„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024565
171
21/05/2024
ვებგვერდი, 22/05/2024
300160070.10.003.024565
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2024 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 53 მუხლის პირველი პუნქტისა და 56 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 53 მუხლის პირველი პუნქტისა და 56 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გადამზიდველთა შესაბამისობა სანებართვო პირობებთან.“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გადამზიდველის მხრიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წყლის, გაზის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას სავალდებულოა, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩნდეს ნებართვა.“;

დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამზიდველის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება მის მიერ ამავე წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებითა და მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის გაცემით.“;

) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:

ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის  სანებართვო დოკუმენტი (შემდგომში ასევე – მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი):

ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) სანებართვო დოკუმენტი; ან

ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) სანებართვო დოკუმენტი; ან

ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) სანებართვო დოკუმენტი;       

ბ) ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია:

ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში ასევე – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციის ბლანკი);

ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში ასევე – მრავალჯერადი ავტორიზაციის ბლანკი);

გ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა (შემდგომში ასევე − სპეციალური ნებართვა).

3. სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული სპეციალური ნებართვით/სანებართვო დოკუმენტით/ ავტორიზაციის ბლანკით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ.

4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

6. ECMT სანებართვო დოკუმენტით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:

ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი;

ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი;

ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ავტორიზაციის ბლანკის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო;

გ) გადამზიდველის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს:

ა.ა) სანებართვო დოკუმენტისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს;

ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;

ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) სანებართვო დოკუმენტის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის  შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს;

გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას  საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე.

8. BSEC ან TRACECA სანებართვო დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე  შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და, ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ავტორიზაციის ბლანკის/სანებართვო დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA სანებართვო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს სანებართვო დოკუმენტისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ სანებართვო დოკუმენტის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის, სანებართვო დოკუმენტით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;

გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, სანებართვო დოკუმენტის  შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის ბლანკის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ავტორიზაციის ბლანკის ნომრის მეშვეობით „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის ბლანკის შესახებ;

ბ) ამოწმებს ავტორიზაციის ბლანკისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის, ავტორიზაციის ბლანკით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;

დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციის ბლანკზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

11. სპეციალური ნებართვის წარდგენის შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული სპეციალური ნებართვის სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას;

ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში სპეციალური ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.

12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ ქვეყნიდან) სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს სპეციალური ნებართვა/სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკები (სანებართვო დოკუმენტი, მრავალჯერადი ავტორიზაციის ბლანკი ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ავტორიზაციის ბლანკი ან/და ერთჯერადი ავტორიზაციის ბლანკი).

14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია  საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სპეციალური ნებართვა/სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკი.

15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სპეციალური ნებართვით/სანებართვო დოკუმენტით/ ავტორიზაციის ბლანკით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება.

16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციის ბლანკით ან სანებართვო დოკუმენტით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს, განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ავტორიზაციის ბლანკით/სანებართვო დოკუმენტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს:

ა) შესაბამისი მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი; ან

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას; ან

გ) სპეციალური ნებართვა.

17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი ავტორიზაციის ბლანკით/სანებართვო დოკუმენტით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია,  აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკი/სანებართვო დოკუმენტი ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“.

18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ავტორიზაციის ბლანკს/სანებართვო დოკუმენტს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს სპეციალურ ნებართვას/სანებართვო დოკუმენტს/ავტორიზაციის ბლანკს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ავტორიზაციის ბლანკით/ სანებართვო დოკუმენტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას  საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის სპეციალურ ნებართვას/სანებართვო დოკუმენტს/ავტორიზაციის ბლანკს, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;

დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს სპეციალურ ნებართვას/სანებართვო დოკუმენტს/ ავტორიზაციის ბლანკს, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა მხოლოდ სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენის შემდეგ.

19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სპეციალური ნებართვით/ სანებართვო დოკუმენტით/ერთჯერადი ავტორიზაციის ბლანკით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ავტორიზაციის ბლანკის/სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის „განაშთვა“.

20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი სპეციალური ნებართვით/სანებართვო დოკუმენტით/ერთჯერადი ავტორიზაციის ბლანკით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თავდაპირველი სპეციალური ნებართვა/სანებართვო დოკუმენტი /ავტორიზაციის ბლანკი ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/თავდაპირველი ავტორიზაციის ბლანკის „განაშთვას“.

21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება) პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და სპეციალური ნებართვის/ სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ სპეციალურ ნებართვაზე/სანებართვო დოკუმენტზე/ ავტორიზაციის ბლანკზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს  სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის ასლს, შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით.

22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა, ან საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვისა) უნდა განხორციელდეს:

ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან

 ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ ავტორიზაციის ბლანკის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან

გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაციის ბლანკი.“;

ვ)  მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 –  მე-19 მუხლები:

მუხლი 16. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

1. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო  გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს:  

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი;

გ) სანებართვო მოსაკრებლის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოში აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრების მიერ ან „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ 1997 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე გაცემული ვადიანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ასლი, რომლითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების გამართულობა.

2. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად სააგენტოს, ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს:

ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებულ, სულ მცირე, ერთ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები), რომელიც ჩართული არის/იქნება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაში; 

ბ) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) მენეჯერთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ვ) ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფიზიკური პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში − ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანოტარო წესით დამოწმება არ მოითხოვება, თუ განცხადება წარდგენილია ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ამ წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სსიპ − საჯარო რეესტრში შესაბამის უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდება გადამზიდველის პირდაპირი მფლობელობა;

ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ამ წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სულ მცირე, 5 ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან/და ლიზინგის ფორმით მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მენეჯერთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება გადამზიდველს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხვაგვარად ვერ ადასტურებს საკუთარ კვალიფიკაციას.

4. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

5. ნებართვა გაიცემა ელექტრონული ფორმით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა, გაიცეს ნებართვის ელექტრონული დოკუმენტის ასლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

6. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა გაიცემა მატერიალური ფორმით.

მუხლი 17. სანებართვო პირობები

1. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) გააჩნდეს სათანადო ფინანსური აქტივი (მათ შორის, ფულადი აქტივის ჩათვლით) ან/და საბანკო ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია), რომლის მინიმალური თანხა ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის − 2500 ლარის ოდენობით, ამ წესის    მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული ან/და მისთვის ლიზინგის ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აკმაყოფილებდეს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც უნდა დასტურდებოდეს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მენეჯერის სახელზე საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გაცემული დიპლომის ან/და სერტიფიკატის ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილებით;

გ) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი და მძღოლი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;

დ) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი ან ხელმძღვანელი ვალდებულნი არიან, დაიცვან საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან პარტნიორ ქვეყნებს შორის შეთანხმებით ქვეყნისთვის დადგენილი კვოტის ფარგლებში გაცვლილი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესები;

ე) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

 2. პირის საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებად ითვლება, თუ, სულ მცირე, ბოლო 1 წლის განმავლობაში:

ა) პირი ფლობდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვას; ან

ბ) პირი, სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე, ფლობდა  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვას; ან

გ) პირის სახელზე გაცემული იყო  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი, სულ მცირე, 1 მრავალჯერადი სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განსახორციელებლად ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 10 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განსახორციელებლად.

3. ნებართვის მაძიებელი, რომელზეც 2025 წლის 1 ივნისამდე არ ყოფილა გაცემული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სანებართვო პირობებთან ერთად ვალდებულია:

ა) გააჩნდეს სათანადო ფინანსური  აქტივი (მათ შორის, ფულადი აქტივის ჩათვლით) ან/და საბანკო ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია), რომლის მინიმალური თანხა ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განისაზღვრება 25000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის − 15000 ლარის ოდენობით, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) გააჩნდეს სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი;

გ) საკუთრებაში ან/და ლიზინგის ფორმით მფლობელობაში გააჩნდეს, სულ მცირე, 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არის/იქნება ჩართული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში;

დ)  გამოიყენოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.    

5. დაუშვებელია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მენეჯერი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდეს:

ა)  4-ზე მეტ გადამზიდველთან; ან/და

ბ) 1-ზე მეტ გადამზიდველთან, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადამზიდველს მფლობელობაში გააჩნია 50-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მუხლი 18. ნებართვის მოქმედების ვადა

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე 3 წლის ვადით და არსობრივად არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

მუხლი 19. გარდამავალი დებულება

1. გადამზიდველს, რომელიც განახორციელებს/ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოპოვების ვალდებულება წარმოეშობა დადგენილების ამოქმედების შემდეგ:  

ა) 2024 წლის 1 სექტემბრიდან − რომელიც განახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას − პარტნიორ ქვეყნებს შორის შეთანხმებით ქვეყნისთვის დადგენილი კვოტის ფარგლებში გაცვლილი მრავალჯერადი სანებართვო დოკუმენტით ან ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) სანებართვო დოკუმენტით;

ბ) 2025 წლის 1 მარტიდან − რომელიც განახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას − საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმებით დადგენილი კვოტის ფარგლებში გაცვლილი ერთჯერადი სანებართვო დოკუმენტით ან პარტნიორ ქვეყანასთან შეთანხმებული კვოტის ფარგლებში სანებართვო დოკუმენტით მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან სატრანსპორტო ოპერაციის განხორციელების მიზნით;

გ) 2025 წლის 1 მაისიდან − რომელიც განახორციელებს ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას.

2. 2024 წლის 1 სექტემბრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ ისეთ გადამზიდველზე, რომელზეც გაცემულია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე