,,პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018528
110/ნ
24/06/2024
ვებგვერდი, 24/06/2024
430030000.22.022.018528
,,პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №110/ნ

2024 წლის 24 ივნისი

ქ.თბილისი

 

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები” ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“  საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი




დანართი

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომ  პროგრამა) ჩარიცხვის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის პროცედურას.

მუხლი 2. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის რეგულირება, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის მიზანია დეცენტრალიზებული, სტუდენტთა ინტერესებზე ორიენტირებული, ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. დაინტერესებულ პირთა კონსულტირება

1. დაინტერესებული პირის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება)/საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია დაინტერესებულ პირს:

ა) გააცნოს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები;

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებულ რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს რეგისტრაციაში.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დაწესებულება ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის დაუშვებელია საფასურის დადგენა.

4. დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხორციელდება მიმართვის შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში.

თავი II

პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები

პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;

ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;

გ) შერჩევა;

დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა, რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

მუხლი 5. დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება

1. პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ავსებს ანკეტა-კითხვარს ელექტრონულად.

2. იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც დაწყებულია პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, უფლება აქვთ, აპლიკანტთა რეგისტრაციის ეტაპზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მათთვის ხელახლა დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ახალ პროგრამებზე მიღების გამოცხადება ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში.

3. ანკეტა-კითხვარი წარმოადგენს დაწესებულების მიერ მიღების გამოცხადების მიზნით შექმნილ მოდულს, რომელშიც აისახება ინფორმაცია დაწესებულების, მისი პროგრამების, მისაღები ადგილებისა შერჩევის ძირითადი და დამატებითი მეთოდებისა და სხვა პირობების შესახებ. ანკეტა-კითხვარი არის აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნით შექმნილი სარეგისტრაციო სისტემის ინფორმაციის წყარო. ანკეტა-კითხვარის ფორმა მტკიცდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაწესებულება ვალდებულია მიღება გამოაცხადოს ორი სასწავლო გეგმით (სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს და სასწავლო გეგმა, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს), თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობა იძლევა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაწესებულებების და მათი პროგრამების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მართვის სისტემისთვის მიწოდებული მონაცემები, რომლებიც აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო ამავე სისტემაში დაწესებულების მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად დაწესებულება.

6. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე სწავლის დაწყების დროისათვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;

ბ) აქტიური პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისად, ანკეტა-კითხვარის შევსების დაწყების წინა დღის მდგომარეობით;

გ) დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის მდგომარეობით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

7. მართვის სისტემა ამუშავებს ანკეტა-კითხვარში ასახულ მონაცემებს ელექტრონულად და განათავსებს სარეგისტრაციო სისტემაში.

8. ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეიტინგული სიების დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომობიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულება უფლებამოსილია მისაღები ადგილები გაზარდოს შესაბამის პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

მუხლი 6. აპლიკანტთა რეგისტრაცია

1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად.

2. სარეგისტრაციო სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს. მასში აპლიკანტთა რეგისტრაციის ეტაპზე აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვერიფიკაციის გზით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიზნებისთვის  მართვის სისტემა უფლებამოსილია,  სარეგისტრაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის/კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტატუსის არსებობის ფაქტის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშავოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)  მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) სქესი;

ე) მოქალაქეობა;

ვ) რეგისტრაციის მისამართი;

ზ) ფოტოსურათი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე  ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

5. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

6. ელექტრონული რეგისტრაციისას შესავსები ველების ჩამონათვალი დგინდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7.  რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.

8. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს შეზღუდული აქვს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლის დაწყების დროისთვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტისა.

9. რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად/ბათილად ცნობის საფუძველი.

10 რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებით, შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.

11. აპლიკანტს არჩევანის შეცვლა შეუძლია რეგისტრაციისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში.

12. მართვის სისტემა უფლებამოსილია აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნებისთვის, რეგისტრაციის პროცესში პირის ვერიფიკაცია განახორციელოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.

13. მართვის სისტემა აპლიკანტთა რეგისტრაციის ეტაპზე, აპლიკანტის განათლების მიღწეული დონის შესახებ ინფორმაციას, შესაბამის პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაცვის მიზნით, ამოწმებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში, აპლიკანტის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში.  

14. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

15. აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნით, აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.

თავი III

აპლიკანტთა შერჩევა

მუხლი 7.   აპლიკანტთა შერჩევა

1. აპლიკანტთა შერჩევა მოიცავს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასების პროცესს.

2. შერჩევის პერიოდი, ტესტირებისა და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/აქტებით.

3. შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, გარდა ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 8. შერჩევა საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

1. საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:

ა) შეფასების ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. თითოეულ საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შეფასება უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ფორმით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და აპელაციის კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6.  შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7.  მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებითб რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება დაწესებულების მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს.

9. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე გამრავლებით.

11. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

12. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის რეიტინგულ სიაში აპლიკანტთა რაოდენობის ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

13. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეც, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

მუხლი 9. შერჩევა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე, სადაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება

1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე.

2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად შეფასება შესაძლოა განხორციელდეს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით და დაწესებულება უფლებამოსილია შერჩევის ძირითად მეთოდად ანკეტა-კითხვარის შევსების ეტაპზე, ამ პროგრამებისთვის,  განსაზღვროს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება.

3. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შეფასების გარდა, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შერჩევის დამატებითი მექანიზმები, რომელიც არეგულირებს:

ა) შეფასების ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, შეფასება უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

6. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

9. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ადგენს ცენტრის დირექტორი.

10. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დაკარგავს ჩარიცხვის უფლებას.

11. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, დაწესებულება უფლებამოსილია არ დაუშვას აპლიკანტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევაზე.

12. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების შედეგების განთავსებას ერთიან სკალაზე, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მეთოდით. თითოეული შეფასების შედეგის ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.

13. იმ საშუალო პროფესიულ პროგრამისთვის, სადაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება, მართვის სისტემა რეიტინგულ სიას ადგენს, ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის მართვის სისტემა  რეიტინგულ სიას ადგენს, ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სოციალური სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელსაც მართვის სისტემის უფროსი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

15. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

16.  თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე გამრავლებით.

17. უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან უმაღლესი განათლება. 

18. იმ შემთხვევაშიб თუ ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული რეიტინგული სიის შედგენისას აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთაც გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

19. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

20. მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის რეიტინგულ სიაში აპლიკანტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 10. შერჩევა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (შემდგომ – რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებული პროგრამა) აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს შემდეგ საკითხებს:

ა) შეფასების ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით.

4. შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის თანაგანმახორციელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7.  აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას.

8. დაწესებულება რეიტინგულ სიას ადგენს აპლიკანტის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ინფორმაციას ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში.

9. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

10.  მართვის სისტემა სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის რეიტინგულ სიაში აპლიკანტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების ერთადერთ შესაძლებლობად საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრულია სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტის მიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ამ შემთხვევაში, შერჩევა ხორციელდება შესაბამისი სახის პროგრამისთვის დადგენილი წესით.

თავი IV
ტესტირება

მუხლი 11. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

ტესტირებაში მონაწილეობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტი, რომლისთვისაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება.

მუხლი 12. ტესტირების შინაარსი

1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია ტესტირების გავლა აკადემიური უნარებში.

2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, შესაძლებელია დაწესებულების მიერ მოთხოვნილი იყოს ტესტირების გავლა აკადემიურ უნარებში.

3. ჩასაბარებელი ტესტების საგამოცდო პროგრამას, ცენტრის წარდგინებით, ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ჩასაბარებელი ტესტების შესაბამისობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგინებით, ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისად, აკადემიური უნარების ტესტირება შეიძლება დაწესდეს:

ა) წიგნიერებაში;

ბ) რაოდენობრივ წიგნიერებაში;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი).

6. თუ სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროსთვის განისაზღვრა ტესტის რამდენიმე ტიპი, აპლიკანტი აბარებს ამ ტესტის ყველა ტიპს.

მუხლი 13. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების კოორდინაციას და ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.

2. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას და საგამოცდო ცენტრების შერჩევას.

3. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს ტესტირების პროცესის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას, ხოლო ტესტირების პროცესში, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

4. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ამ მიზნით, ცენტრი:

ა) შეიმუშავებს ტესტირებისთვის სხვადასხვა სირთულის დავალებებს;

ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგამოცდო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საცდელი ტესტირების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და სამუშაო დრო;

დ) მართვის სისტემის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს აპლიკანტთა განაწილებას შერჩეული საგამოცდო ცენტრების მიხედვით, ტესტირებისთვის ადამიანური რესურსის მობილიზებასა და ტესტირების ჩატარებისთვის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას;

ე) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა).

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მართვის სისტემის მიერ შერჩეული სამინისტროს სისტემაში შემავალი ის იურიდიული პირი, რომლის შენობაშიც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი ვალდებულია:

ა) სამინისტროს/მართვის სისტემის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

ბ) ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს მართვის სისტემისა და ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

გ) გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი;

დ) ტესტირების პერიოდში დაიცვას საგამოცდო ცენტრში წესრიგი და არ დაუშვას ტესტირებისთვის გამოყოფილ შენობაში/შენობის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრის, სამინისტროსა და მართვის სისტემის მიერ მივლინებული პირებისა;

ე) დაიცვას და არ დააზიანოს საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული ქონება;

ვ) აიღოს მატერიალური პასუხისმგებლობა სამინისტროს, ცენტრისა და მართვის სისტემის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომლებიც ინახება და გამოიყენება საგამოცდო ცენტრში;

ზ) ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი ტესტირებების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

თ) შეასრულოს სამინისტროს/მართვის სისტემის/ცენტრის კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ი) უზრუნველყოს სხვა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას.

მუხლი 14. საგამოცდო ცენტრების შერჩევა და აპლიკანტთა განაწილება

1. ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას, რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

2. ცენტრი რეგისტრაციის დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, მართვის სისტემასთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს შერჩეული საგამოცდო ცენტრების შესაბამისად აპლიკანტთა განაწილებას და მართვის სისტემის ინფორმირებას. ამ მიზნით:

ა) მართვის სისტემა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრებისა და რეგისტრირებული აპლიკანტების შესახებ, სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი ტესტის ტიპის/ტიპების მითითებით;

ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, მართვის სისტემას ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგამოცდო ქალაქი/მუნიციპალიტეტი, საგამოცდო ცენტრის მისამართი, ჩასაბარებელი ტესტი, ტესტირების ენა, ტესტირების ჩატარების დრო).

3. სამინისტრო, ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). მართვის სისტემა, მომდევნო სამუშაო დღეს, უზრუნველყოფს ამ მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით.

მუხლი 15. საგამოცდო ბარათი

1. თითოეულ აპლიკანტზე, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე, რომელზეც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება, სარეგისტრაციო სისტემაში გენერირდება საგამოცდო ბარათი.

2. საგამოცდო ბარათში, პირის იდენტიფიცირების მიზნით, მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის შემდეგი პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და აპლიკანტის ფოტოსურათი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აპლიკანტის ფოტოსურათი აპლიკანტთა რეგისტრაციის ეტაპზე ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ბარათში ასევე მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, სადაც აპლიკანტი გაივლის ტესტირებას, ჩასაბარებელი ტესტი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მუხლი 16. ტესტირების პროცესი

1. ტესტირების პროცესი (მათ შორის, ტესტირების მიმდინარეობასთან და ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები) რეგულირდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.

2. აპლიკანტმა ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას აპლიკანტი წარადგენს: პირადობის (ბინადრობის) მოწმობას/პასპორტს, ხოლო ასეთის არქონის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ განაცხადს/განცხადება-ანკეტას, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე, აპლიკანტი წარადგენს სარეგისტრაციო სისტემიდან საგამოცდო ბარათს.

მუხლი 17. შედეგები

ამ წესის მე-9 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შედგენის მიზნით:

ა) ცენტრი, ტესტირებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში, მართვის სისტემას ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა ტესტირების შედეგებს;

ბ) დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით შერჩევისთვის განსაზღვრულ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თავი V

შედეგების გამოცხადება და ჩარიცხვა

მუხლი 18. საბოლოო არჩევანი და შედეგების გამოცხადება

1. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“, მე-9 მუხლის მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-10  მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწინებული ვადის ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღეს მართვის სისტემა უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა საბოლოო არჩევანის გათვალისწინებით რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სარეგისტრაციო სისტემაში, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულისა და მისი საბოლოო არჩევანის გათვალისწინებით.

მუხლი 19. დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. დაწესებულება ვალდებულია აპლიკანტები ჩარიცხოს პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.

2. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის:

ა) 70%-ის ფარგლებში, იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) 30%-ის ფარგლებში, იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

3.  დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება წესი, რომელიც განსაზღვრავს:

ა) პროგრამაზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით, აპლიკანტის მიერ ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;

ბ) დოკუმენტების წარდგენის ფორმას;

გ) დოკუმენტების წარდგენის ვადებს;

დ) ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძვლებს;

ე) ხელშეკრულების გაფორმების პირობებსა და ვადებს;

ვ) სხვა საკითხებს, დაწესებულების გადაწყვეტილებით.

4. მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესისა და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

5. დაწესებულება უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.

6. აპლიკანტი, ამ წესის მე-18 მუხლი მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემდგომ, დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.

7. რეიტინგულ სიაში, აპლიკანტის ადგილს იკავებს რეიტინგული სიის მიხედვით შემდეგი აპლიკანტი:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე დაწესებულების მიერ აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) აპლიკანტის მიერ ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში.

8. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში მიღწეული განათლების დონის მიხედვით გამოყოფილი ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, ეს ადგილები გამოიყენება მეორე რეიტინგულ სიაში მყოფ აპლიკანტთა ჩარიცხვისთვის.

9. თუ ორი ან ორზე მეტი აპლიკანტი რეიტინგულ სიაში მოხვდა თანაბარი რეიტინგული ქულით და მათი პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, დაწესებულებას შესაბამის პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს პროგრამისთვის შესაბამის მიღებაზე განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული ადგილების რაოდენობა მოაკლდება ამავე პროგრამაზე მომდევნო მიღებისთვის განსაზღვრულ ადგილებს.

11. დაწესებულება ვალდებულია  კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის ასახვა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, დაწესებულების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მითითებით ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.

თავი VI

პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა

მუხლი 20. პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა

1. პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ:

ა) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა განათლება აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

დ) თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება რეგისტრაციისთვის ამ წესით განსაზღვრული პირობები, ხოლო შერჩევის წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მინიჭების მიზნით, რეგისტრაციის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

4. მართვის სისტემა, აპლიკანტთა შესაბამისი სტატუსების შესახებ ინფორმაციას, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითხოვს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული აპლიკანტების შესახებ ინფორმაციას დაწესებულება ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში.

6. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შერჩევის წესისა და პირობებით შერჩეული აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

უცხოენოვან პროგრამებზე ჩარიცხვა

მუხლი 21 უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხვა

1. უცხოენოვან პროგრამაზე მიღების გამოცხადება, აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და პირთა ჩარიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურისგან განსხვავებულ ვადებსა და ეტაპებს.

2. დაწესებულების მიერ უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილი პირობები და პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამაზე დაშვების წინაპირობების შემოწმებას, ასევე პროგრამაზე ისეთ პირთა დაშვებას, რომელთა წინარე განათლება ან/და გამოცდილება უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების ვადაში პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

3. დაწესებულება უფლებამოსილია უცხოენოვან პროგრამაზე შერჩევა განახორციელოს პროგრამის განხორციელების ენაზე.

4. უცხოენოვანი პროგრამა არ უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის განხორციელების ენის, ასევე იმ მოდულების სწავლებას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 

5. უცხოენოვან პროგრამაზე მიღება ცხადდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება:

ა) მისაღები პროგრამების ჩამონათვალი და ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად, ჩარიცხვის ეტაპები და ვადები;

ბ) პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა;

გ) პროგრამის განხორციელების ენის ფლობის დონე და შესაბამის დონეზე ენის ფლობის დადასტურების პირობები;

დ) დაწესებულების მიერ დადგენილი სხვა პირობები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია უნდა ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ასევე უნდა განათავსოს დაწესებულების ვებგვერდზე.

7. დაწესებულება ვალდებულია პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

თავი VIII

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე  ჩარიცხვის პროცედურები

მუხლი 22. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროგრამაზე ჩარიცხვა

1. ყველა პირისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, ეს თავი განსაზღვრავს პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ჩარიცხვის წესს.

2. ყველა პროგრამა, რომელზეც გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პირს, რომელსაც მულტიდისციპილინური გუნდის მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო სისტემაში გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4. რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებულ პროგრამაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი გადის ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შერჩევას.

5. დაწესებულება განიხილავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

6. თუ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს, რომელიც პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ამასთან, დაწესებულებას უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დაწესებულება გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფრომაციას  მათთვის ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინფორმირებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული შერჩევის პერიოდში.

მუხლი 23. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროგრამაზე ჩარიცხვა

1. დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და მათი წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს შესაბამის პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას ამ აპლიკანტთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან.

3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე, ასახავს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

1. 2024 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

ა) შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ეროვნული უმცირესობის ენაზე (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე). დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ა.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან პროფესიული სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული „პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის“ შესაბამისად ისარგებლოს შიდა ან გარე მობილობით;

ა.გ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

ბ) დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა დააწყებინოს ქართული ენის მოდულის გავლის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ პროგრამით (რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება) გათვალისწინებული მოდულით/მოდულებით დადგენილი ენობრივი კომპეტენცია დადასტურდება მის მიერ, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შეფასების მექანიზმებით.

2. 2024 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხორციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

3. 2024 წელს, დაწესებულების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს აპლიკანტთა რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა.

4. 2024 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში.

6. 2024 წელს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებული უნდა იქნეს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

7. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, 2024 წელს გამოცხადებული მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.