თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ

თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017390
62
17/08/2023
ვებგვერდი, 18/08/2023
140130000.22.034.017390
თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №62

2023 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №80 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 010170000.22.029.016388).

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი
თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის  მაძიებელთა დროებითი განთავსების წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, სხვა ადგილას განსახლების წესს.

2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. მიმღებ ცენტრში განთავსება

1. მიმღები ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ დროებითი განთავსების ადგილს.

2. მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მისი განცხადების განხილვის, ხოლო სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის ვადაზე.

3. თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება, რასთან დაკავშირებითაც იგი დეპარტამენტში წარადგენს განცხადებას (დანართი №1). დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო ახორციელებს განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს დასაბუთებულ პოზიციას თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

4. თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებელია უარი ეთქვას მიმღებ ცენტრში განთავსებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) მიმღებ ცენტრში არ არის სათანადო თავისუფალი საცხოვრებელი ფართი;

ბ) თავშესაფრის მაძიებელს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი ან/და საქართველოში ფლობს /განკარგავს უძრავ ქონებას;

გ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა არ მოითხოვა გონივრულად მოსალოდნელ ვადაში;

დ) ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, მან ვერ შეძლო მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროების ან/და შეცვლილი გარემოების დასაბუთება;

ე) თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება შეუწყდა ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ვ) სახეზეა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გარემოება და არსებობს თავშესაფრის მაძიებლის სხვა ადგილას განსახლების შესაძლებლობა.

5. მიმღებ ცენტრში განთავსების ან განთავსებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განცხადების დეპარტამენტში წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. თავშესაფრის მაძიებლის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას გადაეცემა მიმართვა მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ (დანართი №2). თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განთავსებაზე უარის თქმის შესახებ (დანართი №3).

6. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ მიმართვის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს განთავსების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, რაც დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, დოკუმენტ(ებ)ით. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ტრანსპორტირებას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადად უზრუნველყოფს დეპარტამენტი.

7. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე, მის მიერ მიმღებ ცენტრში განთავსებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და მიმღებ ცენტრში განთავსებას, მიმღებ ცენტრში ამ პირის მისაღებად შესაბამისი პირობების არსებობის გათვალისწინებით.

მუხლი 3. თავშესაფრის მაძიებლისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერება

1. მიმღებ ცენტრში განთავსებისას, თავშესაფრის მაძიებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება დათვალიერებას ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული ნივთების (შემდგომ – აკრძალული ნივთები) გამოვლენის მიზნით.

2. პირისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ − დაცვის პოლიცია) იმავე სქესის მოსამსახურე. თავშესაფრის მაძიებლის მიერ დათვალიერებაზე უარის თქმა წარმოადგენს მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ მიმართვის გაუქმების საფუძველს.

3. ნივთები, რომლებიც არ არის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუმცა აკრძალულია მათი მიმღებ ცენტრში შეტანა, შესაძლებელია შენახულ იქნეს პირის ცენტრში განთავსების ვადით. დათვალიერებისას ასეთი ნივთების გამოვლენის შემთხვევაში პირი თავად უზრუნველყოფს მათ შენახვას სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ სათავსში. სათავსის ნომერსა და მფლობელის ვინაობას დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღრიცხავს შესაბამის ჟურნალში (დანართი №5). თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია მიმღები ცენტრის დატოვებამდე გაუფრთხილდეს სპეციალური სათავსის გასაღებს. აღნიშნული ნივთების მიმღები ცენტრის გარეთ მოხმარების მიზნით, განთავსებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია სპეციალური სათავსიდან მათი გატანა დაცვის პოლიციის მოსამსახურის მონაწილეობით.

4. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

5. თავშესაფრის მაძიებლისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერების შემდეგ, მიმღები ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე ავსებს თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ბარათს (დანართი №6).

6. დაცვის პოლიციის მოსამსახურეთა ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველს წარმოადგენს დაცვის პოლიციასთან გაფორმებული შესაბამისი დაცვითი მომსახურების ხელშეკრულება.

მუხლი 4. თავშესაფრის მაძიებლის სამედიცინო შემოწმება

მიმღებ ცენტრში განთავსებამდე, თავშესაფრის მაძიებელი ექვემდებარება შემოწმებას ინფექციურ ან სხვა გადამდებ დაავადებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 5. საცხოვრებელი ფართი

1. მიმღები ცენტრის საცხოვრებელ ფართში პირი ცხოვრობს მისივე სქესის სხვა თავშესაფრის მაძიებელთან (მაძიებლებთან) ერთად. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე.

2. თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვის მიზნით, მიმღები ცენტრი, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა ერთ საცხოვრებელ ფართში განთავსებას.

3. თავშესაფრის მაძიებელს უფლება არ აქვს, თვითნებურად შეიცვალოს მისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი. აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილის შეცვლა დასაშვებია მიმღები ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით/თანხმობით.

4. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება სხვა განთავსებული პირის საცხოვრებელ ფართში შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა ან სხვა უკიდურესი აუცილებლობა).

5. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და მოწესრიგებულად იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი ფართი.

6. საჭიროების შემთხვევაში, მიმღები ცენტრის უფროსი უფლებამოსილია შეამოწმოს თავშესაფრის მაძიებლის საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება აგრეთვე დასაშვებია მიმღები ცენტრის მოსამსახურის მიერ, დაცვის პოლიციის მოსამსახურესთან ერთად.

7. მიმღები ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის მაძიებელი შესაძლებელია დროებით განთავსდეს სხვა პირებისგან იზოლირებულად:

ა) ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) როდესაც პირი აგრესიულია ან არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ამ ან/და სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმღები ცენტრის უფროსი, შესაბამისი რეაგირებისთვის, დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმღები ცენტრის უფროსი, შესაბამისი რეაგირებისთვის, დაუყოვნებლივ მიმართავს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

მუხლი 6. მიმღებ ცენტრში ცხოვრება და ქცევის წესები

1. თავშესაფრის მაძიებლისათვის მიმღებ ცენტრში ცხოვრება უფასოა. მიმღებ ცენტრში განთავსებისას, ამ წესის დანართი №7-ით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, მას ერთჯერადად გადაეცემა პირველადი მოხმარების საგნები (დანართი №8), ასევე, ჰიგიენური საშუალებები და კვების პაკეტი (დანართი №9). შესაძლებელია, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი უზრუნველყოფილი იქნეს №9 დანართით განსაზღვრულისგან განსხვავებული რაოდენობის საკვები პროდუქტებით. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია იკვებოს მიმღები ცენტრის სამზარეულოში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მიმღები ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით.

2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს საერთო სარგებლობის სივრცეში სისუფთავის დაცვა, მათ შორის, საერთო მოხმარების სამზარეულო ინვენტარის მოვლა-პატრონობა და სარგებლობის შემდეგ მისი გასუფთავება.

3. მიმღები ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, წერილობით განსაზღვროს საერთო სივრცითა და ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობის გრაფიკი.

4. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისას, მიმღებ ცენტრს დაუბრუნოს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნივთები.

5. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია პატივი სცეს მიმღებ ცენტრში განთავსებულ სხვა პირთა უფლებებს. დაუშვებელია მიმღებ ცენტრში არსებული ტელე/ვიდეო/აუდიო აპარატურით სარგებლობა ან/და სხვაგვარი ხმაურის გამოწვევა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში.

6. სხვა განთავსებულ(ებ)თან უთანხმოების ან კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს დაცვის პოლიციის ან მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.

7. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია არასაპატიო მიზეზით არ მიატოვოს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა განიხილება, როგორც მიმღები ცენტრის წესების უხეში დარღვევა. მიმღები ცენტრის უფროსის თანხმობით დასაშვებია არასრულწლოვანი შვილის დატოვება მიმღებ ცენტრში განთავსებული სხვა თავშესაფრის მაძიებლის მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნის მშობლისა და დამტოვებელი პირის წერილობითი შეთანხმების/თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

8. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს შეუზღუდავად დაუკავშირდეს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას.

9. მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 7. მიმღებ ცენტრში ვიდეომონიტორინგის განხორციელება

1. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა/მოსამსახურეთა უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, სამართალდარღვევის პრევენციისა და დროული აღკვეთის, აგრეთვე, მიმღები ცენტრის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად  განხორციელების მიზნით, ხორციელდება მიმღები ცენტრის საერთო საცხოვრებელი სივრცის ვიდეომონიტორინგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვებას ახორციელებენ დაცვის პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურეები. საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვების უფლება ასევე აქვთ დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეებსა და მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეებს.

3. მიმღები ცენტრის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებს დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახური.

4. ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია მიმღები ცენტრის საშხაპეებში, საპირფარეშოებში, გამოსაცვლელ ოთახებსა და საცხოვრებელ ფართში.

5. ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი, მათ შორის, მონაცემთა შენახვისა და დაარქივების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 8. მიმღებ ცენტრში შესვლის/გასვლის კონტროლი

1. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, თავისუფლად შევიდეს და დატოვოს მიმღები ცენტრი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში. განთავსებულ პირთა ცენტრში ყოველდღიურ შესვლას/გასვლას დაცვის პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნავს სპეციალურ ჟურნალში. თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში დაბრუნებისთანავე, ხდება პიროვნებისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერება. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ დანაყოფს.

2. დაცვის პოლიციის მოსამსახურე ყოველდღიურად ახდენს მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა რაოდენობის შემოწმებას (დანართი №10). მიმღებ ცენტრში 23:00 საათამდე დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, განთავსებული პირი ვალდებულია, წინასწარ შეატყობინოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს გასვლის მიზნის/მიზეზის და სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გარეშე მიმღები ცენტრის დატოვების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია, გასვლის მიზანი/მიზეზი და ადგილსამყოფელი დაბრუნებისთანავე აცნობოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს (მისი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში) ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დაცვის პოლიციის მოსამსახურეს.

3. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება მიმღები ცენტრის თვის განმავლობაში ჯამში 5 დღეზე მეტი ვადით დატოვება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება ან მისგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზი).

4. მიმღებ ცენტრში ვიზიტორის მიღება ნებადართულია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში. ვიზიტორი დაიშვება თავშესაფრის მაძიებლის თანხმობით. მიმღებ ცენტრში ვიზიტისას, ვიზიტორი ვალდებულია რეგისტრაციის მიზნით, მიმღები ცენტრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დაცვის პოლიციის მოსამსახურეს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩააბაროს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერის შესაძლებლობას. აკრძალული ნივთების გამოვლენის მიზნით, ვიზიტორი და მისი ბარგი ექვემდებარება დათვალიერებას. დათვალიერებისას, აკრძალული ნივთების გამოვლენის შემთხვევაში, ვიზიტორი თავად უზრუნველყოფს მათ შენახვას სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ სათავსოში. ვიზიტორი ვალდებულია მიმღები ცენტრის დატოვებამდე გაუფრთხილდეს სპეციალური სათავსოს გასაღებს. შენახულ ნივთებს, მესაკუთრე/მფლობელი იბრუნებს მიმღები ცენტრის დატოვების დროს, დაცვის პოლიციის მოსამსახურის თანდასწრებით.

5. დაცვის პოლიციის მოსამსახურე ახდენს ვიზიტორის მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე და ნომერი) რეგისტრაციას სათანადო ჟურნალში, სადაც ასევე ეთითება მიმღებ ცენტრში განთავსებული იმ პირის ვინაობა, ვის სანახავადაც იმყოფებოდა შესაბამისი ვიზიტორი.

6. მიმღებ ცენტრში დაუბრკოლებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესვლის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;

ბ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეებს;

გ) დეპარტამენტის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს;

დ) დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეებს;

ე) დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამსახური) სამედიცინო მომსახურების განყოფილების მოსამსახურეებს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის წარმომადგენელს;

ვ) დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს მოსამსახურეებს;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით;

თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეებს;

ი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების დათვალიერების წესი.

8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, მიმღებ ცენტრში სხვა პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

9. მიმღები ცენტრის უფროსი უფლებამოსილია შეზღუდოს ვიზიტორის შესვლა მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული პირი საფრთხეს შეუქმნის ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას, განთავსებულ პირთა უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.

მუხლი 9. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა

1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძველია:

ა) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) განთავსებული პირის წერილობითი განცხადება;

გ) ამ წესის მოთხოვნების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა, მათ შორის, როდესაც სახეზეა მიმღები ცენტრისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და როდესაც დარღვევა შეუძლებელს ხდის პირის თანაცხოვრებას სხვა განთავსებულებთან;

დ) ამ წესით პირდაპირ განსაზღვრული სხვა შემთხვევა.

2. ამ წესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მიმღები ცენტრის უფროსი თავშესაფრის მაძიებელს აძლევს წერილობით გაფრთხილებას (დანართი №11). მოთხოვნის განმეორებითი დარღვევა, ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია გახდეს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროება.

4. სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირს მიმღებ ცენტრში დარჩენის უფლება აქვს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

5. მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, თავშესაფრის მაძიებელს გადაეცემა შეტყობინება განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ. შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი.

მუხლი 10. სხვა ადგილას განსახლება

1. სხვა ადგილას განსახლების საჭიროების დადგენის მიზნით, დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო განთავსებული თავშესაფრის მაძიებლის სპეციფიკური საჭიროების პირველად იდენტიფიცირებას ახორციელებს მიმღებ ცენტრში განთავსებული თავშესაფრის მაძიებლის მიმართვის შემთხვევაში ან მიმღები ცენტრის უფროსის ინიციატივით.

2. მიმღებ ცენტრში განთავსებული თავშესაფრის მაძიებლის ასაკობრივი, ფსიქიკური, ფიზიკური მახასიათებლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, პირის სხვა ადგილას განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.