საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 87/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 87/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
დოკუმენტის ნომერი 90/270/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 29/03/1990
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2023
სარეგისტრაციო კოდი
90/270/EEC
29/03/1990
ვებგვერდი, 11/08/2023
საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 87/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
ევროპის გაერთიანებების საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 87/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

 

ევროგაერთიანებების საბჭომ,

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას“, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა ევროკომისიის წინადადებას1, რომელიც მომზადდა „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ კონსულტაციის შემდეგ,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით 2,

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის“ მოსაზრებას3,

ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a-ე მუხლის თანახმად, საბჭომ დირექტივების საშუალებით უნდა დაადგინოს მინიმალური მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან, აღნიშნული მუხლის პირობების თანახმად, ასეთ დირექტივებში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება ისე, რომ ამან შეაფერხოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნა და განვითარება;

ვინაიდან ევროკომისიის კომუნიკაცია „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამის შესახებ“4 ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ზომების მიღებას; ვინაიდან, საბჭომ გაითვალისწინა ეს თავის 1987 წლის 21 დეკემბრის რეზოლუციაში „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“5;

ვინაიდან იმ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც უზრუნველყოფს მონიტორიან სამუშაო სადგურებზე უსაფრთხოების უკეთ დაცვას, არსებითი მნიშვნელობა აქვს მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა არის ინდივიდუალური დირექტივა „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC6 მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით; ვინაიდან, აქედან გამომდინარე, აღნიშნული დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება მუშაკთა მიერ მონიტორიანი მოწყობილობების გამოყენებაზე, წინამდებარე დირექტივის უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან დამსაქმებლები ვალდებულნი არიან მუდმივად ეცნობოდნენ უახლეს მიღწევებს ტექნოლოგიებში და მეცნიერულ აღმოჩენებს სამუშაო სადგურების მოწყობასთან დაკავშირებით, რათა შეძლონ საჭირო ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ უზრუნველყონ მუშაკების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვა;

ვინაიდან ერგონომიულ ასპექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი სამუშაო სადგურებისთვის, რომლებიც აღჭურვილია მონიტორიანი მოწყობილობებით;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალური განზომილების შექმნისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს;

ვინაიდან, გადაწყვეტილების 74/325/EEC7 თანახმად, ევროკომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ ამ მიმართულებით წინადადებების შემუშავების მიზნით;

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

განყოფილება I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც არის მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, ადგენს მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 მუხლში.

2. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება 1-ელ პუნქტში მითითებულ მთლიან სფეროზე, ამავე დირექტივის უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების დაურღვევლად.

3. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება:

(a) სატრანსპორტო საშუალებებში ან მანქანა-დანადგარებში არსებულ მძღოლის კაბინებზე ან მართვის კაბინებზე;

(b) სატრანსპორტო საშუალებების ბორტზე არსებულ კომპიუტერულ სისტემებზე;

(c) უმეტესწილად საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ სისტემებზე;

(d) პორტატულ სისტემებზე, რომლებიც სამუშაო სადგურზე ხანგრძლივი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი;

(e) კალკულატორებზე, საკონტროლო-სალარო აპარატებზე და ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის მონიტორი მონაცემებისა და პარამეტრების გამოსახვისთვის, რომელიც საჭიროა ამ მოწყობილობების პირდაპირ გამოყენებისთვის;

(f) ტრადიციული დიზაინის მქონე საბეჭდ მანქანებზე, ე.წ. „ფანჯრიან საბეჭდ მანქანებზე“.

 

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

(a) „მონიტორიანი მოწყობილობა“ ნიშნავს ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული გამოსახულების ამსახველ მონიტორს, გამოყენებული გამოსახვის პროცესის მიუხედავად;

(b) „სამუშაო სადგური“ ნიშნავს მოწყობილობათა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს მონიტორიან მოწყობილობას რომელსაც შესაძლოა ასევე ჰქონდეს კლავიატურა ან მონაცემთა შეყვანის სხვა მოწყობილობები ან/და ოპერატორის/მანქანის ინტერფეისის განმსაზღვრელი პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე დამატებით აქსესუარებს, გარე მოწყობილობებს, მათ შორის დისკეტის ჩასადებს, ტელეფონს, მოდემს, პრინტერს, დოკუმენტის სადგამს, სამუშაო სავარძელს, სამუშაო მაგიდას ან სამუშაო ზედაპირს, და უშუალო სამუშაო გარემოს;

(c) „მუშაკი“ ნიშნავს დირექტივის 89/391/EEC მე-3(a) მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ მუშაკს, რომელიც მისი ჩვეულებრივი სამუშაოს უმეტეს ნაწილში, როგორც წესი, იყენებს მონიტორიან მოწყობილობებს.

 

განყოფილება II

დამსაქმებელთა ვალდებულებები

 

მუხლი 3

სამუშაო სადგურის ანალიზი

1. დამსაქმებელი ვალდებულია ჩაატაროს სამუშაო სადგურების ანალიზი, რათა შეაფასოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პირობები რომლებსაც ის უქმნის თავის მუშაკებს, განსაკუთრებით, მხედველობასთან, ფიზიკურ პრობლემებთან და გონებრივ დაძაბულობასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან მიმართებაში.

2. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე აღმოჩენილი რისკების აღმოსაფხვრელად, ამგვარად აღმოჩენილი რისკების დამატებითი ან/და ერთობლივი შედეგების გათვალისწინებით.

 

მუხლი 4

სამუშაო სადგურები რომლებიც პირველად შევიდნენ ექსპლუატაციაში

დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები იმის უზრუნველსაყოფად რომ სამუშაო სადგურები, რომლებიც პირველად შევიდნენ ექსპლუატაციაში 1992 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აკმაყოფილებდნენ დანართით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

 

მუხლი 5

უკვე ექსპლუატაციაში მყოფი სამუშაო სადგურები

დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები იმის უზრუნველსაყოფად რომ სამუშაო სადგურები, რომლებიც შესულია ექსპლუატაციაში 1992 წლის 31 დეკემბერს ან მანამდე, ადაპტირებულია ისე, რომ აკმაყოფილებდნენ დანართით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს აღნიშნული თარიღიდან არაუგვიანეს ოთხი წლის განმავლობაში.

 

მუხლი 6

მუშაკთა ინფორმირება და მათი ტრენინგი

1. დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის დაურღვევლად, მუშაკებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია მათ სამუშაო სადგურებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველა ასპექტის შესახებ, განსაკუთრებით ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხორციელდება სამუშაო ადგილებზე მე-3, მე-7 და მე-9 მუხლების შესაბამისად.

ყველა შემთხვევაში, მუშაკები ან მათი წარმომადგენლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამ დირექტივის შესაბამისად უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ.

2. დირექტივის 89/391/EEC მე-12 მუხლის დაურღვევლად, ყველა მუშაკმა უნდა გაიაროს ტრენინგი სამუშაო სადგურის გამოყენების საკითხებში ასეთი სახის სამუშაოს დაწყებამდე და ყოველთვის, როდესაც სამუშაო სადგურის მოწყობა არსებითად იცვლება.

 

მუხლი 7

ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი

დამსაქმებელმა უნდა დაგეგმოს მუშაკის აქტივობები ისე, რომ მონიტორთან ყოველდღიური მუშაობა პერიოდულად წყდებოდეს შესვენებებით ან სხვა აქტივობის ჩანაცვლებით, რაც შეამცირებს სამუშაო დატვირთვას მონიტორთან.

 

მუხლი 8

მუშაკთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა

მუშაკთა ან/და მათ წარმომადგენელთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივით, მათ შორის მისი დანართით, გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 9

მუშაკთა თვალებისა და მხედველობის დაცვა

1. მუშაკებს უფლება აქვთ ჩაუტარდეთ თვალებისა და მხედველობის შემოწმება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ:

– მონიტორთან მუშაობის დაწყებამდე;

– მუშაობის დაწყების შემდეგ რეგულარული ინტერვალებით; და

– მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, რაც შესაძლოა მონიტორთან მუშაობით იყოს გამოწვეული.

2. მუშაკებს უფლება აქვთ ჩაუტარდეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა თუ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგები ამის აუცილებლობაზე მიუთითებს.

3. თუ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა ამის საჭიროება და თუ ვერ ხდება ჩვეულებრივი მაკორექტირებელი საშუალებების გამოყენება, მუშაკები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი სპეციალური მაკორექტირებელი საშუალებებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მუშაკების მხრიდან დამატებითი ფინანსური ხარჯის გაღებას.

5. მუშაკთა თვალებისა და მხედველობის დაცვა შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.

 

განყოფილება III

სხვადასხვა დებულებები

 

მუხლი 10

დანართში შესწორებების შეტანა

დანართში მკაცრად ტექნიკური ხასიათის შესწორებები, ტექნიკური პროგრესის და მონიტორიანი მოწყობილობების სფეროში არსებულ საერთაშორისო რეგულაციებში, ტექნიკურ მახასიათებლებსა და ცოდნაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მიღებულ უნდა იქნეს დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 1992 წლის 31 დეკემბრამდე.

მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ევროკომისიას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ ან რომელიც მათ უკვე მიიღეს წინამდებარე დირექტივით რეგულირებულ სფეროში.

3. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ ევროკომისიას ანგარიში ამ დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს დამსაქმებელთა და მუშაკთა მოსაზრებებს.

ევროკომისიამ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ და „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს“.

4. ევროკომისიამ ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს და „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ პერიოდულად უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ, 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში 1990 წლის 29 მაისს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ბ. აჰერნი

 

 

დანართი

მინიმალური მოთხოვნები

(მე-4 და მე-5 მუხლები)

წინასწარი შენიშვნა

ამ დანართით დადგენილი ვალდებულებები გამოიყენება ამ დირექტივის მიზნების მისაღწევად იმდენად, რამდენადაც, პირველ რიგში, სამუშაო სადგურზე არსებობს შესაბამისი კომპონენტები და, მეორე რიგში, ამას ხელს არ უშლის შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი მოთხოვნები და მახასიათებლები.

1. მოწყობილობები

(a) ზოგადი კომენტარი

მოწყობილობის გამოყენება თავისთავად არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხის წყაროს მუშაკებისთვის.

(b) მონიტორი

მონიტორზე გამოსახული სიმბოლოები უნდა იყოს კარგად გამოკვეთილი და ფორმირებული, და შესაბამისი ზომის, ასევე ამ სიმბოლოებსა და ხაზებს შორის დაცული უნდა იყოს შესაბამისი მანძილი.

გამოსახულება მონიტორზე უნდა იყოს სტაბილური, არ უნდა ციმციმებდეს ან არ უნდა აღენიშნებოდეს სხვა სახის არასტაბილურობა.

მონიტორის სიკაშკაშე ან/და სიმბოლოებსა და ფონს შორის კონტრასტი ადვილად უნდა რეგულირდებოდეს ოპერატორის მიერ, და ასევე ადვილად უნდა ერგებოდეს გარემო პირობებს.

შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორის ადვილად და თავისუფლად მობრუნება და გადახრა, ოპერატორის საჭიროების შესაბამისად.

შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორისთვის ცალკე საყრდენის ან რეგულირებადი მაგიდის გამოყენება.

მონიტორი არ უნდა ელვარებდეს და არ უნდა გააჩნდეს ანარეკლი, რომელიც მომხმარებელს დისკომფორტს შეუქმნის.

(c) კლავიატურა

შესაძლებელი უნდა იყოს კლავიატურის განცალკევება მონიტორისგან და მისი დახრა, რათა მუშაკს შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო პოზიციის შერჩევა ხელების ან მკლავების გადაღლის თავიდან აცილებით.

კლავიატურის წინ უნდა იყოს საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ მუშაკს შეეძლოს ხელებითა და მკლავებით სამუშაო ზედაპირზე დაყრდნობა.

ანარეკლის თავიდან ასაცილებლად კლავიატურას უნდა ჰქონდეს მქრქალი ზედაპირი.

კლავიატურის დიზაინი და მასზე განლაგებული კლავიშების ზომა კლავიატურის ადვილად გამოყენების საშუალებას უნდა იძლეოდეს.

კლავიშებზე დატანილი სიმბოლოები უნდა იყოს სათანადოდ გამოკვეთილი და ადვილად გასარჩევი მუშაკის ჩვეული სამუშაო პოზიციიდან.

(d) სამუშაო მაგიდა ან სამუშაო ზედაპირი

სამუშაო მაგიდას ან სამუშაო ზედაპირს უნდა ჰქონდეს საკმარისად დიდი, ნაკლებად არეკვლადი ზედაპირი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მონიტორის, კლავიატურის, საბუთების და სხვა საჭირო მოწყობილობების მოხერხებულად განთავსება.

დოკუმენტის სადგამი უნდა იყოს მყარი და რეგულირებადი და ისე უნდა განთავსდეს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თვალებისა და თავის არაკომფორტული მოძრაობების საჭიროება.

მუშაკებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს საკმარისი სივრცე მათთვის მოსახერხებელი პოზიციის შესარჩევად.

(e) სამუშაო სავარძელი

სამუშაო სავარძელი უნდა იყოს მყარი და უზრუნველყოფდეს ოპერატორის თავისუფალ მოძრაობასა და კომფორტულად მოთავსებას.

სავარძლის სიმაღლე უნდა იყოს რეგულირებადი.

შესაძლებელი უნდა იყოს სავარძლის საზურგის როგორც სიმაღლის ისე დახრის რეგულირება.

სურვილის შემთხვევაში მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფეხების დასადებით.

2. გარემო

(a) სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამუშაო სადგური უნდა იყოს იმ პარამეტრების და ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საკმარისი სივრცე პოზიციის შესაცვლელად და სხვადასხვა მოძრაობის განსახორციელებლად.

(b) განათება

ოთახისა და სამუშაო ადგილის განათება (მაგიდის სანათი) უნდა ქმნიდეს საკმარის განათების პირობებს და შესაბამის კონტრასტს მონიტორსა და ფონურ გარემოს შორის, სამუშაოს ტიპისა და მომხმარებლის მხედველობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

მონიტორზე ან სხვა მოწყობილობაზე შესაძლო შემაწუხებელი ელვარებისა და ანარეკლის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს სამუშაო ადგილისა და სამუშაო სადგურის განლაგების კოორდინირება ხელოვნური განათების წყაროების პოზიციონირებითა და ტექნიკური მახასიათებლებით.

(c) ანარეკლი და ელვარება

სამუშაო სადგური ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ სინათლის წყაროები, როგორიცაა ფანჯრები და სხვა ღიობები, გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე კედლები, და მკვეთრი ფერის ნაკეთობები ან კედლები არ ქმნიდნენ მონიტორზე პირდაპირ ელვარებას და, შეძლებისდაგვარად, ანარეკლს.

ფანჯრებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სისტემის რეგულირებადი საფარი სამუშაო სადგურზე მოხვედრილი დღის სინათლის შესასუსტებლად.

(d) ხმაური

სამუშაო სადგურის აღჭურვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასეთ სადგურზე განსათავსებელი მოწყობილობების მიერ გამოცემული ხმაურის დონე, რათა ასეთმა ხმაურმა არ გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა ან საუბრის შეფერხება.

(e) სიმხურვალე

სამუშაო სადგურ(ებ)ზე განთავსებული მოწყობილობა არ უნდა გამოსცემდეს ზედმეტ სიმხურვალეს, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის მუშაკებს.

(f) გამოსხივება

ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილული ნაწილის გარდა ყველა სხვა სახის გამოსხივების დონე დაყვანილი უნდა იქნეს უმნიშვნელო დონემდე მუშაკების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

(g) ტენიანობა

უნდა დამყარდეს და შენარჩუნდეს ტენიანობის შესაბამისი დონე.

3. ოპერატორის/კომპიუტერის ინტერფეისი

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას, შერჩევისას, გაშვებისას და მოდიფიცირებისას, ასევე მონიტორიანი მოწყობილობების გამოყენებით სამუშაოს დაგეგმვისას, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

(a) პროგრამული უზრუნველყოფა შესაფერისი უნდა იყოს კონკრეტული სამუშაოსთვის;

(b) პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი და, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორის ცოდნასა და გამოცდილებასთან ადაპტირებადი; არ უნდა მოხდეს არანაირი რაოდენობრივი ან თვისობრივი შემოწმების საშუალებების გამოყენება მუშაკების ინფორმირების გარეშე;

(c) სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს უკუკავშირს მუშაკებისთვის მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით;

(d) სისტემები ინფორმაციას უნდა ასახავდეს იმ სისწრაფით და ფორმატში, რომელიც მორგებული იქნება ოპერატორზე;

(e) გამოყენებული უნდა იქნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერგონომიკის პრინციპები, განსაკუთრებით ადამიანთა შესახებ მონაცემების დამუშავებისას.


1 ოფიციალური ჟურნალი C 113, 29.04.1988, გვ. 7 და ოფიციალური ჟურნალი C 130, 26.05.1989, გვ. 5.

2 ოფიციალური ჟურნალი C 12, 16.01.1989, გვ. 92 და ოფიციალური ჟურნალი C 113, 07.05.1990.

3 ოფიციალური ჟურნალი C 318, 12.12.1988, გვ. 32.

4 ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 3.

5 ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 1.

6 ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1989, გვ. 1.

7 ოფიციალური ჟურნალი L 185, 09.07.1974, გვ. 15.