმოოს მონიტორინგი თანხების ბრუნვის თაობაზე და მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.

მუხლი 11. გრანტის კომპონენტი

1. ამ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული და ამავე პროგრამის მე-5 მუხლის     მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის (შემდგომში − გრანტი) ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.  ბენეფიციარს გრანტის განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან მოხდება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობით ათვისება, რომელიც დასტურდება ამ პროგრამის მე-12 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგად. ამასთან, ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სააგენტოში არაუგვიანეს სესხის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გრანტის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი გრანტის განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განაცხადის წარდგენიდან 3 კალენდარული თვის ვადაში ახდენს გრანტის ბენეფიციარისათვის ჩარიცხვას ბენეფიციარის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 12. პროგრამის მონიტორინგი

1. სააგენტო, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ან/და ბანკის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ბანკი, თავის მხრივ, ვალდებულია, ხელი შეუწყოს სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში.

2. ბენეფიციარის მხრიდან პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე.

3. პროგრამის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, კომერციული ბანკისგან მოითხოვოს სესხთან/ბენეფიციართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

4. თუ სააგენტოს მონიტორინგის შედეგად დადგინდა მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, სააგენტო იმოქმედებს  ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 13. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.

3. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით.

4. სააგენტო განსაზღვრავს ყოველი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამის გარანტიის კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც უნდა მიიმართოს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.

 

   


    დანართი №1

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი − სეკ 006-2016 (NACE-Rev)

 

სექცია

განყოფილება

საქმიანობის დასახელება

A

01,02,03

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

B

05

ქვანახშირისა და ლაგნიტის მოპოვება

B

06

ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება

B

07

ლითონის მადნების მოპოვება

B

08

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა დარგები

B

09

სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურება

C

10

კვების პროდუქტების წარმოება

C

11

სასმელების წარმოება

C

12

თამბაქოს ნაწარმის წარმოება

C

20

20.51.0 ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება

C

25

25.40.0 იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება

D

35

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება

E

36

წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება

E

37

კანალიზაცია

E

38

38.12.0 სახიფათო ნარჩენების შეგროვება

38.22.0 სახიფათო ნარჩენების დამუშავება და მოცილება

38.31.0 ნამტვრევების დემონტაჟი

38.32.0 დახარისხებული მასალების უტილიზაცია

F

41

შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა

F

42

სამოქალაქო მშენებლობა

F

43

სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები

G

45

45.11.1 საბითუმო ვაჭრობა ახალი და მეორადი ავტომობილებით;

45.11.2 საცალო ვაჭრობა ახალი და მეორადი ავტომობილებით;

45.11.3 საშუამავლო საქმიანობა ავტომობილებით საბითუმო და საცალო სფეროში;

45.19.0 სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვა;

45.31.0 საბითუმო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით;

45.32.0 საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით;

45.40.0 მოტოციკლების, მათი ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა, ტექნიკური მომსახურება და რემონტი

G

46

საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა

G

47

საცალო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა

H

49

სახმელეთო ტრანსპორტი და ტრანსპორტირება მილსადენით

H

50

50.30.0 შიდა წყლების სამგზავრო ტრანსპორტი;

50.40.0 შიდა წყლების სატვირთო ტრანსპორტი

H

51

საჰაერო ტრანსპორტი

H

52

52.21.0 სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება;

52.22.0 წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება;

52.23.0 საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება;

52.24.0 ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა

K

64

საფინანსო მომსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების საქმიანობის გარდა

K

65

დაზღვევა, გადაზღვევა და საპენსიო ფონდების საქმიანობები სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების გარდა

K

66

საფინანსო მომსახურებისა და დაზღვევის დამხმარე საქმიანობები

L

68

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

M

69

69.10.1 ნოტარიული საქმიანობა

M

70

70.10.0 სათავო ოფისის საქმიანობები

70.21.0  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საქმიანობები

N

77

საიჯარო და სალიზინგო საქმიანობები

N

78

78.20.0 დროებითი დასაქმების სააგენტოების საქმიანობები;

78.30.0 სხვა ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა

N

80

უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები

N

82

82.91.0 გადასახდელების შემგროვებელი სააგენტოებისა და საკრედიტო ბიუროების საქმიანობები

O

84

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება

R

92

აზარტული თამაშების საქმიანობები

S

94

საწევრო ორგანიზაციების საქმიანობები

T

97

შინამეურნეობების, როგორც მომსახურე პერსონალის დამქირავებლის, საქმიანობები

T

98

არადიფერენცირებული საქონლისა და მომსახურების წარმოების საქმიანობები კერძო შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისთვის

U

99

ექსტერიტორიული ორგანიზაციებისა და ორგანოების საქმიანობები

 

 

 

ასევე საქმიანობა არ უნდა მოიცავდეს:

 

1. საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები;

2. გარეული ჯიშის ცხოველებით ვაჭრობა ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

3. „გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციით“ (CITES) რეგულირებული სახეობებით ვაჭრობა ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

4. ზრდასრულთა გასართობი საშუალებების წარმოება ან/და  ვაჭრობა (ე. წ. „Production or trade-in adult entertainment“);

5. წარმოება ან საქმიანობა, რომელიც მოიცავს იძულებითი შრომის საზიანო ან ექსპლუატაციურ ფორმებს/ბავშვებისათვის საზიანო შრომას;

6. საქმიანობა, რომელიც მოიცავს ეროვნული პარკის ან მსგავსი დაცული ტერიტორიის მნიშვნელოვან დეგრადაციას;

7. საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამსახურში მუშათა/დასაქმებულთა ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დაუცველობას/ შეუსრულებლობას;

8. საქმიანობა, რომელიც მოიცავს უძრავი ქონებით სპეკულაციას;

9. საქმიანობა, რომელიც მოცემულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დანართ №1-სა და დანართ №2-ში.