ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024451
59
29/02/2024
ვებგვერდი, 05/03/2024
300160070.10.003.024451
ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლისა, დანართ №1-ის I ნაწილის მე-3 და მე-6 პუნქტებისა, II ნაწილისა, III ნაწილისა, V ნაწილისა, VI ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტებისა, VII ნაწილისა და დანართ №2-ისა,  ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლი, დანართ №1-ის  II  ნაწილის მე-2 პუნქტი,  III ნაწილი, V ნაწილი, VI ნაწილის მე-5 და მე-7  პუნქტები,  VII ნაწილი და დანართი №2 ამოქმედდეს 2030 წლიდან.

 

მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის I ნაწილის მე-3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2029 წლიდან.

 

მუხლი 5
ამ დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის II ნაწილის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა

მუხლი 1
 
1. „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ეხება ცხოველთა საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებში არასასურველ ნივთიერებებს.
 
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტთან ერთად გამოიყენება: 
 
ა) „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილება; 
 
ბ) „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილება;
 
გ) ვეტერინარულ საკითხებზე არსებული კანონმდებლობა, რომელიც ეხება საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობას.
 
3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული არასასურველი ნივთიერების მაქსიმალურ შემცველობასთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება:
 
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ;
 
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებისა და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების დანართებით (ნუსხებით) განსაზღვრული საქონლის მიმართ.
 
მუხლი 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
 
ა) ცხოველის საკვები – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ბუნებრივ მდგომარეობაში, ახალი ან დაკონსერვებული ფორმით, და მათი სამრეწველო გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები, და ორგანული ან არაორგანული ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ცალკე ან ნარევის სახით, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა დანამატებს ცხოველის ორალური კვებისათვის; 
 
ბ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული სხვადასხვა პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები (ცხოველის საკვები დანამატების შემცველობით ან შემცველობის გარეშე), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად პირდაპირ ან მათი გადამუშავების შემდეგ კომბინირებული საკვების მომზადებით ან როგორც სუბსტრატი პრემიქსისთვის; 
 
გ) ცხოველის საკვები დანამატები – ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, გარდა ცხოველის საკვების მასალებისა და პრემიქსებისა, რომლებიც გამიზნულად ემატება ცხოველის საკვებს ან/და წყალს სხვადასხვა ფუნქციის, კერძოდ, „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ფუნქციის შესასრულებლად;
 
დ) პრემიქსი – ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის საკვები დანამატების ნარევი ან ერთი ან მეტი ცხოველის საკვები დანამატის ნარევი იმ სუბსტანციებთან/ნივთიერებებთან, რომელიც გამოიყენება როგორც გადამტანი;
 
ე) ცხოველის კომბინირებული საკვები – ცხოველის საკვების მასალების ნარევი (მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა ცხოველის საკვებ დანამატებს), რომელიც გამოიყენება ცხოველის ორალურ კვებაში სრულყოფილი (დაბალანსებული) ან დამატებითი საკვების სახით;
 
ვ) ცხოველის დამატებითი საკვები – ცხოველის საკვები პროდუქტების ნარევი, რომელსაც გარკვეული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ მისი შემადგენლობის გამო დღიური რაციონისათვის საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ცხოველის სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად;
 
ზ) სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები – ცხოველის საკვები პროდუქტების ნარევი, რომელიც შემადგენლობით საკმარისია ცხოველის დღიური რაციონისთვის;
 
თ) ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები – ცხოველის საკვები მასალები, პრემიქსები, ცხოველის საკვები დანამატები, ცხოველის საკვები და ყველა სხვა პროდუქტი, რომლებიც გამიზნულია ცხოველის საკვებში გამოყენებისათვის ან გამოყენებულია ცხოველის საკვებში;
 
ი) დღიური რაციონი – ცხოველის საკვების საერთო საშუალო რაოდენობა, გამოთვლილი 12%-იანი სინესტის შემცველობის მიხედვით, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად მოცემული სახეობის, ასაკობრივი კატეგორიისა და გამოსავლიანობის/პროდუქტიულობის ცხოველისთვის, მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად;
 
კ) ცხოველი – ცხოველები, რომლებიც მიეკუთვნებიან ისეთ ჯიშებს, რომელთაც, როგორც წესი, კვებავს და ინახავს ან მოიხმარს ადამიანი, ასევე ცხოველები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ ველურ გარემოში, თუ მათი გამოკვება ხდება ცხოველის საკვებით; 
 
ლ) ბაზარზე განთავსება – ცხოველთა კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების გასაყიდად ქონა, მათ შორის, მესამე მხარისთვის გასაყიდად შეთავაზება, ან გადაცემის ნებისმიერი სხვა ფორმა, უფასოდ ან სასყიდლით, და გაყიდვა ან გადაცემის სხვა ფორმა;
 
მ) არასასურველი ნივთიერება/სუბსტანცია – ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია ან პროდუქტი (გარდა პათოგენური აგენტებისა), რომელიც გვხვდება პროდუქტში და/ან პროდუქტზე, რომელიც გამიზნულია ცხოველის საკვებად და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის ან შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს მეცხოველეობაზე;   
 
ნ) ცხოველის დაკვლისწინა საკვები – ცხოველის საკვები, რომლის ძირითადი მიზანია შეამციროს შეწოვისა და გამოშიგვნისას ტანხორცის ფეკალური დაბინძურების შესაძლებლობა.
 
მუხლი 3. ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების იმპორტი, ბაზარზე განთავსება და/ან გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება ჯანსაღი და ხარისხიანი და მისი სწორად გამოყენება არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის ან არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მეცხოველეობაზე. კერძოდ, ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები შეუსაბამოდ ჩაითვლება, თუ ცხოველის საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით („არასასურველი ნივთიერებების მაქსიმალური შემცველობა“) განსაზღვრულ მაქსიმალურ შემცველობას. 
 
მუხლი 4. 
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული არასასურველი ნივთიერებების შემცველობა ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებში დასაშვებია მხოლოდ დანართ №1-ით განსაზღვრული პირობების ფარგლებში.
 
2. ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებში არასასურველი ნივთიერებების წყაროების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, სააგენტომ, ბიზნესოპერატორებთან თანამშრომლობით, უნდა ჩაატაროს მოკვლევა არასასურველი ნივთიერებების წყაროების დასადგენად, თუ მაქსიმალურ შემცველობას აღემატება და თუ გამოვლინდა ამ ნივთიერებების მომატებული შემცველობა, საბაზისო მნიშვნელობის გათვალისწინებით. ერთგვაროვანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, მომატებული შემცველობის შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მოკვლევის ინიციირება სამოქმედო ზღურბლის დასადგენად ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის („ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამოქმედო ზღურბლი, რომელიც აინიცირებს გამოკვლევების ჩატარებას“) შესაბამისად. 
 
მუხლი 5. დაუშვებელია ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, რომლებშიც არასასურველი ნივთიერებების რაოდენობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრულ მაქსიმალურ შემცველობას, შერეული იყოს განზავების მიზნით ცხოველის იმავე ან ცხოველის სხვა საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებთან.
 
მუხლი 6. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები ცხოველის დამატებითი საკვების შესახებ, ცხოველის დამატებითი საკვები, ყოველდღიურ რაციონში მათი გამოყენებისათვის დადგენილი პროპორციის გათვალისწინებით, არ შეიძლება, აღემატებოდეს ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისთვის დადგენილ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული არასასურველი ნივთიერებების შემცველობას.
 
მუხლი 7. ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს არასასურველი ნივთიერებების არსებობასთან დაკავშირებით, არ ექვემდებარება რომელიმე სხვა შეზღუდვას ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტითა და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებითა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა. 
 
მუხლი 8
 
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება იმ ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი პროდუქტებისთვისაც, რომლებიც იწარმოება საქართველოში სხვა ქვეყნებში ექსპორტის მიზნით.
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ზეგავლენას არ ახდენს ქვეყნის უფლებაზე რეექსპორტის დაშვების შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 571 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 181 მუხლი.
 
მუხლი 9. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველის საკვებში გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, არ დაექვემდებაროს არასასურველი ნივთიერებების შემცველობასთან დაკავშირებულ სხვა შეზღუდვებს, გარდა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც დადგენილია ამ ტექნიკურ რეგლამენტსა და ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.
 
მუხლი 10. თუ არსებობს საფუძველი, რომელიც ეფუძნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ არსებული ინფორმაციის ხელახალ შეფასებას ან ახალ ინფორმაციას და აჩვენებს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული მაქსიმალური შემცველობა ან სხვა არასასურველი ნივთიერება, რომელიც დანართ I-ის ჩამონათვალში არ არის, საფრთხეს უქმნის გარემოს, ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობას, დასაშვებია, დროებით შემცირდეს ან დადგინდეს მაქსიმალური შემცველობა ან აიკრძალოს ამ არასასურველი ნივთიერების არსებობა ცხოველთა საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებში.