სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016849
90/04
10/04/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
220010010.18.011.016849
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №90/04

2024 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 (ოთხასი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

2. ამ წესის მიზნებისთვის სესხის გამცემი ორგანიზაცია განიმარტება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 (ოთხასი ათას) ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

გ)  სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;

დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის  წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;

ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება სესხის/საბანკო კრედიტის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა, ასევე, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №374/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა