2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018342
87/ნ
13/09/2023
ვებგვერდი, 14/09/2023
430210000.22.022.018342
2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №87/ნ

2023 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​​​ 1 მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და ,,2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2023 წლის 21 თებერვლის №77 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 11 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

  2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა  

 

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

2. 2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს, რომლებიც 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022-2023 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2022 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა დაემატება „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს323 დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანხას და გადანაწილდება პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებზე, რომლებმაც აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს323 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2023 წლის 11 სექტემბრიდან 2023 წლის 2 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება;

ბ) ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან და საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი