დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280090040.10.003.024393 |
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“.
|
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართში − სამინისტრო) ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ ტექსტსა და დანართში − პროგრამა) განხორციელების მიზნით:
1. ნორმატიული აქტით დაამტკიცოს უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები. 2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაამტკიცოს უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის (შემდგომში − სააგენტო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველწლიური შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 4 |
პროგრამის განხორციელების მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება.
|
მუხლი 5 |
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სააგენტოსათვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა.
|
მუხლი 6 |
პროგრამის ფარგლებში გადაცემული უძრავი ნივთი არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე დადგენილების ფარგლებში მიღებული უძრავი ნივთების თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის − სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.
|
მუხლი 7 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქე უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებისათვის დამატებითი სოციალური მხარდაჭერის მიზნით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უსახლკარო ოჯახი − მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი (მშობლები) ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი; ბ) განსახლება − კანონმდებლობის შესაბამისად, უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) საკუთრებაში გადაცემა; გ) მძიმე საცხოვრებელი პირობები − საცხოვრებელი პირობები, რომელიც არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია), რაც შეიძლება, კანონმდებლობის შესაბამისად, დადასტურებულ იქნეს სააგენტოს მიერ; დ) სააგენტო − სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; ე) კომისია − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისია“; ვ) მონიტორინგის ფორმა − სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმა; ზ) კრიტერიუმები − უსახლკარო ოჯახების განსახლებისთვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული კრიტერიუმები. მუხლი 3. განსახლების პირობები და განსახლების გამომრიცხავი გარემოებები 1. უსახლკარო ოჯახი შეიძლება, განსახლებულ იქნეს, თუ ოჯახის ყველა წევრი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს განსახლების ეტაპები, სოციალური ქულის მიხედვით. ამავდროულად, უსახლკარო ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ის საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე; ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს არ უფიქსირდება საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე; გ) დროებით განსახლებულია სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების დოკუმენტაციით. 2. ამ პროგრამით გათვალისწინებული განსახლების გამომრიცხავი გარემოებებია: ა) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული არის/არიან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში/ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში; ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად; გ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)მა საცხოვრებელი ფართი გაასხვისა 2023 წლის 1 სექტემბრიდან; დ) უსახლკარო ოჯახის ყველა წევრი არ არის საქართველოს მოქალაქე. 3. ამ პროგრამის ფარგლებში არ განიხილება იმ უსახლკარო ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხი, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სააგენტოს მიერ შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული იქნება, რომ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს. 4. უსახლკარო ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მუხლი 4. უსახლკარო ოჯახების განსახლების პროცედურა 1. ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტო მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს ამავე პროგრამის შესაბამისად. 2. უსახლკარო ოჯახების განსახლების საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების შეფასებას, საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სააგენტო. 4. სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახების შეფასება ხორციელდება კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასებით განისაზღვრება მხოლოდ კომისიის მიერ მათი განხილვის პრიორიტეტულობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეფასებული, კომისიის მიერ განსაზღვრული უსახლკარო ოჯახები, მათი საჭიროებების ადგილზე გადამოწმების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტს. 6. სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს უსახლკარო ოჯახების საჭიროებების ადგილზე გადამოწმებას, მონიტორინგის ფორმის შევსებას და, საჭიროების შემთხვევაში, უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას. 7. წარდგენილი ინფორმაციისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს განსახლების მოცემულ ეტაპზე იმ უსახლკარო ოჯახთა კონტიგენტს, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს განსახლების ღონისძიებები. 8. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უსახლკარო ოჯახს ეცნობება წერილობით. 9. უსახლკარო ოჯახებს, რომელთა მიმართ გამოიცა დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიეცემათ 6-თვიანი ვადა, რათა მათ სააგენტოში განცხადებით წარადგინონ შესასყიდად საცხოვრებელი ფართი (სახლი/ ბინა). განცხადებას აუცილებლად თან უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 10. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით წარდგენილი საცხოვრებელი ფართი (სახლი/ ბინა) სააგენტოს მიერ შესაძლებელია, შესყიდულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ფოტომასალით/დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია საცხოვრებელი პირობები. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე. შესყიდვის ღირებულება ერთ საცხოვრებელ ფართზე განისაზღვრება არაუმეტეს 50 000 ლარით. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახლის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს ან არსებობს რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის/აფერხებს საცხოვრებელ ფართში ცხოვრებას და საკუთრებაში გადაცემას. 12. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება უსახლკარო ოჯახის წევრების თანასაკუთრებად. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო. 13. კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით. |
დოკუმენტის კომენტარები