ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი
დოკუმენტის ნომერი N ნ-14
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016130
N ნ-14
07/11/2023
ვებგვერდი, 09/11/2023
260000000.64.076.016130
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-14
2023 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ (დანართი №1) .
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ანგარიშვალდებული პირის კლიენტების ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 01 მარტისა.
მუხლი 3
ანგარიშვალდებულმა პირებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ საკუთარი შესაბამისობის კონტროლის სისტემის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე



ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ (შემდგომში – წესი) მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუღალტრო და აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმაზე, სერტიფიცირებულ ბუღალტერზე, პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერსა და აუდიტორზე, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას.

2. ამ წესით განისაზღვრება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლისა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), აგრეთვე ამ საიდენტიფიკაციო მონაცემების, ინფორმაციის (დოკუმენტის) აღრიცხვის, განახლების, დამოწმებისა და შენახვის წესი.

3. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ განახორციელებს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლას და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას. 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშვალდებული პირი – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუღალტრო და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და აუდიტორი, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას;

ბ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა;

დ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;

ე) კლიენტი − პირი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით;

ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი;

ზ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი;

თ) საეჭვო გარიგება − გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას;

ი) სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური;

კ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სია, რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. 


მუხლი 3. მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა, აგრეთვე ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა.

2. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლისათვის ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტისაგან უნდა გამოითხოვოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დარწმუნდეს მის სისწორეში.

3. ანგარიშვალდებული პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში შემავალი თითოეული იურიდიული პირის/არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის შესახებ ისეთ ინფორმაციას/მონაცემებს, რაც აუცილებელია მფლობელობის სტრუქტურის ჯაჭვის მიდევნებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენისთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში შემავალი თითოეული იურიდიული პირის/არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელწოდებასთან ერთად უნდა მოიპოვოს ერთ-ერთი მონაცემი:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერი ან რეგისტრაციის ნომერი;

ბ) რეგისტრაციის თარიღი და ქვეყანა.

5. მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანდო წყაროების გამოყენებით. ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული სანდო წყაროებისაგან განსხვავებული ავთენტური წყაროები.

6. ანგარიშვალდებულმა პირმა, ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის მთლიანი ჯაჭვი.

7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის განსხვავებული წესით, თუ კლიენტი წარმოადგენს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირს.


მუხლი 4. ბენეფიციარი მესაკუთრის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დაადგინოს ბენეფიციარი მესაკუთრე(ები).

2. კლიენტი ფიზიკური პირი ითვლება ბენეფიციარ მესაკუთრედ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, თავად აცხადებს, რომ მოქმედებს სხვა პირის სახელით ან სასარგებლოდ, ან კლიენტის ქცევიდან ან/და გარიგებ(ებ)იდან გამომდინარე, გაჩნდება ეჭვი, რომ კლიენტი შეიძლება მოქმედებდეს სხვა პირის სახელით ან სასარგებლოდ.

3. ფიზიკური პირი შეიძლება ჩაითვალოს კლიენტი იურიდიული პირის ბენეფიციარ მესაკუთრედ, თუ შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) წარმოადგენს ბენეფიციარ მესაკუთრეს საკუთრების უფლების გამოყენებით (პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კლიენტის წილის/აქციების ან ხმის უფლების 25% ან მეტს);

ბ) საბოლოოდ აკონტროლებს კლიენტს სხვა საშუალების გამოყენებით;

გ) წარმოადგენს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაკონტროლებელ პირად შეიძლება მიიჩნეოდეს პირი, რომელიც არ ფლობს კლიენტის მაკონტროლებელი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების ზღვრულ ოდენობას, მაგრამ უფლებამოსილია დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირები ან სხვა ფორმით მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა კლიენტის ფინანსებზე და ოპერაციებზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი ბენეფიციარ მესაკუთრედ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, თუ უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული პირის საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე სტრატეგიული გადაწყვეტილებები (დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა). თუკი კომპანიის ფარგლებში არსებობს მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე ფიზიკური პირი, მაშინ ბენეფიციარ მესაკუთრედ მიიჩნევა მათ შორის უმაღლესი იერარქიის მქონე, ხოლო თანაბარი უფლებამოსილებების პირობებში – ყველა მათგანი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შეფასება ხორციელდება მოცემული თანმიმდევრობით.

7. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა პირველ რიგში უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობის სტრუქტურა და განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა რომელიმე ფიზიკური პირი ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმს.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმით შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრ(ებ)ის დადგენა, ბენეფიციარ მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური პირი. ამასთან, თუ არსებობს საფუძველი, რომ „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური პირის გარდა, სხვა ფიზიკური პირიც ახორციელებს საბოლოო კონტროლს კლიენტზე სხვა საშუალების გამოყენებით, ბენეფიციარ მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს როგორც ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური პირი.

9. ამ მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების შემდეგ, ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდა, რომ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს.

10. შესაძლებელია, რომ ფიზიკური პირი ერთდროულად აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს.


მუხლი 5. პოლიტიკურად აქტიური პირი
,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მიზნებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), მათ შორის:

ა) სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი;

ბ) საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი;

გ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი;

დ) უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება;

ე) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი;

ვ) ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი;

ზ) ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

თ) თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი;

ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი. 


თავი II
იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია

მუხლი 6. იდენტიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოახდინოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია ერთჯერადი გარიგების დადებამდე, საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას.

2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და გონივრული ზომების მიღება სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგაც, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს ბენეფიციარი მესაკუთრის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის/ თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;

ე) მოქალაქეობა;

ვ) ცალკეულ შემთხვევაში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინასების რისკის გათვალისწინებით სხვა მონაცემები.

4. თუ კლიენტი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა მოიპოვოს შემდეგი მონაცემები:

ა) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) რეგისტრაციის თარიღი.

5. ანგარიშვალდებულმა პირმა, ნაკლები რისკის არსებობისას ან ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პირის შემთხვევაში, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით, სულ მცირე, უნდა მოიპოვოს მისი სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.

6. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს და აღრიცხოს კლიენტის სტრუქტურაში შემავალი ყველა იურიდიული პირის მონაცემი:

ა) სახელწოდება;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

გ) რეგისტრაციის თარიღი და ქვეყანა.

7. თუ კლიენტი ვერ წარადგენს ინფორმაციას ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, საქმიანი ურთიერთობა უნდა შეწყდეს და შესწვლილ იქნეს, რამდენად საეჭვოა კლიენტის ქცევა.


მუხლი 7. ვერიფიკაცია
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში – პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;

ე) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. თუ ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო წყარო.

3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები.

4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის განსხვავებული წესით, თუ იგი წარმოადგენს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირს.

5. სტანდარტული და მომეტებული რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ასევე, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სანდო წყაროს საფუძველზე.

6. ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და ასევე, „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემის ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანდო წყაროს საფუძველზე ან სხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით.

7. ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს ამ წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტე, თუ გაჩნდა ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტესთან დაკავშირებით.


მუხლი 8. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესი
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას გამოიყენოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, თუ კლიენტი წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ პირს:

ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ბ) საქართველოში დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება;

დ) საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელთა მფლობელობის (კონტროლის) სტრუქტურაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები მონაწილეობენ და რომელთა საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრემდე გასვლა შესაძლებელია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების საშუალებით (მათ შორის, ორი და მეტდონიანი სტრუქტურის შემთხვევაშიც).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე, და ასევე, სანდო და ავტორიტეტულ მონაცემთა ბაზებსა და მედიაგამოცემებში.

3. ანგარიშვალდებული პირი არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესი, თუ:

ა) მას აქვს ეჭვი ბენეფიციარი მესაკუთრის უკვე განხორციელებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის სისწორეში;

ბ) კლიენტთან დაკავშირებული გარემოების არსებითი ცვლილებისას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევები არ განიხილება ნაკლები რისკის მინიჭების ავტომატურ საფუძვლად. 


მუხლი 9. პირადი მონაცემების დამუშავება
1. ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის მონაცემთა დამუშავება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების თავიდან აცილებისთვის.

2. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სუბიექტის თანხმობის გარეშე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოიპოვოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები.


მუხლი 10. ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის ვალდებულება
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვის/შენახვის მიზნით, შექმნას ისეთი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნებისთვის, ამ წესის შესაბამისად მოპოვებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამსახურისთვის ინფორმაციის (დოკუმენტის) შეუფერხებელი წარდგენა სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

3. ამ წესის მიხედვით მოპოვებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვის ვადაა საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 6 (ექვსი) წელი.

4. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს შენახული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და წაკითხვადობა შენახვის პერიოდის განმავლობაში.


