დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 374/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016801 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/12/2023 - 10/04/2024)
|
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 (სამასი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.
2. ამ წესის მიზნებისთვის სესხის გამცემი ორგანიზაცია განიმარტება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ: ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 300 000 (სამასი ათას) ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე; გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში; დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით; ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. 4. ამ მუხლის მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება სესხის/საბანკო კრედიტის თავდებზე, გარდა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები