ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2028
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024108
275
24/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
240110000.10.003.024108
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2023 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირე“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირე

მუხლი 1.  მიზანი და მოქმედების სფერო

1. „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირე“ (შემდგომში − წესი) ადგენს ქვემოთ ჩამოთვლილ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლის − კერძოდ, ინსპექტირების მინიმალურ სიხშირეს ცხოველების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისა და იმ პირობების, რომელშიც ინახება ან იწარმოება ცხოველები და გასამრავლებელი მასალა:

ა) ხმელეთის ცხოველებისა და საინკუბაციო კვერცხის შემნახველი  აღიარებული საწარმო;

ბ)  მსხვილფეხა საქონლის, ღორის, ცხვრის, თხისა და ცხენის გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის აღიარებული საწარმო;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული აკვაკულტურის ზოგიერთი საწარმო და  აკვაკულტურის საწარმოს ჯგუფები;

დ) ხმელეთის ცხოველთა რეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც ინახავენ მსხვილფეხა საქონელს, ცხვარს ან თხას.

2. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი  2.  ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საწარმო − ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მეურნეობის შემთხვევაში, ნებისმიერი გარემო ან ადგილი, სადაც დროებით ან მუდმივად არიან განთავსებულნი ცხოველები ან გასამრავლებელი მასალა (გენეტიკური მასალა), გარდა:

ა.ა) ოჯახებისა, სადაც შინაური ბინადარი ცხოველები ჰყავთ;

ა.ბ) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებისა ან კლინიკებისა;

ბ) ინკუბატორი − საწარმო, რომელიც აგროვებს, ინახავს, ახორციელებს ინკუბაციას და ჩეკავს კვერცხებს, რათა მიაწოდოს:

ბ.ა) საინკუბაციო კვერცხი;

ბ.ბ) ერთდღიანი წიწილები ან სხვა სახეობის ახალგამოჩეკილი წიწილები;

გ) შეკრების ოპერაცია − ერთზე მეტი საწარმოდან ხმელეთის ცხოველების შეგროვება იმ სახეობის ცხოველის შესაბამისი ბინადრობისთვის საჭირო პერიოდზე ნაკლები დროის განმავლობაში;

დ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის შემკრები ცენტრი − საწარმო, სადაც ერთისა და იმავე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე აღნიშნული ცხოველები გროვდებიან ერთზე მეტი საწარმოდან;

 ე) ცხოველთა თავშესაფარი − საწარმო, სადაც განთავსებულნი არიან ყოფილი უმეთვალყურეო (მიუსაფარი), გარეული, დაკარგული, მიტოვებული ან ჩამორთმეული ხმელეთის ცხოველები და რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, არ იყოს ცნობილი საწარმოში შეყვანის დროს;

ვ) საკონტროლო პუნქტი − ადგილი, სადაც ცხოველებს ასვენებენ არანაკლებ 12 საათისა ან მეტს, „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის დადგენილების I დანართის V თავის 1.5 პუნქტის შესაბამისად;

ზ) გარემოსგან იზოლირებული მწარმოებელი საწარმო − საწარმო, სადაც მის კონსტრუქციასთან ერთად ბიოუსაფრთხოების მკაცრი ზომები უზრუნველყოფს ცხოველების წარმოების ეფექტიან იზოლაციას მასთან დაკავშირებული ობიექტებისა და გარემოსაგან;

თ) შემოფარგლული საწარმო − ნებისმიერი მუდმივი, გეოგრაფიულად შემოსაზღვრული საწარმო, რომელიც შექმნილია ნებაყოფლობითად და აღიარებულია გადაადგილების მიზნით, სადაც ცხოველები არიან:

თ.ა) განთავსებულნი ან გამოყვანილნი გამოფენების, საგანმანათლებლო, სახეობების კონსერვაციის ან კვლევის მიზნებისათვის;

თ.ბ) შემოფარგლული და განცალკევებული გარემოსაგან;

თ.გ) დაქვემდებარებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობასა და ბიოუსაფრთხოების ზომებს;

ი) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის აღიარებული საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული სპერმის შემგროვებელი ცენტრი, ემბრიონის შემგროვებელი ჯგუფი, ემბრიონის წარმოების ჯგუფი, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ან შემნახველი ცენტრი;

კ) აღიარებული საკარანტინო საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმო;

ლ) აღიარებული აკვაკულტურის საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმო;  

მ) აღიარებული აკვაკულტურის საწარმოს ჯგუფი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმოთა ჯგუფი.

მუხლი  3. ინსპექტირების მინიმალური სიხშირე ზოგიერთ აღიარებულ საწარმოში

სააგენტომ მის მიერ აღიარებულ შემდეგ საწარმოებში ყოველ კალენდარულ წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, ცხოველთა და საინკუბაციო კვერცხისა და იმ პირობების ინსპექტირება, რომელშიც ინახება ან იწარმოება ეს ცხოველები და საინკუბაციო კვერცხი:

ა) ინკუბატორები და ფრინველის შემნახველი საწარმო;

ბ) ჩლიქოსანი ცხოველებისა და ფრინველების შემკრები ოპერაციების განმახორციელებელი საწარმო;

გ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის შემკრები ცენტრები;

დ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის თავშესაფარი;

ე) საკონტროლო პუნქტი;

ვ) გარემოსგან იზოლირებული ბაზის მწარმოებელი საწარმო;

ზ) აღიარებული საკარანტინო საწარმო;

თ) შემოფარგლული საწარმო.

მუხლი 4. ინსპექტირების ერთიანი მინიმალური სიხშირე რეპროდუქციული პროდუქტის აღიარებულ საწარმოში

სააგენტომ, ყოველ კალენდარულ წელს, მის მიერ აღიარებულ შემდეგ საწარმოებში უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, ინსპექტირება გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისა (გარდა საინკუბაციო კვერცხისა) და იმ პირობებისა, რომელშიც იწარმოება ეს გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალა:

ა) მსხვილფეხა საქონლისა და ღორის სპერმის შემგროვებელ ცენტრებში − ყოველ კალენდარულ წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ;

ბ) კალენდარულ წელიწადში არანაკლებ ერთხელ:

ბ.ა) ცხვრის, თხისა და ცხენის სპერმის შემგროვებელ ცენტრებში;

ბ.ბ) ემბრიონის შემგროვებელ ან წარმოების ჯგუფში;

ბ.გ) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის გადამამუშავებელ საწარმოში;

ბ.დ) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის შემნახველ ცენტრში.

მუხლი 5.  ინსპექტირების მინიმალური სიხშირე ზოგიერთ აღიარებულ აკვაკულტურის საწარმოსა და აკვაკულტურის საწარმოების ჯგუფში

სააგენტომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, ინსპექტირება აკვაკულტურის ცხოველებისა და იმ პირობების, რომელშიც ეს ცხოველები ინახება აღიარებულ აკვაკულტურის ზოგიერთ საწარმოსა და  აკვაკულტურის საწარმოს ჯგუფში. ეს სახელმწიფო კონტროლი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული აკვაკულტურის საწარმოს ან აკვაკულტურის საწარმოს ჯგუფების ან  დამოკიდებულ კომპარტმენტში რისკის რანჟირებას, შემდეგნაირად:

ა) მაღალი რისკის მქონე საწარმო უნდა შემოწმდეს არანაკლებ ერთხელ კალენდარულ წელიწადში;

ბ) საშუალო რისკის მქონე საწარმო უნდა შემოწმდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელიწადში ერთხელ;

გ) დაბალი რისკის მქონე საწარმო უნდა შემოწმდეს არანაკლებ სამ კალენდარულ წელიწადში ერთხელ.

მუხლი  6.  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფერმებში შემოწმების  მინიმალური სიხშირე

სააგენტომ ყოველ კალენდარულ წელს უნდა განახორციელოს  სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ,  მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ინსპექტირება იმ რეგისტრირებული საწარმოების არანაკლებ 3%-ში, რომლებიც ინახავენ ამ ცხოველებს.