დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3493-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 050060000.05.001.021032 |
|
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქპატენტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ − ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო; ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საქპატენტის მიერ რეგისტრირებული და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა; გ) განაცხადი − საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ან საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი; დ) განმცხადებელი − გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევაში − სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას; ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის ერთადერთი მწარმოებელი, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ არეალის მეზობელი ტერიტორიის მახასიათებლებისგან ან რომლის მახასიათებლები განსხვავდება აღნიშნული არეალის მოსაზღვრე გეოგრაფიულ არეალში წარმოებული საქონლის მახასიათებლებისგან; თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი, − ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი; ე) გაერთიანება − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავ/დაცულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ საქონლის მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანება ან/და სხვა პირთა გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ვ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები − საბოლოო საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით; ზ) გვარეობითი ცნება − საქონლის დასახელება, რომელიც, იმ ადგილთან, რეგიონთან ან ქვეყანასთან კავშირის მიუხედავად, სადაც ეს საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში ამ საქონლის საერთო დასახელებად იქცა; თ) სახელმწიფო კონტროლი − კომპეტენტური უწყების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული ქმედება, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ ან/და ბაზარზე განთავსებულ საქონელზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი; ი) კომპეტენტური უწყება − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება; კ) მაკონტროლებელი ორგანო − საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული და კომპეტენტური უწყების მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აღნიშნული უწყების მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად; ლ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება − პროცედურების ერთობლიობა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები; მ) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი) − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას; ნ) წარმოების ეტაპი − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების, გადამუშავების ან დამზადების ნებისმიერი ეტაპი; ო) მიკვლევადობა − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, მასში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერებისა და ინგრედიენტის, აგრეთვე ამ საქონლის ტარის შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) დადგენის შესაძლებლობა წარმოების ეტაპსა და დისტრიბუციის ეტაპზე; პ) მიკვლევადობის ნიშანი − საქონლის პარტიაზე/ლოტზე განთავსებული ნიშანი, რომელიც იძლევა ამ საქონლის მწარმოებლისა და აღნიშნული პარტიის/ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას. თუ, საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიკვლევადობის ნიშნის უშუალოდ საქონელზე განთავსება შეუძლებელია, იგი შეიძლება მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონლის ეტიკეტზე განთავსდეს; ჟ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლო (შემდგომ − ოფიციალური სიმბოლო) − ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული სიმბოლო, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე მიანიშნებს; რ) საბოლოო საქონელი − საქონელი, რომელმაც წარმოების ყველა ეტაპი გაიარა და მზად არის სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად ან ჩართულია სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებულია ბაზარზე; ს) აუდიტი − კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობა და მისი შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და რამდენად მიიღწევა დასახული მიზნები მათი შესრულებით; ტ) ოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება საქონლის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; უ) სურსათი − ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი მოიცავს აგრეთვე ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველს (გარდა იმ ცხოველისა, რომელიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად), მცენარეს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოსა და მის პროდუქტს, ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, კოსმეტიკურ საშუალებას, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს. მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა 1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელი ან ამ სახელის შემცველი დასახელება ან სხვა აღნიშვნა, რომელიც აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი ან მახასიათებლები, მთლიანად ან ძირითადად, განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის გარემოთი (ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით), რომელმაც განსაზღვრა საქონლის რეპუტაცია; გ) რომლის წარმოება, გადამუშავება და დამზადება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში ხდება. 2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელს ან სხვა აღნიშვნას, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, მისი გეოგრაფიული წარმოშობითაა განპირობებული; გ) რომლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გეოგრაფიული ადგილი (არეალი) შეიძლება შედგებოდეს ადგილისგან, რეგიონისგან ან ქვეყნის მთელი ტერიტორიისგან. 4. ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და, ტრადიციულად, კონკრეტულ ადგილას გამოიყენებოდა, საქპატენტი აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს ანიჭებს. ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე ისეთ აღნიშვნას, რომელიც ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის შემდეგ აღარ დააკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების პროცედურა განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა − საქპატენტის მიერ მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით. 2. საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 3. რეგისტრირებული ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა. თავი II ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ საქპატენტისთვის წარდგენილი განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას; ბ) განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) სახელსა და გვარს/სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს; გ) იმ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, წარდგენილი უნდა იქნეს მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა; დ) იმ საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; ე) განმცხადებლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლობას, თუ განაცხადს წარმომადგენელი წარადგენს; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის სპეციფიკაციას; თ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული; ი) კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი; კ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია; ლ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საფასურის გადახდას; მ) ერთიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს: მ.ა) საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: საქონლის დასახელებასა და აღწერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს და შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას; მ.ბ) საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის არსებული კავშირის აღწერას ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან მისი წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს. მუხლი 6. საქონლის სპეციფიკაცია საქონლის სპეციფიკაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ქართულ ენასა და იმ ენაზე/ენებზე, რომელიც/რომლებიც ამ საქონლის აღწერისთვის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან გამოიყენება; ბ) საქონლის (ნედლეულის (არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით) აღწერას, აგრეთვე საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს; გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას; დ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტში ან/და „ვ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას; ე) საქონლის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულებას; ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კავშირი: ვ.ა) საქონლის ხარისხსა ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ვ.ბ) საქონლის ხარისხსა, რეპუტაციასა ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს; თ) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებულ წესს (არსებობის შემთხვევაში); ი) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზე. მუხლი 7. ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში 1. განმცხადებელს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქპატენტს წარუდგინოს საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი. 2. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანას ეხება, იგი წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და მასზე უნდა ჩატარდეს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზა იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში. 3. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანას ეხება, საქპატენტი მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილება არსებითად მიიჩნევა, თუ იგი: ა) საქონლის ძირითად მახასიათებლებს ეხება; ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კავშირს ცვლის; გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი ნაწილის ცვლილებას მოიცავს; დ) შესაბამის გეოგრაფიულ არეალს ცვლის; ე) საქონლის ან ნედლეულის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვასთან/ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აფართოებს. 5. დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ექსპერტიზის დასრულებიდან 5 დღის ვადაში. განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი არაარსებითი ცვლილების შესახებ საქპატენტს წარუდგინოს აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო არსებითი ცვლილების თაობაზე − 1 თვის ვადაში. 6. საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში საქპატენტი აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8. განაცხადის ექსპერტიზა 1. განაცხადის ექსპერტიზას ატარებს საქპატენტი. 2. საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა. ხარვეზისამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, მისი ექსპერტიზის ჩატარების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების, განხილვის ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის, განაცხადის მასალების გამოქვეყნების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილად ცნობის, აგრეთვე რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. 6. თუ განაცხადი უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ეხება, საქპატენტი ამოწმებს მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას. მუხლი 9. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია 1. საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია (შემდგომ − კომისია), რომელიც განიხილავს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საკითხებს. 2. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 1 არის შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენელი, 2 − საქპატენტის წარმომადგენელი, 1 − შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერიის წარმომადგენელი, ხოლო 1 − მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი. კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 3. კომისია იქმნება: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქპატენტის მიერ განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 4. კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 5. კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. 6. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და მისი ანაზღაურების საკითხი) განისაზღვრება კომისიის დებულებით. მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება დასახელება, რომელიც: ა) ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს; ბ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული; გ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება; დ) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. მუხლი 11. გამოქვეყნება 1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტი საქონლის სპეციფიკაციას აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ − ბიულეტენი), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში). 2. საქპატენტის მიერ მიღებული უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა, საქონლის კატეგორია და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). 3. საქპატენტის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული აღნიშვნის ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, საქონლის კატეგორია და აღნიშვნის აღიარების ნომერი. მუხლი 12. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 3. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია მისი გამოქვეყნების დღიდან. თუ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც საქპატენტის მიერ რეგისტრირებული იყო, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადატანილ იქნა რეესტრში, მისი დაცვის თარიღად მიიჩნევა აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღე. 4. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში. მუხლი 13. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები 1. განმცხადებელი უფლებამოსილია ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში. 2. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში. 3. საქპატენტის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში. 4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად − სასამართლოს ან საქპატენტის სააპელაციო პალატას, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა: ა) ამ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს; ბ) ხელს შეუშლის იდენტური ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების ან სასაქონლო ნიშნის არსებობას ან იმ საქონლის არსებობას, რომელიც კანონიერად იყო ჩართული სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებული ბაზარზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღემდე არაუგვიანეს 5 წლისა; გ) სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის, ცნობადობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მომხმარებელს შესაბამისი საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას შეუქმნის; დ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული; ე) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; ვ) სრულად ან ნაწილობრივ არის რეესტრში შეტანილი დასახელების ომონიმი და საკმარისად არ განსხვავდება ამ დასახელების ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენებისგან, რითაც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას შეუქმნის. ომონიმური დასახელება, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, არ რეგისტრირდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ტერიტორიის, რეგიონის ან საქონლის წარმოშობის ფაქტობრივი ადგილის დასახელებაა; ზ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები განმცხადებლისთვის აითვლება მისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან, ხოლო ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის − განაცხადის მასალების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით. მუხლი 14. საფასური განაცხადის ექსპერტიზისთვის, რეესტრში ცვლილების შეტანისთვის, განაცხადის მასალების გამოქვეყნებისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ქმედებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური. მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაცია და დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისთვის შეიძლება წარდგენილ იქნეს უშუალოდ ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ. 2. საქპატენტი უფლებამოსილია განახორციელოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ან/და აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისა და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები. თავი III ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები მუხლი 16. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლებიდან გამომდინარე, აკრძალულია: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა.ა) როდესაც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელზედაც რეგისტრაცია არ ვრცელდება, ერთნაირი ტიპის საქონელია; ა.ბ) რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი მცდარი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონლის წარმოშობის ადგილი მითითებულია ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელება წარმოდგენილია თარგმანით, ტრანსლიტერაციით, ტრანსკრიფციით ან შემდეგ სიტყვებთან ერთად: „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული, როგორც“, „იმიტაცია“, „არომატი“ და სხვა, აგრეთვე მაშინ, თუ აღნიშნული საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; გ) როდესაც ნებისმიერი სხვა მცდარი ან ისეთი აღნიშვნა, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმომავლობის, წარმოშობის ადგილის, დასახელების ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, მოცემულია სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქონლის იმგვარი შეფუთვის (ტარაში მოთავსების) შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; დ) ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. 2. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გვარეობით ცნებად გადაქცევა არ შეიძლება. 3. თუ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა იმ საქონლის დასახელებას შეიცავს, რომელიც გვარეობით ცნებად არის მიჩნეული, აღნიშნული გვარეობითი ცნების გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები. 4. ამ მუხლის დებულებები ფიზიკურ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს საკუთარი ან იმ პირის სახელი, რომლის მემკვიდრეცაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სახელის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის. 5. ამ მუხლის დებულებები არცერთ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს მცენარის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დასახელების გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის. მუხლი 17. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უქმდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. სასამართლო დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისას დაირღვა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-10 მუხლის მოთხოვნები. 3. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია რეესტრში შეიტანება და ბიულეტენში ქვეყნდება. მუხლი 18. ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის განაცხადს, რომელიც წარდგენილ იქნა აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას, თუ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელსაც სასაქონლო ნიშანი ეხება, ერთნაირი ტიპის საქონელია და აღნიშნული სასაქონლო ნიშნის გამოყენებით შეიძლება დაირღვეს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიუხედავად, დასაშვებია ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ან/და მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადიც კეთილსინდისიერი განზრახვით, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენამდე იქნა შეტანილი ან რეგისტრირებული. 3. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას საქპატენტში უკვე შეტანილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან შედგება მისგან, და აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადზე საქმისწარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. თავი IV სახელმწიფო კონტროლი მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლი 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის (გარდა უცხო ქვეყნის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას ადგენს და სერტიფიკატს გასცემს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. 2. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყება სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) შემთხვევაში არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევებში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო. 3. არასასოფლო-სამეურნეო საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტურ უწყებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ფუნქციას კომპეტენტური უწყება გადასცემს ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. 