ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024414
22
29/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
240110000.10.003.024414
ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების  წესი“.
მუხლი 2
1.  დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-16 და მე-18 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე

განთავსება და გამოყენების წესი

თავი I

მიზანი, მოქმედების სფერო და განმარტებები


მუხლი 1. მიზანი

1. „ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს დამატებით სპეციალურ მოთხოვნებს ცხოველის სამკურნალო საკვებსა და შუალედურ პროდუქტებთან დაკავშირებით და გამოიყენება „ტექნიკური რეგლამენტი ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილებით, „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის  №173 დადგენილებითა და „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად.

2. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას,  „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების დანართებით (ნუსხებით) განსაზღვრული საქონლის მიმართ.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების:

ა) წარმოება, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე;

ბ) ბაზარზე განთავსებასა, მათ შორის იმპორტსა და გამოყენებაზე;

გ) ექსპორტზე, თუმცა, ამ წესის მე-9, მე-16-მე-18 მუხლები არ ვრცელდება ცხოველის სამკურნალო საკვებსა და შუალედურ პროდუქტებზე, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი განკუთვნილია ექსპორტისთვის.

2. ეს წესი არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პროდუქტები შედის ცხოველის სამკურნალო საკვებში ან შუალედურ პროდუქტში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველის საკვები – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება) ან პროდუქტი, მათ შორის, ცხოველის  საკვები დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;

ბ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, მოგებით თუ მოგების გარეშე, კერძო ან საჯარო, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ოპერაციასთან, მათ შორის, ცხოველის საკვების ნებისმიერი მწარმოებელი, გადამამუშავებელი ან შემნახველი, რომელიც თავის სადგომში  კვებავს ცხოველებს;

გ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;

დ) ცხოველის საკვები დანამატები – ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, გარდა ცხოველის საკვების მასალებისა და პრემიქსებისა, რომლებიც გამიზნულად ემატება ცხოველის საკვებს ან წყალს სხვადასხვა ფუნქციის, კერძოდ, „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ფუნქციის შესასრულებლად;

ე) დღიური რაციონი – ცხოველის საკვების  საერთო საშუალო რაოდენობა, რომელიც გამოითვლება 12%-იანი ტენიანობის შემცველობისას და ყოველდღიურად საჭიროა მოცემული სახეობის, ასაკისა და პროდუქტიულობის ცხოველისთვის, მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

ვ) საწარმო – ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი საწარმოო ერთეული;

ზ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები (ნივთიერებები) (მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად,  უშუალოდ ასეთი საკვებით, ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით;

თ) სასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის წარმოებისათვის, მათ შორის, ცხოველები, რომლებიც არ გამოიყენება ადამიანისათვის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მაგრამ მიეკუთვნებიან იმ ჯიშს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის გამოიყენება ქვეყანაში;

ი) არასასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება, მაგრამ არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, როგორიცაა: საბეწვე ცხოველები, შინაური ბინადარი ცხოველები და ლაბორატორიაში, ზოოპარკში ან ცირკში არსებული ცხოველები;

კ) საბეწვე ცხოველი – არასასურსათო დანიშნულების ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ბეწვის საწარმოებლად და რომელიც არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;

ლ)  ცხოველის კომბინირებული საკვები – ცხოველის საკვების მასალის არანაკლებ ორი შენარევი (მიუხედავად მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობისა), რომელიც გამოიყენება ცხოველის ორალურ კვებაში სრულყოფილი (დაბალანსებული) ან დამატებითი საკვების სახით;

მ) სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც თავისი შემადგენლობით აკმაყოფილებს ცხოველის დღიურ რაციონს;

ნ) დამატებითი საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელსაც გარკვეული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ მისი შემადგენლობის გამო დღიური რაციონისათვის საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სხვა საკვებთან ერთად;

ო) მინერალური საკვები – დამატებითი საკვები, რომელიც შეიცავს არანაკლებ 40% ნედლ ნაცარს;

პ) შენახვის მინიმალური ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც (შენახვის შესაბამის პირობებში) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი გარანტიას იძლევა, რომ ცხოველის საკვები შეინარჩუნებს მის თვისებებს; შეიძლება მითითებულ იქნეს ცხოველის საკვების, როგორც მთლიანის, მხოლოდ ერთი შენახვის მინიმალური ვადა და ამგვარი ვადა განისაზღვრება მისი თითოეული კომპონენტის შენახვის მინიმალური ვადის საფუძველზე;

ჟ) პარტია ან ლოტი – ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელსაც შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვს: წარმოშობა, ნაირსახეობა, შეფუთვის სახე, შემფუთავი, გამომგზავნი ან ეტიკეტირება და წარმოების პროცესის შემთხვევაში – ერთიანი საწარმოო პარამეტრებით დამზადებული, ერთ საამქროში წარმოებული ერთეული ან ამგვარი ერთეულები, თუ ისინი იწარმოება უწყვეტად და ინახება ერთად;

რ) ეტიკეტირება – ნებისმერი სიტყვის, მონაცემის, სავაჭრო ნიშნის, საფირმო დასახელების, ბრენდის დასახელების, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ელემენტის ან სიმბოლოს მინიჭება ცხოველის საკვებისათვის და აღნიშნული ინფორმაციის ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ისეთ საშუალებაზე განთავსება, როგორიცაა: შეფუთვა, კონტეინერი, შეტყობინება, ეტიკეტი, დოკუმენტი, რგოლი, საყელური ან ინტერნეტი (მათ შორის, სარეკლამო მიზნებისათვის);

ს) ეტიკეტი – ნებისმიერი იარლიყი, ბრენდი, ნიშანი, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ან სხვა აღწერილობითი ელემენტი, რომელიც წერილობითი, ნაბეჭდი, ნახატი, ამოტვიფრული ან მიმაგრებული ფორმით წარმოდგენილია ცხოველის საკვების შეფუთვაზე ან კონტეინერზე;

ტ) ვეტერინარული პრეპარატი – ნებისმიერი ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომელიც პასუხობს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილს:

ტ.ა) ცხოველებში დაავადების სამკურნალო ან პრევენციის თვისებების მქონეა;

ტ.ბ) ცხოველებში გამოიყენება/ინიშნება ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, კორექტირების ან მოდიფიკაციისთვის ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური მოქმედების გამო;

ტ.გ) გამოიყენება ცხოველებში სამედიცინო დიაგნოზის დასასმელად;

ტ.დ) გამოიყენება ცხოველების ევთანაზიისთვის;

უ) აქტიური ნივთიერება (სუბსტანცია) – ნებისმიერი ნივთიერება (სუბსტანცია) ან მათი ნარევი, რომელიც გამიზნულია ვეტერინარული პრეპარატის წარმოებაში გამოსაყენებლად და გამოყენებისას ხდება ამ პროდუქტის აქტიური ინგრედიენტი;

ფ) იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატი − ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხოველებში აქტიური ან პასიური იმუნიტეტის გამომუშავების ან იმუნური მდგომარეობის განსაზღვრისათვის;

ქ) ანტიჰელმინთური საშუალება – ნივთიერება/სუბსტანცია, რომელიც კლავს ან აფერხებს პარაზიტების განვითარებას და გამოიყენება პარაზიტებით გამოწვეული ან გადაცემული ინფექციის, ინვაზიის ან დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის, მათ შორის, დამაფრთხობელი მოქმედების მქონე ნივთიერებები/სუბსტანციები;

ღ) ანტიბიოტიკი – ბაქტერიებზე პირდაპირი ზემოქმედების უნარის მქონე ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია, რომელიც გამოიყენება ინფექციების ან ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის;

ყ) ანტიმიკრობული საშუალებები – მიკროორგანიზმებზე პირდაპირი ზემოქმედების უნარის მქონე ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, ანტიფუნგიციდური ან ანტიპროტოზოული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების ან ინფექციური დაავადების მკურნალობისთვის ან პრევენციისთვის;

შ) მეტაფილაქსია – ცხოველთა ჯგუფის ნაწილში  კლინიკური დაავადების დიაგნოზის დადგენის შემდეგ ცხოველთა ჯგუფისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა, კლინიკურად დაავადებული ცხოველების მკურნალობისთვის და დაავადების გავრცელების კონტროლის მიზნით მათთან მჭიდრო კონტაქტში და რისკის ქვეშ  მყოფ ცხოველებზე, რომლებიც შეიძლება უკვე იყოს სუბკლინიკურად ინფიცირებული;

ჩ) პროფილაქტიკა – დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა, დაავადების ან ინფექციის გაჩენის თავიდან ასაცილებლად;

ც) ლოდინის პერიოდი − პერიოდი ვეტერინარული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებასა და ამ ცხოველებიდან მიღებული სასურსათო პროდუქტების წარმოებას შორის, რომელიც გამოყენების ნორმალურ პირობებში აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთი სურსათი არ შეიცავდეს მომხმარებლისთვის საზიანო რაოდენობით ნარჩენს/ნაშთს;

ძ) ცხოველის სამკურნალო საკვები – ცხოველის საკვები, რომელიც მზად არის   ცხოველების საკვებად პირდაპირ გამოყენებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე, და შედგება ერთი ან მეტი ვეტერინარული პრეპარატის ან შუალედური პროდუქტის ერთგვაროვანი ნარევისგან ცხოველის საკვებ მასალებთან ან კომბინირებულ საკვებთან ერთად;

წ) შუალედური პროდუქტი – ცხოველის საკვები, რომელიც არ არის მზად   ცხოველების საკვებად პირდაპირი გამოყენებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე და შედგება ერთი ან მეტი ვეტერინარული პრეპარატის ჰომოგენური ნარევისგან საკვებ მასალებთან ან კომბინირებულ საკვებთან ერთად, რომელიც ექსკლუზიურად გამიზნულია ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებაში გამოსაყენებლად;

ჭ) ცხოველის არამიზნობრივი საკვები – ცხოველის საკვები, სამკურნალო ან არასამკურნალო, რომელიც არ არის გამიზნული, რომ შეიცავდეს კონკრეტულ აქტიურ ნივთიერებას;

ხ) ჯვარედინი დაბინძურება – ცხოველის არამიზნობრივი საკვების დაბინძურება აქტიური ნივთიერებით, რომელიც წარმოიქმნება ობიექტის ან აღჭურვილობის წინა გამოყენების შედეგად;

ჯ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ  მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ჰ) მობილური მიქსერი – ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ცხოველის საკვების საწარმოთი, რომელსაც ცხოველის სამკურნალო საკვების საწარმოებლად გააჩნია სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება;

1)  ფერმის მიქსერი  ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ცხოველის სამკურნალო საკვებს ექსკლუზიურად მის ფერმაში გამოყენებისთვის;

2) ვეტერინარული რეცეპტი ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის – ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის ვეტერინარის მიერ გაცემული დოკუმენტი;

3) რეკლამა – ცხოველის სამკურნალო საკვებთან და შუალედურ პროდუქტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით წარდგენა, რათა ხელი შეუწყოს ცხოველის სამკურნალო საკვების რეცეპტის გამოწერას ან გამოყენებას, რომელიც მოიცავს აგრეთვე ნიმუშების მიწოდებას და სპონსორობას;

4) ცხოველის მომვლელი – ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მუდმივად  ან დროებით პასუხისმგებელია ცხოველებზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

თავი II

წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბაზარზე განთავსება

 

მუხლი 4. ზოგადი ვალდებულებები

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს, შეინახოს, უზრუნველყოს ტრანსპორტირება და ბაზარზე განათავსოს ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები ამ წესის დანართ №1-ის „სპეციფიკური მოთხოვნები ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორისთვის ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად“ შესაბამისად.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ფერმერზე, რომელიც ცხოველის სამკურნალო საკვებს  ყიდულობს, ინახავს ან უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მხოლოდ მის ფერმაში ექსკლუზიური გამოყენებისთვის. ასეთ ფერმერებზე ვრცელდება  ამ წესის  დანართი №1-ის მე-5 ნაწილი.

მუხლი 5. შემადგენლობა

1. ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები მზადდება მხოლოდ ვეტერინარული პრეპარატებისგან (მათ შორის იმ ვეტერინარული პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განკუთვნილია რეგისტრაციით განსაზღვრულ პირობებს მიღმა  არასასურსათო დანიშნულების, სასურსათო დანიშნულების ხმელეთისა და სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველებისთვის), რომლებიც რეგისტრირებულია ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებისთვის ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტს, უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ცხოველის სამკურნალო საკვები ან შუალედური პროდუქტი წარმოებულია სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ან, ამ წესის მე-8 მუხლში მითითებულ შემთხვევებში, პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობის თანახმად, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვებში ინკორპორირებულ (ჩასართავ) ვეტერინარულ პრეპარატებთან; პირობები უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მოთხოვნებს ვეტერინარულ პრეპარატსა და ცხოველის საკვებს შორის ცნობილ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება შეაფერხოს ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის უსაფრთხოება ან ეფექტურობა;

ბ) ცხოველის საკვები დანამატი, რომელიც ავტორიზებულია, როგორც კოკციდიოსტატი ან ჰისტომონოსტატი, რომლის მაქსიმალური შემცველობა დადგენილია შესაბამის რეგისტრაციის მოწმობაში, არ არის ინკორპორირებული (ჩართული) ცხოველის სამკურნალო საკვებში ან შუალედურ პროდუქტში, თუ ის უკვე გამოყენებულია, როგორც აქტიური ნივთიერება ვეტერინარულ პრეპარატში;

გ)  თუ ვეტერინარულ პრეპარატში აქტიური ნივთიერება იგივეა, რაც ცხოველის საკვებ დანამატის შემცველ საკვებში, ამ აქტიური ნივთიერების მთლიანი შემცველობა ცხოველის სამკურნალო საკვებში არ უნდა აღემატებოდეს ვეტერინარულ რეცეპტში  ან ამ წესის მე-8 მუხლში მითითებულ შემთხვევებში პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობით დადგენილ მაქსიმალურ შემცველობას;

დ) ცხოველის სამკურნალო საკვები ან შუალედური პროდუქტი სათანადოდ შენახულია, როდესაც ცხოველის საკვებში ინკორპორირებულია (ჩართულია) ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც  შერეულია მასთან და ქმნის სტაბილურ ნარევს ცხოველის სამკურნალო საკვების მთლიანი შენახვის ვადის განმავლობაში და დაცულია ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადა.  

3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწვდის ცხოველის მომვლელს ცხოველის სამკურნალო საკვებს, უნდა უზრუნველყოს ცხოველის სამკურნალო საკვების შესაბამისობა ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვეტერინარულ რეცეპტთან.

მუხლი 6. ჰომოგენობა

ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს, უნდა უზრუნველყოს ვეტერინარული პრეპარატის ჰომოგენური განაწილება ცხოველის სამკურნალო საკვებსა და შუალედურ პროდუქტში.

მუხლი 7. ჯვარედინი დაბინძურება

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს, ინახავს, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ან განათავსებს ბაზარზე ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ზომები უნდა გამოიყენოს ჯვარედინი დაბინძურების  თავიდან აცილებისთვის.

2. ცხოველის არამიზნობრივ საკვებში ჯვარედინი დაბინძურების მაქსიმალური შემცველობა განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №1-ით „არასასურველი ნივთიერებების მაქსიმალური შემცველობა“ მე-7 ნაწილით „ცხოველის არამიზნობრივ საკვებში ცხოველის ავტორიზებული საკვები დანამატების გარდაუვალი გადატანა“.

3.  ვეტერინარულ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებისთვის, რომელიც იგივეა, რაც ცხოველის საკვების დანამატში შემავალი ნივთიერება, ჯვარედინი დაბინძურების მაქსიმალური შემცველობა ცხოველის არამიზნობრივ საკვებში უნდა შეესაბამებოდეს ცხოველის საკვების დანამატის მაქსიმალურ შემცველობას სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში, რომელიც დადგენილია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების რეესტრით (https://food.ec.europa.eu/safety/animal-feed/feed-additives/eu-register_en).

მუხლი 8 . მოსალოდნელი წარმოება

1. ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების წარმოება და ბაზარზე განთავსება შესაძლებელია, მაგრამ დაუშვებელია მისი მიწოდება ცხოველის მფლობელისთვის  ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული ვეტერინარული რეცეპტის გაცემამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება:

ა) ფერმის მიქსერებსა და მობილურ მიქსერებზე;

ბ) ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოებაზე, რომელშიც ინკორპორირებულია (ჩართულია) ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განკუთვნილია გამოსაყენებლად  რეგისტრაციით განსაზღვრული პირობებს მიღმა არასასურსათო დანიშნულებისა და სასურსათო დანიშნულების ხმელეთის ცხოველებისთვის.

მუხლი 9. ეტიკეტირების სპეციფიკური მოთხოვნები

1. ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №3-ს − „ეტიკეტირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად“. გარდა ამისა, ცხოველის საკვები მასალის ან კომბინირებული საკვების შემცველ ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტებისთვის  გამოიყენება „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილებით ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებისთვის  განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნები.

2. თუ  პაკეტის ნაცვლად გამოიყენება კონტეინერი, მას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ცხოველის სამკურნალო საკვებსა ან შუალედური პროდუქტის აქტიური ნივთიერების ეტიკეტირებულ შემცველობასა  და სახელმწიფო კონტროლის დროს მიღებულ შემცველობას შორის ნებადართული ტოლერანტობის სხვაობა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის  დანართ №4 -ს „დასაშვები ტოლერანტობა ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით“.

