პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ

პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010290000.81.094.016004
4
25/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
010290000.81.094.016004
პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
 

სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის

ბრძანება №4

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ

 


„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების, 32​2 მუხლის, 34​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 55-ე და 57-ე მუხლების, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017  მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 8 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი“ და ფინანსური ანგარიშების თანდართული ფორმები.

 

მუხლი 2
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლი მოქმედებს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დროს.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.

სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი



პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი
 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის (შემდგომ − პარტია), განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის მიზნებისთვის ანგარიშგების წესს.

მუხლი 2. წლიური საფინანსო დეკლარაცია

1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) შემოწირულებები და საწევრო შენატანები – ფორმა №1;

ბ) შემოსავლები (საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა) – ფორმა №2;

გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3;

დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების გარდა) – ფორმა №4;

ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1;

ვ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №4.2;

ზ) მივლინებები – ფორმა №4.3;

თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №4.4;

ი) რეკლამის ხარჯი – ფორმა №4.5;

კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5;

ლ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1.

მ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №5.2;

ნ) მივლინებები – ფორმა №5.3;

ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №5.4;

პ) რეკლამის ხარჯი – ფორმა №5.5;

ჟ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №6;

რ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №7;

ს) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №7.1;

ტ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №8;

უ) უძრავი ქონების რეესტრი – №8.1;

ფ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №8.2;

ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №8.3;

ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა № 9;

ყ) სესხი/კრედიტი – 9.1;

შ) შემაჯამებელი ფორმა.

2. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი. ცვეთის დარიცხვა წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ხდება თანაბრად, სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად.

3. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში თავისი შემოსავლის, გასავლის და ქონებრივი მდგომარეობის გარდა, ასახოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. ამ ხარჯებში არ იგულისხმება აღნიშნული კანონის 261 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ პარტიის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით გაწეული ხარჯები.

4. საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა №4-ის საკასო ხარჯში და ფორმა №5-ის ფაქტობრივ ხარჯში.

5. პარტია გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომში  ბიურო) უგზავნის ყოველი წლის 1 თებერვლამდე. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, უფლება აქვს წარადგინოს წლიური საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული დასკვნის გარეშე, ხოლო ფინანსური ბრუნვის არარსებობის შემთხვევაში − მხოლოდ წერილობითი განცხადება.

მუხლი 3. ანგარიში შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ

1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10;

ბ) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11;

გ) შეღავათიანი პირობით აღებული კრედიტები − ფორმა №12;

დ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13;

ე) საწევრო შენატანები – ფორმა №14;

ვ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16;

ზ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ანგარიშის ფორმა პარტიის/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ივსება იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო და ბიუროს წარედგინება 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 4. ანგარიშსწორების წესი

1. პარტია/საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია თავის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. იგივე შეზღუდვა მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული ხარჯების განხორციელებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება პარტიასთან/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთან/საარჩევნო სუბიექტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების შრომის ანაზღაურებასა და მივლინების ხარჯებზე, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარს.

მუხლი 5. ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა

1. საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ ივსება ფორმა №15 ამ მუხლით დადგენილი პერიოდულობით.

2. პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ფორმა №15  ბიუროს წარედგინება 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ფორმა №15  ბიუროს წარედგინება საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშებთან ერთად ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პერიოდულობით.

4. საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ ბიუროსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლით განსაზღვრული წესი.

მუხლი 6. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა

1. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით.

2. პარტიამ/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია ბიუროს უნდა მიაწოდოს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №4.5-ის შესაბამისად.

3. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობით წარმოსადგენ საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5.5-ში.

მუხლი 7. საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდი წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშს, საიდანაც ფინანსდება საარჩევნო კამპანია.

2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებს.

მუხლი 8. პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი.

2. ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში პარტია უფლებამოსილია მის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე მისი გახსნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც პარტიის სურვილის შესაბამისად, ჩაირიცხება მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ან პარტიის სახელზე არსებულ სხვა ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებულია.

მუხლი 9. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. თუ პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან.

2. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პარტიის ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 10. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის/დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად:

ა) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გამოიყენოს მისი საბანკო ანგარიში;

ბ) ისარგებლოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდგომ გახსნილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენი პირის პირადი ანგარიშით.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციამდე,  ბიუროს წინაშე ანგარიშვალდებულ პირებად ითვლებიან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ფიზიკური პირები.

3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდგომ,  ბიუროს წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლება თავად კანდიდატი.

მუხლი 11. საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების განკარგვა

1. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტის შემოსავალ-გასავალთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი ფონდის სახსრებიდან.

მუხლი 12. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში

1. საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშში აისახება შესაბამისი ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის მდგომარეობით, ასევე საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ.

2. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №4.5 ფორმებისა.

3. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის შედგენისას არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ფორმა №2 დამატებით ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მისი სურვილის შესაბამისად ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს არ წარმოადგენს.

4. საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5-ის ფაქტობრივ ხარჯში, ხოლო ამავე მიზნით საარჩევნო პერიოდში ფონდის ანგარიშის გახსნამდე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5-ის ფაქტობრივ და საკასო ხარჯებში. აღნიშნული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარადგინოს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშებთან ერთად.

5. ფინანსური ბრუნვის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ნაცვლად საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ წერილობითი განცხადება.

მუხლი 13. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა

საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ბიუროს წარედგინება:

ა) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ;

ბ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ;

გ) მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე − მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ. ანგარიშში აისახება ინფორმაცია პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ;

დ) არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან  არაუგვიანეს ერთი თვისა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ და დაერთვის აუდიტორული (აუდიტორული ფირმის) დასკვნა. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

მუხლი 14. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური ანგარიში

1. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

2. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვალდებულია მის მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გახსნას და ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.

3. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვალდებულია ბიუროს წარუდგინოს მის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ შემდეგი ფინანსური ანგარიშები:

ა) შემოწირულების შესახებ − ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად;

ბ) ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ − ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად;

გ) პოლიტიკური რეკლამის შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების შესახებ − ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 15. პოლიტიკური ფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა

ბიურო უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისგან/საარჩევნო სუბიექტისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ.

მუხლი 16. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი

1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა განისაზღვრება ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

2. არაფულადი შემოწირულების საქონლისა და მომსახურების იდენტური საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება შეფასების ანალოგიის მეთოდის გამოყენებით.

3. პარტიის/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ანაზღაურების გარეშე გაწეული ისეთი სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული სპეციალური განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებასთან, შეფასებას არ საჭიროებს.

მუხლი 17. აუდიტის სტანდარტები

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესასრულებლად, პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტის განხორციელების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირებული აუდიტორი პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტს ატარებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით.

მუხლი 18. დოკუმენტბრუნვის წესი

1. პარტიას/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს/ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ფინანსური ანგარიშების ფორმები და სხვა წერილობითი დოკუმენტები წარმოადგინოს მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით.

2. ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული ხელმოწერა უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge.

3. წლიური საფინანსო დეკლარაცია და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) ანტიკორუფციულ ბიუროს ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე documents@acb.gov.ge, ისე ელექტრონული ფორმით (Excel) ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

4. შემოწირულების/საწევრო შენატანის, საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციისა და პოლიტიკური რეკლამის წინასწარი ანგარიშსწორების წესით შესყიდვის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) ბიუროს ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge, ასევე შეივსოს ელექტრონულად − პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ელექტრონული დეკლარირების პროგრამაში: fms.acb.gov.ge.

5. ბიუროს მიერ შემუშავებული წლიური საფინანსო დეკლარაციის, შემოწირულების/საწევრო შენატანის, საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულის გასავლის ოპერაციის, საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშების ფორმები და განცხადების ნიმუშები განთავსებულია acb.gov.ge > პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი > დეკლარაციები > დეკლარაციის ფორმები და განცხადების ნიმუშები.

მუხლი 19. ზოგადი მითითებები ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ

ამ წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შესავსებად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები:

ა) ფორმების ელექტრონულ ვერსიაში ფერადი ფონის მქონე გრაფა არ ივსება. აღნიშნული მონიშვნა მიუთითებს, რომ მასში შეტანილია ფორმულა და სხვა გრაფების შევსების შემთხვევაში ეს გრაფა ავტომატურად შეივსება;

ბ) სიმბოლო – „* “ ნიშნავს, რომ ფორმის ბოლოს მითითებულია ამ სვეტის სწორად შევსების წესი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებულ პირს რაიმე სახის ტრანზაქცია, საქმიანობა ან ოპერაცია არ განუხორციელებია, შესაბამისი მონაცემის გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი;

დ) შენიშვნების გრაფა ივსება გაუთვალისწინებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში;

ე) ბანკების დასახელების შევსება ხდება იმავე გრაფაში არსებული ჩამონათვალიდან;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფორმის სტრიქონების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული ინფორმაციის შესავსებად, ელექტრონულ ფორმატში მთლიანად უნდა გამრავლდეს ცხრილის ბოლო სტრიქონი და ამ წესით გაიზარდოს სტრიქონების რაოდენობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფორმატის დაცვას და ფორმულების სწორად ფუნქციონირებას.

მუხლი 20. ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმსაზღვრელი გლოსარიუმი

ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ამორტიზებული ძირითადი აქტივები

სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელი, ანუ ისტორიული ღირებულებით.

ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423)

ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე.

არაფინანსური აქტივების ზრდა

ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობებისა და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები.

არაწარმოებული აქტივები

მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები.

გადასახდელი პროცენტები (3243)

მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები.

გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245)

ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.

გადასახდელი შრომის ანაზღაურება

(3231)

დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვ.)

 

გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება

გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან 5 წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას.

გადახდილი დღგ (1431)

საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.

დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარების ვალდებულებები (3236)

მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.

დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები

ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის.

დაუფარავი დეფიციტი (5230)

გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები.

ვალდებულებები მივლინებით (3234)

მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე.

ვადაგადაცილებული დავალიანებები

საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება.

ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210)

საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები.

ვალდებულებები წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით (3242)

ქირის გარდა, ყველა სხვა ავანსად მიღებული თანხა, რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს.

ვალდებულებების კლება

საბანკო სესხების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან აღებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად მიმართული სახსრები.

კვების ხარჯები

დაქირავებულთა კვებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, გარდა წარმომადგენლობითი ღონისძიებების დროს გაწეული ხარჯებისა.

მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (2120)

სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო ხელსაწყოები; ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; მაჯის და სხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; სპორტული საქონელი და სხვ.).

მატერიალური მარაგები

ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია და სხვა მარაგის სახით არსებული საქონელი.

მივლინება

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმისა და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

მისაღები დივიდენდები (1444)

საწარმოების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, საწარმოთა ფასიანი ქაღალდებიდან – თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან და არაუზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებებიდან, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებიდან და ა.შ. მისაღები დივიდენდები.

მისაღები პროცენტები (1443)

დეპოზიტებიდან, აქციების გარდა სხვა ფასიანი ქაღალდებიდან, პროცენტიანი ობლიგაციებიდან, სესხებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები.

მისაღები საწევროები და ერთჯერადი შენატანები (1445)

ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მისაღები საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.

მოთხოვნები დანაკლისებით (1422)

მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მატერიალური ფასეულობისა და ფულადი სახსრების დანაკლისის თანხებზე.

მოთხოვნები მივლინებით (1421)

მომუშავეთა მივლინებებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

 

 

 

მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410)

საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები.

მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით (1442)

მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება სხვა წინასწარი გადახდების შედეგად.

ოფისის ხარჯები

საკანცელარიო საქონლის შეძენა; მცირეფასიანი და ხშირ შემთხვევაში, ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პროგრამების შეძენისა და განახლების ხარჯი; ჟურნალ-გაზეთებისა და სპეციალური ლიტერატურის შეძენის, საოფისე მოხმარებისთვის გამიზნული საგამომცემლო-სასტამბო ხარჯი; მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის (500 ლარამდე ღირებულების) შეძენისა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი; საოფისე ინვენტარის შეძენისა და და მონტაჟის ხარჯები; ოფისისთვის საჭირო სამეურნეო დანიშნულების საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი; რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარიული საგნების ხარჯები; შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯები; საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარების მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები; კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორიცაა, სატელეფონო მომსახურების, მობილური ტელეფონის, სატელევიზიო არხებით სარგებლობის, ინტერნეტით სარგებლობის, სპეციალური კავშირისა და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯები; კომუნალური ხარჯები; ოფისის ხარჯები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა დანარჩენ კატეგორიებში.

პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები

ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები.

პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემა

პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფასეულობების შეძენისა და დამზადების ხარჯები; იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებზე (არადაქირავებულებზე) დახმარების ან ჩუქების სახით გადაცემული ფულადი სახსრები.

პირობითი ვალდებულებები

ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია-აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების სახით და სხვა ვალდებულებები.

პირობითი მოთხოვნები

ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვა მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვ.

საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალებულებები (3221-3224)

გადასახდელი მოგების გადასახადი, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, გადასახდელი დღგ-ის და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები.

საკასო შემოსავალი

რეალურად მიღებული ფული.

საკასო ხარჯი

რეალურად გადახდილი ფული.

სამედიცინო ხარჯები

მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის და სხვა სახის სამედიცინო ხარჯები.

სასამართლოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები (3237)

სასამართლო ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად სააღსრულებლო ფურცლის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები.

საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის)

დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ.

საოპერაციო იჯარით აღებული აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები

ის აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებიდან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით.

სატრანსპორტო საშუალებები

ყველა სახის ტრანსპორტი (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო ავტობუსები და ა.შ.).

 

საცნობარო მუხლები

გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად იმ მუხლების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება როგორც საბალანსო მუხლები.

სოციალური უზრუნველყოფა

დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია, ანაზღაურება მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურში არყოფნის დროს და დაქირავებულზე სხვა ნებისმიერი სახით გაცემული დახმარება.

სასარგებლო მომსახურების ვადა

სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ორგანიზაციის მიერ აქტივის გამოყენება.

სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანებები (1446)

სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე, ასევე ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოთხოვნები.

სხვა დანარჩენი კრედიტორული დავალიანებები (3246)

ისეთი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე.

სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი

ყველა სახის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები, საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები და სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი.

სხვა საგადასახადო აქტივი (1433)

ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნები ზედმეტად და შეცდომით გადახდილ გადასახადებზე, ასევე სხვა წინასწარ გადახდილ გადასახადებზე (დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების გადასახადის გარდა).

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები

საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯები და ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები.

ფასეულობები

წარმოებული საქონელი, რომელსაც გააჩნია მნიშნველოვანი ღირებულება, შეძენილია და ინახება როგორც დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით (ძვირფასი ქვები და ლითონები, მათგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები, ნახატები, ქანდაკებები და სხვ., რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარადაა აღიარებული).

ფაქტობრივი შემოსავალი

ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული შემოსავალი, მიუხედავად იმისა, ფული რეალურად არის მიღებული თუ არა.

ფაქტობრივი ხარჯი

ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული ხარჯი, მიუხედავად იმისა, ფული გადახდილია თუ არა.

ფინანსური აქტივები (1110-1300)

ნაღდი ფული სალაროში, ბანკებში გახსნილ საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო და სხვა სახის ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, შეძენილი ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები).

ფინანსური აქტივების ზრდა

ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განსათავსებლად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად მიმართული ფულადი სახსრები.

ფონდები (5220)

გასული წლების ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი.

შენობა-ნაგებობები

როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ისე სხვა ნაგებობები და დაუმთავრებელი მშენებლობა.

შრომის ანაზღაურება

დამქირავებლის მიერ დაქირავებულთათვის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს (საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს გამოკლებით) ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული კომპენსაციები. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს, როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით და პრემიას.

საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) არაფინანსური აქტივების შეძენად განიხილება და ამ მიზნით წარმოებაში დასაქმებულ მომუშავეთა ანაზღაურება, ასევე შეძენილი საქონელი და მომსახურება აღრიცხვაში აისახება როგორც არაფინანსური აქტივების ზრდა.

ძირითადი აქტივები

500 ლარზე მეტი ღირებულების და ერთ წელზე მეტი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე წარმოებული აქტივები: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები.

 

 

ძირითადი კაპიტალის მოხმარება

წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას, რადგან ეს აქტივები უწყვეტად ან მრავალჯერადად იქნა გამოყენებული. ძირითადი კაპიტალის მოხმარება მოიცავს სუბიექტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთის და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგების სახით.

წარმომადგენლობითი ხარჯები

სტუმრების მიღებისა და ოფიციალური სადილის, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურების, მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების ხარჯები.

წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი (1432)

მოგების გადასახადის მიმდინარე გადახდები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში.

წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1441)

წინასწარ გადახდილი ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის.

წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა (3241)

ავანსად მიღებული საიჯარო ქირა, რომელიც წარმოადგენს მომავალი პერიოდის შემოსავალს.

ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში

მარაგები, რომელთა ასახვა ხარჯებში განხორციელდა მათი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში.