სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024555
162
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
040030000.10.003.024555
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №162

2024 წლის 30 აპრილი

  ქ. თბილისი

 

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში. სხვა ორგანოს უფლება არ აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას  დეპოზიტორებისათვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება;

გ) კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კომერციული ბანკიდან და მიკრობანკიდან დეპოზიტების მასობრივი გადინების პრევენცია.

2. სააგენტოს ამოცანებია:

ა) განსაზღვროს ან/და მიიღოს პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანები და უზრუნველყოს მათი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში (შემდგომში – ფონდი) აკუმულირება;

ბ) მართოს ფონდი და ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს;

გ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და, შესაბამის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი მოზიდვა;

დ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს სააგენტოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი;

ვ) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს;

ზ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად,  შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; 

ი) დეპოზიტების დაზღვევის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის შესახებ ინფორმაცია;

კ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება;

ლ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ;

მ) ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან მოითხოვოს  მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით, კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია;

ო) კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან მიღებული კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკისა და მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების/აუდიტორული ფირმის მეშვეობით;

პ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მეშვეობით;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში;

რ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები;

ს) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკთან;

ტ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით, ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში;

ფ) მოსთხოვოს კომპენსაცია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკისა და მიკრობანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება;

ქ) უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე ითანამშრომლოს  შესაბამის პირებთან;

ღ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1.  სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:

ა)  სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მეშვეობით;

ბ)  სააგენტოს უფროსის მეშვეობით;

გ)  სააგენტოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) მეშვეობით.

 2. კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით:

ა)  სააგენტოს ზედამხედველობის მიზნით იქმნება საბჭო;

ბ)  სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი.

3.   სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

4.  სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი.

მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 (ორი) დამოუკიდებელი წევრი.

2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი.

3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს.

6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის.

8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის.

9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით.

10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით.

11. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე.

12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

მუხლი 5. საბჭოს ფუნქციები

საბჭო:

ა)  კანონითა  და ამ დებულებით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს;

ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს:

ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; 

ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკასა და წლიურ საინვესტიციო გეგმას;

ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმასა და წლიურ გეგმას;

ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესსა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;

ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ბ.ვ)  რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობასა და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;

ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;

ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;

ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;

ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;

ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;

ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;

ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;

ბ.ო) კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;

გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და უკმარისობის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს;

დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; 

ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;

ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ზ) ახორციელებს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს;

თ) იხილავს და ითანხმებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;

ი) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს;

კ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ლ) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;

მ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 6. საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით.

3. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი.

4. საბჭოს სხდომას ორგანიზებას უწევს სააგენტო.

5. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. 

6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საბჭოს სხდომას შეიძლება დაესწრონ მოწვეული პირები.

9. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

10. საბჭოს სხდომის მუშაობა და საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. მას ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს სხვა წევრები.

მუხლი 7. სააგენტოს უფროსის შერჩევისა და დანიშვნის წესი

1. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსით.

2. საკონკურსო კომისია შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან.

3. საკონკურსო კომისია, შესაბამისი გადაწყვეტილებით, განსაზღვრავს სააგენტოს უფროსის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის ჩატარების ფორმას, თარიღსა და იმ შესაბამის უწყებას, რომელიც ორგანიზებას გაუწევს კონკურსის ჩატარებას.

4. საკონკურსო კომისია, კანდიდატის საბჭოსთვის წარდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს, არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

5. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნა შეზღუდული არ არის.

6. სააგენტოს უფროსი:

ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი პირი;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგსა და საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; 

გ) უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე პირი;

დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო;

ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი.

7. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

8. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ)  შესასრულებელ სამუშაოს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას.

მუხლი 8. სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მიმართოს საბჭოს;

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით (კონსენსუსით);

გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 

დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; 

ე) სააგენტოს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით;

ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 

ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; 

თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 

მუხლი 9. სააგენტოს უფროსის ფუნქციები და მოვალეობები

სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და უკმარისობის შემთხვევაში, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს;

ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს;

ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშებს;

ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;

თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;

ი) კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას −  ასევე ბრძანებას;

კ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს/ინსტრუქციებს:

კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; 

კ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკასა და წლიურ საინვესტიციო გეგმას;

კ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმასა და წლიურ გეგმას;

კ.დ) ბაზის დაანგარიშების წესსა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;

კ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;

კ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობასა და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;

კ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;

კ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;

კ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;

კ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;

კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;

კ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;

კ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;

კ.ო) კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;

ლ) ახორციელებს კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

მუხლი 10. სააგენტოს აუდიტი 

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი სააგენტოს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის, აგრეთვე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტსა და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აუდიტორი.

3.  სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.

4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

მუხლი 11. სააგენტოს ანგარიშვალდებულება

1. სააგენტო ვალდებულია, ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკისა და მიკრობანკის შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში/აუდიტორული დასკვნა.

2. სააგენტოს უფროსი ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, ასევე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას.

3. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს.

მუხლი 12. კონფიდენციალურობა და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1.  სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს, ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს თანამშრომლებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახაზინო სამსახურს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მათ თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დაუშვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.

3. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 13.  სააგენტოს დაფინანსება

სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი  მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) შემოწირულობები;

დ) ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები;

ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

ვ) ფონდიდან მიღებული, სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 14. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო უფლებამოსილია, ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მუხლი 15. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.