მუხლი 10. შეფუთვა

1. ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები ბაზარზე უნდა განთავსდეს მხოლოდ დალუქულ პაკეტში ან კონტეინერში/ტარაში. პაკეტი ან კონტეინერი/ტარა უნდა იყოს დალუქული ისე, რომ პაკეტის ან კონტეინერის/ტარის გახსნისას ლუქი დაზიანდეს და შეუძლებელი იყოს ლუქის განმეორებით გამოყენება. პაკეტი არ უნდა იქნეს განმეორებით გამოყენებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება მობილურ მიქსერზე, რომელიც უშუალოდ აწვდის ცხოველის სამკურნალო საკვებს ცხოველის მომვლელს.

მუხლი 11. ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტის რეკლამა

1. აკრძალულია ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების რეკლამა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ვეტერინარებისთვის რეკლამაზე.

2. რეკლამა არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი ან გამოიწვიოს ცხოველის სამკურნალო საკვების არასწორად გამოყენება.

3. ცხოველის სამკურნალო საკვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სარეკლამო მიზნებისთვის, გარდა ნიმუშების მცირე რაოდენობისა.

4. ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატების შემცველი ცხოველის  სამკურნალო საკვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სარეკლამო მიზნებისთვის ნიმუშად ან ნებისმიერ სხვა პრეზენტაციაში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ნიმუშები სათანადოდ უნდა იქნეს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ ისინი ნიმუშებია და პირდაპირ გადაეცემა ვეტერინარებს დაფინანსებული ღონისძიებების დროს ან გაყიდვების წარმომადგენლების მიერ,  ვიზიტების დროს.

მუხლი 12. იმპორტი

ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს  ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების საქართველოში იმპორტს, უნდა უზრუნველყოს, რომ ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ამ სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოებისთვის, ნებადართულია გამოსაყენებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

საწარმოს აღიარება

მუხლი 13.  აღიარების ვალდებულებები

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს, ინახავს, ახორციელებს ტრანსპორტირებას ან ბაზარზე განათავსებს ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს, უნდა უზრუნველყოს მის კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოს აღიარება სააგენტოს მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ცხოველის საკვების იმ ბიზნესოპერატორზე:

ა) რომელიც მხოლოდ ყიდულობს, ინახავს ან ახორციელებს ცხოველის სამკურნალო საკვების ტრანსპორტირებას ექსკლუზიურად თავის ფერმაში გამოყენებისთვის;

ბ) რომელიც მოქმედებს, როგორც მხოლოდ მოვაჭრე, ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების თავიანთ შენობაში ფლობის გარეშე;

გ) რომელიც ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს მხოლოდ ინახავს ან ახორციელებს ტრანსპორტირებას  დალუქულ პაკეტებსა ან კონტეინერებში.

3. სააგენტომ უნდა მიანიჭოს აღიარება საწარმოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ვიზიტმა, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე, აჩვენა, რომ არსებული სისტემა ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების ან ბაზარზე განთავსებისთვის აკმაყოფილებს ამ წესის II თავით განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებს.

4. შინაური ბინადარი ცხოველების სამკურნალო საკვების საცალო მოვაჭრე და საბეწვე ცხოველების მფლობელი, რომლებიც ცხოველებს კვებავენ სამკურნალო საკვებით, ვალდებულები არიან, მიმართონ სააგენტოს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და სააგენტო ვალდებულია აწარმოოს მათ შესახებ რეესტრი.

მუხლი 14. აღიარებული საწარმოების რეესტრი

ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებული საწარმოები აღირიცხება „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის  №173 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ (შემდგომში – „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“) მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეესტრში, ამავე დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული ინდივიდუალური აღიარების ნომრის შეტანით.

მუხლი 15. აღიარებისა და რეგისტრაციის მოთხოვნებისთვის გარდამავალი პერიოდი

1. საწარმო, რომლის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის მოქმედების სფეროს და აღიარებულია ან ავტორიზებულია სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია განაგრძოს თავისი საქმიანობა სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის დეკლარაციის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე 2030 წლის პირველ იანვრამდე, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ აღიარების მოთხოვნებს.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული დეკლარაცია არ არის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სააგენტომ უნდა შეაჩეროს აღიარება „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“  მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

თავი IV

ვეტერინარული რეცეპტი და გამოყენება

მუხლი 16. ვეტერინარული რეცეპტი

1. მომვლელისთვის ცხოველის სამკურნალო საკვების მიწოდება ექვემდებარება:

ა) წარდგენას  და, ფერმის მიქსერით წარმოების შემთხვევაში, ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის ფლობას;

ბ)  ამ მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს.

2. ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი გაიცემა მხოლოდ ვეტერინარის მიერ ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური გამოკვლევის ან ნებისმიერი სხვა სათანადო შეფასების შემდეგ და მხოლოდ დიაგნოსტირებულ დაავადებაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, იმუნოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი შეიძლება გაიცეს აგრეთვე დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაშიც.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, თუ შეუძლებელია დიაგნოსტირებული დაავადების არსებობის დადასტურება, ცხოველში ან ცხოველთა ჯგუფში პარაზიტით ინვაზიის სტატუსის ცოდნის საფუძველზე შეიძლება გაიცეს ანტიჰელმინთური პრეპარატების (ანტიმიკრობული ეფექტის გარეშე) შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი.

5. ვეტერინარული რეცეპტი ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის უნდა შეიცავდეს ამ წესის  დანართი №5-ით „ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარულ რეცეპტში მისათითებელი ინფორმაცია“ დადგენილ ინფორმაციას. ცხოველის სამკურნალო საკვების ორიგინალი ვეტერინარული რეცეპტი უნდა ინახებოდეს მწარმოებლის ან, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ, რომელიც ამარაგებს ცხოველის მომვლელს სამკურნალო საკვებით. ვეტერინარული რეცეპტის გამცემი ვეტერინარი, სასურსათო დანიშნულების ან საბეწვე ცხოველის მომვლელი ინახავს ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის ასლს. ორიგინალი და ასლები ინახება ხუთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან.

6. ცხოველის სამკურნალო საკვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სამკურნალო საკვების ერთი და იმავე ვეტერინარული რეცეპტით ერთზე მეტ მკურნალობაზე, გარდა არასასურსათო დანიშნულების ცხოველების (გარდა საბეწვე ცხოველებისა) სამკურნალო საკვებისა. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს საკვებში ინკორპორირებული (ჩართული) ვეტერინარული პრეპარატის საერთო მახასიათებლებს და, სადაც მითითებული არ არის, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს ან ანტიბიოტიკი  ვეტერინარული პრეპარატის შემცველი ცხოველის  სამკურნალო საკვების შემთხვევაში – ორ კვირას.

7. ცხოველის სამკურნალო საკვების:

ა) ვეტერინარული რეცეპტი ძალაშია გაცემის დღიდან არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში არასასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის, გარდა საბეწვე ცხოველებისა;

ბ) ვეტერინარული რეცეპტი ძალაშია გაცემის დღიდან სამი კვირის განმავლობაში სასურსათო დანიშნულების ცხოველებისა და საბეწვე ცხოველებისთვის;

გ) ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატის შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვების შემთხვევაში ვეტერინარული რეცეპტი მოქმედებს მისი გაცემიდან არაუმეტეს ხუთი დღისა.

8. ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის გამცემი ვეტერინარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა გამართლებულია სამიზნე ცხოველებისთვის ვეტერინარული თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატის დანიშვნა/შეყვანა/მიღება არ არის შეუთავსებელი სხვა მკურნალობასთან ან გამოყენებასთან და რომ არ არსებობდეს უკუჩვენება ან ურთიერთქმედება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ერთად გამოყენებისას. კერძოდ, ვეტერინარმა არ უნდა დანიშნოს ერთზე მეტი  ანტიმიკრობული საშუალების შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვები.

9. ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი უნდა:

ა) შეესაბამებოდეს ვეტერინარული პრეპარატის პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობას, გარდა ვეტერინარული პრეპარატებისა, რომლებიც განკუთვნილია  რეგისტრაციის პირობებს მიღმა არასასურსათო დანიშნულების, სასურსათო დანიშნულების ხმელეთის და სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველებში გამოსაყენებლად;

ბ) მიუთითებდეს ვეტერინარული პრეპარატის დღიურ დოზას, რომელიც უნდა ინკორპორირებული (ჩართული) იქნეს ცხოველის სამკურნალო საკვებში იმ რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნე ცხოველის მიერ დოზის მიღებას იმის გათვალისწინებით, რომ დაავადებული ცხოველების საკვების მიღება შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი დღიური რაციონისგან;

გ) უზრუნველყოფდეს, რომ ცხოველის სამკურნალო საკვები, რომელიც შეიცავს ვეტერინარული პრეპარატის დოზას, შეესაბამება დღიური საკვების რაციონის არანაკლებ 50%-ს გადათვლილს მშრალ ნივთიერებაზე და რომ მცოხნავი ცხოველებისთვის, ვეტერინარული პრეპარატის დღიური დოზა წარმოდგენილია  დამატებითი საკვების არანაკლებ 50%-ით, გარდა მინერალური საკვებისა;

დ) მიუთითებდეს აქტიური ნივთიერებების ჩართვის მაჩვენებელს, გამოთვლილს შესაბამისი პარამეტრების საფუძველზე.

მუხლი 17. ცხოველის სამკურნალო საკვების გამოყენება

1.  გამოწერილი სამკურნალო საკვები გამოიყენება მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებზეც ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად გაცემულია ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი.

2. ცხოველის მომვლელმა ცხოველის სამკურნალო საკვები უნდა გამოიყენოს მხოლოდ სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის შესაბამისად, მიიღოს ზომები ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყოს მხოლოდ სამკურნალო საკვების ვეტერინარულ რეცეპტში იდენტიფიცირებული ცხოველებისთვის სამკურნალო საკვების მიცემა. ცხოველის მომვლელმა არ უნდა გამოიყენოს  ვადაგასული სამკურნალო საკვები.

3. ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატების შემცველი სამკურნალო საკვები გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და დაუშვებელია მისი  პროფილაქტიკისთვის გამოყენება.

4. იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატის შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად და  ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული ვეტერინარული რეცეპტის საფუძველზე.

5. ანტიჰელმინთური საშუალების შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვები გამოიყენება ამ წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ვეტერინარული რეცეპტის საფუძველზე.

6. ცხოველის სამკურნალო საკვების მიღებისას სასურსათო დანიშნულების ცხოველების მომვლელმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტით გათვალისწინებული ლოდინის პერიოდის დაცვა.

7. სასურსათო დანიშნულების ცხოველების მომვლელი, რომელიც კვებავს მათ სამკურნალო საკვებით, აწარმოებს ჩანაწერებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ჩანაწერები ინახება სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში ცხოველის სამკურნალო საკვების მიღების თარიღიდან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასურსათო დანიშნულების ცხოველი დაიკლა ამ პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 18. გამოუყენებელი ან ვადაგასული პროდუქტების შეგროვების ან განადგურების სისტემები

1. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი შეგროვების ან განადგურების სისტემების არსებობა ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტებისთვის, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ან იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის მომვლელს მიეწოდა უფრო მეტი რაოდენობის ცხოველის სამკურნალო საკვები, ვიდრე  რეალურად გამოიყენა ვეტერინარულ რეცეპტში მითითებული მკურნალობისთვის.

2. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების კონსულტაციები გამოუყენებელი ან ვადაგასული პროდუქტების შეგროვების ან განადგურების  სისტემებთან დაკავშირებით.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეგროვების ან განადგურების პუნქტები, ისევე როგორც სხვა შესაბამისი ინფორმაცია, ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის, ცხოველების მომვლელებისთვის, ვეტერინარებისთვის და სხვა შესაბამისი პირებისთვის.

თავი V

პროცედურული მოთხოვნები

მუხლი 19. დანართების ცვლილება

ტექნიკური პროგრესისა და მეცნიერული განვითარების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ წესის   დანართებში №1-№5 შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

მუხლი 20. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №1

სპეციფიკური მოთხოვნები ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორისთვის ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად

ნაწილი 1. საშუალებები და აღჭურვილობა

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სათავსო და აღჭურვილობის და მათი უშუალო გარემოს სისუფთავის შენარჩუნება. დასუფთავების პროგრამები უნდა იქნეს წარმოდგენილი და შედგენილი წერილობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნებისმიერი დაბინძურების, მათ შორის, ჯვარედინი დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება.

2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი პერსონალისთვის ყველა ობიექტზე/სათავსოზე წვდომა შეზღუდული იყოს.

ნაწილი 2. ერსონალი

1. უნდა დაინიშნოს სათანადოდ მომზადებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების წარმოებაზე, ბაზარზე განთავსებაზე და ცხოველის მომვლელისთვის მიწოდებაზე და პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლზე.

2. გარდა მობილური მიქსერებისა და ფერმის მიქსერებისა, წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისა და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და, შესაბამისად, არ უნდა განახორციელოს ერთი და იგივე პირმა.

ნაწილი 3. წარმოება

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა მხედველობაში უნდა მიიღოს მოთხოვნები ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისი სისტემებისა და წარმოების კარგი პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-15 მუხლის  შესაბამისად.

2. ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები უნდა ინახებოდეს ნებისმიერი ცხოველის სხვა საკვებისგან განცალკევებით.

3. ვეტერინარული პრეპარატები უნდა ინახებოდეს ცალკე დაცულ ოთახში და ისე, რომ არ შეიცვალოს მათი მახასიათებლები.

4. ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოების შემდეგ საწარმოო ხაზის დასუფთავებისათვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს იდენტიფიცირებული, შენახული და მართვადი, ისე რომ გავლენა არ იქონიოს საკვების უვნებლობასა და ხარისხზე.

ნაწილი 4. ხარისხის კონტროლი

1. ხარისხის კონტროლის გეგმა დგება წერილობით და ინერგება. იგი უნდა მოიცავდეს, განსაკუთრებით, წარმოების პროცესის კრიტიკული წერტილების შემოწმებას, ნიმუშის აღების პროცედურებსა და სიხშირეებს, გამოკვლევის მეთოდებს და მათ სიხშირეს, ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების სპეციფიკაციებთან შესაბამისობას და ზომებს, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული შეუსაბამობის შემთხვევაში.

ხარისხის კონტროლის გეგმამ უნდა განსაზღვროს წესები საწარმოო ოპერაციების თანმიმდევრობის ან შეუთავსებლობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს სპეციალური საწარმოო ხაზების საჭიროება.

2. სპეციფიკური რეგულარული თვითშემოწმებები, ისევე როგორც სტაბილურობის ტესტები, უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობას ჰომოგენობის კრიტერიუმებთან,  ცხოველის არამიზნობრივ საკვებში აქტიური ნივთიერებისთვის ჯვარედინი დაბინძურების მაქსიმალურ შემცველობასთან და ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების შენახვის მინიმალურ ვადასთან.

ნაწილი 5. შენახვა და ტრანსპორტირება

1. ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები უნდა ინახებოდეს შესაფერის ცალკეულ და დაცულ სათავსოში ან  დალუქულ ჰერმეტულ კონტეინერებში, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ასეთი პროდუქტების შესანახად. ისინი უნდა ინახებოდეს ისე დაპროექტებულ, ადაპტირებულ და მოვლილ ადგილებში, რომ უზრუნველყოფილი იქნეს შენახვის კარგი პირობები.

2. ვეტერინარული პრეპარატები ინახება ცალკე, უსაფრთხო და დაცულ ადგილებში. ეს ადგილები უნდა იყოს საკმარისი ტევადობისა და სათანადოდ იდენტიფიცირებული, რათა მოხდეს სხვადასხვა ვეტერინარული პრეპარატების მოწესრიგებული შენახვა.

ცხოველის სამკურნალო საკვები და შუალედური პროდუქტები უნდა ინახებოდეს და ხორციელდებოდეს ტრანსპორტირება, ისე რომ შესაძლებელი იყოს ადვილად იდენტიფიცირება. ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით.

3. ცხოველის ვადაგასული, ამოღებული/გამოწვეული ან დაბრუნებული სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების შესანახად უნდა განისაზღვროს კონკრეტული სათავსოები.

4. სატრანსპორტო საშუალების კონტეინერი, რომელიც გამოიყენება  ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის უნდა დასუფთავდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაბინძურების რისკი.

ნაწილი 6. ჩანაწერების წარმოება

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს, ინახავს, ახორციელებს ტრანსპორტირებას ან განათავსებს ბაზარზე ცხოველის სამკურნალო საკვებს და შუალედურ პროდუქტებს, ეფექტური მიკვლევადობისთვის უნდა აწარმოოს  შესაბამისი ჩანაწერები, რომელიც მოიცავს შესყიდვის, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ბაზარზე განთავსების დეტალებს მიღებიდან მიწოდებამდე, მათ შორის, ექსპორტის დეტალებს საბოლოო დანიშნულების ადგილის ჩათვლით.

2. ამ ნაწილის პირველ პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერი უნდა შეიცავდეს:

ა) „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ HACCP დოკუმენტაციას;

ბ) ამ დანართის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის გეგმას და შესაბამისი კონტროლის შედეგებს;

გ) შეძენილი ვეტერინარული პრეპარატების სპეციფიკაციებსა და რაოდენობას სერიის ნომრით, ცხოველის საკვების მასალებით, კომბინირებული საკვებით, საკვები დანამატებით, შუალედური პროდუქტებითა და ცხოველის სამკურნალო საკვებით;

დ) ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების პარტიების სპეციფიკაციები და რაოდენობა, რომლებიც წარმოებულია, მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატების სერიების ნომრით, ცხოველის საკვების მასალებით, კომბინირებული საკვებით, საკვების დანამატებითა და შუალედური პროდუქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებულ იქნა;

ე) ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების პარტიების სპეციფიკაციები და რაოდენობა, რომლებიც ინახება ან ტრანსპორტირებულია;

ვ) ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების სპეციფიკაციები და რაოდენობა, რომლებიც განთავსდა ბაზარზე ან ექსპორტირებული იქნა სხვა ქვეყნებში, ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი უნიკალური ნომრის ჩათვლით;

ზ) ინფორმაცია ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების მწარმოებლების ან მომწოდებლების შესახებ ან ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების წარმოებისთვის გამოყენებული პროდუქტების შესახებ, მათ შორის, სულ მცირე, მათი დასახელების, მისამართის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი აღიარების ნომრის ჩათვლით;

თ) ინფორმაცია ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების მიმღებთა შესახებ, მათ შორის, სულ მცირე, მათი დასახელების, მისამართის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი აღიარების ნომრის ჩათვლით;

ი) ინფორმაცია ვეტერინარის შესახებ, რომელმაც გასცა ვეტერინარული რეცეპტი ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის, მათ შორის სულ მცირე ამ ვეტერინარის სახელი და მისამართი.

3. ამ ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები ინახება ჩანაწერებში სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში  გაცემიდან.

ნაწილი 7. საჩივრები და პროდუქტის გამოწვევა

1. ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების ბაზარზე განმთავსებელმა ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა დანერგოს საჩივრების რეგისტრაციისა და დამუშავების სისტემა.

2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა დანერგოს სისტემა ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის ბაზრიდან სწრაფად გამოწვევისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების სადისტრიბუციო ქსელიდან გამოწვევისთვის, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა წერილობითი პროცედურების საშუალებით უნდა განსაზღვროს ნებისმიერი გამოწვეული პროდუქტის საბოლოო დანიშნულება და ასეთი პროდუქტების მიმოქცევაში დაბრუნებამდე, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარისხის კონტროლის ხელახალი შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველის საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა.

ნაწილი 8. დამატებითი მოთხოვნები მობილური მიქსერებისთვის

1. მობილურ მიქსერს სატრანსპორტო საშუალებაში უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე შემდეგი დოკუმენტების ასლი:

ა) ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი მობილური მიქსერის აღიარება სააგენტოსგან;

ბ) „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული HACCP-ის დოკუმენტაცია;

გ) ამ დანართის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის გეგმა;

დ) ამ დანართის პირველ ნაწილში მითითებული დასუფთავების გეგმა;

ე) ამ დანართის მე-2 ნაწილში მითითებული ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების სია.

2. ბიზნესოპერატორმა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მობილურ მიქსერთან უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი სიფრთხილის ზომა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ცხოველის სამკურნალო საკვების დასამზადებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება უნდა დასუფთავდეს ცხოველის სამკურნალო საკვების ყოველი წარმოების შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაბინძურების რისკი.

3. მოძრავი მიქსერის ბიზნესოპერატორმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ით, რომელთა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრები ეცნობა სააგენტოს.

დანართი №2

ანტიმიკრობული საშუალებების აქტიური ნივთიერების ნუსხა

აქტიური ნივთიერება

1.

ამოქსიცილინი

2. ამპროლიუმი

 

3. აპრამიცინი

 

4. ქლორტეტრაციკლინი

 

5.კოლისტინი

 

6.დოქსიციკლინი

 

7.ფლორფენიკოლი

 

8. ფლუმექვინი

 

9. ლინკომიცინი

 

10. ნეომიცინი

 

11. სპექტინომიცინი

 

12. სულფონამიდი

 

13. ტეტრაციკლინი

 

14. ოქსიტეტრაციკლინი

 

15. ოქსოლინიქსის მჟავა

 

16. პარომომიცინი

 

17. პენიცილინი V

 

18. თიამულინი

 

19. თიამფენიკოლი

 

20. ტილმიკოზინი

 

21. ტრიმეტოპრიმი

 

22. ტილოზინი

 

23. ვალნემულინი

 

24. ტილვალოზინი

 


დანართი №3

ეტიკეტირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები ამ წესის მე-9  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

1. ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს, მარტივი, მკაფიო და საბოლოო გამომყენებლისთვის ადვილად გასაგები ფორმით:

ა)  შესაბამის წარწერას „ცხოველის სამკურნალო საკვები“ ან „შუალედური პროდუქტი ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებისთვის“;

ბ) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს. თუ მწარმოებელი არ არის ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია ეტიკეტირებაზე, მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი:

ბ.ა) მწარმოებლის დასახელება ან საწარმოს დასახელება და მისამართი;

ბ.ბ) მწარმოებლის აღიარების ნომერი;

გ) აქტიურ ნივთიერებების დასახელებას და დამატებულ რაოდენობას (მგ/კგ) და ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაციის ნომერს და რეგისტრაციის მფლობელის დასახელებას, რომელსაც წინ უძღვის სათაური „სამკურნალო“;

დ) ვეტერინარული პრეპარატის ნებისმიერ უკუჩვენებას და გვერდით მოვლენას, რამდენადაც ეს მონაცემები აუცილებელია გამოყენებისთვის;

ე) ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც განკუთვნილია სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის, ლოდინის პერიოდს ან „არ აქვს ლოდინის პერიოდის“ მითითებას;

ვ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველების სამკურნალო საკვების შემთხვევაში, გარდა საბეწვე ცხოველებისა, გაფრთხილებას, რომ ცხოველის სამკურნალო საკვები განკუთვნილია მხოლოდ ცხოველების სამკურნალოდ და გაფრთხილებას, რომ ის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მათი მხედველობის მიღმა;

ზ) უფასო ტელეფონის ნომერს ან კომუნიკაციის სხვა შესაბამის საშუალებას, რათა ცხოველის მომვლელს შეეძლოს, სავალდებულო მონაცემების გარდა, მოიპოვოს თითოეული ვეტერინარული პრეპარატის შესახებ ანოტაცია;

თ) გამოყენების ინსტრუქციას ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის ან პროდუქტის მახასიათებლების მოკლე აღწერილობის შესაბამისად;

ი) მინიმალური შენახვის ვადას, რომელიც ითვალისწინებს ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის თარიღს და გამოიხატება როგორც „გამოყენება ...მდე“ თარიღის მითითებით და შენახვის სპეციალური ზომებს, საჭიროების შემთხვევაში;

კ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცხოველის სამკურნალო საკვების არასათანადო განკარგვა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას.

2. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება მობილურ მიქსერზე, სადაც იწარმოება მხოლოდ ცხოველის სამკურნალო საკვები რაიმე კომპონენტის მიწოდების გარეშე.

დანართი №4

 

დასაშვები ტოლერანტობა ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით

ამ დანართში გათვალისწინებული ტოლერანტობა მოიცავს მხოლოდ ტექნიკურ დეავიაციებს (გადახრებს).

თუ  ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდება დეავიაცია (გადახრა) ეტიკეტზე მითითებულ ანტიმიკრობული აქტიური ნივთიერების რაოდენობიდან, გამოიყენება  10%-იანი ტოლერანტობა.

სხვა აქტიური ნივთიერებების მიმართ გამოიყენება შემდეგი ტოლერანტობა:

 

ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტის აქტიური ნივთიერება თითოეულ კგ-ზე

ტოლერანტობა

> 500 მგ

± 10%

      ≤ 500 მგ

± 20%


დანართი №5

ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარულ რეცეპტში მისათითებელი ინფორმაცია

 

ვეტერინარული რეცეპტი ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. ვეტერინარის გვარი, სახელი და საკონტაქტო მონაცემები, არსებობის შემთხვევაში  ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი.

2. ვეტერინარული რეცეპტის უნიკალური ნომერი, გაცემის თარიღი,  ვეტერინარული რეცეპტის ვადის გასვლის თარიღი (თუ მოქმედების ვადა უფრო მოკლეა, ვიდრე ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული) და ხელმოწერა ან ვეტერინარის იდენტიფიკაციის ეკვივალენტური ელექტრონული ფორმა.

3. ცხოველის მომვლელის გვარი და სახელი და საკონტაქტო მონაცემები და საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი,  არსებობის შემთხვევაში.

4. ცხოველთა იდენტიფიკაცია (კატეგორიის, სახეობის და ასაკის ჩათვლით) და რაოდენობა ან, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველის წონა.

5. დიაგნოსტირებული დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ანტიმიკრობული ეფექტის არმქონე იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატის ან ანტიმიკრობული ეფექტის არმქონე ანტიჰელმინთური საშუალებების შემთხვევაში დაავადება, რომელიც საჭიროებს პრევენციას.

6. ვეტერინარული პრეპარატის ან პრეპარატების დანიშნულება (დასახელება და რეგისტრაციის ნომერი), აქტიური ნივთიერების ან ნივთიერებების დასახელების ჩათვლით.

7. თუ ვეტერინარული პრეპარატი გამოწერილია  მეტაფილაქსიის (ანტიმიკრობული საშუალებების შემთხვევაში), რეგისტრაციის პირობებს მიღმა არასასურსათო დანიშნულების, სასურსათო დანიშნულების ხმელეთის ან სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველებისთვის, მითითებას ამის შესახებ.

8. ვეტერინარული პრეპარატის ან პრეპარატების და აქტიური ნივთიერების ან ნივთიერებების ჩართვის მაჩვენებელი (ცხოველის სამკურნალო საკვების  თითოეულ წონით ერთეულზე რაოდენობა).

9. ცხოველის სამკურნალო საკვების რაოდენობა.

10. გამოყენების ინსტრუქცია ცხოველის მომვლელისათვის, მკურნალობის ხანგრძლივობის ჩათვლით.

11. ცხოველის სამკურნალო საკვების პროცენტი დღიურ რაციონში ან თითოეულ ცხოველზე ცხოველის სამკურნალო საკვების რაოდენობა  და მიღების ხანგრძლივობა (დღე(ები)).

12. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის ლოდინის პერიოდი, მაშინაც კი, თუ ეს პერიოდი ნულის ტოლია.

13. ნებისმიერი გაფრთხილება, რომელიც აუცილებელია სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ანტიმიკრობული საშუალებების გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად.

14. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისა და საბეწვე ცხოველებისათვის მითითება ვეტერინარულ რეცეპეტში: „დაუშვებელია ვეტერინარული რეცეპტის ხელახლა გამოყენება“.

15. ცხოველის სამკურნალო საკვების მიმწოდებლის ან ფერმის მიქსერის ბიზნესოპერატორის მიერ ივსება შემდეგი:

ა)  დასახელება ან ბიზნესის (ბრენდის) დასახელება და მისამართი;

ბ)  მიწოდების ან ფერმაში შერევის თარიღი;

გ) ცხოველის სამკურნალო საკვების სერიული ნომერი, რომელიც მიწოდებულია ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტით, გარდა ფერმის მიქსერისთვის მიწოდებულისა.

16. ცხოველის მომვლელისთვის ან ფერმის მიქსერის ბიზნესოპერატორისთვის მიმწოდებლის ხელმოწერა.