„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024427
35
22/02/2024
ვებგვერდი, 22/02/2024
280120000.10.003.024427
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2024 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ 93 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9​​3. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი

1. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი) დაუსაქმებელი წევრი (შემდგომში − მოსარგებლე) დასაქმდება „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (შემდგომში − ქვეპროგრამა) ფარგლებში და გაუფორმდება სოციალური ხელშეკრულება ან ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ (2022 წელი) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით დასაქმდება ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან სსიპ − შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდება თვითდასაქმებულად, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად შეუნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობა, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის:

ა) დაუსაქმებელი − ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი და ამავდროულად არ არის რეგისტრირებული თვითდასაქმებული;

ბ) თვითდასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს ის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ზე შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთვის მიწოდებული იქნება სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება:

ა) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შემთხვევაში, სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების დღიდან;  

ბ) სსიპ − შემოსავლების  სამსახურის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვიდან, იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ (2022 წელი), მოსარგებლე:

ბ.ა) დაუსაქმებელი დასაქმდება ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე, რაც გულისხმობს სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავლის არანაკლებ 175 ლარის ოდენობით დაფიქსირებას;

ბ.ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემებით დარეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად და დაუფიქსირდება წლიური ერთობლივი შემოსავალი არანაკლებ 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარისა;

ბ.გ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემებით დარეგისტრირდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით:

ა) სააგენტო უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, ან სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლის შემთხვევებისა, ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობით სარგებლობის უფლება ოჯახს აქვს ერთჯერადად, საშეღავათო პირობების დაწყებიდან მომდევნო ოთხი წლის დასრულებამდე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების შეწყვეტა, გარდა ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება:

ა) საშეღავათო პირობების მოქმედების დადგენილი ვადის გასვლის დღიდან;

ბ) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში – სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან ინფორმაციის მიღების დღიდან;

გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც სარეიტინგო ქულათა ოდენობიდან გამომდინარე ოჯახი ვეღარ მოიპოვებს საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლებას - სარეიტინგო ქულის მინიჭების დღიდან;

დ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან, როდესაც მოსარგებლე  აღარ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად ან, რეგისტრაციის მიუხედავად, წლიური ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარზე, ან აღარ არის რეგისტრირებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად, ან აღარ არის დასაქმებული ღია შრომის ბაზარზე და წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი;

ე) როდესაც ოჯახის ის წევრი, რომლის გამოც ოჯახზე გავრცელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები:

ე.ა) აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;

ე.ბ) გარდაიცვალა − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;

ე.გ) სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;

ე.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისას − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;

ე.ე) აღარ მიეკუთვნება ოჯახის შემადგენლობას − დადასტურებული ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო თვიდან;

ვ) ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე − განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან.

9. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს წარმოეშობა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის რომელიმე საფუძველი, მაგრამ ოჯახის სხვა წევრს (წევრებს) დამატებით მოპოვებული ჰქონდა (ჰქონდათ) ამ მუხლის პირველი პუნქტით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილების ფარგლებში გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელების უფლება, ოჯახს უგრძელდება საშეღავათო პირობები, ოჯახზე ამ საშეღავათო პირობების პირველადი გავრცელების პერიოდის ვადის ათვლის დაწყების გათვალისწინებით, რაც ერთიანობაში არ უნდა აღემატებოდეს საშეღავათო 4-წლიან პერიოდს. საშეღავათო პირობების 4-წლიანი ვადის ახლიდან ათვლა არ ხორციელდება.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს უფლება აქვს, ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების მოქმედება და ხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს აღუდგება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე