საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017146
107
07/11/2023
ვებგვერდი, 08/11/2023
120000000.22.026.017146
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ბრძანება  №107

2023 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-10 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის (შემდგომში – სარდლობა) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სარდლობა არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მასზე დაკისრებული ამოცანების/კომპეტენციის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომში – თავდაცვის ძალების) მეთაურს.

3. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. სარდლობის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.

5. სარდლობას და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დროშა, ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით (ქართულ-ინგლისური წარწერით), შტამპი, ბლანკი, ემბლემა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სიმბოლიკა, ხოლო ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.

მუხლი 2. სარდლობის ამოცანები

1. სარდლობის ამოცანებია:

ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრულ ოპერაციის რაიონებში სპეციალური ოპერაციების ჩატარება;

ბ) გაერთიანებული (ერთობლივი) ოპერაციების პროცესში მონაწილეობა და საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობა;

გ) სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების  წვრთნა და მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

ე) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზოგადი მხარდაჭერა.

მუხლი 3. სარდლობის კომპეტენცია

1. სარდლობის კომპეტენციაა:

ა) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ბ) სრული სპექტრის ოპერაციათა გარემოში, სპეციალური ოპერაციების დავალებათა პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების, ასევე კონვენციური ოპერაციების  დაგეგმვა-განხორციელება;

გ) მუდმივი მზადყოფნა მკაცრ და შეზღუდულ გარემოში სპეციალური სადაზვერვო და საბრძოლო ოპერაციების შესრულებისათვის, ასევე სამხედრო-სამოქალაქო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის;

დ) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების და მიმაგრებული საბრძოლო ქვედანაყოფების ოპერატიული ან/და ტაქტიკური მართვა და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროული შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, სარდლობის ქვედანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და მათი პროფესიული განვითარებისათვის საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონის შენარჩუნება და ამაღლება;

ზ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზება, სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი;

თ) თავდაცვის ძალების, უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა გაერთიანებულ, ერთობლივ და მრავალეროვნულ სამხედრო მოქმედებებში ძალთა მზადყოფნისა და მონაწილეობისათვის;

ი) სარდლობისათვის და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებისა  და სხვა უწყებების პირადი შემადგენლობისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;

კ) წყალზე, წყლისქვეშ და წყლის გავლით სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება;

ლ) სპეციალური ოპერაციებისათვის საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელების დაგეგმვა, ასევე განსაზღვრულ დავალებათა ოპერატიული შესრულებისთვის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთა მზადყოფნის უზრუნველყოფა;

მ) სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობა, ასევე სარდლობაზე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლი, ასევე სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილების დაცვა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სარდლობის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ასევე საფელდეგერო მომსახურება და დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ო) საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების კონტროლი;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა, შესაძლებლობის ფარგლებში სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციების  ჩატარება;

ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

რ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა. კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა;

ს)  ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლებებში მონაწილეობის მიღება;

ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;

უ) პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;

ფ) საინჟინრო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;

ქ) სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზოგადი მხარდაჭერა;

ყ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

მუხლი 4. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

1. სარდლობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შტაბი:

ა.ა) G-1-ის სამსახური;

ა.ბ) G-2-ის სამსახური;

ა.გ) G-3-ის სამსახური;

ა.დ) G-4-ის სამსახური;

ა.ე) G-5-ის სამსახური;

ა.ვ) G-6-ის სამსახური;

ა.ზ) G-7-ის სამსახური;

ბ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი;

გ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (აღმოსავლეთი);

დ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი);

ე) რეინჯერთა ბატალიონი;

ვ) უზრუნველყოფის ასეული;

ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური.

2. სარდლობის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა:

ა) შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კოორდინაციას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და არქივის მართვას:

ა.ა) G-1-ის სამსახური:

ა.ა.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პერსონალის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას;

ა.ა.ბ) ახორციელებს სარდლობის პერსონალის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვის საჭირო ღონისძიებებს;

ა.ა.გ) წარმართავს სარდლობის პერსონალის აღრიცხვიანობას, ახორციელებს სარდლობაში პერსონალის აღრიცხვიანობის სწორად წარმოების მონიტორინგს, მონაწილეობს სარდლობის საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;

ა.ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა/ აღსრულებაში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების პერსონალით შევსების/ჩანაცვლების ოპერაციებს;

ა.ბ) G-2-ის სამსახური:

ა.ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სარდლობის დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

ა.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სადაზვერვო მომზადების მონიტორინგს;

ა.ბ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;

ა.გ) G-3-ის სამსახური:

ა.გ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამხედრო/საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულების კოორდინაციას. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში;

ა.გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში;

ა.გ.გ) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;

ა.გ.დ) ახორციელებს სარდლობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს;

ა.გ.ე) ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;

ა.დ) G-4-ის სამსახური:

ა.დ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;

ა.დ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას;

ა.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;

ა.ე) G-5-ის სამსახური:

ა.ე.ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესში;

ა.ე.ბ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერას თანამშრომლობის საკითხების შემუშავების, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

ა.ე.გ) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას;

ა.ე.დ) მონაწილეობს სარდლობის რესურსების დაგეგმვის პროცესში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსების მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის შესახებ;

ა.ე.ე) ახორციელებს სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავებას;

ა.ე.ვ) ახორციელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას და კონტროლს;

ა.ე.ზ) ახორციელებს სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზებას;

ა.ე.თ) მონაწილეობს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;

ა.ე.ი) უზრუნველყოფს სამშვიდობო მისიებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;

ა.ე.კ) ახორციელებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში;

ა.ვ) G-6-ის სამსახური:

ა.ვ.ა) ახორციელებს სარდლობის მართვისა და კონტროლის კავშირგაბმულობითა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვასა და აღსრულებაზე კონტროლს;

ა.ვ.ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ა.ზ) G-7-ის სამსახური:

ა.ზ.ა) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავებას და პრიორიტეტების განსაზღვრას;

ა.ზ.ბ) ახორციელებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, შეფასებას, კოორდინაციას და მონიტორინგს, ასევე  შესაბამისი საორგანიზაციო მეთოდური მითითებების მომზადებას;

ა.ზ.გ) მონაწილეობს პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრაში;

ა.ზ.დ) უზრუნველყოფს ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მოხსენების მომზადებას და გადაგზავნას;

ა.ზ.ე) ახორციელებს სასროლეთების/პოლიგონების, საწვრთნელი არეების (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობის/ფუნქციონირების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ა.ზ.ვ) უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას;

ა.ზ.ზ) უზრუნველყოფს სწავლებების/ვარჯიშების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას, ასევე საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას.

ბ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი:

ბ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა განვითარებისათვის პროგრამების შექმნას, დაგეგმვას, შესაბამისი ტექნიკური და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ.ბ) სარდლობის დაკომპლექტებისა და დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს პროგრამების/კურსების დაგეგმვას, მომზადებას, ჩატარებასა და კონტროლს;

ბ.გ) ახორციელებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებისათვის სპეციალობების მიხედვით შესაბამისი სპეციალური სამხედრო მომზადების ძირითადი პროგრამების ორგანიზებას და ჩატარებას;

ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინდივიდუალურად ან/და კოლექტიურად სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი კვალიფიკაციით გაწვრთნას და შემდგომ გადამზადებას;

ბ.ე) ახორციელებს კურსდამთავრებულთა და ქვედანაყოფთა სერტიფიცირებას;

ბ.ვ) ახორციელებს დაკისრებულ სრული სპექტრის სპეციალურ ოპერაციებს;

ბ.ზ) ახორციელებს წინააღმდეგობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ბ.თ) მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

გ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (აღმოსავლეთი):

გ.ა) ახორციელებს დაკისრებულ სრული სპექტრის სპეციალურ ოპერაციებს;

გ.ბ) ახორციელებს წინააღმდეგობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ.გ) მონაწილეობს შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში;

გ.დ) მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

დ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი):

დ.ა) ახორციელებს დაკისრებულ სრული სპექტრის სპეციალურ ოპერაციებს;

დ.ბ) ახორციელებს წინააღმდეგობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

დ.გ) მონაწილეობს შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში;

დ.დ) მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

დ.ე) წყალზე, წყალქვეშ და წყლის გავლით სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება.

ე) რეინჯერთა ბატალიონი:

ე.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ოპერაციების დავალების პირდაპირი მოქმედების ჩატარებას, ასევე სხვა სპეციალური ოპერაციების ამოცანების მხარდაჭერას;

ე.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ფუნქციას;

ე.გ) მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

ე.დ) ახორციელებს წინააღმდეგობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ე.ე) ახორციელებს მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში ინდივიდუალურად, ასევე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით, საბრძოლო და სხვა სახის მოქმედებებში მონაწილეობას;

ე.ვ) მონაწილეობს კონვენციური ოპერაციების წარმოებაში როგორც დამოუკიდებლად, ასევე სარდლობის ქვედანაყოფებთან და/ან  თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად;

ე.ზ) შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე,  მონაწილეობს საძიებო-სამაშველო ოპერაციებში;

ვ) უზრუნველყოფის ასეული:

ვ.ა) ახორციელებს სარდლობის მმართველობისა და შტაბის დისლოკაციის ადგილების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ვ.ბ) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას;

ვ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის მმართველობისა და შტაბის სატრანსპორტო მომსახურებას;

ვ.დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო მხარდაჭერას;

ვ.ე) ახორციელებს სარდლობის შტაბის კავშირით უზრუნველყოფას დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;

ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:

ზ.ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;

ზ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;

ზ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

ზ.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;

ზ.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ზ.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;

ზ.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  წარმოებას;

ზ.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;

ზ.ი) სარდლობის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;

ზ.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას.

3. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები შედგება ქვედანაყოფებისგან, რომელთა სტრუქტურა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 5. სარდლობის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის სარდალი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე.

3. სარდალი სარდლობაზე  დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ახორციელებს სარდლობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) წყვეტს სარდლობის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

დ) მართავს სარდლობის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

ე) ხელმძღვანელობს სარდლობის მასშტაბით სწავლებებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

ვ) დასახულ ამოცანათა შესაბამისად, ახორციელებს სარდლობის შემადგენლობაში შემავალი ძალებისა და საშუალებების ფორმირება-ორგანიზებას;

ზ) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სარდლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) ითანხმებს სარდლობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

ი) ანაწილებს მოვალეობებს სარდლობის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო ორგანიზებას, პასუხისმგებელია სარდლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე, მათ განვითარებასა და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

ლ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების ორგანიზებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სარდლობის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;

ნ) სარდლობაში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სარდლობის  მოსამსახურეებზე;

ო) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

ჟ) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;

რ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების  და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ს) დადგენილი წესით, ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას;

ტ) შუამდგომლობს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

უ)  ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სარდლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ქ) ხელმძღვანელობს სარდლობაში სპეციალური სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას, უზრუნველყოფს მათ დამტკიცებას, სპეციალური პროგრამების გავლას და წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესაბამის სერტიფიცირებას;

ღ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ყ) მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ახორციელებს სარდლობის ოპერატიულ და საბრძოლო უზრუნველყოფას;

შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

4. სარდალს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლის მოადგილე ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.

5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სარდლის  მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შტაბის უფროსი.

6. სარდლის მოადგილე სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს სარდალს მასზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) სარდლის დავალების შესაბამისად განიხილავს სარდლობაში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს სარდლობის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სარდალთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს მინისტრის, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და სარდლის დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

7. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის მთავარი სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

8. სარდლობის შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სარდლობის შტაბის უფროსი:

ა)  წარმართავს და კოორდინაციას უწევს სარდლობის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შტაბების მუშაობაზე;

გ) ზედამხედველობს სარდლობის შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

ვ) პასუხისმგებელია სარდლობის შტაბის ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) აანალიზებს სარდლობის შტაბის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს შტაბის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

10. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის მეთაური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

11. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის მეთაური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის ძალების მეთაური.

12. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  სტრუქტურული ერთეულის მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ერთეულის  გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სტრუქტურული ერთეულის  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში საყარაულო და შინაგანი სამსახურის მოთხოვნების შესრულებას (გარდა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მეთაურისა);

ი) სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას ანაწილებს დაქვემდებარებულ  მოსამსახურეებზე;

კ) აანალიზებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს მისი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

მ) ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას (გარდა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მეთურისა);

პ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ჟ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (გარდა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის მეთაურისა);

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

13. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (შემდგომში – ქვედანაყოფი), რომლებსაც ხელმძღვანელობენ უფროსები/მეთაურები. ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, უფროსი/მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს  ქვედანაყოფის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  ქვედანაყოფის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

14. ქვედანაყოფის/სამსახურის მეთაურის/უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვის ძალების მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.

მუხლი 6. სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. სარდლობაში სასწავლო პროცესების ორგანიზება და შესაბამის წვრთნებზე, სწავლებებზე, პროგრამებზე/კურსებზე მოსამსახურეების ჩარიცხვა/ამორიცხვა, ხორციელდება სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სარდლობა უზრუნველყოფს პროგრამაგავლილ/კურსგავლილ პირთა სიების მიწოდებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის.

3. თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს ევალებათ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სარდლობას გაუწიონ ლოჯისტიკური და სხვა სახის უზრუნველყოფა (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დროებით გადაცემა ან მომსახურება), ასევე  განახორციელონ წვრთნებზე, სწავლებებზე, პროგრამებზე/კურსებზე პირადი შემადგენლობის წარგზავნა.