სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 15/09/2023
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 380050000.76.089.016013
10
15/09/2023
ვებგვერდი, 18/09/2023
380050000.76.089.016013
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №10

2023 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანების მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი



დებულება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი

დებულება არეგულირებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიცენზიის გამცემი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

ბ) აუქციონი – სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონი;

გ) პრეტენდენტი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით  გათვალისწინებული პირი;

დ) A კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – დეტალურად დაძიებული, ასათვისებლად სრულყოფილად მომზადებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 1-ს;

ე) B კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობების ძირითადი მახასიათებლები შესწავლილია და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,95-ს;

ვ) C1  კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობები, ფორმა, აღნაგობა და ა.შ. განსაზღვრულია მიახლოებით და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,7-ს;

ზ) C2  კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – წინასწარ შეფასებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კონტური პირობითად გადის გეოლოგიურად ხელსაყრელი სტრუქტურების ან სამთო ქანების კომპლექსების უბნებზე და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,6-ს;

თ) P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის რესურსი – სასარგებლო წიაღისეულის საპროგნოზო მოცულობა, რომლის კოეფიციენტი საშენი მასალების (გარდა ქვიშა-ხრეშისა) შემთხვევაში შეადგენს 0,4-ს.

თავი II

აუქციონის ჩატარების ორგანიზაციული ღონისძიებები,   ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი და პირობები

მუხლი 3.  აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება აუქციონი, სააგენტოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით, ამ თავით დადგენილი წესით.

2. ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის გაცემის მიზნით  აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction .ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;

დ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;

ე) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

ვ) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ზ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

თ) აუქციონის საწყის ფასს;

ი) ბეს თანხის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და იგი არ შეიძლება იყოს ლიცენზიის საწყისი ფასის 10%-ზე ნაკლები;

კ) ბიჯის ოდენობას, რომელიც საწყისი ფასის არაუმეტეს 10%-ის ტოლია;

ლ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია.

2. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

3. აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

4. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.

5. გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:  

ა) პირის შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა;

დ) საბანკო დაწესებულების, მათ შორის, „ინტერნეტბანკინგის“ მეშვეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა.

6. პრეტენდენტმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

7. პრეტენდენტს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) პრეტენდენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5. აუქციონის ჩატარების წესი

1.  აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი  აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება პრეტენდენტის  სტატუსი.

2. აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.

3. აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.

4. აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის  მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 6. ლიცენზიის საწყისი ფასი

1. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:

 

 

ა) სადაც:

ა.ა) Y – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია;

ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული მოცულობა, მათ შორის A, B, C1, C2  კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის საშენი მასალების (გარდა ქვიშა-ხრეშისა), რომლის კოეფიციენტი შეადგენს 0.4-ს, გამოიანგარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით. ნებისმიერი (A, B, C1, C2, P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის, ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში Q შეადგენს  მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე.

შენიშვნა: Q  –  „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის  სახეობების ოდენობა  P კატეგორიისთვის, ტონებსა და მ-ში განისაზღვრება 200 ერთეულით (გარდა საშენი მასალებისა და  მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებისა), ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) L – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში დასახელებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში), ხოლო ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში  L  – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ამ სახეობის წიაღისეულისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის ნამრავლი 7,5-ზე;

ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;

ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ვადა (წლებში);

ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.

2. იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 50 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 50 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.

3. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ, ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.

მუხლი 7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

ა)  შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პრეტენდენტის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს პრეტენდენტის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ დაადგენს, რომ იგი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება პრეტენდენტის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. პრეტენდენტი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3. პრეტენდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;

ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.

მუხლი 8. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა)  აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;

ბ) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

მუხლი 9. ანგარიშსწორების წესი

1. პრეტენდენტის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე  აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე პრეტენდენტისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. პრეტენდენტი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში პრეტენდენტისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (პრეტენდენტი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში პრეტენდენტი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

7.  აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის  აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

9.  აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10  სამუშაო დღეს.