დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 292 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.024125 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/08/2023 - 23/07/2024)
|
მუხლი 1 |
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-9 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი“
.
|
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის სტანდარტული ფორმა.
|
მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) (შემდგომში – კომპანია) მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების, გაგრძელების, გაუქმებისა და აღდგენის წესებს, ასევე სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებასა და სერტიფიცირების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელების წესს.
მუხლი 2. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების არსი
1. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირება (შემდგომში – სერტიფიცირება) არის პროცესი, რომლის შედეგად დგინდება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიის (შემდგომში – საშუამავლო კომპანია) შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებსა და კრიტერიუმებთან.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.
3. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
4. სერტიფიკატი გაიცემა კონკრეტულ საშუამავლო კომპანიაზე. დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
5. სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში – რეგისტრირებული „დასაქმების სააგენტოების საქმიანობები“, კოდით 78.10.0.
მუხლი 3. სერტიფიცირების პირობები და კრიტერიუმები
1. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ შესაბამისობაში იყოს ამ წესით განსაზღვრულ მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ რესურსთან.
2. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით), სულ მცირე, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10 მ2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ2-ით იზრდება;
ბ) არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები;
გ) აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;
დ) არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;
ე) აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მათ შორის:
ე.ა) საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე, სულ მცირე, 1 საოფისე მაგიდა, სკამი და კომპიუტერი;
ე.ბ) ქსეროქსი, პრინტერი, საკომუნიკაციო ტელეფონი (ქსელური ან მობილური);
ე.გ) ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობა, რომელსაც ექნება ხედვა საშუამავლო კომპანიის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. ვიდეომონიტორინგის მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ჩაწერის სისტემით, არანაკლებ 7 დღის ჩანაწერის შენახვის შესაძლებლობით, რომელიც დაარქივდება სათანადო ინფორმაციის შემნახველზე არანაკლებ 8 თვის ვადით. ასევე თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სათანადო მაფრთხილებელი წარწერა –„მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი“.
3. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის ადამიანური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად განსაზღვრულია, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მსურველ პირს მიაწვდის ინფორმაციას საშუამავლო კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების თაობაზე.
4. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების პროცედურების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „დასაქმების სააგენტოს საქმიანობებად“, კოდით 78.10.0.
5. კომპანია ვალდებულია, სამინისტროს შესაბამისი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარუდგინოს:
ა) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.
6. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიისთვის სერტიფიცირების პროცედურების განხორციელება (მათ შორის, დოკუმენტების განხილვა და შეფასება, ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურების წარმოება, მონიტორინგის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში – თანამშრომლებთან გასაუბრება, სერტიფიცირების საკითხის ორგანიზება და ა. შ.), ასევე საშუამავლო კომპანიის მიერ ხელახალი სერტიფიცირება არის უფასო.
მუხლი 4. საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის ძირითადი მახასიათებლები
1. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების მიზნით, კომპანია ვალდებულია, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად სამინისტროს წარუდგინოს საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომლითაც დაიფარება საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის მხრიდან ბენეფიციარისთვის (დასაქმების მაძიებელი ფიზიკური პირისათვის) მიყენებული მატერიალური (ფინანსური) ზიანი.
2. ვალდებულების შესრულების გარანტიის გამცემი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებული საბანკო ან სადაზღვევო ორგანიზაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული აგრეგირებული ლიმიტი უნდა განისაზღვროს არანაკლებ 50,000 ლარით, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა – სერტიფიკატის მოქმედების ვადის შესაბამისი პერიოდით.
4. ვალდებულების შესრულების გარანტიის მიხედვით მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის (დასაქმების მაძიებელი პირის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელშიც ასახული უნდა იყოს „პრინციპალის“ (საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის) ქმედებით მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა.
5. გარდა ამ წესით განსაზღვრულისა, საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის სხვა პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე საშუამავლო კომპანიასა და საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5. სერტიფიცირებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია
1. სერტიფიცირების მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მოპოვება, ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაცია საშუამავლო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პირების შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) საშუამავლო კომპანიის იურიდიული მისამართი, ასევე ის მისამართი, სადაც აპირებს საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას (ფაქტობრივი მისამართი), ასევე საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა);
გ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის თაობაზე;
დ) ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის არსებობის თაობაზე;
ე) ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს;
ვ) ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.
2. სერტიფიკატის გასაცემად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, სამინისტროს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების კომისიის (შემდგომში – სერტიფიცირების კომისია) მიერ, მოხდება იმ მისამართის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნება კომპანიის მიერ ფაქტობრივი მისამართის გრაფაში (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით).
მუხლი 6. სერტიფიცირების პროცედურები
1. კომპანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მოპოვების მიზნით, ახორციელებს ელექტრონულ რეგისტრაციას სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
2. კომპანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის სერტიფიკატის მოპოვების მიზნით სამინისტროს წარუდგენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულ, სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ, აისახება სპეციალური ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში, მიღებული განაცხადის სახით.
3. სამინისტრო, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ახდენს წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებას და ადგენს მათ შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამინისტრო, კომპანიას განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
5. წარმოდგენილი განაცხადის ამ წესის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის განაცხადს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში – შრომის ინსპექცია).
6. შრომის ინსპექცია, კომპანიის განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ფაქტობრივ მისამართზე, ახდენს კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისობის შემოწმებას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სერტიფიცირების კრიტერიუმებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები არ არის სრულ შესაბამისობაში კომპანიის სერტიფიცირებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ, კომპანიას მიეცემა 5 სამუშაო დღის ვადა გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად.
8. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა განისაზღვროს შეუსაბამობის აღმოფხვრის თაობაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა (მათ შორის, ფოტო/ვიდეო ჩანაწერი, დოკუმენტი, წერილობითი დასაბუთება და სხვა, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია შეუსაბამობის აღმოფხვრის თაობაზე).
9. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი ავსებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობების ფაქტობრივი გარემოებების/შემოწმების მონიტორინგის კითხვარს (შემდგომში – მონიტორინგის კითხვარი), ხოლო ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმით ადგენს სათანადო შესაბამისობის აქტს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მონიტორინგის კითხვარის ფორმას ადგენს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. შესაბამისობის აქტს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და საშუამავლო კომპანიის უფლებამოსილი პირი (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აქტზე კეთდება სათანადო ჩანაწერი).
12. შესაბამისობის აქტი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაუგვიანეს მონიტორინგის განხორციელებიდან მე-3 სამუშაო დღისა, ხოლო მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაუგვიანეს მონიტორინგის განხორციელებიდან მე-8 სამუშაო დღისა აიტვირთება/აისახება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.
13. კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადი სერტიფიკატის მოპოვების თაობაზე შესაძლოა დარჩეს განუხილველი, თუ:
ა) კომპანიის მიერ ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილია განაცხადი სერტიფიკატის მოპოვების თაობაზე და სამინისტროს მიერ ფორმალური შესაბამისობის დადგენისას გამოვლენილია ხარვეზი, რომელიც კომპანიის მიერ არ გამოსწორდება ამ წესით განსაზღვრულ ვადაში;
ბ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ, შეუძლებელია კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე მონიტორინგის განხორციელება, მისამართის არარსებობის, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მონიტორინგის განხორციელებაზე უარის თქმის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მონიტორინგის განხორციელებას.
მუხლი 7. სერტიფიკატის გაცემის პროცედურები
1. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს და შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით შედგენილია სათანადო შესაბამისობის აქტი, განაცხადი და შესაბამისობის აქტი სერტიფიცირების კომისიის სამდივნოს მიერ განსახილველად გადაეცემა სერტიფიცირების კომისიას.
2. სერტიფიცირების კომისია განიხილავს განაცხადსა და შესაბამისობის აქტს და მიიღებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
3. სერტიფიკატის გაცემა ხდება სერტიფიცირების კომისიის მიერ, კომპანიის მიერ განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, რომელიც შესაძლებელია ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4. კომპანიისთვის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სერტიფიცირების კომისიის მიერ, კოლეგიური წესით, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 8. სერტიფიცირების კომისია
1. სერტიფიცირების კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
ა) სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს (კურატორობას უწევს) შრომის საკითხებს;
ბ) სერტიფიცირების კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით:
ბ.ა) დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სერტიფიცირების კომისიის შემადგენლობაში სერტიფიცირების კომისიის წევრის წარმოდგენა;
ბ.ბ) დაევალოს სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტსა და შრომის ინსპექციას სერტიფიცირების კომისიის შემადგენლობაში წევრ(ებ)ის წარმოდგენა. ასევე სერტიფიცირების კომისიის მდივნად (ხმის უფლებით) განისაზღვროს სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს (შემდგომში – შრომითი მიგრაციის სამმართველო) ხელმძღვანელი;
გ) დაევალოს შრომითი მიგრაციის სამმართველოს სერტიფიცირების კომისიის სამდივნოს ფუნქციის განხორციელება.
2. სერტიფიცირების კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სხდომას უძღვება სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – დამსწრე წევრთა უმრავლესობით განსაზღვრული სერტიფიცირების კომისიის წევრი.
4. სერტიფიცირების კომისიის სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 4 წევრისა.
5. სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარეს, სერტიფიცირების კომისიის მდივანსა და სერტიფიცირების კომისიის თითოეულ წევრს აქვთ 1 ხმის უფლება.
6. სერტიფიცირების კომისიის წევრთა ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. სერტიფიცირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
8. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, სერტიფიცირების კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს:
ა) სერტიფიკატის გაცემის საკითხზე;
ბ) სერტიფიკატის შეჩერების საკითხზე;
გ) სერტიფიკატის გაუქმების საკითხზე.
მუხლი 9. სერტიფიცირების კომისიის სამდივნო
1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, სერტიფიცირების კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს შრომითი მიგრაციის სამმართველო.
2. სერტიფიცირების კომისიის სამდივნო, სერტიფიცირების კომისიის სხდომის დანიშვნამდე, ახდენს კომპანიის მიერ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნების შესაბამისი განცხადების მიღებას, ფორმალური შესაბამისობის დადგენას, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მათი გამოსწორების პროცედურების წარმოებას, ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ განაცხადის შრომის ინსპექციისთვის გადაგზავნას (შემდგომი მონიტორინგის მიზნით) და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შესაბამისობის აქტის ან შემოწმების აქტის ატვირთვის შემდეგ განაცხადის, შესაბამისობის აქტის/შემოწმების აქტის სერტიფიცირების კომისიისთვის წარდგენას.
3. სერტიფიცირების კომისიის სამდივნო ასევე უფლებამოსილია:
ა) მოახდინოს სერტიფიკატის მაძიებელი/მფლობელი საშუამავლო კომპანიების აღრიცხვა სათანადო ბაზაში, ასევე სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ბ) მოახდინოს სერტიფიკატის მფლობელი საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსება.
მუხლი 10. სერტიფიცირების კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება
1. სერტიფიცირების კომისიის ოქმი ფორმდება სერტიფიცირების კომისიის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სერტიფიცირების კომისიის ოქმს ხელს აწერს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე, სერტიფიცირების კომისიის მდივანი და სერტიფიცირების კომისიის წევრები (რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას).
2. სერტიფიცირების კომისია იღებს სერტიფიკატის მაძიებელი/მფლობელი საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებას:
ა) სერტიფიკატის გაცემის შესახებ;
ბ) სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
გ) სერტიფიკატის შეჩერების შესახებ;
დ) სერტიფიკატის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ;
ვ) სერტიფიკატის გაუქმების შესახებ;
ზ) სერტიფიკატის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გაუქმდა გაცემული სერტიფიკატი, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/სერტიფიკატის გაუქმებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 11. საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის გაცემის წესი
1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიცირების კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიცირების კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.
3. სერტიფიკატი გაიცემა სამინისტროს მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე.
4. სერტიფიკატის გაცემა ხდება სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიის მიერ სათანადო განაცხადის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, რომელიც შესაძლებელია, ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით, სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
5. სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას სერტიფიცირების კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება ელექტრონული (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით), ასევე შესაძლებელია ეცნობოს მატერიალური ფორმით (გაიგზავნება ფოსტით).
მუხლი 12. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. პირველ ეტაპზე სერტიფიკატი გაიცემა 1 წლის ვადით.
2. განმეორებით სერტიფიცირების შემთხვევაში სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კვლავ 1 წლის ვადით, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე.
3. ორჯერ სერტიფიცირების შემდეგ, პირველადი სერტიფიცირებისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე ყოველი მომდევნო სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.
მუხლი 13. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა
1. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეიძლება, შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საშუამავლო კომპანია დაჯარიმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ წარადგენს სამინისტროში შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) თუ დადგინდა, რომ სამინისტროში ანგარიშგებისას წარდგენილი ინფორმაცია არაზუსტია და საშუამავლო კომპანია არ მოახდენს ამ ინფორმაციის კორექტირებას სამინისტროს მითითებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
გ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საშუამავლო კომპანია აღარ აკმაყოფილებს სერტიფიცირების სავალდებულო იმ კრიტერიუმებს, რომლებზე დაყრდნობითაც ამ საშუამავლო კომპანიაზე გაიცა სერტიფიკატი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებისას, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო სერტიფიცირების კომისიას გადასცემს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. სერტიფიცირების კომისია უფლებამოსილია, საშუამავლო კომპანიას შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედება დარღვევების გამოსწორებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საშუამავლო კომპანია აღმოფხვრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეჩერების საფუძველს და სამინისტროს წერილობით აცნობებს დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო, სერტიფიცირების კომისიის წინაშე განსახილველად, წარადგენს საშუამავლო კომპანიის შუამდგომლობას დარღვევების აღმოფხვრისა და სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის თაობაზე.
5. დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში სერტიფიცირების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის თაობაზე, სერტიფიკატის გაცემისას მითითებული მოქმედების ვადით.
6. თუ საშუამავლო კომპანიის მიერ არ იქნა დარღვევები აღმოფხვრილი სერტიფიკატის შეჩერებიდან 2 თვის ვადაში, სერტიფიცირების კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე.
7. სამინისტრო უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ფაქტისა და შეჩერების/გაუქმების მიზეზის საჯაროობას.
8. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას.
მუხლი 14. სერტიფიკატის გაუქმება
1. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) საშუამავლო კომპანიის ლიკვიდაცია;
ბ) საშუამავლო კომპანიის მიერ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება (კოდი: 78.10.0.);
გ) საშუამავლო კომპანიის მიერ სამინისტროში ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენლობის გამო მესამედ დაჯარიმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, სერტიფიცირების კომისიის სამდივნო შესაბამის დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს სერტიფიცირების კომისიას, რომელიც შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისია უარს იტყვის სერტიფიკატის გაუქმებაზე, მოქმედებს ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურები.
4. საშუამავლო კომპანიას, სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცედურების გასავლელად ხელახლა მიმართოს სამინისტროს სერტიფიკატის გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 15. სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის მონიტორინგი
1. საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირების ამ წესით განსაზღვრულ პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექცია.
2. ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომპანიის მონიტორინგის შემდეგ, შრომის ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისობის აქტის საფუძველზე, სერტიფიცირების კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომპანიისთვის სათანადო სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
3. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, ასევე განახორციელოს საშუამავლო კომპანიის მონიტორინგი სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის შეუსაბამობის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგი ხორციელდება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებით განსაზღვრული არაგეგმური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი ავსებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მონიტორინგის კითხვარს და ადგენს ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულ შემოწმების აქტს, რომელსაც ტვირთავს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.
6. შემოწმების აქტს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და საშუამავლო კომპანიის უფლებამოსილი პირი (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტზე კეთდება სათანადო ჩანაწერი).
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შედგენილ შემოწმების აქტს სერტიფიცირების კომისიის სამდივნო წარუდგენს სერტიფიცირების კომისიას, რომელიც ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ან შეჩერებაზე/გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 16. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა
1. სამინისტრო უზრუნველყოფს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას და მონაცემების სისტემატურად განახლებას მასში ცვლილებების საფუძველზე.
2. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ, სამინისტრო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების საჯაროობას:
ა) საშუამავლო კომპანიის დასახელება;
ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;
გ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა; ვებგვერდი ან სოციალური გვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა (გაცემისა და დასრულების თარიღები);
ე) ინფორმაცია სერტიფიკატის შეჩერების, გაუქმების, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის აღდგენისა შესახებ.
მუხლი 17. პერსონალური მონაცემების დაცვა
სამინისტროს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შრომის ინსპექციისთვის გადაცემა, შრომის ინსპექციის მიერ მონაცემთა დამუშავება და საჯაროობა ხორციელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დანართი 1
სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის აქტი №_____________
__________________________ „__“___________20___წ. (შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
კომპანიის დასახელება ____________________________________________________________________________________________________ _______ ____________________________ (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი)
კომპანიის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი _____________________________________________________________________________________________________ ___________________________________ ( სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი ______________________________________________________________________________________________________ __________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი) განვახორციელე ____________________________________________________________________ (კომპანიის დასახელება, ს/ნ) მონიტორინგი საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის მიზნით. მონიტორინგის ფარგლებში შევსებულ იქნა მონიტორინგის კითხვარი. კითხვარი ადასტურებს კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე, „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესთან“ კომპანიის სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების შესაბამისობის საკითხს.
შესაბამისობის მაჩვენებელი: □ სრულად შესაბამისობაშია □ ნაწილობრივ შესაბამისობაშია □ შეუსაბამოა
_____________________________________________ კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
______________________________________________ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
დანართი 2
სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების აქტი №______________
__________________________ „__“___________20___წ. (შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
საშუამავლო კომპანიის დასახელება ___________________________________________________________________ ____________________________________________________________________ (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი)
საშუამავლო კომპანიის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი) განვახორციელე ____________________________________________________________________ (საშუამავლო კომპანიის დასახელება) მონიტორინგი საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის მიზნით. მონიტორინგის ფარგლებში შევსებულ იქნა მონიტორინგის კითხვარი. კითხვარი ადასტურებს საშუამავლო კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე, „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესთან“ საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების შესაბამისობის საკითხს.
შესაბამისობის მაჩვენებელი: □ სრულად შესაბამისობაშია □ ნაწილობრივ შესაბამისობაშია □ შეუსაბამოა
_____________________________________________ საშუამავლო კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
______________________________________________ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
|
დოკუმენტის კომენტარები