ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-8
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 23/08/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016124
ნ-8
23/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
260000000.64.076.016124
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-8
2023 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი

 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ბ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5, მე-9 და მე-10 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5, მე-9 და მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე



დანართი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების მოთხოვნებს.
2. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა ვალდებულია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომში –  შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია.
3. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით პროფესიული მომსახურების გამწევმა ბუღალტერმა და საბუღალტრო ფირმამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
4. საბუღალტრო ფირმა თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამის შემუშავებას/განახლებას უზრუნველყოფს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის პასუხისმგებელი პირის მეშვეობით, რომელსაც შესრულებული აქვს ამ წესით განსაზღვრული განგრძობითი განათლების მოთხოვნები.
5. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას და არ ჰყავს დასაქმებული თანამშრომელი, ამ წესით განსაზღვრული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებით აკმაყოფილებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშვალდებული პირი – ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბუღალტრო ფირმა და პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას;

ბ) პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი − ბუღალტერი, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას;

გ) საბუღალტრო ფირმა − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას;

დ) განგრძობითი განათლება – ანგარიშვალდებულ პირთა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკითხებში კომპეტენციის შენარჩუნების, განვითარებისა და სიახლეების გაცნობიერების პროცესი, კანონმდებლობასთან შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით;

ე) განგრძობითი განათლების სასწავლო კურსი/ტრენინგი – სასწავლო კურსი/ტრენინგი, რომელიც მოიცავს ამ წესით გათვალისწინებულ განგრძობითი განათლების მიღების მიზნებს, სწავლის შედეგებს, სასწავლო თემებს, სასწავლო პროცესის განხორციელების თავისებურებებს;

ვ) განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი – საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული განგრძობითი განათლების მიწოდებას და რომლის განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის პროგრამა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით შეთანხმებულია სამსახურთან;

ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური;

თ) რეესტრი – ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრი ან/და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრი.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. განგრძობითი განათლების მიზანი 
განგრძობითი განათლების მიზანია:

ა) ანგარიშვალდებული პირებისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების პროაქტიული მიწოდება და ცნობიერების ამაღლება;

ბ) ანგარიშვალდებულ პირთათვის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების, ამავე კანონით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება/მართვაზე ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვისთვის საჭირო კომპეტენციის შეძენა/განვითარება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკითხებზე არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა/გაანალიზება. 


მუხლი 4. განგრძობითი განათლების პროცესის წარმართვა 
1. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფს განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი. 
2. სამსახური ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ორგანიზებულ განგრძობითი განათლების სასწავლო კურსს/ტრენინგს. სამსახურის წარმომადგენელი მსმენელთა დასწრების მონიტორინგისა და განგრძობითი განათლების მიღების პროცესის შეფასების მიზნით, უფლებამოსილია დაესწროს განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ორგანიზებულ განგრძობითი განათლების პროცესში ჩატარებულ ლექციებს.
3. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ რეესტრის განგრძობითი განათლების საკუთარ ჩანართში შევსებული მონაცემები არ შეესაბამება განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ცნობა/სერტიფიკატის მონაცემებს, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას ინფორმაციის რეესტრში ასახვაზე, მონაცემების შევსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. განგრძობითი განათლების მიღების ვალდებულება 
1. განგრძობითი განათლების მიღების ვალდებულება ანგარიშვალდებული პირისთვის წარმოიშობა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 

მუხლი 6. განგრძობითი განათლების მოთხოვნის დაკმაყოფილება
ანგარიშვალდებული პირის მიერ, განგრძობითი განათლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი წინაპირობის შესრულების შემდგომ:

ა) განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ორგანიზებულ განგრძობითი განათლების სასწავლო კურსში/ტრენინგში მონაწილეობა;

ბ) განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ორგანიზებულ განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის სწავლებაში მონაწილეობა (ლექტორობა, ინსტრუქტორობა).


მუხლი 7. განგრძობითი განათლების მიზნის მიღწევის შეფასება
განგრძობითი განათლების შედეგის შესაფასებლად განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი იყენებს დასწრებაზე დაფუძნებულ მიდგომას.

მუხლი 8. განგრძობითი განათლების შედეგების დადასტურება
1. დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომა დასტურდება:

ა) ანგარიშვალდებული პირის/ანგარიშვალდებული პირის შესაბამისი თანამშრომლის განგრძობითი განათლების სასწავლო კურსზე/ტრენინგზე სრული დასწრების დამადასტურებელი ინფორმაციით/დოკუმენტაციით, რომელიც მოიცავს ცნობის/სერტიფიკატის ნომერს, პიროვნების სახელსა და გვარს, პირად ნომერს, დაწესებულებას, კურსის/ტრენინგის დასახელებას;

ბ) ინფორმაციით/დოკუმენტაციით, რომელიც მოიცავს პიროვნების სახელსა და გვარს, პირად ნომერს, დაწესებულებას, კურსის/ტრენინგის დასახელებას და ადასტურებს, რომ პირი, ინსტრუქტორის ან/და ლექტორის სტატუსით ახორციელებდა განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის ჩატარებას.

2. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის ხანგძლივობა შეადგენს სულ მცირე 5 (ხუთ) საათს. მისი შინაარსი, განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ, წინასწარ განსაზღვრული და სამსახურთან შეთანხმებულია. 

