საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016179
53
20/02/2024
ვებგვერდი, 21/02/2024
310020000.55.067.016179
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №53

2024 წლის 20 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“.
მუხლი 2
ამ წესის ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის სერტიფიკატი მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ არ არსებობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების შეჩერების/შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2020 წლის 4 აგვისტოს №10 ბრძანება „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი



აკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების პროცედურას და პირობებს, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს, აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობაზე მონიტორინგსა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესსა და პირობებს.

2. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ (შემდგომში – კანონი) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის შესახებ კონვენციის“ – MLC, 2006 (შემდგომში – კონვენცია) შესაბამისად.

3. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს მეზღვაურთა დასაქმების სრულყოფილი და ხელმისაწვდომი სისტემის ფორმირება და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვა.

4. ყოველი მეზღვაური უფლებამოსილია ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე სარგებლობდეს დასაქმების, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით.

5. საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) აღიარების საფუძველზე.

6. საკრუინგო საქმიანობის განმახორცილებელი პირის აღიარების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც გემთმფლობელის სახელით ან მის სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის, კონვენციისა და ამ წესის მოთხოვნებს.

7. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.  მონიტორინგის მიზანია საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით, და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან.

8. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

9. სააგენტო აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე – www.mta.gov.ge.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონითა და კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების არსი

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება გულისხმობს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა, აღიარება და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაასაქმოს მეზღვაური.

2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების პროცესში სააგენტო ადგენს სერტიფიკატის მაძიებლის შესაძლებლობას, განახორციელოს მეზღვაურის დასაქმება ამ წესითა და კანონით დადგენილი აღიარებისთვის მოთხოვნილი მახასიათებლებისა და პირობების შესაბამისად.

მუხლი 4. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების განცხადება და მისი განხილვის წესი

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა აღიარების მოსაპოვებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება (შემდეგში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს  შემდეგი დოკუმენტაცია:  

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებულ ყველა ცვლილებას;

ბ) ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, რომელიც უნდა ასახავდეს საკრუინგო საქმიანობის მაიდენტიფიცირებელ კოდს „საკრუინგო საქმიანობა“ კოდით – 78.10.1.;

გ) გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მეზღვაურების დასაქმებისთვის განსაზღვრული გემის/გემების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:

გ.ა) გემის სახელი;

გ.ბ) გემის საიდენტიფიკაციო/IMO ნომერი;

გ.გ) გემის ტიპი;

გ.დ) დროშა;

დ) მეზღვაურსა და გემთმფლობელს შორის გასაფორმებელი ინდივიდუალური ან/და კოლექტიური ხელშეკრულების ნიმუში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კანონით და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) დოკუმენტური დასაბუთება, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს გააჩნია მეზღვაურთა საჩივრების განხილვის პროცედურა;

ვ) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს გააჩნია შესაბამისი  ადმინისტრაციული  შენობა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების საწარმოებლად;

ზ) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ, ორი პირი, რომელსაც გააჩნია საზღვაო განათლება, გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან პირი, რომელსაც მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლის სტაჟი;

თ) იმ პირის ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება ხელი მოაწეროს მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში საწარმოებელ დოკუმენტაციას და ამ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ნასამართლობის შესახებ ცნობა, გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმაზედ, რომ აღნიშნული პირი არ არის ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბების, ბლანკის, ბეჭდის ნიმუშის ან ყალბი დოკუმენტების დამზადება-გავრცელების კუთხით;

კ) თუ საკრუინგო კომპანიის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრი ან უფლებამოსილი  წარმომადგენელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენისა, ასევე უნდა წარმოადგინოს მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობა იმაზედ, რომ აღნიშნული პირი არ არის ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბების, ბლანკის, ბეჭდის ნიმუშის ან ყალბი დოკუმენტების დამზადება გავრცელების კუთხით;

ლ)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების შესახებ“ (შემდგომში –  საფასურის წესი) განსაზღვრული გადახდის ქვითარი;

მ) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებლი პირის ხარისხის მართვის მოქმედი სერტიფიკატი;

ნ) დოკუმენტური დასაბუთება, რომ მეზღვაურთა დასაქმების პროცესში მეზღვაურთა პირადი მონაცემების შენახვა, მათი დაცვა და მონაცემთა ბაზების წარმოება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამის უზრუნველსაყოფად საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს გააჩნია შესაბამისი პროცედურა;

ო) დოკუმენტური დადასტურება, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს გააჩნია მეზღვაურთა დაზღვევის ან საბანკო გარანტიით დაცვის სისტემა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარი განხილვა და შეფასება

1. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა სააგენტოში ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მისი მიზნია დადგინდეს განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესთან და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამ) თვეს, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი ან ინფორმაცია.

მუხლი 6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება

1. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.

2. წარმოდგენილი განცხადების საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არის 5 წელი.

4. აღიარების სერტიფიკატის მქონე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი აღიარების სერტიფიკატის ვადის გასვლამდე სულ მცირე 3 (სამი) თვით ადრე მიმართავს სააგენტოს აღიარების სერტიფიკატის მისაღებად წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

5. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის სახელის ცვლილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს აღიარების ახალ სერტიფიკატს, რომლის გაცემამდე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დააბრუნოს ძველი სერტიფიკატი და ახალი სერტიფიკატის გაცემის საფასური განისაზღვრება საფასურის წესის მიხედვით.

6. დაუშვებელია აღიარების განაცხადი სააგენტოში წარმოადგინოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა, რომლის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრი ან უფლებამოსილი  წარმომადგენელი იყო წინათ იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრი ან უფლებამოსილი  წარმომადგენელი, რომელსაც სააგენტომ წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყვიტა აღიარება.

მუხლი 7. აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებაზე უარს აცხადებს თუ:

ა) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და მასზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესის მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული მაძიებლის მიერ;

ბ) მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესისა და კანონის მოთხოვნებს;

გ) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია;

დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.

მუხლი 8. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის შეჩერება და შეწყვეტა

1. სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღიარების სერტიფიკატის მფლობელი არღვევს კონვენციისა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზი არ გამოსწორდება დადგენილ ვადაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. აღიარების სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი.

3. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში აღიარების სერტიფიკატის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას თანდართული მტკიცებულებით, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობა არაგეგმური შემოწმებით ან მის გარეშე.

4. აღიარების სერტიფიკატის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

ა) აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) თუ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი აღარ შეესაბამება წინამდებარე წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

გ) თუ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა წარადგინა მცდარი ან ცრუ ინფორმაცია სააგენტოში;

დ) აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირის ლიკვიდაცია;

ე) აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირის მოთხოვნა;

ვ) წინამდებარე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

5. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სააგენტოს გადაწყვეტილების შეტყობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დააბრუნოს აღიარების სერტიფიკატი.

6. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია ხელახლა შეიტანოს განაცხადი აღიარების მოთხოვნით, აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.

7. სააგენტო ოფიციალურად აქვეყნებს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.

8. წინამდებარე წესიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, გარდა ყოველწლიური მონიტორინგის განხორციელებისა, ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და ამასთან განუწყვეტლივ ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მეზღვაურთა შრომის, განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების სფეროში;

ბ) დაასაქმოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს კანონის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გ) შეამოწმოს დასასაქმებელი პირის კვალიფიკაცია და ყალბი  დოკუმენტაციის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

დ) აწარმოოს და მუდმივად განაახლოს შერჩეული და დასაქმებული მეზღვაურების მონაცემთა ბაზა, რომელიც სულ მცირე მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

დ.ა) მეზღვაურის სახელი და გვარი;

დ.ბ) მეზღვაურის ნომერი და პირადი ნომერი;

დ.გ) მეზღვაურის დაბადების თარიღი;

დ.დ) გემის მონაცემები (გემის სახელი, ტიპი, IMO ნომერი, დროშა, ტევადობა, სიმძლავრე), რომელზეც დასაქმებულია თითოეული მეზღვაური;

დ.ე) ნაოსნობის პერიოდი (დანიშვნის თარიღი, დათხოვნის თარიღი);

დ.ვ) რანგი;

ე) შეინახოს მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი, სავალდებულო წვრთნის გავლის და სამედიცინო შემოწმების შესახებ დოკუმენტაცია და შრომითი ხელშეკრულების ასლები;

ვ) შეინახოს ინფორმაცია დასაქმებული მეზღვაურების ნაოსნობის სტაჟის შესახებ და მეზღვაურთა საბუთების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია;

ზ) აქტიურად იყოს ჩართული გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების პროცესში;

თ) დასაქმებამდე დეტალურად გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე, ასევე მიაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა მეზღვაურმა თავად გასწიოს დასაქმების პროცესში და  რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, მოქალაქის პასპორტის ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტების მისაღებად გასაწევ ხარჯებს;

ი) უზრუნველყოს  უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში მყოფი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა და რომ მეზღვაური დაცული იქნება უცხო ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენის საფრთხისგან;

კ) გააცნოს მეზღვაურს გემთმფლობელის ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის წინააღმდეგ პოლიტიკა (Company’s  D&A policy);

ლ) გააცნოს მეზღვაურს მეზღვაურთა დისციპლინური (Disciplinary process) და გემიდან დათხოვნის პროცესთან (Dismissal process) დაკავშირებული საკითხები;

მ) უზრუნველყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და დაუკმაყოფილებელი საჩივრის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ნ) ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ მიაწოდოს სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ, სააგენტოს მიერ მიწოდებული (რეგისტრირებული) ფორმის შესაბამისად;

ო) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიერ აღიარების პირობების მონიტორინგის ფუნქციის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებასთან;

პ) საკრუინგო საქმიანობის განხორციელებისას სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს  დაუსაბუთებლად არ განუცხადოს უარი დასაქმებაზე;

ჟ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ, ორი პირი, რომელსაც გააჩნია საზღვაო განათლება, გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან პირი, რომელსაც მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლის სტაჟი;

რ) უზრუნველყოს წელიწადში სულ მცირე 10 (ათი) მეზღვაურის დასაქმება; 

ს) უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;

ტ) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ორიგინალის 2 ეგზემპლარად  მიწოდება: 1 გემზე წარსადგენად, მე-2 მეზღვაურისთვის, ხოლო ასლი შეინახოს საკუთარ ბაზაში;

უ) დარწმუნდეს, რომ შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს;

ფ)  გააჩნდეს მეზღვაურთა დაზღვევის ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით დაცვის სისტემა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;

ქ) ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის დადებული ავანსის გაცემის შესახებ გარიგებიდან ან სხვა ფინანსური გარიგებიდან, რომელსაც ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი;

ღ) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს სააგენტოს:

ღ.ა) აღიარების სერტიფიკატის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების ფაქტი;

ღ.ბ) ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,  „გ“, „ვ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ დოკუმენტების წარდგენის გზით, რომლებიც ადასტურებენ ამ ცვლილებებს;

ღ.გ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი წყვეტს/დროებით აჩერებს მის საქმიანობას;

ყ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს მეზღვაურთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ფაქტისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 10. მონიტორინგი

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის  საქმიანობაზე მონიტორინგს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის  საქმიანობაზე მონიტორინგი ითვალისწინებს აღიარების სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას.

3. სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისობის შემოწმებას საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთან ვიზიტით.

4. სააგენტო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს დაუგეგმავი შემოწმება, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ხარისხის მართვის სისტემაში დაფიქსირებული შეუსაბამობები პირდაპირ უკავშირდება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესს.

მუხლი 11. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად.

2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ გამოიყენოს მეზღვაურის სხვა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 13.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირები, რომელთაც ამ წესის ამოქმედებამდე მოპოვებული აქვთ სააგენტოს აღიარება, ვალდებულნი არიან 2024 წლის 1 ივლისამდე ამ წესთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა და განახლებული დოკუმენტაცია წარუდგინონ სააგენტოს.

2. სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მონიტორინგი შეჩერდება 2024 წლის 1 ივლისამდე.