„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016641
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
30/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
300280000.16.009.016641
„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/09/2023 - 25/04/2024)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №39

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების „დ“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1.  დამტკიცდეს „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“.

 

2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ პირველი  69-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ პირველი  მე-5 მუხლები, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-4-მე-6 პუნქტები, მე-7  მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი – მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტები და მე-11-69-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი




საირიგაციო წყლის მიწოდების წესები

კარი I. მომარაგება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზნები

1. საირიგაციო წყლის მიწოდების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს საირიგაციო სისტემის მეშვეობით პირველად წყალმოსარგებლესა (შემდგომში – მიმწოდებელსა) და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს წყალმომარაგებისას.

2. წესები ადგენს მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის გარანტირებული და საპროგნოზო მიწოდების და მის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, საირიგაციო სისტემასთან მიერთების, სარგებლობისა და სიმძლავრის გაზრდის პირობებს. ასევე, ადგენს საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების საოპერაციო მოთხოვნებს, მიწოდების წერტილის განსაზღვრის პირობებს, საირიგაციო სისტემაში წყლის დეფიციტის, ჭარბი წყლის ან სხვა ფორსმაჟორულ ან/და სხვა სახის შეფერხებების დროს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის განაწილებისა და დარიცხვის პირობებს, აგრეთვე საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების მართვასა და დაგეგმვასთან დაკავშირებულ ნიშან-თვისებებს.

3. წესები არ არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. წესები არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე.

4. წესების მიზანია:

ა) მიმწოდებლისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) წყალმომარაგებაზე სწორი მოლოდინის შექმნა, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესრულების, მოხმარების შესაბამისი ღირებულების დარიცხვის და გადასახადის უზრუნველყოფა;

გ) უზრუნველყოს საირიგაციო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და წესების მოთხოვნათა დაცვით, სისტემით მოსარგებლეებს მისცეს საირიგაციო სისტემასთან არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვების შესაძლებლობა;

დ) მიმწოდებლის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დამყარებული, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პროფილური მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე პრიორიტეტული გარემო;

ე) საირიგაციო საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საირიგაციო სისტემის სწორი ექსპლუატაცია, წყლის მიწოდების რეჟიმული მართვა, საირიგაციო სისტემის ოპტიმალურად განვითარებისა და გაფართოების საჭირო პირობების შექმნა;

ვ) შესაბამისი ხარისხის წყლით უსაფრთხოდ მომარაგების ხელშემწყობი პირობების განსაზღვრა;

ზ) წყლის რაციონალურად მოხმარების და დაზოგვის წახალისება.

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. მომსახურების ხელშეკრულებით მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

2. წესები განსაზღვრავს მომსახურების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლება ამ წესებით დადგენილი წესით, პირის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.

4. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

5. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

6. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დაცვასა და მიწოდების წერტილში, წესების შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე. მიმწოდებელი ვალდებულია აკონტროლოს საირიგაციო სისტემიდან წყლის მომარაგება, მათ შორის მომარაგების დაწყება და შეწყვეტა.

7. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყლით მომარაგებაზე.

8. მიმწოდებელი და მომხმარებელი ვალდებული არიან დაიცვან წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს წყლის მიწოდებას, გატარებას, ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.

9. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

10. მიმწოდებელი ვალდებულია წყლის მიწოდების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

11. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

12. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრება, ამ წესების პირობების შესაბამისად მიმწოდებელსა და მომხმარებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ (მოცემულ) მიწოდების წერტილზე.

13. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას. ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მარტივი სამუშაო – სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მიწოდების წერტილში საჭირო სამუშაოებით, ჰიდრომექანიკური მოწყობილობების, რაბ-რეგულატორების, ფარების, მათი ამწე მექანიზმების, ურდულების, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით ან/და მიწოდების წერტილთან საირიგაციო სისტემის გაწმენდით (ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურის გარდა);

ბ) რთული სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება საირიგაციო სისტემის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია;

გ) აბონენტი – უნიკალური ნომრის მქონე, საირიგაციო სისტემიდან წყლის მიწოდების წერტილი (საშუალება), საიდანაც ხდება, კონკრეტული ნაკვეთის ან/და ობიექტის წყლის მიწოდება ან/და ჭარბი წყლის მოცილება, ასევე მიწოდების წერტილთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის აღრიცხვის კვანძის (არსებობის შემთხვევაში), მისაერთებელი სიმძლავრის, წყლის და სადრენაჟო სისტემის, რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების და სხვა მასთან დაკავშირებით აღრიცხული და შენახული ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები;

დ) მომხმარებელი – წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი;

ე) პროფილური მომხმარებელი – წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს საირიგაციო მიზნით (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, სამოსახლო ან/და სხვა დანიშნულების მიწის ირიგაციის მიზნით) მოიხმარს, ასევე პირი რომელიც წყალს მოიხმარს საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის;

ვ) არაპროფილური მომხმარებელი – სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც არ არის პროფილური მომხმარებელი;

ზ) მრიცხველი – წყლის ხარჯმზომი მოწყობილობა ან მოწყობილობათა ერთობლიობა;

თ) მომსახურების საფასური – ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს კომისიის მიერ დადგენილ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს; აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, ან/და წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასურს.

2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იმავე მნიშვნელობა, რაც „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 4. ვადების ათვლა

ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.

მუხლი 5. მომარაგების ძირითადი პრინციპები

1. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებლის და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს წყლის მიწოდებისა და მოხმარების დროს.

2. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების, ასევე საირიგაციო სისტემაზე მიერთების მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

3. მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით. ამასთან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მტკიცდება კომისიის მიერ.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს შესთავაზოს, ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში გააფორმოს მასთან მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობების ხელშეკრულება.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს წყლის მიწოდების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

6. საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიწოდებული წყალი განკუთვნილია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, თევზის მეურნეობის და ჰიდროენერგეტიკული მიზნით გამოყენებისთვის. მომხმარებლის მიერ (მათ შორის, საწარმოოს ან საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ), საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებული წყლის სათანადო წესით დამუშავებისა და მის რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის გარეშე, დაუშვებელია საკვებად ან საკვებპროდუქტების დამუშავებისთვის გამოყენება, როდესაც წარმოების ტექნოლოგია სანიტარიული ნორმები, რეგლამენტი ან/და სტანდარტები მოითხოვს უფრო მაღალი ხარისხის წყლის გამოყენებას.

თავი II. მომსახურების საერთო პირობები

მუხლი 6. მომსახურების ცენტრები

1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს პროფილურ მომხმარებელთათვის წყლის მიწოდებას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად.

2. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს მიმწოდებელს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის და ელექტრონული საშუალებით ან ვებგვერდის მეშვეობით – 24 საათის განმავლობაში.

3. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია მიმწოდებელს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს. ასეთ შემთხვევაში განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების მიმწოდებლისათვის გადაგზავნის მომენტიდან.

4. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.

5. მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას მიმწოდებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით.

6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან.

მუხლი 7. მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირება

1. მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:

ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;

ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში.

2. მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება, თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი.

3. განცხადებაში მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განცხადების რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:

ა) მომხმარებლის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);

ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;

გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;

დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადას, ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ელექტრონულ მისამართს.

4. მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების ფორმები (წესების შესაბამისი ტიპური ფორმები), მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით.

5. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონულად ან მატერიალურად) მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ ამ წესების შესაბამისად დარიცხული საფასურის შესახებ, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდის, დარიცხული მოცულობისა და ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.

მუხლი 8. წყალმომარაგების პერიოდში წყლის მიწოდების და მისი ხარისხის შემოწმების მოთხოვნაზე რეაგირება

1. მომხმარებლის მიერ წყლით მომარაგების ტექნიკური ხარისხის (წყლით მომარაგების მახასიათებლები, მისი დებიტის, დაწნევის ან/და ხარისხის) ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა და განახორციელოს სათანადო მოქმედებები ან ადგილზე შემოწმების შემდეგ, განცხადებაზე რეაგირების წესებით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს მომხმარებელს გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (ამ მოქმედებებზე კონკრეტული ვადების მითითებით). ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.

2. საირიგაციო სისტემის გაუმართაობის შესახებ შეტყობინებაზე (რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საირიგაციო სისტემაში არხის/მილის დაზიანების, დაბინძურების, წყლის გარემოში დაღვრის, გრუნტის ჩამოშლის ან სხვა გარემოებასთან, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს წყლით მომარაგებაში პრობლემა, მათ შორის წყალმომარაგების შეწყვეტა/შეფერხება ან დაბინძურება) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება, მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა და განახორციელოს სათანადო მოქმედებები ან ადგილზე შემოწმების შემდეგ, განცხადებაზე რეაგირების წესებით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს მომხმარებელს გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (ამ მოქმედებებზე კონკრეტული ვადების მითითებით). ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.

3. მიმწოდებელი ვალდებულია საჯარო გახადოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული, მომხმარებლის საირიგაციო სისტემის დამატებითი მომსახურებები, მათ შორის საირიგაციო სისტემის წმენდის პირობები, მომსახურების ვადები და პროცედურები. აღნიშნული დამატებითი მომსახურებები უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის საჯაროდ გამოცხადებული პირობების დაცვით.

მუხლი 9. პრეტენზიის განხილვა. საპრეტენზიო კომისია

1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით, შექმნას საპრეტენზიო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

2. საპრეტენზიო კომისია უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი წევრისგან. მიმწოდებელი ვალდებულია საპრეტენზიო კომისიის წევრებად შეარჩიოს პირები, რომლებსაც გააჩნიათ დაკავშირებულ დარგებში საქმიანობის გამოცდილება და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით.

3. საპრეტენზიო კომისიის წევრი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს პრეტენზიის განხილვაში, თუ:

ა) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია პრეტენზიის შედეგით ან არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;

ბ) პრეტენზიის წარმდგენის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან წილს იმ საწარმოში, რომელიც მიმწოდებელს მიმართავს პრეტენზიით;

დ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია პრეტენზიის წარმდგენ მომხმარებელთან.

4. საპრეტენზიო კომისიის წევრი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ საპრეტენზიო კომისიას აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ.

5. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიას განიხილავს მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, კომისიისა და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. საპრეტენზიო კომისია ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომისიის ან/და სასამართლოს მიერ იმ სადავო საკითხების განხილვა, რომლებზეც უკვე არსებობს ერთგვაროვანი, ჩამოყალიბებული პრაქტიკა.

6. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის პროცედურას განსაზღვრავს მიმწოდებელი და წარუდგენს კომისიას.

7. საპრეტენზიო კომისია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მომხმარებელს პრეტენზიის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში აცნობებს მომხმარებელს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის მიმართვის, აგრეთვე, ამ წესების 55-ე მუხლის შესაბამისად, კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე.

მუხლი 10. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ – მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამასთან, შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმული მართვის შემთხვევაში – წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული შემდგომი ოპერაციის (შეწყვეტის/აღდგენის) თარიღი, ხოლო მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში – შეწყვეტის გადაწყვეტილებისა და მიზეზ(ებ)ის შესახებ;

ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – მიმწოდებლის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;

გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – მიმწოდებლის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;

დ) საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით წყალმომარაგების პერიოდში, საირიგაციო სისტემაში წყლის მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – მიმწოდებლის მიერ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის პირობების შესაბამისად;

ე) საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით წყალმომარაგების პერიოდში, საირიგაციო სისტემაში წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება საირიგაციო სისტემის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების წყვეტის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე;

ვ) საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით წყალმომარაგების პერიოდში, საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის, წყლის დაბინძურების მიზეზისა და პრობლემის აღმოფხვრის სავარაუდო დროის შესახებ;

ზ) ახალ წყალმომარაგების სეზონზე საირიგაციო სისტემაში წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პერიოდის დაწყების შესახებ;

თ) წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების, გაუქმების, ცვლილების ან მოთხოვნაზე უარის შესახებ.

2. მიმწოდებლის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად აცნობოს აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მფლობელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განაცხადის საშუალებით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით;

დ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა.

5. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა.

6. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული საშუალების – მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ციფრების, სიმბოლოების და ასოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმწოდებლისგან მოითხოვოს ინფორმაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

7. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც მიმწოდებელმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

8. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში ან/და მის დანართებში უნდა მიეთითოს ინტერაქტიული მომსახურების ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი.

9. მიმწოდებელი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საირიგაციო საქმიანობასთან.

მუხლი 11. მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა და მომხმარებელთა ინფორმირება

1. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში სარემონტო, საექსპლუატაციო ან სხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო წყლით მომარაგების დროებითი გეგმური ან არაგეგმური წყვეტის შესახებ, ასევე წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, შესაბამის საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე არსებულ იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წყვეტა ან წყლის დაბინძურების შემთხვევა. წყვეტის ან წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფს უნდა მიეწოდოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს ერთი აბონენტის ნომრიდან (საერთო მიწოდების წერტილიდან) მომარაგებულ ყველა უძრავი ქონების მფლობელს.

2. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-მართვა განახორციელოს იმგვარად, რომ საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში მაქსიმალურად შემცირდეს საირიგაციო სისტემაში წყალმომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტა. ამასთან, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, წყლით მომარაგების გეგმური წყვეტა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს მაგისტრალურ არხზე 10 კალენდარულ დღეს, ხოლო მეორე რიგისა და მესამე რიგის არხებსა და მილსადენებზე 5 კალენდარულ დღეს (მაგისტრალურ არხზე წყვეტის გათვალისწინების გარეშე). იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას, წყლით მომარაგების გეგმური წყვეტა აღემატება ამ პუნქტში მითითებულ პერიოდს, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს გეგმური წყვეტის აუცილებლობისა და სამუშაოების გადაუდებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალისა და გეგმური წყვეტის სავარაუდო პერიოდის მითითებით).

3. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყალმომარაგების პერიოდში საირიგაციო სისტემაში მომარაგების დროებითი შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, თუ საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას, ასევე საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობით, ან/და საირიგაციო სისტემის მოვლა-პატრონობასთან, ან ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებით გამოწვეული ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც მიმწოდებლის მიერ სათანადოდ უნდა აღირიცხოს შესაბამის ჟურნალებში.

4. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყალმომარაგების პერიოდში, მიმწოდებლის მიერ კონკრეტული მომხმარებლის წყალმომარაგება შეიძლება შეწყდეს ამ მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია საირიგაციო სისტემებთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის გარემოებების დროს, უარყოფითი შედეგის თავიდან ასაცილებლად/აღმოსაფხვრელად, ასევე, წყლის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მომხმარებელს წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

5. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყლით მომარაგების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება არანაკლებ შესაბამისი საირიგაციო სისტემის მომხმარებლების 50%-ზე მეტ მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყლით მომარაგების პერიოდში, მიმწოდებელი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. მიმწოდებელი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, მიმწოდებელი ვალდებულია რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, საირიგაციო სისტემის შესაბამის მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით წყვეტის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამისი საირიგაციო სისტემის მომხმარებლების 50%-ზე მეტ მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყლით მომარაგების პერიოდში, წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ტექსტური შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს წყლის დაბინძურების მიზეზს და პრობლემის აღმოფხვრის სავარაუდო დროს.

7. საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის დაწყების და დასრულების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით უნდა ეცნობოს შესაბამისი საირიგაციო სისტემის ყველა მომხმარებელს, ამ რეჟიმის ამოქმედებისთანავე. ამასთან, საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის რეჟიმის დაწყების ტექსტური შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს მისი გამოცხადების მიზეზს და გაუქმების სავარაუდო დროს.

8. საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის მოქმედების პერიოდში:

ა) თუ არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში, არაპროფილურ მომხმარებელს შეზღუდვის შესახებ ტექსტური შეტყობინებით წინასწარ უნდა ეცნობოს, წყლით მომარაგების შეწყვეტამდე 3 კალენდარული დღით ადრე მაინც;

ბ) საირიგაციო სისტემაში შესაბამის პერიოდზე წყლის ფაქტობრივი წარმადობა აშკარად ნაკლებია მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ მისაწოდებელ წყლის მოცულობებზე – მომხმარებელს შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს შეზღუდვების დაწყებამდე 3 კალენდარული დღით ადრე მაინც.

თავი III. საირიგაციო სისტემით მომსახურების ძირითადი პრინციპები

მუხლი 12. მიმწოდებლის ვალდებულებები საირიგაციო სისტემაზე და წყლის მიწოდების რეჟიმულ მართვაზე

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ყველა მომხმარებელს წესების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და მომსახურების გაწევისას ყველა ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არაპროფილური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს წყლის საირიგაციო მიზნით მოხმარებაში. ასეთ შემთხვევაში არაპროფილურ მომხმარებელს შეზღუდვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის გამართულ მუშაობაზე. საირიგაციო სისტემაში მიწოდებული წყლის ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. საირიგაციო სისტემაში წყლის ხარისხი, დებიტი, დაწნევა და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ რეგლამენტებს, ასევე წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

4. საირიგაციო საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც წყლით უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, წყლის ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში მისი დამუშავება, უშუალოდ საირიგაციო სისტემიდან წყლის გარემოში უსაფრთხო ჩაშვება და საჭიროების შემთხვევაში ჩაშვებამდე წყლის სათანადო დამუშავება, ასევე საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარება და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, საირიგაციო სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისა და წყალმომარაგების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

5. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სისტემით მოსარგებლეს, წესების შესაბამისად;

ბ) სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით (თუ მისი მომარაგება საფრთხეს არ უქმნის პროფილურ მომხმარებელს ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში);

გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;

დ) უზრუნველყოს მომხმარებლთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყლით მომარაგების პერიოდში შესაბამისი ხარისხის წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;

ე) ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში განავითაროს საირიგაციო სისტემა;

ვ) ანგარიშსწორებისთვის მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;

ზ) უზრუნველყოს წყალმომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;

თ) პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს წყალმომარაგების ერთიან ბაზაში;

ი) საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის წყლის მიწოდება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად;

კ) განახორციელოს წყლის მიწოდების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი წყლის მიწოდება, წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ლ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევის შეტყობინებაზე, წყლით მომარაგების შეწყვეტის, დებიტის ან დაწნევის ცვალებადობის ან/და წყლის ხარისხის შესახებ;

მ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები;

ნ) კომისიას ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად განხილული პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი პრეტენზიების რაოდენობას, დაკმაყოფილებული პრეტენზიების რაოდენობას, აგრეთვე, პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში – შესაბამის საფუძვლებზე მითითებას;

ო) უზრუნველყოს წესებით და მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა საირიგაციო სისტემის გამართულ მუშაობასა და წყლის მიწოდების რეჟიმულ მართვაზე

1. საირიგაციო სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობებთან შესაბამისობის, წყლის რაციონალურად ხარჯვის და მომხმარებლის მიერ მიღებული წყლის გარემოში შესაძლო ჩაშვებასთან დაკავშირებით შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა.

4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი მომხმარებლის კუთვნილ საირიგაციო და სადრენაჟო სისტემასთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

5. მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, წყლის საირიგაციო სისტემასთან მიერთების წერტილის მათ შორის, წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

6. მომხმარებლები, მათ შორის პროფილური მომხმარებლები ვალდებული არიან წყალი მოიხმარონ რაციონალურად. რაციონალური წყლის მოხმარება გულისხმობს წყლის რესურსების ეფექტურად და პასუხისმგებლობით გამოყენებას, წყლის დაგროვებას ფილტრაციის საწინააღმდეგო პრინციპების დაცვით და არაგონივრული ხარჯის ან არარაციონალური გამოყენების თავიდან აცილებას.

7. არარაციონალური წყლის მოხმარება გულისხმობს წყლის გამოყენებას ისეთი სახით, რომელიც ეწინააღმდეგება წყლის ეფექტურ და პასუხისმგებლობით მოხმარების პრაქტიკას. იგი მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა წყლის გადაჭარბებული მოხმარება, წყლის უკონტროლო ხარჯვა, წყლის შენახვისა და დაგროვების პრინციპების მინიმალური გათვალისწინება, წყლის არასწორი განკარგვა-მართვა (რაც გამოიხატება არაეფექტურ ხარჯვაში, წყლის არასაჭირო ნაკადებში და წყლის ფუჭად მიღებას ან/და გადინებაში).

8. დაუშვებელია საირიგაციო სისტემიდან, წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება (წყლის საირიგაციო მიზნით გამოყენების გარდა), თუ შესაძლებელია საირიგაციო სისტემიდან წყლის გამდინარე გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საირიგაციო სისტემიდან მომხმარებლის მიერ წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს წყლის ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს წყლის, ზემოაღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.

9. როდესაც მიმწოდებლის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა სისტემის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, მიმწოდებლის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).

მუხლი 14. წყალსარგებლობის განრიგის მართვა

1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე, მათ შორის მომხმარებელთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დაცვასა და მიწოდების წერტილში წესების შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია აკონტროლოს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიწოდება და შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი (მათ შორის მიწოდების წერტილში წყლის მომარაგების დაწყება, შეწყვეტა და საირიგაციო სისტემიდან წყალაღების პირობები).

3. მომხმარებლისთვის მომარაგების დაწყება და შეწყვეტა უნდა დასტურდებოდეს ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ბრჯენით (საჭიროების შემთხვევაში) და ჟურნალში ჩანაწერებით ისე, რომ არაორაზროვნად ჩანდეს მომხმარებელი, მიწოდების წერტილის ნომერი, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის თარიღი და დრო, შესაბამისი მოქმედების მიზეზის მითითებით. ამასთან, თუ ტექნიკური საშუალებით შეუძლებელია მომხმარებლისთვის წყლის მომარაგების დაწყების ან შეწყვეტის დადასტურება, მიწოდების წერტილში წყალსარეგულაციო კვანძი, დაკეტილ მდგომარეობაში უნდა დაიბრჯენოს და შესაბამის ჟურნალში სხვა ჩანაწერებთან ერთად მიეთითოს ამ ბრჯენის ნომერი.

4. დაუშვებელია საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობების დარღვევა. წყლის მოხმარება, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი მოცულობით, წარმოადგენს უკანონო მოხმარებას. აღრიცხვის კვანძის გარეშე წყალაღების პირობების დარღვევით დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარების შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული წყლის მოცულობის დადგენა უნდა მოხდეს წესების 34-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

5. საერთო მიწოდების წერტილზე არსებული შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი წყალმომარაგების პერიოდებზე უნდა ითვალისწინებდეს (უნდა შეიცავდეს) თითოეულ მომხმარებელზე მითითებას, მიწოდების წერტილში წყლის მიმღები პირის შესახებ.

მუხლი 15. მომარაგების და მომსახურების შეწყვეტა

1. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყალმომარაგების პერიოდში მომხმარებელთა წყლით მომარაგების შეწყვეტა.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის წყლით მომარაგება, თუ:

ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მომსახურების საფასური;

ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა საირიგაციო სისტემასთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები, მათ შორის საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობები;

გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს წყლით მომარაგების შეწყვეტას;

დ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

ე) მომხმარებელი იწვევს საირიგაციო სისტემის მუშაობის შეფერხებას (წყვეტებს) ან/და წყალმომარაგების ხარისხის გაუარესებას, რომელმაც შესაძლოა საირიგაციო სისტემაში/ სადრენაჟო სისტემაში გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა საირიგაციო სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე (მათ შორის წყლის დებიტის, წარმადობის ან დაწნევის გაუთვალისწინებელი ვარდნა, ავარია) ან/და ადგილი აქვს წყლის აშკარად არარაციონალურ და უმიზნოდ მოხმარებას და შესაბამისი მომხმარებელი მიმწოდებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეტყობინებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნულ შეტყობინებაში მომარაგების შეწყვეტის აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული;

ვ) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს აღრიცხვის კვანძთან ან/და მიწოდების წერტილთან, ამ წესების მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად;

ზ) შესაბამის საირიგაციო სისტემაში წყლის დეფიციტის დროს არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება, საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

თ) ამ წესების 43-ე მუხლით გათვალისწინებული წყლის დეფიციტის დროს, წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში საჭიროა წყლით მომარაგების შეწყვეტა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს წყლით მომარაგება, თუ:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი არ ითვალისწინებს მომხმარებლის წყლით მომარაგებას;

ბ) მომხმარებელმა მოიხმარა წყლის მოხმარების განსაზღვრულ ნორმაზე მეტი;

გ) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;

დ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების ან მიწის ირიგაციის პირობების დარღვევას, რაც იწვევს (ან გამოიწვევს) სხვა პირის ქონების დაზიანებას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ე) ადგილი აქვს წყლის უკანონო მოხმარებას;

ვ) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უარი განაცხადოს მომხმარებლის წყლით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მიერ მიმწოდებელთან წინასწარ შეუთანხმებლად ხდება წყლის გარემოში ჩაშვება (დაღვრა), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემით სარგებლობა უარყოფითად იმოქმედებს საირიგაციო ან სადრენაჟო სისტემაზე ან/და მიმწოდებლის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

5. მიმწოდებელს უფლება აქვს წყლის უკანონოდ მოხმარების ან სადრენაჟო სისტემით უკანონოდ სარგებლობის გამო იმ მომხმარებელს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს მომსახურება, მომსახურების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს მომხმარებლის მიერ დაზიანებული საირიგაციო სისტემის და აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მისი ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა.

6. იმ მომხმარებელს, რომელსაც მომსახურება შეწყვეტილი აქვს (საირიგაციო სისტემიდან ჩახსნილია) უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო, მომსახურების აღდგენისთვის მიმწოდებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საირიგაციო სისტემიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.

7. მომხმარებლის სხვა აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის გაუქმების ან მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა აბონენტის ნომერზე (მიმწოდებელს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემის სხვა აბონენტის ნომერზე ამ მომხმარებლის გადასვლის შემთხვევაში). მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან.

8. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყალმომარაგების პერიოდში მომხმარებელს უფლება აქვს, მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმების გარეშე შეწყვიტოს წყლის მიღება საირიგაციო სისტემიდან, მიწოდების წერტილის და სხვა დაცვის საშუალებების დაზიანების გარეშე, შემდეგ შემთხვევებში (აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმწოდებელს):

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას – ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს;

ბ) მომხმარებელმა წერილობით უარი თქვა მიმწოდებლის მომსახურებაზე, მაგრამ მიმწოდებელმა არ შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში – შეწყვეტის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს.

9. მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევა მიმწოდებელთან წინასწარ წერილობითი შეთანხმების გარეშე (ცალმხრივად) დაუშვებელია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

10. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე (რაც გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების ან/და მიმდინარე წლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გაუქმებას). მომხმარებელმა მომსახურების ხელშეკრულების ან/და მიმდინარე წლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გაუქმებაზე 20 კალენდარული დღით ადრე მაინც, წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, ხოლო მიმწოდებელმა უნდა შეწყვიტოს წყალმომარაგება მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში.

11. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

მუხლი 16. საფასურის დარიცხვა, ეტაპობრივი გადახდა და მომსახურების აღდგენა

1. წყლით მომარაგების პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად მიმწოდებლის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ამასთან, გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე, წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად წყლით მომარაგების პერიოდში, ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმის ფარგლებში – აღნიშნულის შესრულება მიმწოდებლის ვალდებულებაა, თუმცა მომხმარებელი პასუხისმგებელია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის, წყალაღების პირობებით დაშვებული ნორმისა და ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმების დაცვაზე.

2. მოხმარებულ წყალზე ანგარიშსწორების მიზნით, საირიგაციო ქსელში არსებული ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის წაკითხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში.

3. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მომარაგების ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.

4. მიმწოდებელს მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს ამ წესების შესაბამისად საირიგაციო სისტემის მიღებისა და მიწოდების წერტილებში წყლის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ.

5. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. თუ მომხმარებელს მომსახურება შეწყვეტილი აქვს მიმწოდებლის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების გარეშე.

7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

8. მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი.

9. თუ აღრიცხვის კვანძი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთზე, სადაც შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, ასევე, როდესაც მრიცხველის დროული წაკითხვა ვერ ხდება რთული კლიმატური პირობებით გამოწვეული ობიექტური შემაფერხებელი გარემოების გამო (მაგალითად შეზღუდულია გადაადგილება წყალდიდობის, უხვი ნალექის ან დიდთოვლობის გამო), მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არ არსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის რეალური ჩვენების შესაბამისად.

10. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს აღრიცხვის კვანძთან ან/და მიწოდების წერტილთან, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა უნდა დაარიცხოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არარსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის აღრიცხვის კვანძთან არდაშვებად მიიჩნევა, მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, აღრიცხვის კვანძთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ განმეორებით ხელის შეშლის შემთხვევაში მას შესაძლოა შეუწყდეს წყლით მომარაგება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

მუხლი 17. მომხმარებლისთვის მომსახურების აღდგენის საფასური

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის, წყლის უკანონოდ მოხმარების, სადრენაჟო სისტემის მომსახურების უკანონოდ სარგებლობის, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე საირიგაციო სისტემიდან მომარაგებაშეწყვეტილ (საირიგაციო სისტემიდან ჩახსნილ) მომხმარებელს, წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს მომსახურების აღდგენის საფასური.

2. მომსახურების აღდგენის საფასური არ ასახავს, ამა თუ იმ მომხმარებლის წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების აღდგენის საფასური წარმოადგენს მიმწოდებლის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.

3. მომსახურების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, თუ:

ა) მიწოდების წერტილში არის მოწყობილი ჩამკეტი საშუალება და მოქმედება შესრულდა ჩამკეტი საშუალების გამოყენებით – დისტანციური ჩამკეტი საშუალებით 2 ლარის ოდენობით, ხოლო მექანიკურით  10 ლარის ოდენობით;

ბ) მიწოდების წერტილში არ არის მოწყობილი ჩამკეტი საშუალება ან მომხმარებელი ზღუდავს მის გამოყენებას – 35 ლარის ოდენობით.

4. მომსახურების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება, უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის წყლით მომარაგება და გაუწიოს სათანადო მომსახურება.

თავი IV. საირიგაციო სისტემაში ქსელური მომსახურებები

მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია

1. საირიგაციო სისტემიდან წყლით მომარაგებისთვის საჭიროა შესაბამის აბონენტის ნომერზე პირის რეგისტრაცია მომხმარებლად.

2. პირი, კონკრეტულ აბონენტის ნომერზე რეგისტრაციით, სამართალურთიერთობაში შედის მიმწოდებელთან და მას უფლება აქვს ისარგებლოს ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით.

3. პირის მომხმარებლად რეგისტრაცია უნდა მოხდეს იმ აბონენტის ნომერზე, რომელი მიწოდების წერტილიდანაც შესაძლებელია ამ პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგება.

4. საირიგაციო მიზნით წყლის მოხმარებისთვის, ერთი განაცხადის საფუძველზე პირი შესაძლოა ერთდროულად დარეგისტრირდეს რამდენიმე აბონენტის ნომერზე მომხმარებლად, თუმცა მან ყველა პირობა უნდა დააკმაყოფილოს, რაც წესებით განსაზღვრულია პირის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციისთვის.

5. შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, პირმა განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს პირი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად და განახორციელოს წყლით მომარაგებისთვის ამ წესებით მიმწოდებლის მიმართ განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლად რეგისტრაციის განაცხადი განიხილოს და აცნობოს განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის შესახებ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული, კონკრეტული ხელშემშლელი მიზეზების მითითებით).

7. პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში დასაშვებია ერთზე მეტი პირი დარეგისტრირდეს ერთ აბონენტის ნომერზე (საერთო მიწოდების წერტილზე). ასეთ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეტი პირი ითხოვს ერთი მიწოდების წერტილიდან ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგებას საირიგაციო მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მოთხოვნილ მიწოდების წერტილის შესაბამის აბონენტის ნომერზე (როგორც ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული ობიექტი), ხოლო ამ მიწოდების წერტილზე წყლით მომარაგება განახორციელოს წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების საფუძველზე (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად) ან „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეგისტრაციის შემთხვევაში. უძრავი ქონების აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის და წყლით მომარაგების აუცილებელი პირობები მოცემულია ამ წესების მე-19 მუხლში.

8. განმცხადებელი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს ნებას, მიიღოს და მოიხმაროს წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის წყლით მომარაგებაზე, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (მომხმარებელს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

9. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:

ა) მიმწოდებლის დასახელება (რომლის აბონენტის ნომერზეც ითხოვს მომხმარებლად რეგისტრაციას);

ბ) განმცხადებლის (მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველის) ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის ნომერი, საიდანაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება, ასევე სურვილის შემთხვევაში, ამ მიწოდების წერტილის მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა ან გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია (ფიზიკური პირის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს), ასევე, მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა, სადაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება;

ვ) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია;

ზ) წყლის მოხმარების მიზანი (პროფილური, არაპროფილური ან შერეული);

თ) საირიგაციო მიწის ფართობი, რწყვის მეთოდი და სასოფლო-სამეურნეო კულტურის სახეობა და რწყვის მეთოდი (პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში), ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

10. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა ან ფიზიკური პირის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი ან ელექტრონული თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.

11. ერთი მიწოდების წერტილიდან, ერთი ან მეტი პირის მიერ, ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი, დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამ ახალი ობიექტის მიმდინარე ან მომდევნო სეზონზე წყალმომარაგების სურვილის შესახებ. ამასთან, მიმდინარე სეზონზე წყალმომარაგების სურვილის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა დაერთოს: მისი და ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა, არსებულ მომსახურების ხელშეკრულებასა და შეთანხმებულ წყალსარგებლობის განრიგზე მიერთებისა და სოლიდარული პასუხისმგებლობაზე თანხმობის შესახებ.

12. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (ან იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი მომხმარებლად, თუ ამ აბონენტის ნომერზე არსებული მიწოდების წერტილიდან შესაძლებელია წყლით მომარაგდეს ამ პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა. აღნიშნული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, განმცხადებელს უარი განუცხადოს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე.

13. თუ უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არ გააჩნია უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, მიმწოდებელი ვალდებულია რეგისტრაციის მსურველი ფიზიკური პირი დაარეგისტრიროს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად, თუ რეგისტრაციის მსურველი განაცხადს დაურთავს დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს ამ უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

14. პირის მიერ, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამის აბონენტის ნომერზე რეგისტრაცია შესაძლებელია (დასახლებული პუნქტებში არსებული მომხმარებლების გარდა), თუ მიმწოდებელთან ამ უძრავი ქონების მომარაგებაზე არ არის მომხმარებელი რეგისტრირებული და რეგისტრაციის მსურველი თანახმაა, მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ აბონენტის ნომერზე მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდაზე (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად).

15. განმცხადებლის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, მომხმარებლის წყლით მომარაგების დაწყებამდე მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის უნდა გაფორმდეს მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მიწოდების წერტილი და წყალსარგებლობის განრიგი. ასევე, მიმწოდებლის მიერ წყალმომარაგების დაწყების მომენტში, მიწოდების წერტილის განთავსების ადგილზე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს მიწოდების წერტილის ნომერი, მისი ტექნიკური აღწერილობა, წყალაღების ხარჯი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები, რაც საჭიროა მოხმარების პარამეტრების დასადგენად, ასევე, განაცხადში ასახული მონაცემები და წყლით მომარაგების დაწყების თარიღი. ამასთან, ამ მომხმარებელთან მრიცხველის არსებობის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

16. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) შესაბამის აბონენტის ნომერზე, აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხელშეკრულების“ სხვა სტანდარტული ფორმის ხელმოწერა. ამასთან, ერთი მიწოდების წერტილიდან, ერთი ან მეტი პირის მიერ, ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგების შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს და წყალსარგებლობის განრიგი შეიძლება შეთანხმდეს, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელების მიერ წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების შემდეგ (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად).

17. აბონენტად რეგისტრაციის, მომსახურების ხელშეკრულების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება (ამ მომხმარებელთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად). ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების მომენტში, მიმწოდებლის მიერ უნდა შედგეს ახალ მომხმარებელთან წყალმომარაგების დაწყების აქტი.

მუხლი 19. აბონენტის ნომერზე პროფილური მომხმარებლების ერთზე მეტი უძრავი ქონების რეგისტრაცია (გაერთიანებული მომხმარებელი)

1. როდესაც ერთი ან მეტი პირი (პროფილური მომხმარებელი) ითხოვს ერთი მიწოდების წერტილიდან ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგებას, მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მოთხოვნილ მიწოდების წერტილის შესაბამის აბონენტის ნომერზე (როგორც ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული ობიექტები), მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, თუ:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის არსებობის შემთხვევაში (მომსახურების ხელშეკრულებების ფარგლებში), მიმწოდებელთან წარდგენილ იქნა ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მფლობელთა საირიგაციო სისტემის მომსახურების ხელშეკრულების ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობის შეთანხმება (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად);

ბ) აბონენტის ნომერზე, წყალსარგებლობის განრიგის არარსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამისი განაცხადი წარდგენილ იქნა, კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მარტამდე.

2.  ერთ აბონენტის ნომერზე რამდენიმე უძრავი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში, ყველა უძრავი ქონების მფლობელი სარგებლობს თანაბარი უფლებით, ამ აბონენტის ნომერზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან:

ა) მომხმარებლის აბონენტის ნომერზე რეგისტრაცია უვადოა, სანამ მომხმარებელი არ მოითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას ან აბონენტის ნომრიდან მომარაგებულ უძრავ ქონებაზე შეწყდება/დაკარგავს მფლობელობას ან/და შეიცვლის მოხმარების მიზნობრიობას (ამ ფაქტის მიმწოდებლის მიერ გამოვლენისთანავე);

ბ) ერთ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული პირების „წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმება“ მოქმედებს მომხმარებლის რეგისტრაციის პერიოდზე და არ საჭიროებს განახლებას (სეზონურ განახლებას), თუ ეს გარემოება პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წესებით ან ამ ხელშეკრულებით;

გ) თუ რომელიმე უძრავ ქონებაზე შეიცვლება მოხმარების მიზნობრიობა, ამ შემთხვევაში არაპროფილური მომხმარებელი უნდა მიერთდეს ინდივიდუალურ მიწოდების წერტილზე, სადაც უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი ამ წესების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად ან მოითხოვოს ახალი ობიექტის მიერთება ამ წესების 21-23-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ტექსტური შეტყობინებით აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების ყველა მფლობელს (ინდივიდუალურად) მიმწოდებლის მიერ აბონენტის ნომერზე ახალი უძრავი ქონების დამატების/ამოღების, წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების განახლების და ამ მოქმედების სავალდებულოდ შესრულების ვადების შესახებ.

4. ერთ აბონენტის ნომერზე, რამდენიმე უძრავი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში, წყლით მომარაგება შესაძლებელია ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მფლობელების მიერ წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების ან „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციად რეგისტრაციის შემთხვევაში – წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ აბონენტის წყალმომარაგება დაუშვებელია.

მუხლი 20. აბონენტის მონაცემებში ცვლილება და ინფორმაციის განახლება

1. მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა წყლის მოხმარების მიზანი (პროფილური, არაპროფილური ან შერეული) ან, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი წყალს იყენებს არამიზნობრივად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი (სათანადო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში), რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ მომხმარებელს.

2. ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ „აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის წარმდგენს, წყლით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

3. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.

4. თუ გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებელი იცვლის წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი მიწოდების წერტილში, ამ წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არაპროფილურ მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 33-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად. თუ არსებულ მიწოდების წერტილზე ვერ ხდება აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მიწოდების წერტილის განსაზღვრის პირობები მოცემულია წესების 58-ე მუხლში.

5. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს უძრავი ქონება (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, ფაქტობრივ მფლობელს მოსთხოვოს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;

გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს მიმწოდებელს რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მიწოდების წერტილ(ებ)ზე;

დ) მიმწოდებელი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.

6. ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრის ვალდებულებაა, მიმწოდებელთან წარადგინოს მომხმარებლის რეგისტრაციის შეცვლის განაცხადი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

7. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი ტექსტური შეტყობინებით და წერილობითი ფორმით გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება მიწოდების წერტილში.

მუხლი 21. საირიგაციო სისტემაზე ახალი ობიექტის მიერთება

1. ამ წესების შესაბამისად, საირიგაციო სისტემასთან მიერთებულ ობიექტს წარმოადგენს ის უძრავი ქონება, რომლის ტერიტორიამდე წყლის მიტანა ხდება საირიგაციო სისტემის მეშვეობით და საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილით ხდება მხოლოდ ამ უძრავი ქონების წყლით მომარაგება.

2. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის (სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან/და სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება, მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული საირიგაციო სისტემასთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისთვის ამ სისტემის მეშვეობით წყლის მიწოდება უშუალოდ ამ ობიექტზე, მიწოდების წერტილის მოწყობის შემთხვევაზე (უძრავი ქონების მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში), აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა. ასევე საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მომხმარებლის უძრავი ქონების მომარაგებაზე.

3. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყლით მომარაგების აღდგენაზე (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა), რომელსაც წყალი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს საირიგაციო სისტემიდან არ მოუხმარია წყალი და არც მიუმართავს მიმწოდებლისათვის წყლით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

4. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების და მასთან დაკავშირებული საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს.

5. ახალი ობიექტის მიერთებად არ განიხილება სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის წყლის მიწოდების ან/და ჭარბი წყლის მოცილების მიზნით საირიგაციო სისტემაზე დროებით მიერთება ან საერთო მიწოდების წერტილიდან (რომელიც განკუთვნილია განუსაზღვრელი უძრავი ქონების მომარაგებისთვის), წლით მომარაგებისთვის, შესაბამის აბონენტის ნომერზე უძრავი ქონების რეგისტრაცია.

6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია საირიგაციო სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.

7. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით), ისე რომ არ დაირღვეს წესებით დადგენილი მომსახურების პირობები და საფასური.

8. ახალი ობიექტის მიერთება (არასტანდარტული პირობით მიერთების გარდა) მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს სრული ტექნოლოგიური ციკლის მომსახურებით, რომელიც მოიცავს ახალი ობიექტის მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, მშენებლობის ნებართვების მოპოვებას, საირიგაციო სისტემის მოწყობას, მათ შორის მიწოდების წერტილის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მომარაგების დაწყების ჩათვლით.

9. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიწოდების წერტილის მოწყობაზე, არსებული საირიგაციო სისტემიდან 50 მეტრის რადიუსში – წყლის 0-150 მმ მილის დიამეტრის, ასევე ღია სისტემაზე 0-200 სმ2 კვეთის წყლის არხის მიერთებებზე; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც (ისე რომ არ დაირღვეს წესებით დადგენილი მომსახურების პირობები და საფასური).

10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება მისაერთებელი მილის დიამეტრის, წარმადობის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

11. სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების მსურველი „ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს და წინასწარ იხდის მიმწოდებლის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებულ საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) განაცხადი წარმოადგენს ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას.

12. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების მსურველი მიმწოდებელს მიმართავს ახალი ობიექტის მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება წესების 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

13. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო სისტემის გაძლიერებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია ახალი ობიექტის მიერთების მსურველს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

14. ამ მუხლის შესაბამისად, მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური განისაზღვრება დანართი №2-ით, შეთავაზებული პაკეტის მიხედვით. მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური მოიცავს მიწოდების წერტილისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობას.

15. საერთო მიწოდების წერტილიდან მომარაგებული უძრავი ქონებისთვის ინდივიდუალური მიწოდების წერტილის მოწყობის შემთხვევაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაზე მიწოდების წერტილის მოწყობის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის, ახალმა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წესების №4 დანართით, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასური, თუ:

ა) ადგილი აქვს ახალი მიწოდების წერტილის მოწყობას, არსებულ მიწოდების წერტილზე, საიდანაც მარაგდებოდა მისაერთებელი უძრავი ქონება ისე, რომ არ უარესდება არსებული მიწოდების წერტილიდან მომარაგებული ობიექტების წყალმომარაგების პირობა;

ბ) მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების მომარაგებისთვის.

16. მიერთების მსურველს უფლება აქვს მოითხოვოს საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთება, მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგებისთვის. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მოთხოვნის შესაბამისად, საირიგაციო სისტემაზე მოაწყოს წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა დანართი №2-ით განსაზღვრულ ვადაში, ამავე დანართით განსაზღვრული საფასურის 50%-ის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილი თანხა მიერთების მსურველმა უნდა გადაიხადოს მოწყობიდან 10 დღის ვადაში. საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას, მიმწოდებლის მიერ უნდა აღირიცხოს მიწოდების წერტილად, რომლის მეშვეობით მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგებას, წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, თუ საირიგაციო პერიოდში, წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთების სამუშაოების საერთო რაოდენობა აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა-გრაფიკი მიმდინარე საირიგაციო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის განსაზღვრულ ვადაში მოწყობის ვალდებულებას და იგი უნდა მოეწყოს გამოქვეყნებული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ახალი საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე.

17. მიმწოდებელი ვალდებულია ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.

18. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო ქსელის შეცვლის, რეკონსტრუქციის ან/და შეკეთების სამუშაოებს, ასეთი სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ.

19. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან, მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):

ა) საირიგაციო სისტემაზე მიერთების მისაერთებელი მილის დიამეტრი ან არხის კვეთი. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია საირიგაციო სისტემაზე მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე;

ბ) ობიექტის წყლის საირიგაციო სისტემაზე რამდენიმე დამოუკიდებელი მილით/არხით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის მომარაგების სიმძლავრე განისაზღვრება ამ მიერთებების (მილის/არხის) ჯამური წარმადობიდან.

20. სასოფლო-სამეურნეო მიწის, საცხოვრებელი სახლის, საწარმოს ან სხვა ობიექტის საირიგაციო სისტემაზე მიერთებისა და აბონენტად აყვანის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველი დაარეგისტრიროს მომხმარებლად ამ აბონენტის ნომერზე და მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

21. საირიგაციო სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.

22. ამ წესების შესაბამისად, ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთება და წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

23. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება საირიგაციო სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ მიმწოდებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და საირიგაციო სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან, აღრიცხვის კვანძის მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენდეს მიმწოდებლის საკუთრებას.

მუხლი 22. ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების პროცედურები

1. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სურვილის შემთხვევაში, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) მიერთების განაცხადით წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) უნდა მიმართოს მიმწოდებელს.

2. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით. ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების საფუძველზე.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:

 ა) თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);

ბ) არსებული საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლები, წყლის მექანიკური აწევის გარეშე ვერ უზრუნველყოფს ახალი ობიექტის მიერთებისთვის მოთხოვნილი პარამეტრების დაკმაყოფილებას;

გ) წყლის მექანიკური აწევით მომარაგებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების მსურველმა ვერ წარმოადგინა საირიგაციო სისტემიდან მიღებული წყლის რაციონალურად მოხმარების პირობები;

დ) არაპროფილური მომხმარებლის მიერთებისა და მის მიერ წყლის მოხმარების შედეგად, აშკარად შეექმნება საფრთხე პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

ე) ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის მიერთებისას ადგილი აქვს წესების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით პირდაპირ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობას;

ვ) ამ წესების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი ობიექტის მიერთების აკრძალვის შემთხვევაში.

5. საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის სტანდარტული პირობით მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

6. ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე სტანდარტული პირობით მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს მიმწოდებლის მიერ „საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის სტანდარტული პირობით მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება).

7. ახალი ობიექტის არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) საირიგაციო სისტემასთან მიერთებისთვის მისი მოწყობა ან/და არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მიმწოდებელსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც განსაზღვრულ ვადაში (განაცხადის მიღებიდან 2 კვირის ვადაში) მიერთების პირობებზე ვერ მოხდება შეთანხმება, მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, მიმწოდებელი ვალდებულია, საირიგაციო სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების წერტილს;

ბ) არსებული საირიგაციო სისტემის მილსადენზე/არხზე მიერთების წერტილში წყალაღების დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებას (დაშვებულ სიმძლავრეს/დებიტს);

გ) მისაერთებელი მილის დიამეტრს ან არხის კვეთს;

დ) მიწოდების წერტილის ტექნიკურ მახასიათებლებს: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი ან არხის კვეთი, მისი დახრა და სხვა მახასიათებლები;

ე) მიწოდების წერტილიდან, წყალაღების დაშვებულ მაქსიმალური საათობრივი მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს).

8. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 3 წელზე მეტი და 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

9. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს:

ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს მიმწოდებელს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მითითებები;

ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს მიმწოდებელს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, №3 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

11. ახალი ობიექტის არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) საირიგაციო სისტემასთან მიერთების, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება №3 დანართით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

12. „ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 23. ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვა

1. მიმწოდებელი ვალდებულია მიმართოს კომისიას შესაბამის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალზე ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის პირობების განსაზღვრის მოთხოვნით, თუ ადგილი აქვს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ გარემოებას:

ა) ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით არაპროფილური მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც საფრთხეს შეუქმნის პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

ბ) გენერაციის ობიექტის მიერ მოთხოვნილი პარამეტრებით საირიგაციო სისტემაზე მიერთება გამოიწვევს წყლის არარაციონალურ მოხმარებას და გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთება აშკარად უარყოფითად იმოქმედებს პროფილური მომხმარებლების წყალმომარაგებაზე. ასევე, საფრთხეს შეუქმნის საირიგაციო სისტემის კონსტრუქციულ მდგრადობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს;

ბ) ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემაზე მიერთების აკრძალვა მოქმედებს იქამდე, სანამ არ მოიხსნება ამ მუხლით და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემზღუდველი გარემოება, რის შემდგომაც, ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს ახალი განაცხადის საფუძველზე, ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების განსაზღვრული პირობების დაცვით.

მუხლი 24. ობიექტზე წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს მის მიერ საირიგაციო სისტემასთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს მიმწოდებელს „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) განაცხადით. აღნიშნული განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია.

2. მომხმარებლის მიერ წარდგენილი „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 21-ე – 23-ე მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

5. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს მომხმარებლის ფაქტობრივი მიერთების საირიგაციო სისტემაზე დასაშვები მოცულობა, განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი ან/და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება მიწოდების წერტილში, ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის), არხის კვეთისა და დახრის შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით.

6. „სტანდარტული პირობით მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, საირიგაციო სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით წყლის მიწოდება, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.

7. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საირიგაციო სისტემასთან მიერთების წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, არსებული 0-150 მმ დიამეტრის წყლის მილის, ასევე ღია სისტემაზე არსებული 0-200 სმ2 კვეთის წყლის არხის მიერთების – 1 მ3/წმ-ით გაზრდაზე; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით სიმძლავრის გაზრდის ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.

8. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულ სტანდარტულ პირობებში.

9. თუ მომხმარებელი ითხოვს არასტანდარტული პირობით სიმძლავრის გაზრდას, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 21-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, არასტანდარტული პირობებით). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების №3 დანართით განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

10. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი საირიგაციო სისტემის, აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას, მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემასთან მიერთების წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის სტანდარტული პირობით განსაზღვრული საფასურის გადახდა არ ხდება და ქსელზე მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა უფასოდ.

11. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა საირიგაციო სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

მუხლი 25. საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთება – დამატებითი წერტილიდან წყლის დროებითი მიწოდება

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმწოდებელს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთება, მისი დანადგარების საირიგაციო, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისათვის, მოძრავი ან სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის, ასევე, საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ პირ(ებ)თან წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეუთანხმებლობის შემთხვევაში. დამატებით წერტილიდან დროებითი მიწოდება შესაძლოა ასევე მოთხოვნილ იქნეს არსებული მომხმარებლის მიერ, დამატებითი წერტილიდან წყლის დროებითი მიწოდების საჭიროების შემთხვევაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების 21-ე – 23-ე მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით).

4. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ღია და დახურული არხის საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, წყლის 0-150 მმ მილის დროებით მიერთებებზე, არსებული საირიგაციო სისტემიდან 50 მეტრის რადიუსში; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.

5. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.

6. მიმწოდებელი უფლებამოსილია სტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება დიამეტრის, წარმადობის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

7. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს და წინასწარ იხდის მიმწოდებლის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებულ საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე.

8. მიმწოდებელი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.

9. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებლის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

10. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს დროებითი მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, საირიგაციო სისტემის მოწყობის, ნებართვების მოპოვების, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მოთხოვნილ ტერიტორიამდე (ადგილამდე) წყლის მიტანის მომსახურებას და წყლით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ასევე, მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებს, მიერთების პერიოდსა და წყალსარგებლობის განრიგს.

11. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი მიმწოდებელს მიმართავს საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების ან/და დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით.

12. მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ საირიგაციო სისტემასთან მიერთების წერტილს, წყალაღების პირობას, მიერთების პერიოდსა და წყალსარგებლობის განრიგს.

13. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.

14. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო სისტემის გაძლიერებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს მიმწოდებლის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს მიმწოდებელს და აღრიცხვის კვანძის მიმწოდებლის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №3 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, მიმწოდებელი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში.

17. მიერთების მსურველი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის საირიგაციო სისტემასთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 კალენდარულ თვეს. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით, გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 კალენდარულ თვეს.

18. დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს წყალმომარაგება და ჩახსნას საირიგაციო სისტემიდან დროებითი მიერთებისთვის განკუთვნილი საშუალებები. აღნიშნულის შესახებ დროებით მომხმარებელს უნდა ეცნობოს არაუმეტეს 10 და არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე მაინც.

19. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების საფასური მიმწოდებლისთვის წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშებისას.

მუხლი 26. ობიექტის მომარაგების აღდგენა

1. წესების შესაბამისად, აბონენტი, რომლის მიწოდების წერტილი გაუქმებულია, მომარაგების აღდგენას სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. მიმწოდებელი უფლებამოსილია ობიექტის მიწოდების წერტილის აღდგენაზე მოითხოვოს წესების დანართი №2-ით განსაზღვრული საფასურის გადახდა, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ამ წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. თუ ობიექტი წყლით მარაგდებოდა არა მიმწოდებლის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყალმომარაგება უნდა აღდგეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ წესების 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ახალი ობიექტის მიერთების პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

4. მიმწოდებლის მიერ ობიექტისთვის მომარაგების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ამ ობიექტის მიმართ წესებით განსაზღვრული უფლებამოვალეობისგან, თუ ეს წესი პირდაპირ სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

თავი V. სხვა ქსელური მომსახურებები

მუხლი 27. მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქცია (ინდ. აღრიცხვის კვანძის გადატანა/მომარაგების სქემის შეცვლა)

1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია საირიგაციო სისტემის ელემენტის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას მიმწოდებელთან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების 21-ე – 23-ე მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს ურთიერთშეთანხმებით ახალი ტექნიკური პირობის საფუძველზე (არასტანდარტული პირობით).

4. ეს მუხლი არ არეგულირებს (არ ეხება) მომხმარებლის წყლით მომარაგების პირობის გაუმჯობესებას.

მუხლი 28. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა

1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოთხოვნილ ტერიტორიამდე საირიგაციო სისტემით წყლის მიტანის შემთხვევაში, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის მიერ კონკრეტულად, ამ აბონენტის წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით მიერთებისას (წესების 21-ე – 23-ე მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი საირიგაციო სისტემის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება წყლის საირიგაციო სისტემის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე. ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური დაარიცხოს წყლის მოხმარების შესაბამისად;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის პროპორციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყლით მომარაგებას შეწყვეტს საანგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა.

მუხლი 29. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის წყლით მომარაგება

1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს საირიგაციო სისტემას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს წყალი.

2. სისტემით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

3. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, საირიგაციო საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და საფასურის გაძვირება.

4. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მფლობელობაში არსებული საირიგაციო სისტემიდან წყლის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებლის კუთვნილ საირიგაციო სისტემაში მიღების და მიწოდების წერტილებში მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი. ამასთან, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მომხმარებლის კუთვნილი საირიგაციო სისტემის ყველა წერტილში, რომელიც მონაწილეობს გატარების მომსახურების ღირებულების გაანგარიშებაში.

5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს სხვის მფლობელობაში არსებული ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე წყალმომარაგების მომსახურებისათვის.

6. მიმწოდებლის მიერ ქსელის მფლობელისთვის გადახდილი გატარების მომსახურების ღირებულება კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება ტარიფის დადგენის დროს, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, თუ გატარების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის, მიმწოდებელი კომისიას აცნობებს (კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით), გატარების ხელშეკრულების შესახებ (მათ შორის, გატარების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის შესახებ), ამ გატარების ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკრეტული გატარების მომსახურების ხარჯის ანაზღაურება არაგონივრულია (ტექნიკური და ფინანსური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) და მიზანშეწონილია ამ ქსელის შეძენა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ახალი ალტერნატიული ხაზის მშენებლობა, ასეთ შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტული ქსელის მეშვეობით გატარების მომსახურების ხარჯი არ იქნება გათვალისწინებული (არ ანაზღაურდება) მიმწოდებლისთვის, კომისიის მიერ დამტკიცებულ მომსახურების ტარიფში (შემდეგი რეგულირების პერიოდზე).

8. ეს მუხლი არ ვრცელდება მიმწოდებლებს შორის წყლის გატარების ურთიერთობებზე. ასევე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ მის მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე.

თავი VI. საირიგაციო სისტემის მართვის და

განვითარების პრინციპები

მუხლი 30. მომარაგების პირობა და საირიგაციო სისტემის გაფართოება

1. საირიგაციო სისტემის მართვისა და ანგარიშგების კონცეფცია მტკიცდება კომისიის მიერ.

2. საირიგაციო სისტემაში წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს მის საპროექტო მაჩვენებლებს, წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. მომხმარებლის წყლით მომარაგებისას, მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული წყლის მიწოდებაზე. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვასა და ვალდებულია განახორციელოს სათანადო ღონისძიებები წყლის დაბინძურების აღსაკვეთად.

3. მომხმარებლის წყალმომარაგების მიზნით, მიმწოდებელი ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს საირიგაციო სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს და სხვა სახის მოწყობილობებს) მიწოდების წერტილის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას.

4. მიმწოდებლის საირიგაციო სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია საირიგაციო სისტემასთან თვითნებური მიერთება ან/და წყლის თვითნებური მოხმარება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის წყლის მრიცხველის მოსაწყობად ან/და შესაძენად, ასევე, საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).

მუხლი 31. აღრიცხვის კვანძის მოწყობა

1. მომხმარებლის წყლის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა პროფილურ მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე ანგარიშსწორების, ასევე, ამ წესების 25-ე მუხლის მე-17, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით და სხვა წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის წყლის მრიცხველი). ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი):

ა) წმო-ს შემთხვევაში;

ბ) არაპროფილურ მომხმარებლებზე (ჰესი, ქარხანა, თევზსაშენი და სხვა);

გ) პროფილურ მომხმარებლებზე – წინასწარ განსაზღვრული გამრიცხველიანების გრაფიკის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყებამდე.

7. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიწოდების წერტილთან. ამასთან, თუ ხელშემშლელი გარემოება არ არსებობს, აღრიცხვის კვანძი სასურველია მოეწყოს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მომსახურების ხელშეკრულებით, სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, აღრიცხვის კვანძი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება, შემოწმება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებლის წარმომადგენლის და, მომხმარებლის სახელი და გვარი, ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის წყლის დანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, წყლის დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. თუ მომხმარებელს წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, აღრიცხვის კვანძი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.

მუხლი 32. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

1. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის წყლის მოხმარების ოპტიმიზაციას.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებელს მოსთხოვოს მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა.

3. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.

4. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დანართი №4-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. თუ მომხმარებელი ითხოვს მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის მოწყობას წინასწარ განსაზღვრული გამრიცხველიანების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადამდე და მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის არსებული საირიგაციო სისტემა საჭიროებს რეკონსტრუქციას, ასეთ შემთხვევაში არსებული საირიგაციო სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით, ამ წესების 68-ე მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.

6. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.

7. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;

ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;

გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 12 საათში ერთხელ;

დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);

ე) დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელება;

ვ) გააჩნდეს დისტანციურად წყლის მიწოდების შეწყვეტის და აღდგენის უნარი;

ზ) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;

თ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.

8. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს მიმწოდებელს, რომლის უზრუნველყოფაზეც მიმწოდებელი თავადაა პასუხისმგებელი.

9. მოხმარებული წყლის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი მიმწოდებლის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;

ბ) მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ;

გ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით);

დ) აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით);

ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს წყლის მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, იყოს მარტივად აღქმადი (მათ შორის, ვიზუალური დიაგრამების გამოყენებით) და იძლეოდეს სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობას.

მუხლი 33. აღრიცხვის კვანძის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა

1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძი არასწორად აღრიცხავს წყლის მოხმარებას ან წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.

3. აღრიცხვის კვანძის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

4. ამ წესების მიზნებისათვის, აღრიცხვის კვანძის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

5. წყლის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;

ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს წყლის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებსაპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში).

6. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს წყლის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

7. მომხმარებლის წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, წყლის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

9. მიმწოდებლის მიერ წყლის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

10. წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, წყლის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის მიმწოდებელი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

11. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია მიმწოდებელს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-9 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მისი წარმომადგენლის წყლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. მიმწოდებელმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

13. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული წყლის მოცულობა განისაზღვრება ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, საირიგაციო სისტემაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან, არაპროფილურ მომხმარებელზე, ასევე შესაძლებელია მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებით დარიცხვა. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

14. თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება წყლის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

15. წყლის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

16. წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

17. ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული წყლის აღრიცხვა (აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის, საირიგაციო სისტემაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება ამ მომხმარებლის მიერ წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყლის მიწოდების პერიოდში, სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

18. წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად.

19. აღრიცხვის კვანძის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული წყლის აღრიცხვა არ წარმოებს წყლის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არ არსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

20. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება საირიგაციო წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.

მუხლი 34. წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

1. წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება საირიგაციო სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, გაუმრიცხველიანებელ მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით ან განრიგის გარეშე წყლის მოხმარება, წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარება, საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების შემთხვევაში საირიგაციო სისტემის წყლის მოხმარება, მომსახურების ხელშეკრულების გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება ან სარგებლობა, დატაცება, მათ შორის, წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება.

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევა ან დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარება არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალეულობით (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო წყლის მიწოდების შეწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები და დარიცხვა უნდა განხორციელდეს 33-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

3. წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

4. მიმწოდებელი, წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.

5. მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემაზე წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით ან მის გარეშე წყლის მოხმარების, წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარების, მომსახურების ხელშეკრულების გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარების, წყლის დატაცების, მათ შორის, წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის, საირიგაციო სისტემაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან გასათვალისწინებელია შესაბამისი აქტის საფუძველზე რაოდენობის განსაზღვრის შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებლის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის ან წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და საირიგაციო სისტემის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა);

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური ერთი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული წყლის რაოდენობა გაანგარიშდება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით, წლის განმავლობაში მაქსიმალური ერთი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ამასთან, წყალსარგებლობის განრიგის არ არსებობის შემთხვევაში, ან თუ ვერ დგინდება წლის განმავლობაში მაქსიმალური ერთი თვის მოხმარება, საირიგაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ საირიგაციო სისტემაზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის გათვალისწინებით, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან მოხმარების საშუალების (მილსადენის, ხელსაწყოს ან/და დანადგარის) გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ერთთვიან პერიოდში დღეში 8-საათიანი მოხმარებით.

6. მიმწოდებელი, წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს აქტი სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცების შესახებ. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მიმწოდებლის მომსახურებით, გარდა მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის წყლის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ასევე, თუ არ არსებობს წესების 36-ე მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

9. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).

10. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განწილვადებაზე.

მუხლი 35. დავის პერიოდში წყალმომარაგება

1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით მომსახურება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში მომსახურება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

4. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის მომსახურების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს მომსახურება დავის დასრულებამდე.

5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

თავი VII. ფაქტის დაფიქსირება და მონაცემთა შენახვა

მუხლი 36. აქტის შედგენის წესი

1. წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, მომსახურების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი.

2. აქტის შედგენა სავალდებულოა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომსახურების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში, აქტში დამატებით უნდა აღინიშნოს მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ. ამასთან, შეწყვეტის მიზეზი,  გარკვევით უნდა ჩანდეს მიწოდების წერტილის დაკეტილი მდგომარეობის მაფიქსირებელ ბრჯენზე დატანილი ინფორმაციით ან ბრჯენთან ერთად.

3. წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

4. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

5. აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;

ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; აბონენტის ნომერი და რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება იურიდიული პირის შემთხვევაში); საკითხის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;

გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;

დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;

ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

6. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.

7. მომხმარებლის მიერ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის (მათ შორის, უკანონო მოხმარების მოცულობის დადგენის) ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;

ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;

გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) მომხმარებლის საირიგაციო სისტემა და კუთვნილი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);

ე) მიწოდების წერტილი და მისი ტექნიკური მახასიათებლები: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი, დახრა, არხის კვეთი და სხვა მახასიათებლები. ასევე, აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;

ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.

8. წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;

ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);

გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);

დ) გამოყენებული წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი;

ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

9. წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) შესაბამისი წყლის მრიცხველის ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები, საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;

ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;

გ) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;

დ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა წყლის მრიცხველი;

ე) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არ დაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;

ვ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);

ზ) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

10. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებული უნდა იქნეს დაინტერესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებლის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.

11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

12. წყლის ორი ან მეტი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს წყლით მომარაგების შესაბამის მიწოდების წერტილზე არსებულ წყლის მრიცხველზე.

13. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

14. მატერიალური აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, მატერიალური აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში წყლის მრიცხველთან ერთად.

15. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

16. მიმწოდებელი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა მომხმარებელთან), ხოლო დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – დავის დასრულებამდე.

თავი VIII. ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება

მუხლი 37. ღია (საჯარო) ინფორმაცია

1. მიმწოდებელი ვალდებულია, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახადოს და რეგულარულად განაახლოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) საირიგაციო სისტემის მითითებით, წყლის არსებული დებიტის, მისი მართვის, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის, თავისუფალი და ათვისებული (დაკონტრაქტებული) წყლის მოცულობების შესახებ;

ბ) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) წყალმომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;

დ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);

ე) განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები (წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად);

ვ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;

ზ) ზოგადი ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ (მათ შორის, სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების შესახებ ინფორმაცია);

თ) მიმწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ქოლცენტრის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;

ი) ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების შესახებ;

კ) მომხმარებლის პრეტენზიისა და სადავო საკითხების განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია;

ლ) ინფორმაცია მომსახურების საფასურისა და მისი გადახდის წესის შესახებ;

მ) შეთავაზებულ მომსახურებაზე მომსახურების სტანდარტული პირობები.

2. მიმწოდებელი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში (ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებასთან ერთად), ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);

გ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;

დ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;

ე) საირიგაციო სისტემაში გეგმური სამუშაოების შესახებ;

ვ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის და საკონტაქტო ნომრების მითითებით (ამ საწარმოების მოთხოვნის შემთხვევაში).

3. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ვებგვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

4. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული, მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და უტყუარი.

5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქოლცენტრით მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესაბამის საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის მიწოდების რეჟიმი;

ბ) წყალმომარაგების ტარიფი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები;

გ) პრეტენზიის განხილვის ვადა და წესი;

დ) სადავო საკითხის განხილვის წესი, კომისიასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის მიმართვის უფლების შესახებ ინფორმაცია;

ე) მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პირობები (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში);

ვ) კონკრეტულ მიწოდების წერტილზე შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი;

ზ) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის ვადა, გადაუხდელობის შედეგები;

თ) მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის მოცულობა;

ი) მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებები და მათი ადგილმდებარეობა; საკომისიოს ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) ინფორმაცია მომარაგების დაგეგმილი და დაუგეგმავი წყვეტებისა და მიწოდების აღდგენის დროის თაობაზე.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

მუხლი 38. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება

1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს:

ა) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით და აღრიცხვის კვანძის მოწყობიდან მიღებული შემოსავალი;

ბ) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად;

გ) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2. მიმწოდებელი ვალდებულია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება მომსახურების პირობების დაცვის შესახებ.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად).

მუხლი 39. წყლით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. მიმწოდებლის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3. მიმწოდებელი ვალდებულია შეინახოს:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

კარი II

მიწოდების მომსახურება

თავი IX. წყლის გარანტირებული და საპროგნოზო მიწოდება

მუხლი 40. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრა

1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, წყალსარგებლობის განრიგის დაცვასა და მიწოდების წერტილში, წესების შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 ნოემბრამდე გამოაქვეყნოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი მის მფლობელობაში არსებულ ყველა საირიგაციო სისტემაზე, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით, რომელიც უნდა შემუშავდეს სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. მიმწოდებელი ვალდებულია გამოქვეყნებულ რეჟიმებში ასევე მიუთითოს დეფიციტის პირობებში, წლის მიწოდების არეალები სამივე რეჟიმისთვის.

3. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცებამდე, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნა წყალსარგებლობის განრიგზე, ისე რომ არ დაირღვეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული მორწყვის ნორმები და წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი, ასევე პროფილურ მომხმარებელთა პრიორიტეტულად მომარაგების პირობა.

4. მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი წინადადებები სარწყავი სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით, მათთვის მისაღები წყალმომარაგების სასურველი გრაფიკიდან გამომდინარე, საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

5. მომხმარებელმა, მის მიერ მოთხოვნილი/სასურველი წყალსარგებლობის განრიგიდან გამომდინარე, სარწყავი სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით მოთხოვნის შესწავლის მიზნით, მიმწოდებელს უნდა მიმართოს წერილობით.

6. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის პირველ თებერვლამდე განიხილოს წყლის მიწოდების რეჟიმთან მიმართებით მომხმარებელთა წინადადებები, უპასუხოს მათ და ისე დაამტკიცოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი.

მუხლი 41. წყლის მიწოდების რეჟიმში თავისუფალი წყლის მოცულობების ათვისება წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება

1. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით, მომხმარებელთან ხელშეკრულებით აითვისოს საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი და მომხმარებელთან შეათანხმოს წყალსარგებლობის განრიგი, წესების პირობების შესაბამისად. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიწოდების წერტილზე დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების შესახებ, ამ წესების 43-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ წლის მიწოდების სამივე რეჟიმისთვის.

2. დამტკიცებული წყლის მიწოდების რეჟიმის მონაცემების შესაბამისად, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება და წყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) პირველი თებერვლიდან – პირველ აპრილამდე, უპირატესობა ენიჭება პროფილურ მომხმარებლებს (პროფილური მომხმარებლის მიერ შესაბამის პერიოდში წყლის მოცულობის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგება დადებულად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, ეს მოცულობა უკვე მოთხოვნილ იქნა თუ არა არაპროფილური მომხმარებლის მიერ);

ბ) პირველი აპრილიდან – პირველ თებერვლამდე პერიოდზე, წყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება თანაბარი პირობით, ყველა სახის მომხმარებლის მიერ თანაბრად (გარდა გენერაციის ობიექტების), ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყლის დაუკონტრაქტებელ მოცულობას;

გ) გენერაციის ობიექტებისთვის შესაძლებელია წყლით მომარაგების ათვისება, თუ წყლით მომარაგება გათვალისწინებულია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით ან საირიგაციო სისტემაში ადგილი აქვს თავისუფალი დაუკონტრაქტებელი წყლის მოცულობას და აშკარაა რომ გენერაციის ობიექტებისთვის ამ წყლის მიწოდება, სხვა მომხმარებლების წყლით მომარაგების დეფიციტს არ გამოიწვევს;

3. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით აითვისოს:

ა) გარანტირებული მიწოდების ფარგლებში – შესაბამის პერიოდზე სისტემაში არსებული წარმადობის 80% (წყალსაცავისთვის დადგენილი მინიმალური დონის წყლის მოცულობის გარდა);

ბ) საპროგნოზო მიწოდების ფარგლებში – შესაბამის პერიოდზე სისტემაში არსებული წარმადობის 80 %-ზევით მოცულობები, მაგრამ არაუმეტეს, შესაბამისი საირიგაციო სისტემის ბოლო 3 წლის დებიტისა და ამ სისტემისთვის წინასწარ ცნობილი ან დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით მიღებული წყლის მოცულობისა.

4. მიმწოდებელი ვალდებულია შეისწავლოს მომხმარებლის განაცხადი და საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების განსაზღვრული რეჟიმისა და სისტემაში არსებული წარმადობის ფარგლებში შეათანხმოს წყალსარგებლობის განრიგი ან დაახარვეზოს განაცხადი.

5. მომხმარებელს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების განაცხადზე პასუხი უნდა ეცნობოს 10 სამუშაო დღის ვადაში, ტექსტური შეტყობინებით, ხოლო დახარვეზების შემთხვევაში, ასევე წერილობით ან ელექტრონულად, სადაც უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

6. გაუმრიცხველიანებელ პროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, დაუშვებელია, მორწყვის ნორმაზე მეტი წყლის მიწოდების გათვალისწინება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით, თუ ეს არ არის განპირობებული საირიგაციო სისტემის რეჟიმული მართვით ან მომხმარებლის მიერ წარმოებული საირიგაციო მოქმედებების (ოპერაციის) თავისებურებით.

7. მიმწოდებელმა გაუმრიცხველიანებელ პროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, წყალმომარაგების მოთხოვნილი განრიგის შესწავლისას, უნდა გაითვალისწინოს ამ მომხმარებლის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მორწყვის ნორმა და წყალსარგებლობის განრიგი შეითანხმოს ისე, რომ არ დაუშვას მორწყვის ნორმაზე აშკარად მეტი წყლის მიწოდება, თუ ეს გამოწვეული არ არის საირიგაციო სისტემის რეჟიმული მართვით ან მომხმარებლის მიერ წარმოებული საირიგაციო მოქმედებების თავისებურებით. თუ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი ითვალისწინებს მორწყვის ნორმაზე 20%-ით მეტი წყლის მიწოდებას, ამ განრიგის შეთანხმებაში განცალკევებულად უნდა ჩანდეს ამ გარემოების გამომწვევი მიზეზები (აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის).

8. თუ მომსახურების ხელშეკრულება ძალაშია და წესების შესაბამისად არ საჭიროებს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას ან მომხმარებლის მონაცემების განახლებას (წესების მე-18 მუხლის შესაბამისად), წყალმომარაგებისთვის საკმარისია, მხოლოდ ახალი წყალსარგებლობის განრიგის წერილობითი შეთანხმება (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

9. წინასწარ განსაზღვრული წყლის აუთვისებელი მოცულობა არ გადადის წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ სხვა პერიოდზე. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით მოხმარება წარმოადგენს წყლის უკანონო მოხმარებას (გარდა წინასწარ განსაზღვრული წყლის მოცულობის აუთვისებლობისა) და რეგულირდება წესების 34-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

მუხლი 42. ჭარბი წყლის განაწილება

1. შესაბამის საირიგაციო სისტემაში ჭარბი დაუკონტრაქტებელი წყლის მოცულობის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გაცხადდეს საჯაროდ და მომხმარებლებს გაეგზავნოთ შესაბამისი ტექსტური შეტყობინება.

2. ჭარბი დაუკონტრაქტებელი წყლის მოცულობა ათვისებული უნდა იქნეს საპროგნოზო წყლის მოცულობებზე წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების წესის შესაბამისად.

მუხლი 43. დეფიციტი საირიგაციო სისტემაში

1. შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადებას ახდენს მიმწოდებელი, დეფიციტის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით. აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ უნდა გაცხადდეს საჯაროდ და მომხმარებლებს გაეგზავნოთ გამოცხადებული დეფიციტის კატეგორიის, მისი მოკლე განმარტებისა და გამომწვევი მიზეზების მითითებით ტექსტური შეტყობინება.

2. მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, გამოცხადებული დეფიციტის კატეგორიის, მისი განმარტებისა და გამომწვევი შესაბამისი მიზეზების მითითებით დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს კომისიას.

3. შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადების შემთხვევაში, ჩერდება პროფილური და არაპროფილური მომხმარებლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესრულების პირობა და არსებული წყლის რესურსი მთლიანად უნდა წარიმართოს პროფილური მომხმარებლების მომარაგების მიზნით (დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად).

4. მიმწოდებელი ვალდებულია დეფიციტის გამოცხადებასთან ერთად საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმი, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით.

5. დეფიციტის პირობებში საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი უნდა შემუშავდეს, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული დეფიციტის პერიოდში არსებული რესურსის განაწილების პრინციპისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისი არეალების მიხედვით. მისი შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) პროფილურ მომხმარებელთან არსებული წყალსარგებლობის განრიგი (სადაც პროფილურ მომხმარებლებს შორის უპირატესობა ენიჭება მრავალწლიანი კულტურის ირიგაციას); ასევე,

ბ) პროფილურ მომხმარებელთა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის შემდეგ, არაპროფილურ მომხმარებელთა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმი ისე უნდა განისაზღვროს და შესრულდეს, რომ დაცულ იქნეს წყლის თანაბარწილად განაწილების სამართლიანობის პრინციპი.

6. დეფიციტის დროს დაუშვებელია საირიგაციო მიწის ჰექტარზე განსაზღვრული ნორმაზე მეტი წყლით მომარაგება და ის ყველა პროფილურ მომხმარებელთან უნდა შემცირდეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საირიგაციო სისტემაში წყლის არსებული რესურსის შესაბამისად – აღნიშნული პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ, დეფიციტის დროს პროფილურ მომხმარებელთა წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრისას.

7. დეფიციტის პირობებში, საირიგაციო სისტემაში წყალი უნდა განაწილდეს მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალებში, სამი კატეგორიის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად. კერძოდ:

ა) პირველი კატეგორიის დეფიციტის პირობებში, წყლის მიწოდება შეეზღუდება მხოლოდ არაპროფილურ მომხმარებლებს, ხოლო პროფილური მომხმარებლების მომარაგება გაგრძელდება წყალსარგებლობის განრიგის დაცვით;

ბ) მეორე კატეგორიის დეფიციტის პირობებში, როდესაც შეუძლებელია პროფილური მომხმარებლებისთვის წყალსარგებლობის განრიგით მოთხოვნილი წყლის სრული მოცულობით მიწოდება, წყალი უნდა მიეწოდოს მხოლოდ პროფილურ მომხმარებლებს, შესაბამის არეალში გამოცხადებული რეჟიმის გათვალისწინებით, ხოლო მათთვის წყლის აუცილებელი მოცულობის მიწოდების შემდეგ – სხვა მომხმარებლებს (საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლების გათვალისწინებით);

გ) მესამე კატეგორიის დეფიციტის პირობებში, როდესაც წყალი მიეწოდება მეორე კატეგორიის დეფიციტის პირობებში წინასწარ განსაზღვრული საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების დაფარვის არეალის 60%-ზე ნაკლებს, წყალი უნდა მიეწოდოს მხოლოდ მესამე კატეგორიის არეალში არსებულ იმ პროფილურ მომხმარებელს, რომელიც ახორციელებს მრავალწლიანი კულტურის ირიგაციას, ხოლო მათთვის წყლის აუცილებელი მოცულობის მიწოდების შემდეგ – სხვა პროფილურ მომხმარებლებს (საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლების გათვალისწინებით).

8. მიმწოდებლის მიერ შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტი უნდა გამოცხადდეს:

ა) თუ არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

ბ) საირიგაციო სისტემაში, შესაბამის პერიოდზე წყლის ფაქტობრივი წარმადობა, აშკარად ნაკლებია, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ მისაწოდებელ წყლის მოცულობებზე.

9. დეფიციტის დროს, წყლით მომარაგების რეჟიმები, შესაბამის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალების მითითებით უნდა იყოს საჯარო, გამოქვეყნდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, მიმწოდებლის ვებგვერდზე). წყლის რეჟიმული მართვის და საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა განახლდეს დაუყოვნებლივ, ასევე დაეგზავნოს შესაბამის მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით.

10. საირიგაციო სისტემაში დეფიციტური მდგომარეობის ამოქმედების და მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებელთა შეტყობინების წესი მოცემულია წესების მე-11 მუხლში, კერძოდ მე-7 და მე-8 პუნქტებში.

თავი X. წყლის მიწოდება

მუხლი 44. მომსახურების ხელშეკრულება

1. წესების შესაბამისად, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების პირობები და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოიშობა, პირის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარების ან/და მომხმარებლად განსაზღვრის (რეგისტრაციის) მომენტიდან.

2. წესების შესაბამისად, როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (მომხმარებელს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დადასტურება ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ტიპური ხელშეკრულების გაფორმება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

3. წესების შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ამ წესების დანართი №1, ისე კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხელშეკრულების“ სხვა სტანდარტული ფორმით.

4. მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას, თუ მომსახურების ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

5. მომსახურების ხელშეკრულებით განისაზღვრება მიწოდების წერტილი, ამასთან, ის შესაძლოა შეიცავდეს წყალსარგებლობის განრიგს.

მუხლი 45. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება

1. წყალსარგებლობის განრიგი საჭიროებს მხარეთა შორის ყოველწლიურ შეთანხმებას.

2. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი უნდა მოიცავდეს მიმდინარე კალენდარულ წელს. ამასთან, მომხმარებელმა შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პერიოდზე წყალმომარაგება.

3. წყალსარგებლობის განრიგში, მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების პერიოდის გარდა, ასევე უნდა იყოს მოცემული მიწოდების წერტილის ნომერი, მომხმარებელი და წყლის მოხმარების მიზნობრიობა, ხოლო პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში – საირიგაციო მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო კულტურა და გამოყენებული მორწყვის მეთოდი.

4. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი შესაძლოა შეიცვალოს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, ასევე ცალმხრივად (ამ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში).

5. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეცვლა დასაშვებია, თუ ცვლილება არ გამოიწვევს სხვა მომხმარებელთა პირობების დამძიმებას და გაუარესებას. ამასთან, წყალსარგებლობის განრიგის შეცვლის შესახებ მოთხოვნაზე უარის საფუძველი შესაძლოა იყოს საირიგაციო სისტემაში მოთხოვნილ პერიოდზე შესაბამისი მოცულობის თავისუფალი წყლის არარსებობა ან მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობა საირიგაციო სისტემის ან მიწოდების წერტილის ტექნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე.

6. წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული წყლის მოცულობა ათვისებულ უნდა იქნეს, ამავე განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში.

7. მომხმარებელს, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდებაზე უარის თქმა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება ცალმხრივად შეუძლია აღნიშნულის შესახებ მიმწოდებლის ერთი თვით ადრე წერილობით შეტყობინების შემთხვევაში. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს ასევე ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილება:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ან დებიტის ცვლილების შესახებ, 10 კალენდარული დღით ადრე მაინც წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე გადატანა – ამ ფაქტის დადგომიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე გადატანის წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში.

8. მიმწოდებელს უფლება აქვს წყალმომარაგების პერიოდში გეგმური წყვეტის შედეგად გამოწვეული წყლის დანაკლისი მომხმარებელს შეუვსოს, შესაბამის პერიოდში წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლით მომარაგების პერიოდის გახანგრძლივებით.

9. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეცვლის შესახებ მოთხოვნაზე, მიმწოდებელი ვალდებულია 3 სამუშაო დღეში მოკლე შეტყობინებით დაუდასტუროს მომხმარებელს განრიგის შეცვლის შესახებ (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში), ხოლო უარის შემთხვევაში ასევე უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული პასუხი (წერილობით ან ელექტრონულად).

10. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული მოცულობის ცვლილების შედეგად, საირიგაციო სისტემაში გამოთავისუფლდა წყლის რესურსი, აღნიშნული რესურსი მიმწოდებლის მიერ შესაძლოა ათვისებულ იქნეს იმავე წესით, როგორც ეს განსაზღვრულია გარანტირებული წყლის მოცულობაზე შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.

11. გარანტირებული მოცულობის აუთვისებლობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყლის მიწოდებაზე უარი თქვა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება მოითხოვა ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული ვადების დარღვევით, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს აუთვისებელი წყლის მიწოდების ღირებულების 10%. აუთვისებელი წყლის მოცულობა დგინდება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით მომხმარებლის მიერ წყლის ფაქტობრივად მიღების, ასევე აღრიცხვის კვანძის მონაცემების გათვალისწინებით, ხოლო აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარების შემთხვევაში, წესების 33-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

12. შესაბამის წყალსარგებლობის განრიგზე მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემთხვევაში, გაუმრიცხველიანებელმა პროფილურმა მომხმარებელმა ამ შეთანხმების შესაბამისად შესაძლოა მოიხმაროს მორწყვის განსაზღვრულ ნორმაზე მეტი წყალი, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მორწყვის ნორმაზე მეტი მოცულობის განსაზღვრა ხდება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის გათვალისწინებით და ამ მოცულობაზე მომხმარებელს საფასური დაერიცხება ამ წესების 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული მოხმარების შემთხვევაში);

ბ) წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, მორწყვის ნორმაზე მეტი წყლის მიწოდება გამოყოფილი უნდა იყოს წყლის მიწოდების სხვა რეჟიმისგან;

გ) მორწყვის ნორმაზე მეტი წყლის მოცულობა წარმოადგენს სავარაუდო მისაწოდებელ წყლის მოცულობას (მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული მოხმარების შემთხვევაში) და შესაძლოა მომხმარებელს მიეწოდოს, თუ ამ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყლის მიწოდება არ გააუარესებს სხვა მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობას – მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს წყლის მიწოდება ასეთი ფაქტის დაფიქსირებისთანავე.

 

თავი XI. მომსახურების დარიცხვა და გადახდა

მუხლი 46. წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ჩვენებაზე დაყრდნობით;

2. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე მოხმარებული წყლის საფასური დაერიცხება ყოველ მორწყვის ოპერაციაზე, სარწყავი ფართის მიხედვით.

3. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლის მიერ, ჰექტარზე მორწყვის ოპერაციისთვის წინასწარ განსაზღვრული წყლის მოცულობის ათვისება უნდა მოხდეს მორწყვის ოპერაციისას, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის მორწყვის ოპერაციისას, აუთვისებელი წყლის მოცულობა არ გადადის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ შემდეგ პერიოდზე. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლის მიერ წყალსარგებლობის შეთანხმებული განრიგის დარღვევით მოხმარება (გარდა წინასწარ განსაზღვრული წყლის მოცულობის აუთვისებლობისა) წარმოადგენს წყლის უკანონო მოხმარებას და რეგულირდება წესების 34-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

4. როდესაც პროფილური მომხმარებლის მიერ (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა) ადგილი აქვს სისტემატურად და ორგანიზებულად წყლის მოხმარებას ერთდროულად მიწის ირიგაციისთვის და სხვა არასაირიგაციო მიზნისთვის (ადგილი აქვს შერეულ მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში საირიგაციო და არასაირიგაციო მიზნით მოხმარებული წყლის მოცულობა უნდა აღირიცხოს განცალკევებულად. ამასთან, შესაძლებელია მიწოდების წერტილის შემდეგ მოეწყოს საკონტროლო მრიცხველები, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული წყლის საფასური სარწყავი ფართის მიხედვით დაერიცხება მხოლოდ საირიგაციო მიზნით მოხმარებული წყლის ოდენობას, სადაც ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მიწოდების წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით (საანგარიშსწორებო მრიცხველით), ხოლო საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, მათ შორის გადანაწილდეს პროპორციულად.

5. დასახლებულ ზონაზე არსებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის საირიგაციო და არასაირიგაციო მიზნით მოხმარების გამიჯვნა არ არის სავალდებულო. ამასთან წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მიწოდების წერტილზე ინდივიდუალურად მიერთებულ მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობით.

6. პროფილურ მომხმარებელს აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.

7. არაპროფილური მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. დასახლებულ პუნქტებში არსებულ მომხმარებელს (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს):

ა) აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს მორწყვის ოპერაციის ან მუდმივი მიწოდების რეჟიმით, შესაბამისად:

ა.ა) მორწყვის ოპერაციის რეჟიმით დარიცხვის შემთხვევაში – წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში;

ა.ბ) წყლის მუდმივად მიწოდების რეჟიმით დარიცხვის შემთხვევაში – ყოველთვიურად, წყლის მიწოდების თვის დასრულებისთანავე, მორწყვის ოპერაციაზე დადგენილი საფასურის ოდენობით;

ბ) მოხმარების აღრიცხვის შემთხვევაში მოხმარებული წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, წყლის მიწოდების თვის დასრულებისთანავე;

9. გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელს (ან მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, 24 საათზე მეტი ხნით არ მიეწოდათ წყალი, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული რეჟიმით (მათ შორის, არ მიეწოდა წყალი შესაბამის პერიოდში, შესაბამისი დებიტით) და ვერ მოხდა მიუწოდებელი წყლის დანაკლისის შევსება ამ წესების 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურს გამოაკლდება ფაქტობრივად მიუწოდებელი წყლის ის ღირებულება, რომელიც გამოითვლება შესაბამის მომსახურებაზე გადასახდელი თანხიდან (მორწყვის ოპერაციაზე, მისაწოდებელი წყლის ღირებულებას გამოკლებული ფაქტობრივად მიუწოდებელი წყლის ღირებულება).

10. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეუსრულებლობას (წყლის მიუწოდებლობის ფაქტს) ადგენს და აღრიცხავს მიმწოდებელი. იგი ვალდებულია ამ ფაქტის დაფიქსირებისთანავე აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით. ამასთან, წყლის მიუწოდებლობის ფაქტი შესაძლებელია დაზუსტდეს მომხმარებლის მოთხოვნითაც, ამ ფაქტის დადგომიდან 10 კალენდარულ დღეში.

11. მომხმარებლის წყალსარგებლობის განრიგით წყლის მომარაგების პირობა შესრულებულად ითვლება, თუ მიმწოდებლის ან მომხმარებლის მიერ წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით სხვა გარემოება არ ფიქსირდება, მათ შორის, თუ წყლის მიუწოდებლობის ფაქტი მომხმარებლის მიერ არ დაფიქსირდა, წყლით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

12. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. მიმწოდებელს მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის უფლება აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირის მიერ, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, შესაბამის აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის შემთხვევაში (დასახლებულ პუნქტებში არსებული მომხმარებლების გარდა) – მომხმარებლად რეგისტრაციის ეტაპზე ან წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმებასთან ერთად;

ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში.

14.  მიმწოდებლის მიერ წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, წინსწრებით გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში, მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, არანაკლებ 15 ლარისა.

15. მომხმარებელი, რომელიც წესების შესაბამისად წინსწრებით იხდის წყლის საფასურს, წინსწრებით გადასახდელი თანხა, წინასწარ სრულად უნდა გადაიხადოს (შეავსოს) წყალმომარაგების დაწყებამდე. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს წინსწრებით გადასახდელი თანხის სრულად გადახდა ან შევსება, როდესაც წინსწრებით გადახდილი თანხა სრულად ვერ დაფარავს მომდევნო წყალმომარაგების ოპერაციის ღირებულებას.

16. მიმწოდებელს მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლება არ აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს დეპოზიტის გადახდა.

17. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს მოხმარებული წყლის საფასური.

18. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს.

19. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 47. ქვითრის მომზადება და მიწოდება

1. ქვითრის მომზადებასა და მომხმარებლისთვის მის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მომხმარებელს ქვითარი ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებით. მომხმარებელი უფლებამოსილია, შესაბამისი არგუმენტის საფუძველზე, მოითხოვოს ქვითრის მიღება ტექსტურ შეტყობინებასთან ერთად, ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე სახითა და საშუალებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ერთი აბონენტისთვის მოამზადოს ერთი ქვითარი. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დასაშვებია ერთზე მეტი აბონენტისთვის ერთი ქვითრის მომზადება.

4. არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს უფლება აქვთ შეთანხმდნენ მატერიალური ქვითრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში მატერიალური ფორმით მომზადებული ქვითრის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ან მიწოდების მისამართზე, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.

5. მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ქვითრის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ხოლო ელექტრონული ქვითრის მიწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

6. თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ იქნა მოთხოვნილი ქვითრის მიწოდება სხვა ფორმით და მიმწოდებლისთვის ცნობილია მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ქვითრის მიწოდებას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

7. ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს.

მუხლი 48. ქვითრის ფორმა და შინაარსი

1. ქვითრის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. ქვითარი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) აბონენტის ნომერს;

გ) ქვითრის ნომერს;

დ) დარიცხვის პერიოდის საწყისი დღის თარიღს;

ე) დარიცხვის პერიოდის ბოლო დღის თარიღს;

ვ) მომსახურების საფასურს, რომელშიც განცალკევებულად უნდა აღინიშნოს:

ვ.ა) კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი;

ვ.ბ) ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემთხვევაში, მოხმარებული წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება, ხოლო სარწყავი ფართის მიხედვით დარიცხვისას უნდა მიეთითოს – საირიგაციო მიწის ფართობი (ჰა) და მორწყვის ნორმა (ჰექტარზე, კუბურ მეტრებში); წყლის მუდმივად მიწოდების რეჟიმით მიწოდებისას, ასევე უნდა აღინიშნოს ამ რეჟიმის შესახებ;

ვ.გ) წყლით მომარაგების აღდგენის ან/და ქსელთან მიერთების საფასური წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში (დარიცხვის შემთხვევაში);

ვ.დ) აღრიცხვის კვანძის მონტაჟისა და მისი შემოწმების ხარჯები, წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში (დარიცხვის შემთხვევაში);

ვ.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები;

ვ.ვ) სოციალური შეღავათი ან სუბსიდია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას;

ი) ქვითარში ასახული თანხის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შედეგებს;

კ) ქვითრის მომზადების თარიღს;

ლ) მრიცხველის ჩვენებას ბოლო ორი დარიცხვის პერიოდისთვის;

მ) ამ წესების 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდის საშუალებების შესახებ ინფორმაციას;

ნ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული წყლის მოცულობას;

ო) ქოლცენტრის ნომერს, მიმწოდებლის ვებგვერდის მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას;

პ) ინფორმაციას პრეტენზიის ან/და დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ან/და კომისიისათვის მიმართვის უფლების თაობაზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ჟ) ინტერაქტიული მომსახურების ნომერს ან/და ელექტრონულ მისამართს;

რ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ს) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

3. შესაბამის შემთხვევებში ქვითარში აგრეთვე უნდა მიეთითოს:

ა) მიმწოდებლის მოთხოვნა დეპოზიტის წარდგენის შესახებ ან/და მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის ოდენობა;

ბ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა.

4. მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიწოდებულ ქვითარში უნდა მიეთითოს, სულ მცირე, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ქოლ ცენტრის ნომერი. მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბმულს (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 და შესაბამის შემთხვევებში, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია ქვითრის მომზადებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – მიმწოდებელს.

მუხლი 49. მომსახურების საფასურის გადახდა

1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, კომერციული ბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალებით, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც უნდა იძლეოდეს საკომისიოს გარეშე გადახდის შესაძლებლობას.

2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. მომხმარებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან ქვითარი.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის დადგომამდე მიიღოს დამატებითი გონივრული ზომები მომხმარებლის გასაფრთხილებლად.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით, მიმწოდებელი ვალდებულია გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღეს გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მას მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეწყვიტოს მომხმარებლის წყლით მომარაგება. ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები.

7. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაუროს ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტის მეშვეობით.

8. მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

9. მომხმარებელს უფლება აქვს, წინსწრებით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც აღემატება ქვითარში მითითებულ მომსახურების საფასურს, აისახება მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით და მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდებისთვის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

10. მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებულ ვადაში მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმება გადახდის ეტაპობრივ გეგმას, იგი ვალდებულია შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპობრივი გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ა) გადასახდელ თანხას;

ბ) გადახდის პერიოდულობას;

გ) შენატანის რაოდენობას თითოეული პერიოდისთვის;

დ) დათქმას, მომსახურების საფასურის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაუშვებლობის თაობაზე.

12. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს მომსახურება და შეწყვიტოს მისი წყალმომარაგება.

მუხლი 50. ქვითრის შესწორება

1. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლის მოთხოვნით, შეიტანოს შესწორება ქვითარში, თუ მასში არასწორად არის მითითებული ამ წესების 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. ქვითრის შესწორება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ შეცდომის აღმოჩენიდან ან/და მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში.

4. თუ ქვითრის შესწორების შედეგად მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა გაიზარდა, შესწორებულ საფასურსა და გადახდილ მომსახურების საფასურს შორის სხვაობის გადახდის ვადა აითვლება შესწორებული ქვითრის მომზადების დღიდან, ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისად.

5. შესწორებულ ქვითარზე ვრცელდება ამ წესების 48-ე მუხლის მოთხოვნები.

მუხლი 51. მომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტა და აღდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში

1. მიმწოდებელს უფლება აქვს, შეწყვეტოს წყლის მიწოდება, თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესების 46-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა;

2. დაუშვებელია საფასურის გადაუხდელობის გამო მომსახურების შეწყვეტა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მომსახურების საფასურის არასრულად გადახდისას, თუ მომსახურების საფასურის სრულ ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები;

ბ) თუ მომხმარებელს დარიცხული მომსახურების საფასურის თაობაზე მიმწოდებელთან ან კომისიაში წარდგენილი აქვს პრეტენზია და მიმწოდებლის ან კომისიის მიერ მიღებული არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება, გარდა მიმდინარე პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევისა;

გ) თუ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აინაზღაუროს მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ ამ წესების 52-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეპოზიტი წარდგენილია მომხმარებლის მიერ ამ წესების 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში (შაბათსა და კვირას);

ე) კალენდარული თვის 16 რიცხვამდე – იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს;

ვ) კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მომსახურების აღდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრიდან ან მომხმარებელთან ამ წესების 49-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან არაუგვიანეს 5 საათისა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების 49-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:

ა) 09:00-დან – 16:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ-კვირას – 09:00-დან – 14:00 საათამდე პერიოდში.

4. მომსახურება უნდა აღდგეს მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების 49-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა:

ა) 16:00 საათის შემდეგ, ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ.

მუხლი 52. დეპოზიტი

1. მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს დეპოზიტის წარდგენა შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგებისთვის, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას, ასევე წესების 69-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) პირი, საირიგაციო სისტემაზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;

გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული წყლის საფასური 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად;

ე) წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;

ბ) დავალიანების გადაუხდელობით მომარაგება შეწყვეტილ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებლისთვის დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ მიმწოდებელს წარუდგინოს თანხა.

4. მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, შეწყვეტოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება.

5. დეპოზიტის ოდენობა უნდა განისაზღვროს წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, არანაკლებ 15 ლარისა.

6. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაანგარიშების შედეგად, მომხმარებელზე დარიცხული მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობა შემცირებულია (დეპოზიტის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით), მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისად შეამციროს მოთხოვნილი დეპოზიტის ოდენობა და სხვაობა თავდაპირველად მოთხოვნილსა და შემცირებულ ოდენობას შორის, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ასახოს მის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ან უზრუნველყოს შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა; თუ დარიცხული მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო ოდენობა გაზრდილია, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესებით დადგენილი წესით, მომხმარებელს მოსთხოვოს გაზრდილი დეპოზიტის წარდგენა.

8. დეპოზიტი 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მიმწოდებელმა უარი უნდა თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე, თუ:

ა) მომსახურების ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ან მისი მოქმედების ვადა ამოიწურა და საბოლოო ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა მომსახურების საფასური სრულად დაფარა;

ბ) მომხმარებელი მომსახურების საფასურს იხდის წინსწრებით;

გ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ ვადაში – თუ დეპოზიტი მოთხოვნილი იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;

დ) აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი ასახოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით, ამ წესების 49-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მომხმარებელი მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.

მუხლი 53. პირგასამტეხლო

1. წესებითა და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო, თუ პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას პირდაპირ ითვალისწინებს წესები ან/და მომსახურების ხელშეკრულება.

2. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება დასახლებულ ზონაში არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.

3. წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით:

ა) მომსახურების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.

5. წესების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.

6. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება მომხმარებლის მიერ წარდგენილ იქნა მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ან მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა წესებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

7. ანგარიშსწორებისას, გადახდილი თანხით იფარება ვალდებულებები დავალიანების წარმოშობის თანმიმდევრობით, სადაც პირველ რიგში უნდა დაიფაროს მომსახურების საფასური, ხოლო შემდეგ პირგასამტეხლო.

მუხლი 54. საერთო მიწოდების წერტილზე პროფილური მომხმარებლებისთვის საფასურის დარიცხვა

1. როდესაც ერთი მიწოდების წერტილიდან მარაგდება ერთზე მეტი პროფილური მომხმარებლის უძრავი ქონება, ამ უძრავი ქონების მფლობელი მომხმარებლების მიერ საირიგაციო წყლის შესყიდვა ხდება მიწოდების წერტილზე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს მიწოდების წერტილზე დარიცხული საფასურის წილის გამოყვანა თითოეულ მომხმარებელთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს (გაუგზავნოს) ქვითარი და საფასური დაარიცხოს წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით, მოხმარების შესაბამისად (მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის თავისებურების გათვალისწინებით);

გ) მიწოდების წერტილზე მრიცხველით ანგარიშსწორების შემთხვევაში: საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური მრიცხველების არსებობის შემთხვევაში, ამ მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის პროპორციულად; ხოლო მიწოდების წერტილზე მოხმარებული წყლის საფასურის სარწყავი ფართის მიხედვით გადახდისას: სარწყავი მიწის ფართობის წილისა და წყალსარგებლობის განრიგში შესაბამის მომხმარებელზე გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის მიხედვით;

დ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დარიცხვის მონაცემების კორექტირება მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყლით მომარაგებას შეწყვეტს საანგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა.

2. საერთო მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდებისას მიმწოდებელმა წყალმომარაგების დაწყების შეტყობინებაში და ქვითარში უნდა მიუთითოს, თუ ვისი მოთხოვნით ხდება ამ მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია, ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, რომელთა მიწის ნაკვეთებიც ამ მიწოდების წერტილიდან მარაგდება წყლით თუ კონკრეტული მომხმარებლისთვის ან მომხმარებელთათვის (თუ წყალსარგებლობის განრიგი შეიცავს მომხმარებელზე ასეთ ინფორმაციას).

3. თუ წყალსარგებლობის განრიგი შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდზე კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნით წყლის მიწოდების შესახებ, წესების შესაბამისად ამ პერიოდზე მიწოდებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს იმ მომხმარებელს ან დარიცხვა გადანაწილდეს იმ მომხმარებლებზე, ვისი მოთხოვნითაც განხორციელდა წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია.

4. საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, თუ მოითხოვა წყლის მიწოდების შეწყვეტა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანების მიზეზით, წყლის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მიმწოდებლის მიერ ამ მიწოდების წერტილზე, სანამ არ იქნება მიღებული მოთხოვნა წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, წყლის მიწოდების შეწყვეტასთან ერთად მიმწოდებელმა ტექსტური შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს წყლის მიწოდების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზისა და წყლის მიწოდების აღდგენის პირობის შესახებ.

5. მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაჩეროს საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლება როგორც ამ პირის მიმართ, ისე მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საირიგაციო წყლით სარგებლობა, სანამ არ მოხდება დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა ან დარიცხული დავალიანების დაფარვის პირობებზე შეთანხმება წესების პირობების შესაბამისად. საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების მიუხედავად წყლით სარგებლობა ითვლება უკანონო მოხმარებად და მასზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

მუხლი 55. დავების განხილვა

მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ამ წესებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესის შესაბამისად, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

კარი III

საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-განვითარება

თავი XII. მიმწოდებლის მომსახურებები და ვალდებულები

მუხლი 56. საირიგაციო სისტემის ოპერატიული მართვა და ექსპლუატაცია

1. მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს საირიგაციო სისტემას და მის შემადგენელ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს და სხვა სახის მოწყობილობებს მიწოდების წერტილის ჩათვლით.

2. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ოპერატიული მართვა განახორციელოს:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების დაცვით და წყლის მიწოდების რეჟიმის გათვალისწინებით მომხმარებლების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით;

ბ) ისე, რომ წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მომარაგების საიმედოობა და შემცირებული იყოს წყალმომარაგების წყვეტების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე;

გ) ეფექტიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით.

3. საირიგაციო სისტემის უსაფრთხოების და საიმედოობის შენარჩუნების, მისი ეფექტიანად ოპერირების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) პერიოდულად განსაზღვროს საირიგაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობა დისტანციური დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ან/და საირიგაციო სისტემის ადგილზე შემოწმების გზით;

ბ) განსაზღვროს საექსპლუატაციო ღონისძიებები საირიგაციო სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების შემოწმების საფუძველზე და გამოიყენოს საირიგაციო სისტემის მართვის საუკეთესო პრაქტიკა;

გ) უზრუნველყოს საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია და განახლება მისი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლის ან მომსახურების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით;

დ) გამოიყენოს სენსორები, დისტანციური მართვის და აღრიცხვის სისტემები, მონაცემთა გადამცემი მოწყობილობები საირიგაციო სისტემის რეალურ დროში მონიტორინგისთვის;

ე) გამოიყენოს დისტანციური მართვის კრიტიკული მოწყობილობები, საირიგაციო სისტემის უსაფრთხოების მიზნით;

ვ) კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დანერგოს და გამოიყენოს გაზომვის მოწყობილობები საირიგაციო სისტემაში წყლის ნაკადის უწყვეტ რეჟიმში გასაზომად;

ზ) შეიმუშაოს საწარმოო ნორმები, სტანდარტები და პროცედურები საირიგაციო სისტემის ზედამხედველობასთან, ექსპლუატაციასთან და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით. მათ შორის, შეიმუშაოს და დაამტკიცოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად;

თ) მოთხოვნის შემთხვევაში მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია საირიგაციო სისტემის მდებარეობის/განლაგების, ასევე მის სიახლოვეს სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ზომების შესახებ;

ი) დამატებითი წყაროების მოძიების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსების უფრო მეტად ათვისების მიზნით, შეიმუშაოს და განახორციელოს მომარაგების საიმედოობის გაზრდის ღონისძიებები, წაახალისოს და მხარი დაუჭიროს, ასეთი იდეებისა და პროექტების შემსწავლელ მიმართულებებს.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საირიგაციო სისტემაში დაზიანების (მათ შორის, მისი შემადგენელი არხების და სხვა საშუალებების დაზიანების) დროული აღდგენა-რეაბილიტაცია.

5. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურებები, რომელიც საჭიროა საირიგაციო საქმიანობის ეფექტიანად გაწევისთვის და შეისყიდოს ეს მომსახურებები.

6. მიმწოდებლის (ან მისი დაქირავებული პირის) მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს აქვს უფლება აწარმოოს საოპერაციო, აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები.

7. საირიგაციო სისტემასთან სამუშაოების წარმოების დროს მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებელზე, დაკავშირებულ სისტემებზე და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის რისკი.

8. მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს საავარიო ბრიგადები, საირიგაციო სისტემაზე ავარიების შემდეგ საირიგაციო სისტემის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უმოკლეს ვადებში აღდგენის, მომხმარებლებზე და მიერთებულ სისტემებზე ავარიების უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით. მიმწოდებელი ვალდებულია ავარიებზე აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს საირიგაციო სისტემის დეტალური ტექნიკური დოკუმენტები, რომელიც შეეხება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გეგმებს/გრაფიკებს, ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებს და უსაფრთხოების წესებს.

10. საირიგაციო სისტემის დაზიანების და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს საირიგაციო სისტემის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს სამუშაოების ზედამხედველობა.

11. მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და დაამტკიცოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში, ასევე საირიგაციო სისტემაში, განსაკუთრებულ (ავარიულ) სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების პროცედურები. მიმწოდებელი ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს საცდელი შემოწმება ავარიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტიანობის და მისი გაუმჯობესების მიზნით.

თავი XIII. მიღებისა და მიწოდების წერტილები

მუხლი 57. მიღებისა და მიწოდების წერტილების აღწერის ერთიანი სისტემა

1. მიმწოდებელი ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და მიწოდების წერტილში წყლის მიწოდებას.

2. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზღვარი გადის მიწოდების წერტილზე. მიმწოდებელს მომხმარებელთან მიმართებაში არ გააჩნია მიწოდების წერტილზე მომხმარებლის საირიგაციო სისტემის მოწყობისა და მოვლის ვალდებულება, მის მოწყობასა და სწორ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მიწოდების წერტილი განისაზღვრება, ამ წესების პირობების შესაბამისად მიმწოდებელსა და მოხმარებელს შორის, გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს წყლის წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემის მიღებისა და მიწოდების წერტილების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. საირიგაციო სისტემაში არსებული მიღებისა და მიწოდების წერტილების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს წყალმომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, მიმწოდებელი დამოუკიდებელია მიწოდების წერტილების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს საირიგაციო სისტემიდან მომარაგებულ ობიექტთან მიმართებაში წყლით მომარაგების სქემისა და მიწოდების წერტილების, ასევე ამ ობიექტის სადრენაჟო სისტემის მიღების წერტილებისა და სქემის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია). ამასთან, მიწოდების წერტილის უფრო მაღალ მხარეს გადატანის/გაერთიანების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ახალი მიწოდების წერტილის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემაში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე. წყალმომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემაში წყლის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის წყლით მომარაგებასთან, ასევე დრენაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. წყალმომარაგების ერთიანი ბაზა, თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემისა და მიღების წერტილების რეესტრს.

5. წყლის მიწოდების წერტილს და სადრენაჟო სისტემის მიღების წერტილს აღრიცხვიანობის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს საირიგაციო სისტემის იმ გაცემის ან მიღების წერტილის იდენტიფიცირებას, საიდანაც ერთი კონკრეტული ობიექტი მარაგდება წყლით ან/და ხდება ჭარბი წყლის მოცილება (დრენაჟი). ასევე მიწოდების წერტილისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებულ-აღრიცხული მომარაგებული ობიექტის წყლით მომარაგებასთან და სადრენაჟო სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია, კერძოდ:

ა) უძრავი ქონების (ობიექტის) ან უძრავი ქონებების (ობიექტების) ჩამონათვალი, რომლის მომარაგებაც ან/და დრენაჟიც ხდება, ასევე, ამ უძრავი ქონებ(ებ)ის (ობიექტ(ებ)ის) მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) მომარაგებული უძრავი ქონების, საირიგაციო სისტემის და სადრენაჟო სისტემის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლობს ამ ობიექტზე წყლის მოხმარებით ან/და სადრენაჟო სისტემით, ასევე, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

დ) მომხმარებლის კატეგორია და მოხმარების მიზნობრიობა;

ე) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

ვ) მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის წყალმომარაგებას;

ზ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არააქტიური (თუ ობიექტზე წყლის მოხმარება არ ხდება ერთი წლის განმავლობაში);

თ) მიწოდების წერტილის ტექნიკური მახასიათებლები: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი არხის კვეთი, დახრა და სხვა მახასიათებლები;

ი) მიწოდების წერტილიდან წყალაღების პირობები, მათ შორის, დაშვებული მაქსიმალური საათობრივი მოხმარება (დაშვებული წარმადობა/დებიტი), ასევე საირიგაციოდ მომარაგებული მიწის ფართობი;

კ) და სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს საირიგაციო საქმიანობასთან.

6. როდესაც ერთი მიწის ფართობი ან მომხმარებლის კუთვნილი ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება ორი ან ორზე მეტი მიწოდების წერტილიდან, ამ მიწოდების წერტილებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული მიწოდების წერტილის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება მომხმარებლის, გადახდაზე პასუხისმგებელი პირის, ამ მიწოდების წერტილის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა-იდენტიფიცირება.

7. საირიგაციო სისტემის მიწოდების და მიღების წერტილისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების და სადრენაჟო სისტემის სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. საირიგაციო სისტემის მიწოდების და მიღების წერტილზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის, მრიცხველის, მიწოდების წერტილის/ობიექტის მისაერთებელი არხის კვეთის, მილის დიამეტრის ან/და მომხმარებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია.

8. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემაში მიღებისა და მიწოდების წერტილების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მათი (წერტილების) ნომრის, მრიცხველების, მომხმარებლის და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

მუხლი 58. მიწოდების წერტილის განსაზღვრა და მაღალ მხარეს გადატანა

1. საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილი უნდა იყოს მიმწოდებლის მფლობელობაში.

2. წესების შესაბამისად, მიმწოდებელსა და მომხმარებელს (მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს) შეუძლიათ, წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრონ ან შეცვალონ მიწოდების წერტილი, ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

3. მიწოდების წერტილი განისაზღვრება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით. ამასთან, თუ მომსახურების ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული მიწოდების წერტილი, ან ვერ ხდება მისი ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა, მიწოდების წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს მომხმარებლის ტერიტორიასთან არსებული (უახლოესი), მიმწოდებლის მფლობელობაში (მათ შორის, მის ბალანსზე) მყოფი საირიგაციო სისტემიდან წყლის მიწოდების წერტილი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მიწოდების წერტილზე უნდა იყოს მოწყობილი აღრიცხვის კვანძი, ხოლო პროფილურ მომხმარებელთან უნდა იძლეოდეს წყლის აღრიცხვის სისტემის მოწყობის შესაძლებლობას (მრიცხველის განთავსების შესაძლებლობას გამრიცხველიანების გეგმის შესაბამისად);

ბ) მიწოდების წერტილი უნდა შეიცავდეს წყალსარეგულაციო კვანძს.

4. დაუშვებელია მიწოდების ერთი წერტილის მეშვეობით (ერთ აბონენტის ნომერზე), ორი ან მეტი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ან ერთი მიწოდების წერტილის მეშვეობით ერთზე მეტი უძრავი ქონების (ობიექტის) წყალმომარაგება, თითოეულ ობიექტის მფლობელ სხვადასხვა პირთან ცალკეული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით – ასეთ შემთხვევაში მიწოდების წერტილზე წყალმომარაგება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

5. მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს მიწოდების წერტილი (ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურის გარდა), თუ:

ა) მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ მიწოდების წერტილზე ტექნიკურად ვერ ხერხდება ან მიზანშეუწონელია აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ან მიმწოდებელი არ ფლობს და ვერ აკონტროლებს მიწოდების წერტილს, ან/და ადგილი აქვს მიწოდების წერტილის შერჩევაზე მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეუთანხმებლობას (რაც წერილობით დაფიქსირებულია ერთ-ერთი მხარის მიერ);

ბ) მომხმარებელი, მომხმარებელთა ჯგუფი ან ამ ჯგუფის წევრი, მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთა მიწოდების წერტილის გადატანის უფლებამოსილების 2-ჯერ წერილობით გაფრთხილებისა და მათთვის შესაბამისი მოქმედებებისთვის გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, კვლავ ზღუდავს მიმწოდებელს განახორციელოს საირიგაციო სისტემის საექსპლუატაციო ან სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, თუ აღნიშნული პირი წინააღმდეგია მის საკუთრებაზე გამავალ საირიგაციო სისტემაზე, მიმწოდებლის მიერ ზემოთ მოცემული სამუშაოების შესრულებისა;

გ) მიმწოდებელი, ღია საირიგაციო სისტემის არხიდან (ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურის გარდა) წყლით ამარაგებს მომხმარებლებს, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელია მიმწოდებლის მიერ ამ მომხმარებელთა მიმართ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დაცვა და წყლის მომარაგების კონტროლი, რადგანაც სისტემატურად ადგილი აქვს საირიგაციო სისტემიდან უკანონო წყალაღებას. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მიწოდების წერტილი ცალმხრივად განსაზღვროს და გადაიტანოს საირიგაციო სისტემის უფრო მაღალ მხარეს, ამ მომხმარებელთა მიწოდების წერტილის გადატანის უფლებამოსილების 2-ჯერ წერილობით გაფრთხილების და შესაბამისი მოქმედებებისთვის გონივრული ვადის გასვლის შემდეგ;

დ) დასახლებული ზონის წყალმომარაგებისას, როდესაც აშკარაა, რომ შეუძლებელია დასახლებულ ზონაზე ინდივიდუალური მიწოდების წერტილების მეშვეობით წყალსარგებლობის განრიგის დაცვა და მოხმარების მიზნობრიობის დადგენა როგორც საირიგაციო ქსელის თავისებურებიდან, ასევე მოხმარების მიზნობრიობიდან გამომდინარე.

ე) დასახლებული ზონის წყალმომარაგებისას, როდესაც ადგილი აქვს წყლის სანიტარიული ან სხვა არაპროფილური მიზნით გამოყენებას ისე, რომ საირიგაციო სისტემაში წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, მიწოდების წერტილის ცალმხრივად შეცვლის უფლებამოსილების გამოყენებისთვის, მიმწოდებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს არგუმენტირებული დასაბუთება ამ უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობაზე და მის მიერ შერჩეულ ადგილზე, მიწოდების წერტილის განსაზღვრის მიზეზების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე – მიმწოდებლის მოქმედების აუცილებლობის დასაბუთება (მათ შორის, მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი მოქმედებების შეუსრულებლობის ან მათი არაეფექტურობის შესახებ), რაც გამყარებული უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიწოდების წერტილის ცალმხრივად განსაზღვრის შემთხვევაში, წყდება მიმწოდებელსა და მოხმარებელს შორის მანამდე არსებული ყველა ხელშეკრულება თუ შეთანხმება. იმ პირებს, რომლებსაც მიწოდების წერტილის გადატანამდე ჰქონდათ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი, მიწოდების წერტილის გადატანიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ აღნიშნული განრიგით განსაზღვრული წყლის მომარაგების პირობა გადაიტანონ ახალ მიწოდების წერტილზე. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მანამდე არ დაიწყოს წყალმომარაგება, სანამ არ დაკმაყოფილდება წესებში მოცემული პირობები, მათ შორის წესების შესაბამისად არ იქნება წარდგენილი შესაბამის აბონენტის ნომრიდან წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება (წესების მე-18 და მე-19 მუხლებში მოცემული პირობების შესაბამისად).

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთა გაფრთხილებებს შორის პერიოდზე, მოქმედებს 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

მუხლი 59. დასახლებული ზონის მიწოდების წერტილის განსაზღვრა, მიწოდების წერტილის განსაზღვრის შეუძლებლობის ან/და საირიგაციო სისტემის სანიტარიული მიზნით გამოყენების შემთხვევაში

1. დასახლებული ზონის წყალმომარაგებისას, როდესაც შეუძლებელია დასახლებულ ზონაზე ინდივიდუალური მიწოდების წერტილების მეშვეობით წყალსარგებლობის განრიგის დაცვა და მოხმარების მიზნობრიობის დადგენა როგორც საირიგაციო ქსელის თავისებურებიდან, ასევე მოხმარების მიზნობრიობიდან გამომდინარე, ასევე როდესაც ადგილი აქვს საირიგაციო არხის წყლის სანიტარიული მიზნით გამოყენებას ისე, რომ ამ წყლის გამოყენება დაუშვებელია საირიგაციო მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ დასახლებული ზონის საირიგაციო სისტემიდან წყლის მიწოდების წერტილი და იმოქმედოს ამ მუხლის პირობების შესაბამისად, წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს პირი მომხმარებლად დაარეგისტრიროს განაცხადის ან მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმების საფუძველზე. ამასთან, თუ უცნობია მოხმარებული წყლის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოხმარებული წყლის საფასური დაარიცხოს იმ ფაქტობრივ მომხმარებელს, რომლის წერილობითი მოთხოვნითაც ხდება წყალმომარაგება (აღნიშნულის შესახებ ამ პირის წინასწარ წერილობითი გაფრთხილების შემდეგ). ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს, იდენტიფიცირებისთანავე, წერილობით აცნობოს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს წყლის მიწოდება წესების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მიწოდების წერტილი განსაზღვროს კონკრეტული პერიოდით, კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად. ამასთან საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მოქმედებების განხორციელება, რათა მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა მოხდეს მხოლოდ აღნიშნულ მიწოდების წერტილზე.

კარი IV

ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მიწოდების მომსახურება

თავი XIV. ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები

მუხლი 60. ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები

1. ამ თავით განსაზღვრული პირობები ვრცელდება მიმწოდებელსა და იმ მომხმარებელზე, რომელიც საირიგაციო სისტემის მეშვეობით აწარმოებს ელექტროენერგიას (წარმოადგენს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტს).

2. თუ ამ კარში მოცემული ნორმით სხვა პირობა პირდაპირ არ არის განსაზღვრული, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე ვრცელდება არაპროფილურ მომხმარებელზე წესებით განსაზღვრული პირობები.

მუხლი 61. მომსახურების პირობები

1. მიმწოდებელსა და იმ მომხმარებელს შორის, რომელიც საირიგაციო სისტემის მეშვეობით აწარმოებს ელექტროენერგიას, უნდა გაფორმდეს მომსახურების ხელშეკრულება.

2. საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიმწოდებელი, ამ წესებისა და მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად (რომლის სტანდარტულ პირობები მტკიცდება კომისიის მიერ), უზრუნველყოფს მომხმარებლის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის წყალმომარაგებას, ისე რომ ამ გენერაციის ობიექტის წყალმომარაგებამ არ უნდა გააუარესოს პროფილური მომხმარებლის მომარაგების პირობა ან შეუქმნას დეფიციტის საფრთხე პროფილურ მომხმარებლებს. გენერაციის ობიექტმა, რომელიც უშუალოდ საირიგაციო სისტემაში აბრუნებს წყალს, შესაძლებელია ისარგებლოს დეფიციტის შესაბამისი რეჟიმით მომარაგებული მომხმარებლისთვის მიწოდებული წყლით.

3. მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების მოცულობა დამოკიდებულია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმზე, მიწოდების წერტილის ტექნიკური მახასიათებლებზე, მიწოდების წერტილიდან წყალაღების პირობებზე, ასევე საირიგაციო სისტემაში თავისუფალ, დაუკონტრაქტებელ წყლის მოცულობებზე, მათ შორის, მიმწოდებლის წყალგანაწილების კვანძში წყლის შემოდინების დებიტზე და მეტეოროლოგიურ პირობებზე. წყლის განაწილებისას (ათვისებისას) პრიორიტეტი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებას.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის მიწოდებისას, გაითვალისწინოს ამ წესების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები. ამასთან, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის წყლის მიწოდებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ელექტროენერგიის გენერაციის იმ ობიექტს, რომელიც უფრო ადრე შევიდა ექსპლუატაციაში.

5. გენერაციის ობიექტებისთვის წყლის მიწოდების პერიოდები:

ა) არასაირიგაციო პერიოდს წარმოადგენს 01 ოქტომბრიდან 01 მაისამდე პერიოდი. აღნიშნული პერიოდი გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების უპირატესად წყლის მომარაგებისთვის ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს საირიგაციო სეზონისთვის მიწის მოსამზადებელი, წყლით მომარაგების საჭირო ოპერაციები;

ბ) საირიგაციო პერიოდს წარმოადგენს 01 მაისიდან 01 ოქტომბრამდე. მიმწოდებელი მომხმარებელს წყალს მიაწვდის იმ მოცულობით, რის საშუალებასაც იძლევა საირიგაციო სისტემა, კერძოდ წყალგანაწილების კვანძში არსებული წყლის დებიტი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით წყლის მოხმარების მოცულობა (წყლის ათვისებაზე წესების პირობების გათვალისწინებით).

6. ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მისაწოდებელი წყლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს ისე, რომ არ დაირღვეს წესებით განსაზღვრული პირობები.

7. თუ მომსახურების ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული:

ა) მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას;

ბ) მომხმარებლის კუთვნილი გენერაციის ობიექტის ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარების ნორმა განისაზღვრება ამ გენერაციის ობიექტის პროექტის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი (ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი) საირიგაციო სისტემიდან იღებს წყალს და ახორციელებს წყლის გარემოში ჩაშვებას (დაღვრას), მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება დამატებით უნდა ითვალისწინებდეს ტექნიკურ, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის (მათ შორის, გენერაციის ობიექტის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან გამორთვის, ტექნიკური/კომერციული მიზნით ელექტროენერგიის გამომუშავების შეწყვეტის, გენერაციის ობიექტის და მისი დამხმარე საშუალებების რეცხვისთვის ან/და სხვა საექსპლუატაციო და ავარიული მოქმედებისთვის) წყლით მომარაგებისა და აღნიშნულ რეჟიმში მომარაგებულ წყალზე ანგარიშსწორების პირობას.

9. მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლით სარგებლობა-მოხმარება, როდესაც გენერაციის ობიექტი არ აწარმოებს ელექტროენერგიას, წინასწარ უნდა იყოს მიმწოდებელთან შეთანხმებული, გარდა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან ავარიულად ან ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერის მითითებით გამორთვის ან/და სხვა ავარიული და გადაუდებელი საექსპლუატაციო შემთხვევისა. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნული შემთხვევის დადგომის და დასრულების შესახებ, ამ მოქმედებების ზუსტი დროის, სარგებლობის პერიოდის და გამომწვევი მიზეზის მითითებით, ხოლო დასრულების შემთხვევაში, ასევე აცნობოს გამოყენებული – მოხმარებული წყლის მოცულობა.

მუხლი 62. მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა

1. მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს ან შეწყდეს:

ა)  შესაბამის სამელიორაციო სისტემებზე გეგმური სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოების დროს. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელმა არაუგვიანეს სამუშაოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული სამუშაოს დაწყების თაობაზე, სადაც აღინიშნება განსახორციელებელი სამუშაოს ფორმა, მომსახურების შეწყვეტის და განახლების პერიოდი. ამასთან, გეგმური სამუშაოების გრაფიკში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს;

ბ)  შესაბამის სამელიორაციო სისტემებზე ავარიული მდგომარეობის დროს, რომლის შემთხვევაშიც მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. ავარიული მდგომარეობის დროს მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამუშაოების დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე, მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, სადაც მიეთითება: განსახორციელებელი სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან საექსპლუატაციო სამუშაოების ხასიათი, მომსახურების შეწყვეტის და განახლების პერიოდი. სამუშაოების გრაფიკში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის გენერაციის ობიექტს;

გ)  შესაბამის სამელიორაციო სისტემაზე წარმოქმნილი ავარიული დაზიანებისას, რაც შეუძლებელს ხდის ან აფერხებს მომსახურების მიწოდებას ან მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს. მომსახურება უნდა განახლდეს შესაბამისი ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრისთანავე;

დ)  ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების იმგვარი გაუარესების შემთხვევაში (მათ შორის გვალვა, წყალმცირობა ან თოშისა და ყინულის წარმოქმნა), რაც შეუძლებელს ხდის მომსახურებას ან მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს. მომსახურება უნდა განახლდეს შესაბამისი ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრისთანავე;

ე)  მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის, ასევე წესების 64-ე მუხლის შესაბამისად, ფინანსური გარანტიების მიმწოდებლისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში.

ვ) მომხმარებლის მიერ ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი მიმწოდებელთან შეუთანხმებლად ახორციელებს ტექნიკურ, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის გამოყენებას.

2. მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძველზე მომსახურების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია, მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და შეწყვეტის ზუსტი დროის მითითებით, უნდა ეცნობოს ერთი კვირით ადრე მაინც.

3. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-მართვა განახორციელოს იმგვარად, რომ გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში, მაქსიმალურად შემცირდეს საირიგაციო სისტემაში წყალმომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტა. ამასთან, გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყალმომარაგების პერიოდში, თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას წყლით მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა აღემატება წინასწარ განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადას და საჭიროა ამ ვადის გახანგრძლივება (გაზრდა) მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვადის გაზრდის შესახებ წინასწარ აცნობოს, როგორც გენერაციის ობიექტს, ასევე კომისიას, სადაც აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს წყვეტის აუცილებლობისა და სამუშაოების გადაუდებლობის შესახებ დასაბუთებას, სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გარემოებების მითითებით.

4. გენერაციის ობიექტზე განსახორციელებელი სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია შეწყდეს გენერაციის ობიექტისთვის წყალმომარაგება. ამასთან, თუ სამუშაოების გადადება შესაძლებელია ტექნიკური და უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე (არ არსებობს გადავადების ხელშემშლელი ტექნიკური გარემოება), მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მოითხოვოს სამუშაოების გადავადება, თუ გენერაციის ობიექტისთვის წყალმომარაგების შეწვეტა ასევე გამოიწვევს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყალმომარაგების პერიოდში წყალმომარაგების შეწყვეტას სხვა მომხმარებლებისთვის.

5. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს საირიგაციო სისტემის წყლით მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, მომსახურების ხელშეკრულების და ამ წესების შესაბამისად. მომხმარებელს უფლება არ აქვს გამოიმუშაოს ელექტროენერგია საირიგაციო სისტემიდან ან/და გამოიყენოს საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმების ან/და მისი თანხმობის გარეშე.

6. წყალმომარაგების პრობლემის ან/და მომსახურების მიღების შემაფერხებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა გაუგზავნოს წერილობით შეტყობინება (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით) მიმწოდებელს, რომლის საფუძველზე მიმწოდებელი ვალდებულია ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება და აღმოფხვრას მომსახურების შემაფერხებელი გარემოება და აცნობოს გატარებული ღონისძიებების შესახებ მომხმარებელს (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). ამასთან, მხარეები მომსახურების ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის, მათ შორის, წერილობითი შეტყობინების, სხვა წესზე.

მუხლი 63. მომსახურების მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება

1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.

2. მომხმარებელი მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში, მის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული და ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ამასთან, თუ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლის შიდა ქსელთან (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში) მომსახურების საფასურის დარიცხვა მოხდება ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესაბამისად. როდესაც მომხმარებელი მიღებული წყლით არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ამ პერიოდზე დაერიცხება კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარების საფასური.

3. მიმწოდებლის მიერ დარიცხულ მომსახურების საფასურზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 28 რიცხვისა, მიმწოდებლის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით.

4. წესების შესაბამისად, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის საანგარიშო აღრიცხვის კვანძს წარმოადგენს გენერაციის ობიექტის კუთვნილ სალტეზე მოწყობილი ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი, ხოლო საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარებით დარიცხვის შემთხვევაში, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილი და მასზე არსებული აღრიცხვის კვანძი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვიურად გაუგზავნოს მიმწოდებელს, როგორც გამომუშავებული, ისე ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული, საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის ჩვენებები და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 14 რიცხვისა.

6. გენერაციის ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან, საკუთარ მოხმარებაზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს მომსახურების საფასური საკუთარი მოხმარებისთვის განსაზღვრულ ოდენობაზე მეტ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე. გენერაციის ობიექტის ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარების წილი გამოითვლება,გენერაციის ობიექტის მიერ გამომუშავებულ და ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ჩვენებებს შორის სხვაობით. ამასთან, თუ გენერაციის ობიექტი უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლის შიდა ქსელთან (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის შემთხვევაში) მომსახურების საფასურის დარიცხვისას, საკუთარი მოხმარების გათვალისწინება არ ხდება.

7. მიმწოდებლის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა დაუშვებელია მომხმარებლის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემიდან მიღებულ-მოხმარებულ ელექტროენერგიაზე.

8. ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებიდან ჩვენების აღება უნდა მოხდეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვის 24:00 საათზე, რომელი ჩვენების მიხედვითაც ხდება მომსახურების საფასურის გამოანგარიშება.

9. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ყოველთვიურად გაუგზავნოს მომხმარებელს ანგარიშფაქტურა ან გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი (მიმწოდებლისა და მომხმარებლის ხელმოწერით). ანგარიშფაქტურაში, განცალკევებულად უნდა იყოს მოცემული საანგარიშო პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის საფუძველზე დარიცხული საფასური და ფაქტობრივად მიღებული-მოხმარებული წყლის მოცულობაზე დარიცხული საფასური.

10. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო მეორე – მომხმარებელს. მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

11. ანგარიშსწორებისას პირველ რიგში ანაზღაურდება მომსახურების საფასური, ხოლო შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. თუ მომხმარებელი ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის მომსახურების საფასურს, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო მომსახურების ხელშეკრულებისა და წესების 53-ე მუხლის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 64. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა და მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომსახურების შეწყვეტა და აღდგენა

1. თუ მომხმარებელმა 5 სამუშაო დღეზე მეტი ვადით დააგვიანა მომსახურების საფასურის გადახდა, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამის მომხმარებელს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მომხმარებელზე დარიცხულია დეპოზიტი).

2. თუ მომხმარებელი ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს მომსახურება და აუკრძალოს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლით სარგებლობა.

3. მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის შეტყობინების მიუხედავად, მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის სარგებლობა-მოხმარება ან/და ამ წყლის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავება განიხილება უკანონო მოხმარებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებლის მიერ წყლის მოხმარება განპირობებულია ტექნიკური, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის (მათ შორის, გენერაციის ობიექტის რეცხვისთვის) და ასეთი მოქმედება წინასწარ იყო მიმწოდებელთან შეთანხმებული.

4. მომსახურების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან მოხმარებული წყალი წარმოადგენს უკანონო მოხმარებას და მასზე ვრცელდება წესების 34-ე მუხლით განსაზღვრული პირობები, ხოლო უკანონოდ მოხმარებული წყლის მოცულობაზე მომხმარებელს დაერიცხება საირიგაციო სისტემიდან მოხმარებული წყლის საფასური.

5. მომსახურება უნდა განახლდეს მიმწოდებლის მიერ დარიცხული საფასურის გადახდის ან გადახდაზე შეთანხმებისთანავე, გენერაციის ობიექტის წყალმომარაგების საირიგაციო სისტემისა და გენერაციის საშუალებების შესაბამისი წესით დათვალიერების შემდეგ.

მუხლი 65. კორესპონდენცია

1. თუ ეს წესი შეტყობინების გაგზავნის სხვა ფორმას არ ითვალისწინებს, მიმწოდებელსა და მომხმარებელს (გენერაციის ობიექტს) შორის ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის, მოთხოვნის გაგზავნა უნდა შესრულდეს წერილობითი ფორმით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით), ხოლო ოპერატიული შეტყობინება ასევე უნდა განხორციელდეს პასუხისმგებელ პირებს შორის, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მუხლი 66. გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთება

1. საირიგაციო სისტემასთან გენერაციის ობიექტის მიერთების მსურველმა „გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს. აღნიშნული განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. მიერთების მსურველის მიერ წარდგენილი „გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 21-ე – 23-ე მუხლებით, თუ ამ მუხლით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების მსურველის (განმცხადებლის) ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლის ვინაობა;

ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;

გ) მისაერთებელი ელექტროსადგურის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

დ) გენერაციის ობიექტის დადგმული სიმძლავრე;

ე) გენერაციის ობიექტის მშენებლობის სამუშაოების დასრულებისა და ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღები;

ვ) გენერაციის ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი;

ზ) მოთხოვნილი წყლის მოცულობა თვეების მიხედვით;

თ) წყლის მიწოდების მინიმალურ მოცულებებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ი) აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას, გენერაციის ობიექტის მიერთების გავლენაზე სხვა გენერაციის ობიექტებთან და პროფილურ მომხმარებელთან მიმართებაში წყლით მომარაგებაზე, ხოლო ამ მომხმარებელთათვის წყლით მომარაგების პირობებზე უარყოფითი გავლენის შემთხვევაში, მათ პოზიციას ამ ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებაზე.

3. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

4. განაცხადის დახარვეზების საფუძველი მოცემულია წესების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში, მათ შორის, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით).

5. გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებისთვის მისი მოწყობა ან/და არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მიმწოდებელსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღებიდან 3 თვის ვადაში, მიერთების პირობებზე ვერ მოხდება შეთანხმება, მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების წერტილს;

ბ) მიერთების წერტილში წყალაღების დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს);

გ) მიწოდების წერტილის ტექნიკურ მახასიათებლებს: წყლის სიჩქარე, არხის კვეთი, მისი დახრა და სხვა მახასიათებლები;

დ) მიწოდების წერტილიდან, წყალაღების დაშვებული მაქსიმალური საათობრივი მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს).

6. მიმწოდებლის მიერ ახლად მიერთებული გენერაციის ობიექტისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით მომსახურების მიწოდება დასაშვებია მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წესების პირობების შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობა მტკიცდება კომისიის მიერ.

კარი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

თავი XV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 67. საირიგაციო სისტემისა და მიწოდების წერტილების აღრიცხვა

1. მიმწოდებელი ვალდებულია 2024 წლის 1 მაისამდე აღრიცხოს საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილები და განაახლოს აღწერის მონაცემებით საინფორმაციო ბაზა.

2. მომხმარებელი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე საირიგაციო სისტემიდან იღებდა მომსახურებას ან/და კანონიერად სარგებლობდა საირიგაციო სისტემის წყლით 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება მიმწოდებლის მომხმარებლად.

3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებელთა მონაცემთა დაზუსტება წესების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა დასრულდეს 2025 წლის პირველ ივლისამდე.

მუხლი 68. საირიგაციო სისტემის გამრიცხველიანება

1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის სიტემების მოწყობა, ამ მიზნით მიმწოდებელმა უნდა შეიმუშაოს საირიგაციო სისტემის გამრიცხველიანების გეგმა და კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს მისი შესრულება.

2. მიმწოდებელმა აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს 2024 წლის პირველ მარტამდე.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, რა შემთხვევაშიც ამ მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ აღრიცხვის კვანძის მეშვეობით. ამასთან, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა მოხდა საანგარიშო პერიოდში, მიმდინარე ანგარიშსწორება განხორციელდება სარწყავი ფართზე საფასურის დარიცხვით.

4. როდესაც საირიგაციო სისტემის ერთრიგის მომხმარებელთა 2/3-ზე მეტი ითხოვს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და თანახმა არიან მონაწილეობა მიიღონ გამრიცხველიანების პროცესში, კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით, ამ მომხმარებლების მიერ მიმწოდებლისთვის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამ მომხმარებლებთან გააფორმოს საირიგაციო სისტემის გამრიცხველიანების თანამონაწილეობის ხელშეკრულება (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად) მიწოდების წერტილისა და საირიგაციო სისტემის მოსაწესრიგებლად და განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს როგორც წესების დანართი №4-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური, ასევე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. თანამონაწილეობის ხელშეკრულებით საირიგაციო სისტემის მოსაწესრიგებლად მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ დაიწყება სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკითა და პირობებით.

5. მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომხმარებლად რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში მიწოდების წერტილზე მოაწყოს მრიცხველი, ასევე უზრუნველყოს მიწოდების წერტილის და მასთან დამაკავშირებელი საირიგაციო სისტემის გამართულობა, წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

6. 2026 წლის 1 მაისამდე, თუ საირიგაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობის გამო ტექნიკურად ვერ ხდება ამ წესების 58-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიწოდების წერტილის განსაზღვრა და ვერ ხდება პროფილური მომხმარებლების წყლის ერთობლივად მოხმარების პირობებზე შეთანხმება, მიმწოდებელი უფლებამოსილია დროებით განსაზღვროს მიწოდების წერტილი მომხმარებლის ტერიტორიასთან არსებულ უახლოეს, მიმწოდებლის მფლობელობაში (მათ შორის, მის ბალანსზე) მყოფ საირიგაციო სისტემაზე, სადაც წყლის მიწოდების წერტილი უნდა იძლეოდეს:

ა) წყლის აღრიცხვის სისტემის მოწყობის შესაძლებლობას (მრიცხველის განთავსების შესაძლებლობას);

ბ) წყალსარეგულაციო კვანძის მოწყობის შესაძლებლობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მოაწყოს მიწოდების წერტილი მიწოდების წერტილის განსაზღვრიდან, არასაირიგაციო პერიოდში 2 თვის ვადაში, ხოლო საირიგაციო პერიოდში, თუ სხვა მომხმარებლის პირობა არ ირღვევა და ტექნიკური წინააღმდეგობა არ დგას – ერთი თვის ვადაში. ამასთან თუ საირიგაციო პერიოდში სამუშაოების საერთო რაოდენობა აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა გრაფიკი მიმდინარე საირიგაციო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის ერთი თვის ვადაში მოწყობის ვალდებულებას.

მუხლი 69. საერთო მიწოდების წერტილზე ერთზე მეტი უძრავი ქონების რეგისტრაციისა და წყალმომარაგების გარდამავალი პირობები

1. როდესაც ერთი მიწოდების წერტილიდან მარაგდება ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის მფლობელი 10-ზე მეტი პირი (პროფილური მომხმარებელი), წყლის მიწოდება უნდა მოხდეს წესების 54-ე მუხლისა და ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით.

2. ეს წესები თანაბრად ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობაზე, თუ ამ მუხლში მოცემული ნორმით სხვა პირობა პირდაპირ არ არის განსაზღვრული.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება დაუშვებელია, თუ ერთი მიწოდების წერტილიდან წყალი მიეწოდება 15 ჰექტარზე მეტ სარწყავ ფართს.

4. თუ უძრავი ქონების მფლობელების მიერ ვერ ხდება წყალმომარაგების პირობებზე შეთანხმება, მიმწოდებელს უფლება აქვს, შესაბამის აბონენტის ნომერზე (მიწოდების წერტილის შესაბამისად, საიდანაც ხდება უძრავი ქონების წყლით მომარაგება) მომხმარებლად დაარეგისტრიროს პირი განაცხადის ან მარტივი წერილობითი ფორმით მიმართვის საფუძველზე. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს, უძრავი ქონების მფლობელთა გაცხადებული ინტერესების გათვალისწინებით, ცალმხრივად განსაზღვროს წყალსარგებლობის განრიგი, მას შემდეგ, რაც დაადგენს ფაქტობრივ მომხმარებლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მომხმარებლებს წყალსარგებლობის განრიგის შესახებ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოთ განსაზღვრისთანავე, წყლის მომარაგების პერიოდებისა და წყალსარგებლობის განრიგის განთავსების ადგილის მითითებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელზე არ ვრცელდება ამ წესების 45-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალსარგებლობის განრიგი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ დაცული იყოს აღნიშნული მიწოდების წერტილის მორწყვის არეალში ყველაზე მეტად გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მორწყვის ნორმები (უძრავი ქონების მფლობელთა გაცხადებული ინტერესების გათვალისწინებით), სადაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მრავალწლიან კულტურებს.

6.  თუ ადგილი აქვს საირიგაციო სისტემის საერთო მიწოდების წერტილიდან წყლით სარგებლობას, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და ფაქტობრივ მოხმარებელს დაარიცხოს მოხმარებული წყლის საფასური, ამ მუხლისა და წესების პირობების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს, მისი იდენტიფიცირებისთანავე, წერილობით აცნობოს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

7. როდესაც, წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შეაჩეროს საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლება როგორც ამ პირის მიმართ, ისე ამ პირის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სანამ არ მოხდება მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა (ან გადახდაზე შეთანხმება) წესების პირობების შესაბამისად. საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების მიუხედავად წყლით სარგებლობა ითვლება უკანონო მოხმარებად და უკანონოდ მომხმარებელზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

8. მიმწოდებელმა, საერთო მიწოდების წერტილზე წყლის წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად წყლის მიწოდებისას, წყალმომარაგების დაწყების შეტყობინებაში და ქვითარში ასევე უნდა მიუთითოს, თუ ვისი მოთხოვნით ხდება ამ მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია, ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, რომელთა მიწის ნაკვეთიც ამ მიწოდების წერტილიდან მარაგდება წყლით ან კონკრეტული მომხმარებლისთვის (თუ ასეთი მოთხოვნა დაფიქსირებულ იქნა მომხმარებლისგან ან მომხმარებლებისგან, წესების შესაბამისად).

9. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საერთო მიწოდების წერტილით მომარაგებულ მომხმარებლისთვის.

10. თუ ამ ჯგუფიდან გამოეყოფა ჯამში არანაკლებ 5 ჰექტარის მფლობელი მომხმარებლები, რომელებიც შეთანხმდებიან ერთობლივ საქმიანობაზე წესების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მოუწყოს მიწოდების წერტილი, არასაირიგაციო პერიოდში 2 თვის ვადაში (სადაც განცხადებების მიღება სრულდება პირველ თებერვლამდე), ხოლო საირიგაციო პერიოდში, თუ სხვა მომხმარებლის პირობა არ ირღვევა და ტექნიკური წინააღმდეგობა არ დგას – ერთი თვის ვადაში. ამასთან, თუ ჯგუფიდან გამოყოფის მოთხოვნები აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა-გრაფიკი მიმდინარე სეზონზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის ერთი თვის ვადაში მოწყობის ვალდებულებას (ამ პუნქტით განსაზღვრულ მიწოდების წერტილის მოწყობის პირობაზე არ ვრცელდება წესების 21-ე და 22-ე მუხლებით განსაზღვრული პირობები და პროცედურები).

11. ეს მუხლი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 70. სხვა გარდამავალი დებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე ყველა მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს წესებთან.

2. წესების ამოქმედებამდე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს, ყველა არაპროფილურ მომხმარებელთან (გარდა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისა), არაპროფილური მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარება ითვლება უკანონო მოხმარებად და მასზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მიწოდების წერტილში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

3. ამ წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მიმწოდებელს განესაზღვროს ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, 2024 წლის პირველ მარტამდე მიმწოდებლებმა კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებს წყლის მიწოდებას, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის პირველ თებერვლამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.

4. მიმწოდებელი ვალდებულია 2025 წლის პირველ დეკემბრამდე კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს საირიგაციო სისტემის მართვისა და ანგარიშგების კონცეფცია, ამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

5. მიმწოდებელი ვალდებულია 2025 წლის პირველ იანვრამდე დააყენოს და ცენტრალური მართვის სისტემასთან დააკავშიროს საკონტროლო აღრიცხვის სისტემები მის მფლობელობაში არსებულ ყველა დამოუკიდებელ საირიგაციო სისტემაში ისე, რომ რეალურ დროში აღრიცხოს წყლის ნაკადები, დებიტი და დანაკარგები, წყალმიმღებ, დამგროვებელ და გამომავალ პუნქტებში, მათ შორის, წყლის განაწილებისა და სარწყავი სისტემის რიგებს შორის დამაკავშირებლებში, რაც აუცილებელია საირიგაციო სისტემაში წყლის ეფექტური მართვისთვის. გარდა ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ამომწურავი ინფორმაცია საკონტროლო მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით როგორც დასრულებული, ასევე დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

6. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს ამ წესების ამოქმედებამდე გენერაციის ობიექტებთან ხელშეკრულებების მოქმედი პირობა, წყლის მიწოდების მინიმალურ მოცულობებთან დაკავშირებით ისე, რომ არ დაირღვეს ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

 

დანართი №1

წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულება_ _ _

 

საირიგაციო სისტემის მფლობელის

(მიმწოდებლის) დასახელება ____________________________________;

მიმწოდებლის წარმომადგენელი _____________________________________ ;

                                                                       (თანამდებობა, სახელი, გვარი)

წყლის მყიდველი (მომხმარებელი)______________ ;

                                            (იურიდიული/ფიზიკური პირი)

 

გადახდაზე პასუხისმგებელი პირი _______________________________________ ; 

                                                                          (იურიდიული/ფიზიკური პირი)

საიდენტიფიკაციო ნომერი __________________________________________________________;

                                   (იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);

 

ტელ: ____________________________________;

ელ.ფოსტა: ____________________________ ;

 

წყლის მიწოდების მომსახურების დაწყების თარიღი ______________________________ ;

უძრავი ქონების მისამართი, სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება: ________________________________ ; 

უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ან მდებარეობის აღწერა: _______________________________ ;

GPS კოორდინატები: ________________________ (სურვილის შემთხვევაში);      

 

  

საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის:

ნომერი:  _______________________ , ასევე, ადგილმდებარეობის აღწერა: ___________________________ ,

GPS კოორდინატების: ________________________ (სურვილის შემთხვევაში)

 

ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით“ განსაზღვრული პირობებით.

წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.

წყლის მყიდველი (მომხმარებელი)  ვალდებულია  მოიხმაროს წყალი მხოლოდ ______________

(საირიგაციო, არასაირიგაციო, შერეული) მიზნებისათვის.

მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.

მიმწოდებელი ვალდებულია წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

წყლის  მყიდველის (მომხმარებლის) ხელმოწერა:  _____________   

 

მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა:  _______    „_____ __________ 202__წ.

 

შენიშვნა: ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს წყალსარგებლობის განრიგი.

დანართი №2

 

მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური

მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:

მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)

ვადა

(სამუშაო დღე)

საფასური (ლარი)

0 – 50

20

         6,000

50-დან – 100

20

       11,900

100-დან -150

20

       16,200

150-დან -400

25

       45,700

400-დან – 600

25

       68,300

 

ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:

მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)

ვადა

(სამუშაო დღე)

საფასური (ლარი)

0 – 100

20

          17,000

100-დან -150

20

          21,500

150 – 400

30

          51,300

400 – 600

30

          79,700

 

  გ) საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთებისას, ამ წესების 21-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა შეადგენს 20 სამუშაო დღეს, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ამ მოწყობილობისა და მისი მიერთების ხარჯები (ტიპურ შემთხვევებზე, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული ხარჯით).

დანართი №3

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის

მოწყობისა და შეჭრის საფასური

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დახურულ და ღია სისტემებზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:

მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)

ვადა

(სამუშაო დღე)

საფასური (ლარი)

0 – 50

20

         6,300

50-დან – 100

20

       12,500

100-დან -150

20

       17,000

150-დან -400

25

       48,000

400-დან – 600

25

       71,700

 

ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:

მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)

ვადა

(სამუშაო დღე)

საფასური (ლარი)

0 – 100

20

          18,800

100-დან -150

20

          22,500

150 – 400

30

          53,900

400 – 600

30

          83,700

 

დანართი №4

აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური

აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური დახურულ  და ღია სისტემაზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

დახურულ სისტემაზე დიამეტრი (მმ)

ღია სისტემაზე დიამეტრი (მმ)

ვადა

(სამუშაო დღე)

საფასური (ლარი)

0 – 50

x

20

                   5500

50-დან – 100

0 – 100

20

                  11,500

100-დან -150

100-დან -150

20

                  14,600

150-დან -400

150 – 400

30

                  38,100

400-დან – 600

400 – 600

30

                  57,200