მუხლი 9. განგრძობითი განათლების მოთხოვნების შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა შესაბამისი რეესტრის საკუთარ გვერდზე, განგრძობითი განათლების ჩანართში შეავსოს მონაცემები განგრძობითი განათლების მიღების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ ვერ დასტურდება განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულება, სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს მას დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა. 
3. განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის მიერ უნდა აისახოს რეესტრის შესაბამის ჩანართში.

მუხლი 10. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი
1. მიმდინარე კალენდარული წლისთვის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარების მიზნით და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის შესათანხმებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამსახურს ყოველწლიურად, განცხადებით, წერილობით ან ელექტრონულად 01 იანვრიდან – 01 ივლისამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის მიზნების და შინაარსის აღწერა, განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის ჩატარების პერიოდულობა და ვადები, სწავლების/სწავლის მეთოდები. 
2. სამსახური შესაბამის გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარების, ხარვეზის დადგენის ან უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. განცხადების განხილვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით, სამსახურის მიერ დაინტერესებული პირისგან შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. 
3. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსში/ტრენინგში, მისი განხორციელების პროცესში, ან გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება განახლდება. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა
5. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სამსახურს ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრისა, ელექტრონულად წარუდგინოს იმ ანგარიშვალდებულ პირთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფირმის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სერტიფიკატის/ცნობის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის/ცნობის ნომერი) რომელთაც შეასრულეს განგრძობითი განათლების მოთხოვნები.
6. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიშვალდებული პირის/ანგარიშვალდებული პირის შესაბამისი თანამშრომლის სასწავლო კურსზე/ტრენინგზე სრული დასწრების დამადასტურებელი შესაბამისი მასალები, ანგარიშვალდებული პირის მიერ სასწავლო კურსის/ტრენინგის შეფასების (მათ შორის ლექტორის/ინსტრუქტორის შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტი, სწავლების პროცესში მონაწილე ინსტრუქტორის, ლექტორის მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე სასწავლო კურსთან/ტრენინგთან დაკავშირებული სხვა მასალები.
7. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსის/ტრენინგის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სამსახური უფლებამოსილია ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები. 

მუხლი 11. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსი/ტრენინგი
1. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსი/ტრენინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამსახურის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიმოხილვა, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები;

ა.ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა;

ა.ბ) ანგარიშვალდებული პირის შესაბამისობის კონტროლის სისტემა;

ა.გ) საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა/ანგარიშგება;

ა.დ) ანგარიშვალდებული პირის მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები;

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები;

გ) რისკის შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა.

2. სასწავლო კურსი/ტრენინგი შესაძლოა ასევე მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები;

ბ) ფულის გათეთრების ევრო დირექტივები;

გ) ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შეფასებები;

დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა.

3. სასწავლო კურსის/ტრენინგის სილაბუსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სასწავლო კურსის/ტრენინგის დასახელება;

ბ) სასწავლო კურსის/ტრენინგის თემატიკა, შინაარსი (დეტალურად);

გ) სწავლის საათების რაოდენობა;

დ) სწავლების ფორმატი;

ე) სწავლის შედეგები;

ვ) სასწავლო კურსის/ტრენინგის მიზანი;

ზ) სასწავლო ლიტერატურა და სხვა რესურსები;

თ) სწავლების ენა;

ი) სასწავლო კურსი/ტრენინგის ავტორი.

4. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დამსწრეებისაგან სასწავლო კურსის/ტრენინგის ბოლოს მიიღოს ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შეფასება (მათ შორის ლექტორის/ინსტრუქტორის შესახებ) და აღნიშნული გამოკითხვის შედეგები გაითვალისწინოს შემდგომი სასწავლო კურსის/ტრენინგის შედგენისათვის.
5. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის შესახებ სრული ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში სასწავლო ლიტერატურა და სხვა რესურსები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსმენელისათვის პროგრამის დაწყებამდე.
6. განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (სასწავლო კურსის/ტრენინგის მასალები და ა.შ.), რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს განგრძობითი განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

მუხლი 12. სასწავლო პროცესის ორგანიზება 
1. განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო პროცესი უნდა ტარდებოდეს ლექციებისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით, ლექციის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ საათზე ნაკლები.
2. სასწავლო კურსის/ტრენინგის პროგრამას უნდა ადგენდნენ და ლექციებს უძღვებოდნენ მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე ინსტრუქტორები/ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი საგნის/თემატიკის სიღრმისეული ცოდნა და არანაკლებ 1-წლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.
3. სალექციო პროცესი უნდა იყოს ინტერაქტიული.
4. სასწავლო გარემო, მათ შორის ელექტრონული, უნდა იყოს სწავლისათვის შესაფერისი და უნდა პასუხობდეს სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს.
5. დამსწრეებისაგან სასწავლო კურსის/ტრენინგის ბოლოს მიღებული შეფასება (მათ შორის ლექტორის/ინსტრუქტორის შესახებ), ასევე ლექციაზე დასწრების ჩანაწერების წარმოება და მათი დადასტურების მიზნით 6 წლის ვადით შენახვა სავალდებულოა. 

მუხლი 13. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმისთვის გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.