5. კომპეტენტური უწყება საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, კვალიფიციური პერსონალისა და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა რესურსების გამოყენებით. 6. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების მაკონტროლებელი ორგანოსთვის დელეგირებას კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის გეგმის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი შეიცავს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების ზუსტ აღწერას და იმ პირობების ჩამონათვალს, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი; ბ) მაკონტროლებელ ორგანოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი და საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამასთანავე, საქმიანობის განხორციელებისას მაკონტროლებელ ორგანოს ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს. 7. სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული სურსათის (ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ჩათვლით) კონტროლს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო სხვა საქონლის კონტროლს − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური უწყება. 8. თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან უმნიშვნელო შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განსაზღვროს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომპეტენტური უწყება/ მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ. 9. თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების შესახებ. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობების ხარისხი განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლის გეგმით. მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. გაერთიანებამ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელმა ან/და გადამამუშავებელმა, რომელსაც თავისი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება სურს, კომპეტენტურ უწყებას/მაკონტროლებელ ორგანოს სათანადო პირობები უნდა შეუქმნას და უნდა უზრუნველყოს მისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის, ადგილის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა. 2. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ამოწმებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების ყველა ეტაპს, მისი მიწოდების სრულ ჯაჭვს, საქონლის შენახვის პირობებს, ნედლეულის წარმოშობის ადგილს და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელ ყველა გარემოებას. 3. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს მიკვლევადობის ნიშნების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს. მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე 1. საქონლის მიკვლევადობისა და გადაადგილების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ შერჩეული საქონლის ნიმუშის საფუძველზე არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს საქონლის მწარმოებლისა და გადამამუშავებლის სახელმწიფო კონტროლს. 2. რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში საბოლოო საქონლის ნიმუშის საფუძველზე ყოველწლიურად მოწმდება საქონლის მწარმოებელი, ხოლო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში − საქონლის მწარმოებელი ან გადამამუშავებელი, რომელიც თავის საქონელს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართავს/ბაზარზე განათავსებს. თუ ერთი ოპერატორი რამდენიმე მწარმოებლის ან გადამამუშავებლის საქონელს ჩართავს სამოქალაქო ბრუნვაში/განათავსებს ბაზარზე, ხორციელდება საქონლის მწარმოებლების ან გადამამუშავებლების საქონლის შესაბამისი ნიმუშების სახელმწიფო კონტროლი. 3. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის მიკვლევადობასთან, გადაადგილებასა და სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქონლის მწარმოებლის ან გადამამუშავებლის კონტროლი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ ხორციელდება. მუხლი 22. სახელმწიფო კონტროლის გეგმა 1. სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებული გაერთიანება ან განმცხადებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან/მაკონტროლებელ ორგანოსთან. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას. კომპეტენტური უწყება ვალდებულია აღნიშნული სახელმწიფო კონტროლის გეგმა 3 თვის ვადაში დაამტკიცოს. 3. მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის გეგმას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში ამტკიცებს კომპეტენტური უწყება. მუხლი 23. მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს კომპეტენტური უწყება „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. 2. მაკონტროლებელი ორგანო კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს თითოეული რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად, კალენდარული წლის დამთავრებიდან 3 თვის ვადაში, აგრეთვე კომპეტენტური უწყების მოთხოვნის საფუძველზე. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) იმ პირთა სიას, რომელთა სახელმწიფო კონტროლიც განხორციელდა, და აღნიშნული კონტროლის შესახებ ინფორმაციას; ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად გამოყენებული ღონისძიებებისა და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; დ) იმ სერტიფიკატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც გაუქმებულია ან რომელთა მოქმედებაც შეჩერებულია. 3. საქპატენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება არაუგვიანეს 15 დღისა. 4. თუ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ კომპეტენტურ უწყებას შეატყობინოს. 5. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატაროს მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტი. 6. კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიზანშეწონილობისა და თანასწორობის პრინციპებით. 7. კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ამოწმებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. 8. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია მაკონტროლებელ ორგანოს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განსახორციელებლად აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. 9. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული აუდიტი უნდა დასრულდეს დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 11. თუ აუდიტის ჩატარებისას დადგინდა, რომ მაკონტროლებელი ორგანო ვერ ასრულებს მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებით განსაზღვრულ ამოცანებს და დროულად ვერ იღებს შესაბამის ზომებს, კომპეტენტური უწყება დაუყოვნებლივ წყვეტს მაკონტროლებელი ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირებას. მუხლი 24. საბოლოო საქონლის შემოწმება 1. სურსათის ან ალკოჰოლიანი სასმლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საბოლოო საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას. 2. არასასურსათო საქონლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ფიზიკური და სხვა ძირითადი მახასიათებლების შემოწმებას. 3. საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას ახორციელებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. მუხლი 25. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენისა და სახელმწიფო კონტროლის ხარჯები 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ხარჯს ფარავს გაერთიანება ან შესაბამისი საქონლის მწარმოებელი. 2. სახელმწიფო უფლებამოსილია თანამონაწილეობით დაფაროს სახელმწიფო კონტროლის ხარჯი. სახელმწიფო კონტროლის ხარჯის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის აქტით. მუხლი 26. გაერთიანების უფლებამოსილებები გაერთიანება უფლებამოსილია: ა) საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) მოამზადოს საინფორმაციო მასალები და განახორციელოს ღონისძიებები საქონლისთვის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი საქონლის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; დ) განახორციელოს ღონისძიებები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია; ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემქმნელი ქმედებები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი V ოფიციალური სიმბოლო და წარწერა, პასუხისმგებლობა მუხლი 27. ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წესი 1. წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების უფლება აქვს სერტიფიკატის მფლობელ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. 2. წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის სავაჭრო სახელწოდებაში ან მასთან ერთად, აგრეთვე შეფუთვაზე ან რეკლამაში ან შეთავაზებაში, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ საქონელს, თუ: ა) საქონელში არ არის სხვა ინგრედიენტი, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი; ბ) გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ საქონელს ძირითადი მახასიათებლები შესძინოს; გ) საქონლის ინგრედიენტის პროცენტული მაჩვენებელი მიეთითება რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად, საქონლის სავაჭრო სახელწოდების სიახლოვეს, ხედვის ძირითად არეალში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ ინგრედიენტის გასწვრივ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის (გარდა ღვინისა) ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს საქონლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. საქონლის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული ღვინის ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს ღვინის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. ღვინის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. 5. ოფიციალური სიმბოლოს შავ-თეთრი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე სხვა ფერები წარმოდგენილი არ არის. 6. ოფიციალური სიმბოლო მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 28. პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენებისთვის 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენების შემთხვევაში გაერთიანება, კომპეტენტური უწყება, მაკონტროლებელი ორგანო, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა; ბ) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან/ბაზრიდან ამოღება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ან იმ საქონლის ამოღება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადის; გ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი გამოსახულების ან მასალის წაშლა, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას შეიცავს; დ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება; ე) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება. გასანადგურებელი საქონელი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემცველი გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის. 3. გაერთიანება ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული კანონდარღვევის შესახებ; ბ) მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 4. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. მუხლი 29. ადგილწარმოშობის დასახელების გავრცელება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განმცხადებელმა ადგილწარმოშობის დასახელების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ განაცხადი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საქპატენტის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 30. გარდამავალი დებულებები 1. იმ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონთან შესაბამისობა, რომლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარდგენილია საქპატენტისთვის ან რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 2031 წლის 1 იანვრამდე. თუ აღნიშნულ თარიღამდე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ამ კანონთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება, ეს ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეტანილი იქნება რეესტრში, როგორც აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, თუკი იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე უნდა განხორციელდეს. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქპატენტის მიერ რეგისტრირებული ან საქპატენტისთვის რეგისტრაციისთვის წარდგენილი ადგილწარმოშობის დასახელება, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ნედლეული წარმოშობილია ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც აღნიშნული საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალზე ფართოა ან მისგან განსხვავებულია, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადგილწარმოშობის დასახელებად, თუ დაცულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) დადგენილია საქონლის ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები; ბ) საქონლის ნედლეულის წარმოებისთვის სპეციალური პირობებია დადგენილი; გ) ადგილწარმოშობის დასახელება, ისტორიულად და ტრადიციულად, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ფარგლების გარეთ გამოიყენებოდა; დ) არსებობს კონტროლის მექანიზმი ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საქონლის ნედლეული გულისხმობს ცოცხალ ცხოველს, რძესა და ხორცს. 4. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებით დამტკიცებულ ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნას, გარდა რეესტრში შეტანილი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნისა, ამ კანონის ამოქმედებისთანავე მიენიჭოს აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი. 5. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში: ა) საქპატენტმა შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ა.ა) „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია; ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება; ა.გ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლოები; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ბ.ა) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია; ბ.ბ) „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია. მუხლი 31. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126). მუხლი 32. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−29-ე და 31-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−29-ე და 31-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3493-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები