„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016727
13/2024
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
010210010.15.008.016727
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2024

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში არსებული ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია სიების შესაბამისი საარჩევნო კომისიების დამტკიცების/შედგენის შემდგომ დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სიების როგორც საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული, ასევე საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიების ბეჭდვას და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის გადაყვანის შესახებ სათანადო აღნიშვნის გაკეთებას.”.

2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის  პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში ამომრჩეველზე, როგორც წესი, გასცემს ერთ საარჩევნო ბიულეტენს და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს.”.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყოველი 700 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. საარჩევნო უბანზე ერთზე მეტი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის არსებობის შემთხვევაში, ვერიფიკაციის აპარატები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული (სინქრონიზებული) ინტერნეტის გარეშე და მათში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიები უნდა იყოს იდენტური. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილი ილუქება ცესკოში. ლუქის გახსნის საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.  შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგომ ხელახლა ხორციელდება  მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილის დალუქვის პროცედურა, რაც ლუქის ნომრების მითითებით აისახება შესაბამის აქტში და დაერთვება სარეგისტრაციო ჟურნალს. შედგენილ აქტს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წარმომადგენელი.  ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის ცესკოსთვის გადაცემა ასევე ხორციელდება, ისე რომ დალუქული იყოს აპარატში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილი;

გ) უნდა იყოს არანაკლებ 2 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით. საარჩევნო უბანზე ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთისა და ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატის არსებობის შემთხვევაში, ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული (სინქრონიზებული) ინტერნეტის გარეშე. ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ  აპარატში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილი ილუქება ცესკოში. ლუქის გახსნის საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგომ ხელახლა ხორციელდება მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილის დალუქვის პროცედურა, რაც ლუქის ნომრების მითითებით აისახება შესაბამის აქტში და დაერთვება სარეგისტრაციო ჟურნალს. შედგენილ აქტს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წარმომადგენელი. ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ცესკოსთვის გადაცემა ასევე ხორციელდება ისე, რომ დალუქული იყოს აპარატში მეხსიერების ბარათის მოსათავსებელი სპეციალური ადგილი;”.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან/მაგიდებთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს ნებისმიერ იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის ნებისმიერ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის  პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ამომრჩეველი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ ჩარჩო კონვერტს. მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა. ამომრჩეველი ვერიფიკაციის გავლას ადასტურებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე ხელმოწერით;”;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ახორციელებს ხელით.”.

5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პროცესი ხორციელდება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის ერთზე მეტი სპეციალური აპარატის გამოყენებით და ტექნიკური ხარვეზის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ მათმა ნაწილმა, ასეთ შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება დანარჩენი ფუნქციონირებადი ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის/აპარატების გამოყენებით. აღნიშნულის შესახებ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წარმომადგენელი. აქტი დაერთვება სარეგისტრაციო ჟურნალს, ხოლო აპარატზე/აპარატებზე თვალსაჩინოდ დაიტანება მინიშნება აპარატის დაზიანების შესახებ.”.

6. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ბოლოს ჩატარებული 3 საერთო არჩევნებიდან რომელიმეში საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატებოდა 1200 ამომრჩეველს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოყენებულ იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი