დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ამნისტიის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3670-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 080050000.05.001.102000 |
|
ამნისტიის შესახებ
|
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
მუხლი 1 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე. 2. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. 3. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას. 4. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. 5. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას. მუხლი 2 პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება. მუხლი 3 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაზე. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ გაასხვისა. 4. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, აღნიშნული ჯარიმა და ქონება მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება. მუხლი 4 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − იმავე პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (მსჯავრდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას. 3. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ბრალდებულის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებას და ბრალდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას. 4. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას და მსჯავრდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას. 5. ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მუხლი 5 1. პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით შესაბამისი განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2. თუ ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება შეუძლებელია, პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შეტანით. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი: ა) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს; ბ) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს; გ) პირმა, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია და რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, უნდა წარუდგინოს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს გამოითხოვს ამ კანონით დადგენილი წესით; დ) ძებნილმა პირმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 4. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ პროკურორი იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის მისთვის წარდგენიდან 24 საათში. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ამ კანონის შესაბამისად. 5. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ სასამართლო იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 6 1. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი. 2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო. 3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 4. ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; გ) მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე) უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (გარდა ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შემთხვევისა) მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის: ა) შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის და ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებასთან ერთად ან პრობაციის რეჟიმში ყოფნასთან ერთად ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ იმავე სასამართლოს მოთხოვნით მას მსჯავრდებულის პირად საქმეს მოთხოვნიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის: ა) ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 7 იმ პირს, რომელზედაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 8 იმ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 9 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ვადის ათვლა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის ვადის ათვლა დაიწყოს შესაბამისი პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან და ამ ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მსჯავრდების შემთხვევაში მასზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება, თუ აღნიშნულ პირს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − მან შესაბამისი მიწის ნაკვეთის ღირებულება საბოლოო განაჩენის გამოტანიდან 12 თვეში გადაიხადა. მუხლი 10 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე. 2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობიდან 4 თვის ვადაში. მუხლი 11 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ნოემბერი 2023 წ. N3670-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები