„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4055-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 200230100.05.001.102242
4055-XIVმს-Xმპ
06/03/2024
ვებგვერდი, 14/03/2024
200230100.05.001.102242
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“.

3. პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“–„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა;

ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას;

ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება;

თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება;

ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას:

ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს;

ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისთვის არსებული ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.“.

4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში), აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

5. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და  ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.

2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;“;

გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ სასესხო დავალიანებების საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს შეადგენს;

დ)  ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმას;

ე) წინადადებებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ზ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით);

თ) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;

ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის მიზეზების აღწერის შესახებ.

შენიშვნა: მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა.“;

ე) მე-5−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. კომისია 2 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები და ვადები, დავალიანების დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის შესაბამის ოქმსა და ხელშეკრულების ასლს/ხელშეკრულებების ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისთვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.“.

6. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა;“.

8. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები“;

ბ) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:

ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები;  

ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს, წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანა (მათ შორის, თანხის გადახდის ვადისა და თანხის შემცირება). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე თანხმობა მისცეს, უფლება არ აქვთ, სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.

9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:

ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;

ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;

გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;

დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.

მუხლი 2

1. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მიმართ, რომლის რესტრუქტურიზაციის ვადა არ დამთავრებულა ამ კანონის ამოქმედებამდე, რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:

ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;

გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;

დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:

ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;

ბ) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხის იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

6 მარტი 2024 წ.

N4055-XIVმს-Xმპ