დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 157 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025965 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №157
2024 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული:
ა) სერვისების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი და ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები;
ბ) პირების ტესტირებისთვის/თვითტესტირებისთვის საჭირო ტესტებით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი-მარტივი ტესტ-სისტემები) სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მომარაგება განხორციელდება უსასყიდლოდ;
გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისების მიმწოდებლები არიან სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში − ცენტრი) 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმწოდებლებად დარეგისტრირებული დაწესებულებები;
დ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისის ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და ამ განკარგულებით განსაზღვრულ პირთა ტესტირებისთვის/ თვითტესტირებისთვის ტესტ-სისტემების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მიმწოდებელი დაწესებულების მიერ განხორციელდეს ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმისა და მათი შევსების წესის შესაბამისად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები