მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016836
62/04
15/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
220090000.18.011.016836
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №62/04

2024 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს კონკრეტულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში (შემდგომში – მისო) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი მისოები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ზ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

თ) ოფშორული ზონა – ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

ი) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;

კ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით; მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად;

ლ) საყოფაცხოვრებო გადახდები − კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების) და სატელეკომუნიკაციო (ტელეფონის, ტელევიზიის, მობილურის და ინტერნეტის) გადახდები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მისოს მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება მისოს მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც მისო მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.

5. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია მისოს მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე, ჯარიმების, საურავების და თამასუქზე დარიცხული სარგებლის (გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის თამასუქზე პროცენტის დარიცხვისა) შესახებ.

6. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა.

7. ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკების/მიკრობანკების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში. გამონაკლისს წარმოადგენს ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8. მისოს კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.

9. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (მისოს არსებული კლიენტის) ოპერაციების ჭრილში.

10. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც განახორციელეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, ასევე საყოფაცხოვრებო გადახდები.

11. ანგარიშგებაში მიკროლიზინგისა და ფაქტორინგის შესახებ აისახება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების თანხების ოდენობა, ხოლო სესხების გაცემის და მოზიდული სახსრების შემთხვევაში მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია.

12. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.

13. ვალუტის როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) ოპერაციების შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტისაგან მიღებული თანხის ოდენობა.

14. ვალუტის ყიდვა-გაყიდვისას, თუ ერთ-ერთი მხარის მიერ მაინც ხორციელდება ოპერაცია ნაღდი ფულით, ასეთი ტიპის ოპერაციები მისომ უნდა აღრიცხოს, როგორც ნაღდი ფორმით განხორციელებული კონვერტაცია.

15. მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ განხორციელებული ერთჯერადი ოპერაციები აისახება აღნიშნული პირის მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებთან ერთად.

16. ფორმებში არ აისახება ინფორმაცია ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა გაუქმებაც (უკან დაბრუნებაც) მოხდა მათი მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში, მათ განაღდებამდე (გამგზავნისათვის თანხის უკან დაბრუნებით).

17. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.

18. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, ფორმაში აისახება თანხის ის მოცულობა, რომელიც დარჩა კლიენტს ძველი სესხის ნაშთის გადაფარვის შემდგომ.

19. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 36-ე და 37-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

20. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია კლიენტთა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №9);

კ) ინფორმაცია ქეშ-ინტენსიური ბიზნეს პროფილის მქონე კლიენტთა შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და ნასესხები სახსრების შესახებ (ფორმა №11);

მ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №15);

ჟ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №16);

რ) ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №17).

მუხლი 5. ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ (ფორმა№1)

1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს მისოს დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში არსებული ფილიალების (სერვისცენტრების) რაოდენობისა და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობებისა და ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს განხორციელებული ადგილზე შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. ველში „ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს განხორციელებული ადგილზე შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

4. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

მუხლი 6. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით მისომ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ანგარიშგების ფორმა №2-ის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საანგარიშო პერიოდისთვის მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს იმ პირების შესახებ მონაცემებს, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.

4. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მისომ განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

6. ანგარიშგების ფორმა №2-ში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად, შესაბამის ფაქტორში აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახებ.

მუხლი 7. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მისოს მიერ განხორციელდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადდნენ მისოს თანამშრომელთან.

2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების ფორმა №3-ის შევსების მიზნით მისომ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

4. ანგარიშგების ფორმა №3-ში სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს მისოსთან საქმიანი ურთიერთობის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

მუხლი 8. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება კლიენტების მიერ და კლიენტის სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, 1 500 ლარამდე ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის კონვერტაციები (არავერიფიცირებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები) და ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებისა და საყოფაცხოვრებო გადახდების) შესახებ ინფორმაცია.

3. ველში, „ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით“, აისახება ინფორმაცია იმ ოპერაციების შესახებ, რომელთა მოცულობაც ერთჯერადი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

4. საბლანკო სესხის (მათ შორის, ოვერდრაფტი) შესახებ ინფორმაციის ასახვისას, არ აღირიცხება მონაცემები განვადებისა და საკრედიტო ბარათების, ასევე, ნებისმიერი სხვა ფორმით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ.

5. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით და ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით.

6. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდს და ძვირფას ლითონებს), ინფორმაცია აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში, რომელიც მისოს შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

7. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია იმ სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ განხორციელებულ ოპერაციათა ერთობლიობის შემთხვევაში, საბლანკო და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, ასევე, ანტიკვარიატით ან/და ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში − 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

8. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ მსესხებელი არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული/რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტი.

9. მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება (მათ შორის, როდესაც მესამე პირი არის იურიდიული პირის ჯგუფში შემავალი კომპანია/იურიდიული პირის დამფუძნებლის ან მისი ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული კომპანია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი. გრაფაში „მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები“ არ აისახება სამშენებლო/დეველოპერული კომპანიის სახელზე არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

10. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღალდებით და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება მესამე პირის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.

11. ნასესხები სახსრების შესახებ ინფორმაცია მოიცავს მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირებისგან მისოს მიერ მიღებულ სესხებს (მათ შორის, რეალიზებულ თამასუქებს).

12. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია იმ ობლიგაციების შესახებ, რომელთა რეალიზაცია ხდება კერძო შეთავაზების გზით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აისახება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან.

მუხლი 9. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება საანგარიშო პერიოდში, კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ, უნაღდო ფორმით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის (ფულადი გზავნილი) ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.

2. ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №5-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 10. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6)

1. ანგარიშგების ფორმა №6-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. სვეტში „სხვა“ აისახება ინფორმაცია კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით განხორციელებული იმ გარიგებების (პროდუქტის/მომსახურების ტიპის) შესახებ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ფორმის სხვა სვეტებით.

4. ანგარიშგების ფორმა №6-ში ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №6-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

5. ანგარიშგების ფორმა №6-ში, ველში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან მისოსთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.

მუხლი 11. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო მისო პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მისოსთან.

მუხლი 12. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8)

1. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №8 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც მისოსთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებსა და აუქციონის მომწყობ პირებს.

9. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

10. ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

11. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

12. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.

13. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

14. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.

15. ანგარიშგების ფორმა №8-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

16. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.

17. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

18. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.

19. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

20. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

21. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

22. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

23. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა მიერ განხორციელებული ოპერაციების ოდენობა (გარდა სესხისა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მეტია ან ტოლია 500 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის.

24. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

25. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

26. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე, მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

28. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ, ასევე იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან.

30. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

31. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

32. ანგარიშგების ფორმა №8-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა ბანკს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

33. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც მისომ საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ბრუნვის მოცულობაში აისახება, აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა.

34. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.

35. ანგარიშგების ფორმა №8-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

36. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №8-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც მისოს შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

37. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 36-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

38. მისოს მიერ ანგარიშგების ფორმა №8-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვ.) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ამავე ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

მუხლი 13. ინფორმაცია კლიენტთა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების ფორმა №9-ში, რეზიდენტობის და ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქვთ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები და სადაც მისო მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი.

2. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მისოს მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულებით.

3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის შემთხვევაში, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მისოს მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სხვა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში გადაცვლის შემთხვევაში, აისახება კლიენტის ვირტუალურ საფულეზე (wallet) არსებული იმ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება, რომლის გადაცვლაც ხორციელდება.

5. ანგარიშგების ფორმა №9-ში ასევე აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის კლიენტების ვირტუალურ საფულეებზე (wallet) კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში არსებული ნაშთების ღირებულების შესახებ.

6. ანგარიშგების ფორმა №9-ში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მისოსთან.

მუხლი 14. ინფორმაცია ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტთა შესახებ (ფორმა №10)

1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საანგარიშგებო პერიოდში ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

3. გასართობი კლუბები არ მოიცავს საბავშვო გასართობი ღონისძიებების მომწყობ ორგანიზაციებს.

4. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან ან/და მათ ნაწარმთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია ასევე მოიცავს საიუველირო სახლებსაც (მათ შორის, ე.წ. „ოქროს ბირჟებს“).

6. ანტიკვარულ ნივთებთან ან/და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირები მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირებისა.

7. სხვა ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის პირებში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალი/გასავალი) ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, მიუხედავად მათი საქმიანობისა.

მუხლი 15. ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების და ნასესხები სახსრების შესახებ (ფორმა №11)

1. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არსებული ნასესხები სახსრებისა და მისოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში მოზიდულ იქნა 100 000 (ასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის ფულადი სახსრები.

3. ანგარიშგების ფორმა №11-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ საწარმოთა შესახებ, რომელთა კაპიტალშიც მისო საანგარიშო პერიოდში ფლობს ან ფლობდა წილს (კაპიტალში ინვესტიციის თანხის ოდენობის მითითებით).

4. ანგარიშგების ფორმა №11-ში რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური.

მუხლი 16. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №12)

1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ „ზღვარს ზევით“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ანგარიშგების ფორმა №12-ში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.

მუხლი 17. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13)

1. ანგარიშგების ფორმა №13 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. მისომ, ანგარიშგების ფორმა №13-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ გარიგების მხარეები არიან მისოს კლიენტები, ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად).

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

მუხლი 18. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №14)

1. ანგარიშგების ფორმა №14 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. მისომ, ანგარიშგების ფორმა №14-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება სიაში მითითებული პროდუქტების/ოპერაციების ტიპების და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში/ოპერაციაში, გარიგების/ოპერაციის მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების ფორმა №14-ში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №14-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

მუხლი 19. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №15)

1. ანგარიშგების ფორმა №15-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების ფორმა №15-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.

3. ანგარიშგების ფორმა №15-ში, ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ამავე ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 20. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმ№16)

1. ანგარიშგების ფორმა №16-ში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხების) შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) მისომ.

2. ანგარიშგების ფორმა №16-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და მისოს მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.

3. ანგარიშგების ფორმა №16-ში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.

მუხლი 21. ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №17)

1. ანგარიშგების ფორმა №17-ში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან, ასევე, სხვა მისოსთან ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №17-ში ასევე აისახება მისოს სალაროში ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და სხვა მისოს მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

3. ოპერაციების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.

მუხლი 22. მისოს მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, მისო ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მისოში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისოსგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია კითხვარის სახით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 23. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. მისო ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი-ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი-დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. მისო, ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული მისოს ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მისოს მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მისოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, მისო ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 24. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, მისო ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. მისო ეროვნულ ბანკს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში.

5. ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მისოში არსებული პოლიტიკა-პროცედურები, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებები ეროვნულ ბანკს წარედგინება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. მისოსგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.

მუხლი 25. გარდამავალი დებულებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, ამ ბრძანებით დამტკიცებული რისკის ზედამხედველობის პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა.