საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3536-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.021043
3536-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
080000000.05.001.021043
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სამხედრო წოდების ჩამორთმევა.“.

2. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და სამხედრო წოდების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 522 მუხლი:

„მუხლი 522. სამხედრო წოდების ჩამორთმევა

1. პირს მინიჭებული სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოერთვას ამ კოდექსის XXXVII და XXXVIII თავებითა და მეთოთხმეტე კარით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

2. პირს სამხედრო წოდება სამუდამოდ ჩამოერთმევა.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3551 მუხლი:

„მუხლი 3551. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული  საქმიანობის უკანონოდ განხორციელება

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა: 

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება გულისხმობს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

5. 356-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება“;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წვევამდელის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3561 მუხლი:

„მუხლი 3561. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის სამსახურში გამოუცხადებლობა

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილას 10 დღის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.“.

7. 357-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 357. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება

პირის მიერ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

8. 382-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 382. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნება

1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას.

2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

9. 388-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“;

ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

10. 389-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ანდა იმავე მიზნით მისი სამსახურში გამოუცხადებლობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: სამხედრო მოსამსახურე ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.“.

11. 3901 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3901. სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარად მოტყუებით

სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

12. 394-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა, რამაც ყარაულის (ვახტის)/სამხედრო მოსამსახურის დასაცავი ობიექტის დაზიანება გამოიწვია, −

ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) პირველი−მე-3 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს;

ბ) მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3536-XIIIმს-Xმპ