მუხლი 11. სანდო წყარო
1. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უნდა დაეყრდნოს სანდო წყაროს, რომელიც ამ წესით განსაზღვრული ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

2. სანდო წყაროს წარმოადგენს:

ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებული მონაცემები ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა;

გ) სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები;

დ) ამონაწერი აქციათა რეესტრიდან, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით. მომეტებული რისკის არსებობისას, თუ რეესტრს აწარმოებს თავად შესასწავლი პირი, დამატებით საჭიროა სხვა სანდო წყაროს გამოყენება. ამასთან, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს აქციების თავად იურიდიული პირის მიერ აღრიცხვის შესაძლებლობას;

ე) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, მათი რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით;

ვ) სატრასტო ან კომპანიის მომსახურების პროვაიდერის მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებობით აქვს კლიენტის მფლობელობის სტრუქტურასთან ან/და ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცემის უფლებამოსილება, სატრასტო ან კომპანიის მომსახურების პროვაიდერის რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით;

ზ) ზედამხედველობას დაქვემდებარებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ გაცემული დასკვნები, მათი რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით;

თ) უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (მაგ., წესდება, კრების ოქმი). მხედველობაში არ მიიღება ის დოკუმენტაცია, სადაც ნოტარიუსი მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს;

ი) შესაბამისი წესით დამოწმებული არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. სადამფუძნებლო დოკუმენტის დამოწმება არ მოითხოვება, თუ ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდება, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დოკუმენტების დამოწმებას;

კ) სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი, თუ გაცემული დოკუმენტის ვალიდურობას ადასტურებს სასამართლო, ან დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გაცემულია თავად სასამართლოს მიერ;

ლ) ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

მ) საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით დაუშვებელია იმ დოკუმენტის გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, არ არის დაშვებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის.

5. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, ნაკლები რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია დაეყრდნოს სხვა ავთენტურ წყაროს ან წყაროებს, რომელიც ამ წესით განსაზღვრული ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

6. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ, ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, და გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვერიფიკაცია იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით ხორციელდება.

7. ბენეფიციარ მესაკუთრეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის, თუ ანგარიშვალდებულ პირს ესმის დოკუმენტის შინაარსი, ეჭვი არ ეპარება მის ავთენტურობაში და კლიენტი წერილობით დაადასტურებს ასლის დედანთან სისწორეს. შინაარსის არასწორად გაგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.

8. შესაბამისი წესით დამოწმებას არ ექვემდებარება როგორც სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისი სახელმწიფო რეესტრებიდან ამოღებული ამონაწერები, ასევე ორიგინალი დოკუმენტები (მათ შორის, აპოსტილით დამოწმებული/ლეგალიზებული), რომელიც წარედგინა ანგარიშვალდებულ პირს.

9. სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და დოკუმენტები დასაშვებია, თუ:

ა) მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტი შეიცავს წყაროს დასახელებას;

ბ) მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტი შეიცავს გადმოწერის თარიღს (ამ მონაცემის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების თარიღის დადასტურება, მათ შორის, ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);

გ) წყარო იძლევა ცვლილებების ისტორიის გადამოწმების შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების ისტორიის გადამოწმება შეუძლებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეინახოს შესაბამისი ვებგვერდის მისამართი (URL));

დ) ვებგვერდზე განთავსებული სადამფუძნებლო დოკუმენტი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

10. ელექტრონულ წყაროებში განთავსებული ინფორმაცია (მონაცემები) დასაშვებია, თუ იგი:

ა) შეიცავს წყაროს დასახელებას;

ბ) შეიცავს გადმოწერის თარიღს;

გ) შესაძლებელია შესაბამისი ცვლილებების ისტორიის გადამოწმება.


მუხლი 12. ინფორმაციის განახლება 
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას განაახლოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტები და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები რისკის დონის შესაბამისი პერიოდულობით და, ასევე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცნობილი გახდა კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში ცვლილების შესახებ;

ბ) არსებობს ეჭვი კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესთან ან ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობასთან დაკავშირებით (მათ შორის, მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის მიმართულებით).

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას განაახლოს ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) ცნობილი გახდა კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში ცვლილების შესახებ;

ბ) არსებობს ეჭვი კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესთან ან ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობასთან დაკავშირებით (მათ შორის, მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის კუთხით). 


მუხლი 13. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთოხვნების შეუსრულებლობა ანგარიშვალდებული პირისთვის გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.