„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024135
302
15/08/2023
ვებგვერდი, 16/08/2023
240110000.10.003.024135
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №302

2023 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 მუხლები:

მუხლი 3.  დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (დანართი №2) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის პირველ იანვრამდე.

 მუხლი 4. 2026 წლის პირველ იანვრამდე ჯილეხით მკვდარი ცხოველის განკარგვასთან მიმართებით, როგორც გამონაკლისი და დროებითი ზომა, ჯილეხით მკვდარი ცხოველი დაექვემდებაროს დაწვას ან/და დამარხვას, რაც უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1. დაწვისას:

 ა) დაწვა უნდა განხორციელდეს შესაფერის ადგილას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცეცხლის გავრცელების რისკები;

ბ) უნდა გაიჭრას 0.5 მ სიღრმის ორმო, რომლის სიგრძე და სიგანე აღემატება ლეშის ზომას 30 სანტიმეტრით თითოეულ მხარეს. 30 სმ სიგანისა და 30 სმ სიღრმის თხრილი უნდა ამოითხაროს ორმოს ფსკერის ცენტრში, მის მთელ სიგრძეზე, რათა შეასრულოს ჰაერის სადინრის ფუნქცია ცეცხლისთვის ლეშის ქვეშ. თხრილი და ორმოს ფსკერი უნდა დაიფაროს ჩალით, რომელიც გაჟღენთილი უნდა იყოს დიზელის საწვავით. შეშა და/ან ნახშირი უნდა მოთავსდეს ორმოში თითქმის მიწის დონემდე. ყველა მასალა გაჟღენთილი უნდა იყოს დიზელის საწვავით;

გ) ლეში და მასთან დაკავშირებული ყველა მასალა (ქვეშსაფენი, საკვები და ნებისმიერი სითხე, რომელიც გამოყოფილია ლეშიდან, ნიადაგი, რომელიც პოტენციურად დაბინძურებულია (ლეშის გარშემო, სულ მცირე, 20 – 30 სმ-ით მოჭრილი ნიადაგი) და ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც შეიძლება, იყოს დაბინძურებული) განთავსებულ უნდა იქნეს დასაწვავად გამოყოფილ ადგილზე;

დ) დიზელის დამატებითი საწვავი უნდა მოესხუროს ლეშზე;

ე) სრული დაწვის შემდეგ ნამწვავი მიწით უნდა დაიფაროს.

2. თუ დაწვა არ არის შესაძლებელი, მისაღებია ღრმა დამარხვა:

ა) თუ ერთი ან რამდენიმე ლეში უნდა დაიმარხოს, რეკომენდებულია ადგილზე დამარხვა, რათა შემცირდეს ლეშის გადაადგილების არეალი, დაბინძურების შესაძლო გავრცელება და სხვა ცხოველებსა და ხალხზე ზემოქმედების რისკი. დასამარხი ადგილი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიწის დაბინძურება. ამისთვის უნდა ამოიჭრას არანაკლებ 2-მეტრიანი ორმო, ლეშის ზედა ნაწილი უნდა იყოს, სულ მცირე, 1 მ მიწის ქვეშ და ლეშ(ებ)ის და მასთან/მათთან დაკავშირებული ყველა მასალა უნდა მოთავსდეს ორმოში და სრულად დაიფაროს კირით. ამ ფენას უნდა მოესხას კირიანი წყალი და ლეში დაიფაროს მიწით;

ბ) დიდი რაოდენობით ცხოველების დამარხვის შემთხვევაში, დასამარხი ადგილის შერჩევა ხდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით. დამარხვისას შემდეგი გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული:

ბ.ა) ორმო უნდა იყოს მინიმუმ 150 მეტრში ნებისმიერი ზედაპირული წყლისა და ჭისგან;

ბ.ბ) დამარხვა სითხის გამტარ ნიადაგში, როგორებიცაა, ხრეშები, ქვიშები ან თიხნარი ნიადაგი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული;

ბ.გ) დიდი ზომის ცხოველთა ლეშები უნდა განთავსდეს ერთ ფენად. პატარა ცხოველების ლეშები შეიძლება განთავსდეს ფენებად, რომლებიც არ აღემატება დიდი ცხოველის ლეშის სიღრმეს, მაგრამ არა უმეტეს ორი ფენა ლეშისა. დასამარხად შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გაიჭრას 3 მ სიღრმის ორმო, რომლის ფსკერი ისტორიულად დაფიქსირებული მიწისქვეშა წყლის დონიდან უნდა იყოს არანაკლებ 3 მ-ზე ზემოთ; ლეშ(ებ)ი თავსდება ორმოში ფენად ან ფენებად, იფარება კირით და ფენა სველდება კირიანი წყლით, შემდეგ იფარება ნიადაგით ისე, რომ ლეშები არ ჩანდეს, მეორე ფენად თავსდება სხვა ლეშები, კვლავ იფარება კირით და სველდება კირიანი წყლით და ეყრება ნიადაგი ისე, რომ ლეშები არ გამოჩნდეს. ბოლო ფენაზე ნიადაგის გორაკი უნდა გაკეთდეს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (დანართი №11):

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია,  ამერიკული სიდამპლის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.“;

ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია ადგილზე/ობიექტზე ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვაზე/განთავსებაზე, იმ პირობით, რომ მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა, რომ ფუტკრისა და მადპ-ის დაწვამ და დამარხვამ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (დანართი №12) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია ადგილზე/ობიექტზე ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვაზე/განთავსებაზე, იმ პირობით, რომ მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა, რომ ფუტკრისა და მადპ-ის დაწვამ და დამარხვამ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „ფუტკრის მავნებლის − სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (დანართი №13) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ შეიძლება, გასცეს ავტორიზაცია ადგილზე/ობიექტზე ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვაზე/განთავსებაზე, იმ პირობით, რომ მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა, რომ ფუტკრისა და მადპ-ის დაწვამ და დამარხვამ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანისა ან ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი