დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3450-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 050000000.05.001.021026 |
|
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორების (თანაავტორების) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისთვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისგან, კინოთეატრისგან და ა. შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს (თანაავტორებს) შორის ბათილია. ეს უფლება ხორციელდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით.“. 2. მე-18 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ამ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისი ტარიფის დადგენის შესახებ ამ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ − ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად.“. 3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის 1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება: ა) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა-ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას; ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლებისას; ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას. 3. ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებით, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ჰონორარი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჰონორარს იხდიან პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები. ამ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს მხოლოდ ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამავე მუხლით განსაზღვრული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობები, შესაბამისი ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შესაბამისი ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრული წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი ნაწილდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს/ავტორებს შორის ამ ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში მათთვის გადახდილი ჰონორარის პროპორციულად. პროპორციის გამოთვლისას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი ჰონორარი არ გაითვალისწინება. 7. თუ „საქპატენტმა“ განსხვავებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ერთზე მეტ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მიანიჭა აკრედიტაცია, ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია, ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარი ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით გაუნაწილოს შესაბამის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს კონფიდენციალურობის დაცვით მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) მხოლოდ მწარმოებლის, წარმოებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და თვითღირებულების შესახებ ინფორმაციას − მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოების შემთხვევაში; ბ) მხოლოდ იმპორტიორების, მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების შესახებ ინფორმაციას − იმპორტირებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების შემთხვევაში. 9. სათანადო მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან ამ მუხლით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დაცვით მიაწოდონ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 10. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესს და განსაზღვრავს იმავე პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს. 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია შესაბამისი სუბიექტების წინაშე პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისთვის. 12. ჰონორარი არ გადაიხდევინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც არის: ა) ექსპორტის საგანი; ბ) პროფესიული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი არ არის საშინაო გამოყენებისთვის. 13. ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში. 14. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.“. 4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისთვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ანარიცხების ოდენობა ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.“. 5. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამით მოსარგებლეებსა და, მეორე მხრივ, მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ფონოგრამის დამამზადებლებისა და შემსრულებლების უფლებებს, შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“. 6. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) დაადგინოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების წესი;“. 7. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი X ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა 1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომ − უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორების, საავტორო უფლებების სხვა მფლობელებისა და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად „საქპატენტი“ ანიჭებს აკრედიტაციას ამ კანონით დადგენილი წესით. 3. ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკუთარი წესდების საფუძველზე და უფლების მფლობელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 5. უფლების მფლობელი, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს საკუთარ ქონებრივ უფლებებს კოლექტიურად სამართავად, ამავე ორგანიზაციას გადასცემს უფლებებს ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებიც მან უკვე შექმნა ან/და რომლებსაც იგი შექმნის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. დაუშვებელია, იურიდიული პირის, გარდა ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა, საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 64 . აკრედიტაცია 1. ორგანიზაციამ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად მისთვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით „საქპატენტს“ უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და იმავდროულად ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ) ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, აქვს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით); გ) ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას; დ) ორგანიზაციას გადახდილი აქვს აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური; ე) ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში და მას არ ადევს ყადაღა; ვ) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ აკრედიტაციის განაცხადს უნდა ერთოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისას ვერ ხდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია (შემდგომ − აკრედიტაციის კომისია) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრედიტაციის კომისია ანიჭებს აკრედიტაციას და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარსადგენად ეძლევა 1-წლიანი ვადა, რომელიც აკრედიტაციის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ცხადდება ძალადაკარგულად და „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე. 5. ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთი და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის „საქპატენტში“ წარდგენის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა შესაბამის სფეროში, აკრედიტაციის კომისია გაითვალისწინებს მის წარსულ საქმიანობას და გამოცდილებას. 6. აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების წესი, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. განმცხადებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკრედიტაციის განაცხადში უნდა მიუთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/ რომელთა კოლექტიური მართვაც მას სურს. თუ აკრედიტაციის კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ დაასკვნის, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს აკრედიტაციის განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ნაწილის მიმართ, აკრედიტაციის კომისიას განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ. 8. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს „საქპატენტში“ მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენისას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება ერთზე მეტმა განმცხადებელმა მოითხოვა, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება. 9. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. 10. განმცხადებელს აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქმება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 11. ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გაიცემა აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უზრუნველყოს საკუთარი საფირმო სახელწოდების ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობა. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით. 13. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ანგარიში ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. 14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემთხვევაში „საქპატენტი“ იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ახალი აკრედიტაციის მისანიჭებლად აცხადებს კონკურსს აკრედიტაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. მუხლი 65. აკრედიტაციის კომისია 1. „საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით. 3. იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე „საქპატენტი“ ვალდებულია გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 4. აკრედიტაციის კომისია იქმნება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 5. აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე (აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 6. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე. 7. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში აკრედიტაციის კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამ კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 9. აკრედიტაციის კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის შემადგენლობას „საქპატენტის“ თანამშრომლებისგან განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარე. 10. აკრედიტაციის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნო. მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლების მფლობელების სახელით და მათ მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ან ამ კანონის საფუძველზე: ა) მოსარგებლეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰონორარის ოდენობისა და ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ; ბ) მოსარგებლეებზე გასცემს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების ლიცენზიებს მისი უფლებების მართვის მანდატის ფარგლებში; გ) აგროვებს ჰონორარებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიების ან მის მიერ მართული უფლებების გამოყენების საფუძველზე; დ) შეგროვებულ ჰონორარებს დროულად ანაწილებს და უხდის უფლების მფლობელებს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე შესაბამისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმოადგენს იმ უფლების მფლობელების ინტერესებს, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს, აგრეთვე ახორციელებს ყველა იმ სამართლებრივ ქმედებას, რომლებიც აუცილებელია უფლების მფლობელების უფლებების დასაცავად და აღსასრულებლად; ვ) უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ახორციელებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას; ზ) წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ უფლების მფლობელებს და აგროვებს მათთვის განკუთვნილ ჰონორარს (მათ შორის, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტით ან ტექსტის გარეშე რეპროდუცირების, საჯარო შესრულების ან/და საჯარო გადაცემის შემთხვევაში) ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოსარგებლეებს მოსთხოვოს, ხოლო მოსარგებლეები ვალდებული არიან მიაწოდონ პროგრამა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან წყარო, რომელიც ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა და აუცილებელია ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსარგებლეს უფასოდ შესთავაზოს ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად საჭირო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფასოდ შექმნას პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სათანადო პირობები. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს იმ უფლების მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც იგი წარმოადგენს. 5. ყველა ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები, რომლებიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერში, კაბელით ან საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებსა და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებებისა და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების, აგრეთვე უფლების მფლობელების სამართლებრივი დაცვის, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის გარეშე გამოყენებასთან ან ჰონორარის გადაუხდელობასთან, უზრუნველსაყოფად საკმარისია ნაწარმოების მცირე ნაწილის იდენტიფიცირება და დაწვრილებითი ჩამონათვალის გამოყენება საჭირო არ არის. 7. თუ ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი საჯაროდ სრულდება, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კანონიერი გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხორციელდება საჯარო შესრულება. ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოლიდარულად. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონის III თავით განსაზღვრული შემთხვევებისა) უფლება აქვს, მისი რეპერტუარისთვის მიკუთვნებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის არაკომერციული მიზნით გამოყენების რეპროდუცირების, გავრცელების, საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის, აგრეთვე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად გახდომის ჩვეულებრივი ლიცენზია გასცეს კულტურული მემკვიდრეობის მმართველ დაწესებულებებზე (ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, არქივები ან/და კინემატოგრაფიულ და აუდიომემკვიდრეობის დარგში არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დაწესებულებები, აგრეთვე საჯარო ინტერესის მატარებელი მსგავსი ტიპის დაწესებულებები), თუ: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე სათანადოდ წარმოადგენს უფლების მფლობელებს შესაბამის ნაწარმოებთან ან/და ამ კანონით დაცულ სხვა ობიექტსა და ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა ობიექტებთან მიმართებით; ბ) უფლების მფლობელების მიმართ იქნება თანაბარი მიდგომა, რომელიც ლიცენზიის პირობებს უკავშირდება. 9. უფლების ყველა მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ამორიცხოს საკუთარი ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან, რაც დაკავშირებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში არსებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტების მიერ არაკომერციული მიზნით გამოყენებასთან. აღნიშნული უფლება ვრცელდება ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან სრულად ამორიცხვაზე, აგრეთვე თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე, მათ შორის, ლიცენზიის ხელმოწერის ან მის შესაბამისად ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების დაწყების შემდეგ. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების „საქპატენტისთვის“ წარდგენა. მუხლი 661. მიზნობრივი დაქვითვები 1. უფლებების მართვის საფასურის მაქსიმალური ოდენობა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლებების სამართავად გაწეული დასაბუთებული და დადასტურებული ხარჯების მიღმა ნებისმიერი თანხა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხისა, გადაანაწილოს უფლების მფლობელებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებების სამართავად გაწეული ხარჯები შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტზე ნაკლებია. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის ნაწილი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ ორგანიზაციის იმ ფონდების საქმიანობისთვის, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი დაქვითვები გამოიყენება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით დადგენილი წესით. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისგან უფლების მართვის ნებართვის მიღებამდე შეგროვებული ჰონორარიდან უფლებების მართვის საფასურისა და სხვა მიზნობრივი დაქვითვების შესახებ. 4. უფლებების მართვის საფასური და სხვა მიზნობრივი დაქვითვები უნდა შეესაბამებოდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის, როცა ეს შესაძლებელია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომსახურების ჩათვლით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიზნობრივი დაქვითვა გამოიყენება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით. მუხლი 662. ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია რეგულარულად, გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით ანაწილებს თავისი საქმიანობიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს იმ უფლების მფლობელებზე, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს განცალკევებული ანგარიშები: ა) უფლების მართვასთან დაკავშირებული ჰონორარისთვის; ბ) საკუთარი ქონების მართვიდან ან კანონით ნებადართული სხვა საქმიანობიდან წარმოშობილი შემოსავლისთვის; გ) ჰონორარისთვის, რომელიც ვერ განაწილდა უფლების მფლობელებზე მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან/და მიკვლევის შეუძლებლობის გამო. 3. ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები განსაზღვრული უნდა იყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰონორარის პროპორციული, არადისკრიმინაციული, სათანადო და სამართლიანი განაწილება, აგრეთვე არ რჩებოდეს აღნიშნული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელების შესაძლებლობა. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია შეგროვებული ჰონორარი უფლების მფლობელებს გადაუხადოს იმ ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა, რომელშიც შეგროვდა ჰონორარები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს კონკრეტულად მოსარგებლეების ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზი, საჭიროა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მფლობელებთან დააზუსტოს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ ინფორმაცია ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც დადგენილი ვადის დაცვა ვერ ხერხდება. 5. თუ უფლების მფლობელების იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან მათი მიკვლევის შეუძლებლობის გამო უფლების მფლობელებისთვის ჰონორარის გადახდა ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ ვადიდან გამონაკლისი არ გამოიყენება და შეგროვებული თანხები ინახება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ცალკე ანგარიშზე. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა უფლების მფლობელების იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა ეს ორგანიზაცია თავისი ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას იმ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ, რომლის ერთი ან ერთზე მეტი უფლების მფლობელი იდენტიფიცირებული არ არის. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახელწოდებას (სათაურს); ბ) უფლების მფლობელის სახელს ან სახელწოდებას; გ) შესაბამისი გამომცემლის ან დამამზადებლის სახელს; დ) მოსარგებლეების კატეგორიის შესახებ, კერძოდ, რომელ კატეგორიაში მოხდა ამ ნაწარმოების ან/და კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება; ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებას ან მიკვლევას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებასთან ერთად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია აგრეთვე ამოწმებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ხელმისაწვდომ ჩანაწერებს. 9. ჰონორარს, რომელიც ვერ განაწილდა იმ ფინანსური წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც იგი შეგროვდა, ენიჭება გაუნაწილებელი ჰონორარის სტატუსი. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი სრულად უნდა გაუნაწილოს უფლების მფლობელებს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე წევრებს აცნობოს გაუნაწილებელი ჰონორარის, მათ შორის, მისი ოდენობისა და წარმომავლობის, შესახებ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება ამ კანონის 6613 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ, უფლების მფლობელების მიერ ამ თანხების ანაზღაურების უფლების მოთხოვნის ხელყოფის გარეშე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ამავე ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგენილ იქნეს გაუნაწილებელი ჰონორარის განკარგვის ზოგადი წესი. 12. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუნაწილებელი ჰონორარიდან თანხები გადარიცხოს ამავე ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებში. ამ ფონდებში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს და ყოველწლიურად უნდა გამოქვეყნდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე. 13. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად. 14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელებს ჰონორარის გადახდასთან ერთად წარუდგინოს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს მათი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაციას. 15. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განკარგოს ის ჰონორარი, რომელიც განაწილებული/მოთხოვნილი არ იქნა 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ ფინანსური წლის დასრულებიდან, რომელშიც ეს ჰონორარი შეგროვდა. აღნიშნული ჰონორარი შეიძლება მიემატოს უფლების მფლობელებისთვის გასანაწილებელი ჰონორარის ოდენობას ან გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ სარგებელი მოუტანოს უფლების მფლობელებს, მათ შორის, გადაირიცხოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ფონდებში. ჰონორარის განკარგვის შესაბამისი ფორმის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. მუხლი 663. გადახდები ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უცხო ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებს უნაწილებს და უხდის ჰონორარს იმ ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა, რომელშიც ჰონორარი შეგროვდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მომხმარებლების ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზი, საჭიროა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მფლობელებთან დააზუსტოს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ ინფორმაცია ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც დადგენილი ვადის დაცვა ვერ ხერხდება. მუხლი 664. უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით 1. უფლების მფლობელი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას სამართავად გადასცეს საკუთარი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია მართოს მისთვის გადაცემული უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობა, თუ იგი/ისინი თანხვედრაშია მისი საქმიანობის ფარგლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ორგანიზაცია ობიექტურად დასაბუთებული მიზეზის საფუძველზე უარს იტყვის უფლების მართვაზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უფლების მართვაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრული უნდა იყოს ამავე ორგანიზაციის წესდებით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ნებისმიერ უფლებაზე, უფლებათა კონკრეტულ კატეგორიაზე, სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობაზე გასცეს არაკომერციული მიზნით გამოყენების ლიცენზია შესაბამისი უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 3. უფლების მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება სრულად ან მისთვის სასურველ ფარგლებში, აგრეთვე უფლების მფლობელი (მათ შორის, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრი უფლების მფლობელი) უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან გამოითხოვოს ნებისმიერი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან უფლების კატეგორიათა ჯგუფები, დაკავშირებული სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობასთან (გარდა ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა), აღნიშნულის თაობაზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტა ან ხელშეკრულებიდან გასვლა ან ნებისმიერი უფლების, უფლებათა კონკრეტული კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების გამოთხოვა ძალაში შევიდეს მიმდინარე კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილების მართვის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს მომავალი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე. 4. უფლების მფლობელს უნარჩუნდება იმ ჰონორარის მოთხოვნის უფლება, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ მის სახელზე შეაგროვა გაცემული ნებართვის ან ლიცენზიის შეწყვეტამდე ან ასეთი მოთხოვნის წაყენებამდე. 5. უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, უფლების მფლობელს შეუზღუდოს საკუთარი ქონებრივი უფლებების უცხო ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციისთვის სამართავად გადაცემის უფლება. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელისგან ქონებრივი უფლებების სამართავად ნებართვის მიღებამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი უფლებების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, შესახებ. 7. დაუშვებელია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უარი თქვას ქონებრივი უფლებების მართვაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 665. მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ლიცენზირება 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვალდებული არიან ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემის პროცესში მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. ისინი ვალდებული არიან ერთმანეთს მიაწოდონ ლიცენზიის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ყველა ინფორმაცია. 2. ლიცენზირების პირობები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ლიცენზირების პროცესში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ მოეთხოვება სხვა მოსარგებლესთან შეთანხმებული ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის პირობების, როგორც პრეცედენტის, წარდგენა. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით მოსარგებლის მიმართვა განიხილოს გონივრულ ვადაში და ამ მიზნით მოსთხოვოს მას ლიცენზირებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსარგებლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ განმარტებას შესაბამისი საფუძვლის მითითებით. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მისცეს ელექტრონული საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ლიცენზირების ანგარიშის წარდგენისას. 5. მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახავს ინფორმაციას ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოსაანგარიშებლად და გასანაწილებლად. 6. მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეთანხმებულ ან წინასწარ დადგენილ ვადასა და ფორმატში მიაწოდოს ამ ორგანიზაციის მართვის ქვეშ მყოფი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ჰონორარების შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია არ გაამჟღავნოს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ და მოსარგებლემ უნდა გაითვალისწინონ შესაბამის სფეროში მოქმედი სტანდარტები. 7. ერთი კატეგორიის მოსარგებლეებისთვის უნდა არსებობდეს ლიცენზირების თანაბარი პირობები. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, საკმარისი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადოს ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე. მუხლი 666. ტარიფების დადგენა 1. ამ კანონით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას უფლების მფლობელმა უნდა მიიღოს მისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესაბამისი ჰონორარი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ჰონორარს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან შეთანხმებული ოდენობით აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე იმავე პუნქტითა და ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მიაწოდოს ტარიფების დადგენის კრიტერიუმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სატარიფო გეგმები გამოაქვეყნოს თავისი ვებგვერდის მეშვეობით და სთხოვოს „საქპატენტს“ მათი გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე სატარიფო გეგმების გამოქვეყნების შემთხვევაში „საქპატენტი“ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ტარიფების ელექტრონულად ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინებას. 5. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრული წესით. ამ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ტარიფები დამტკიცებისთანავე წარუდგინოს „საქპატენტს“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. მუხლი 667. უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მათი უფლებების მართვის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ ყოველი უფლების მფლობელისთვის, რომელსაც მან უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი გადაუხადა ან რომლისთვისაც გადახდები განახორციელა იმ პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება ინფორმაცია, ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზედაც წვდომის უფლება მას მიღებული აქვს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებისთვის და მისი ადგილსამყოფლის დასადგენად; ბ) უფლების მფლობელების მიერ მისაღები ჰონორარების ოდენობის შესახებ; გ) მის მიერ უფლებათა კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით უფლების მფლობელებისთვის გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ; დ) იმ პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება, რომლისთვისაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თანხები შეაგროვა და გადაუხადა უფლების მფლობელებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლეების მიერ ანგარიშებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელს უშლის მას, უფლების მფლობელებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია; ე) გამოქვითვების შესახებ, რომლებიც განხორციელებულია, როგორც უფლებების მართვის საფასური; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფისადმი დაქვემდებარებული, ნებისმიერი მიზნით შესრულებული გამოქვითვების შესახებ, გარდა უფლებების მართვის საფასურისა; ზ) ნებისმიერი შემოსავლის შესახებ, რომელიც მიღებულია იმ უფლებების მართვიდან, რომლებიც მიეკუთვნება უფლების მფლობელს, და, მიუხედავად შეგროვების პერიოდისა, გადაუხდელია. მუხლი 668. სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ცალკეული უფლებების და უფლებათა კატეგორიების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული: ა) ზუსტი ინფორმაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ გადახდილი ჰონორარის შესახებ, აგრეთვე უფლებათა და უფლებათა გამოყენების ტიპის მიხედვით გადახდილი ჰონორარების შესახებ და შეგროვების პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი ნებისმიერი შემოსავლის თაობაზე ინფორმაცია; ბ) უფლებების მართვის საფასურის სახით განხორციელებული გამოქვითვების თაობაზე ინფორმაცია; გ) გაცემული ლიცენზიების თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე იმ მოსარგებლეების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც უარი ეთქვათ ლიცენზიის გაცემაზე; დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მიერ წარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლების მართვასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესახებ ინფორმაცია. მუხლი 669. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დაუყოვნებლივ აწვდის მას სულ მცირე: ა) ინფორმაციას პირდაპირ ან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით სამართავად გადაცემული ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების შესახებ, აგრეთვე უფლებების თაობაზე დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში; ბ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ასეთი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მიერ მართული უფლების შესახებ ინფორმაციას, დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში. მუხლი 6610. ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ორგანიზაციის წესდება; ბ) ორგანიზაციის წევრობის მარეგულირებელი და უფლების მართვაზე გაცემული ნებართვის შეწყვეტის წესები, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ორგანიზაციის წესდებით; გ) სალიცენზიო ხელშეკრულების სტანდარტები და მოქმედი ტარიფები (შეღავათების ჩათვლით); დ) ამ კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების სია; ე) უფლების მფლობელებისთვის ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები; ვ) უფლებების მართვის საფასურის შესახებ; ზ) სხვა გამოქვითვების წარმოების შესახებ პოლიტიკა, მართვის საფასურის გარდა, მათ შორის, შეგროვებული ჰონორარებიდან, აგრეთვე გამოქვითვები სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის; თ) მის მიერ დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია და იმ ორგანიზაციების სახელწოდება, რომლებთანაც დადებულია აღნიშნული ხელშეკრულებები, და მათ თაობაზე ინფორმაცია; ი) გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა; კ) საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის პროცედურები, რომლებიც მითითებულია ამ კანონის 6614 მუხლში. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მუდმივი განახლება. ამ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მუხლი 6611. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი საფინანსო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საფინანსო წლის დასრულებიდან 8 თვის ვადაში, მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში. ეს ანგარიში მისი გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 2. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს ბალანსს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების წლიურ ანგარიშს და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას; ბ) აქტიური ლიცენზიების შესახებ (მათ შორის, ახალი ლიცენზიების თაობაზე, რომელთა გაცემაც მოხდა საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში, დაყოფილი უფლების ან უფლებების კატეგორიების მიხედვით) და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობითი სტრუქტურის აღწერას; დ) ნებისმიერი იურიდიული პირის შესახებ, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია; ე) ორგანიზაციის თავმჯდომარის, გამგეობის, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს და სხვა კომისიებისა და საბჭოების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მთლიანი ოდენობის და მათთვის მინიჭებული სხვა სარგებლის შესახებ; ვ) ფინანსურ ინფორმაციას შეგროვებული ჰონორარების შესახებ, მართვის ქვეშ მყოფი უფლებების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით (მაგალითად, მაუწყებლობა, ონლაინშესრულება, საჯარო შესრულება), მათ შორის, ინფორმაციას ჰონორარების ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავლების და ასეთი შემოსავლების გამოყენების მიზნობრიობის თაობაზე (მიუხედავად იმისა, ის უფლების მფლობელებს შორის განაწილდა, სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას გადაერიცხა ან სხვა მიზნობრიობით იქნა გამოყენებული); ზ) ფინანსურ ინფორმაციას უფლებების მართვის საფასურისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული სხვა მომსახურების შესახებ. ამ ინფორმაციაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სულ მცირე შემდეგი საკითხები: ზ.ა) ყველა სამართავად გაწეული და ფინანსური ხარჯი, რომლებიც მოცემული უნდა იყოს მართვის ქვეშ მყოფი უფლებებისა და უფლებათა კატეგორიების მიხედვით. ნებისმიერი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც ერთი ან რამდენიმე უფლების კატეგორიას არ მიეკუთვნება, უნდა შეიცავდეს ამ ხარჯების განაწილების მეთოდის აღწერას; ზ.ბ) ნებისმიერი ფინანსური ხარჯები, მათ შორის, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მომსახურებებზე გაწეული ხარჯები; თ) შეგროვილი ჰონორარების (მათი დეტალური აღწერის მითითებით) შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: თ.ა) უფლების მფლობელებისთვის შეგროვებულ ჯამურ თანხას, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.ბ) უფლების მფლობელებისთვის გადახდილ ჯამურ ჰონორარს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.გ) გადახდების შესრულების სიხშირეს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.დ) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა უფლების მფლობელებზე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა; თ.ე) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა; თ.ვ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განაწილებისა და გადახდების განუხორციელებლობის შემთხვევაში − მისი დაგვიანების მიზეზებს; თ.ზ) ინფორმაციას ჯამური გაუნაწილებელი თანხების შესახებ და ამ თანხების გამოყენების შემთხვევაში − ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით იქნა გამოყენებული ეს თანხები; თ.თ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ თანხების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში − სპეციალურ ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული სარგებლის და ამ სარგებლის განაწილების შესახებ ინფორმაციას; ი) სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ი.ა) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიდან მიღებულ და მათთვის გადახდილ თანხებს, უფლების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ი.ბ) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებისთვის შეგროვებული ჰონორარებიდან უფლების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ი.გ) სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და გადმორიცხული ჰონორარებიდან უფლებების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს ფინანსური წლის განმავლობაში სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების ოდენობასა და თითოეულის მიზნობრიობის ტიპის თაობაზე ინფორმაციას. 3. გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია 2 წელიწადში ერთხელ უნდა შეამოწმოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთმა აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. აუდიტის დასკვნა, მათ შორის, ნებისმიერი შეფასება, სრულად უნდა აისახოს გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამჭვირვალობის კრიტერიუმები ვრცელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებზე. მუხლი 6612. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის, იურიდიული პირი), თუ იგი აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. უფლების მფლობელის აღნიშნული ორგანიზაციის წევრად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის განაცხადი ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ამ ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს ამავე ორგანიზაციის წესდებით, აგრეთვე შესაძლებელია დადგინდეს ორგანიზაციის წევრად მიღების სპეციალური წესები, რომლებიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიან და ქმედით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის წევრების თანაბარი მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციის წევრებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა, მასთან კომუნიკაცია განახორციელონ ელექტრონულად, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, აგრეთვე წევრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს და რეგულარულად განაახლოს თავისი წევრების რეესტრი. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციიდან წევრის გასვლის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციიდან გასულ წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს ორგანიზაციიდან მისი გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს ფინანსური წლის დასრულების შემდეგ. მუხლი 6613. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ. 2. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს შეეხება) შეტანის შესახებ, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული წესების თაობაზე. 3. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს მათ ანაზღაურებასა და წახალისებასთან, როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს. 4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა; ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა; გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება; დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება; ე) რისკების მართვის პოლიტიკა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა; ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა; თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. 5. საერთო კრება აკონტროლებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობას სულ მცირე აუდიტორის დანიშვნითა და გათავისუფლებით, აგრეთვე ამტკიცებს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 პროცენტს ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ კვალიფიციური დასკვნის მოსამზადებლად შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი აგრეთვე არსებობს, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი. 9. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაში მონაწილე წარმომადგენელი სარგებლობს უფლების მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით. მუხლი 6614. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონითა და ამ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელების კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო. 2. უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სამართლიანად. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება მათ მიერ ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები. 4. სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შეაფერხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს, ისევე, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომლის უფლებებსაც ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს აღნიშნული ორგანიზაცია, უფლება აქვთ, სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის, დახმარების ან/და დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციას, ხელშეკრულების შეწყვეტას ან უფლებების გამოთხოვას, წევრობის პირობებს, აგრეთვე ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ პირებს, რომელთა უფლებების ან უფლებათა კატეგორიების მართვასაც ახორციელებს აღნიშნული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ, როდესაც განსახილველი საკითხი შეეხება ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ყველა საჩივარს ან მოთხოვნას უპასუხოს წერილობით. ამ ორგანიზაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 8. სამეთვალყურეო საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მიმართვას განიხილავს დაუყოვნებლივ. 9. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავა გადაწყვიტოს მხარეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. დავის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად. 10. დავის გადაწყვეტის პროცესში სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, გამგეობის წევრებს და ნებისმიერ თანამშრომელს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს წლიური ანგარიში და საბუღალტრო დოკუმენტები. 11. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობილი დავა შეწყდება, თუ: ა) მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას; ბ) ნებისმიერი მხარე სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნის შეტყობინებას ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს შეტყობინებას, რომ მხარეს აღარ სურს დავის გაგრძელება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეფასებით, საკითხი ვერ გადაწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი დავის ფარგლებში, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება; დ) ამოიწურა საქმისწარმოებისთვის დაწესებული თავდაპირველი და დამატებითი ვადები, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება. 12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დავის განხილვა არ ართმევს მხარეს უფლებას, მიმართოს სასამართლოს. მუხლი 6615. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ორგანიზაციას უხელმძღვანელონ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით, იმოქმედონ ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა გამორიცხოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი იდენტიფიცირება, მართვა, კონტროლი და აღმოფხვრა ისეთი საშუალებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უარყოფითი ზეგავლენა ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესებზე. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინონ ინდივიდუალური ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიმართ არსებული ნებისმიერი ინტერესის შესახებ; ბ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის, საპენსიო დანამატის, აგრეთვე ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მიღებული სარგებლის შესახებ; გ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული იმ ჰონორარის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს, როგორც უფლების მფლობელებმა; დ) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინტერესებსა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის, ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების სხვაგვარად შეუსრულებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პირის შესახებ. მუხლი 6616. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების და „საქპატენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს „საქპატენტი“. 2. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით აღნიშნული ორგანიზაციისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ ორგანიზაციის მიერ განაწილებული ჰონორარის რაოდენობისა და განაწილების პრინციპის, უფლებების სამართავად დაკავებული თანხის ოდენობისა და ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით „საქპატენტი“ უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის შედეგად დგება ანგარიში. „საქპატენტის“ მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, „საქპატენტი“ უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში ეგზავნება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და ქვეყნდება ამ ორგანიზაციის ვებგვერდსა და „საქპატენტის“ ვებგვერდზე. 5. „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. 6. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მოკვლევის შედეგების საფუძველზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მიიწვიოს ზეპირ განხილვაზე. 7. თუ „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას გამოვლინდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 6615 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში მოიწვიოს საერთო კრება, რომელზედაც განხილული იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 8. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მიიღოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 6615 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში. მუხლი 6617. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მოკვლევის ჩატარება, მოკვლევის დასკვნის განხილვის შედეგები 1. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის 6616 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთ აუდიტორულ ფირმას, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ეკისრება აუდიტის მთლიანი ღირებულება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მისი სამართავად გაწეული ხარჯებიდან. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოკვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს აუდიტორთან, შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი საჭიროდ მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში აუდიტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „საქპატენტს“, რაც შეიძლება გახდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. აუდიტორის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა ეგზავნება „საქპატენტს“. 4. აუდიტორის მოკვლევის დასკვნის საფუძველზე „საქპატენტი“ მიმართავს ამ კანონის 6616 მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. მუხლი 6618. აკრედიტაციის შეწყვეტა 1. მიუხედავად ამ კანონის 6617 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა, თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი არ იქნება დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ. 2. „საქპატენტი“ ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. 3. აკრედიტაციის შეწყვეტა ნიშნავს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეწყვეტას უფლების მფლობელებისთვის უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე აკრედიტაციის გაგრძელებას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება „საქპატენტის“ მიერ ახალი აკრედიტაციის მინიჭებამდე. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აკრედიტაცია ვადაზე ადრე შეუწყდება აგრეთვე ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარუდგენლობის ან ამ ხელშეკრულებების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეუწყვიტოს აკრედიტაცია კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. 9. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება, უფლებათა იმავე კატეგორიაში ახალი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია ამ კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედების განხორციელება აღნიშნული ორგანიზაციის სახელით. 11. ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით შეუწყდა აკრედიტაცია, ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უზრუნველყოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების შესაბამისობა ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით.“. მუხლი 2 1. „საქპატენტი“ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში აცხადებს კონკურსს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. აკრედიტაციის მოპოვების მსურველებმა უნდა მიმართონ „საქპატენტს“ ამ კანონის მოთხოვნების დაცვით კონკურსის გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. თუ აკრედიტაციის მისანიჭებელი კონკურსის ფარგლებში შემოტანილი არ იქნება განაცხადი ან აკრედიტაციის მინიჭება არ მოხდება, ახალი კონკურსი გამოცხადდება ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან პირველი აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ამ კანონის ამოქმედების დღისთვის არსებულ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას (ორგანიზაციებს) შეუნარჩუნდეს (შეუნარჩუნდეთ) უფლებამოსილება და მიეცეს (მიეცეთ) უფლება, კოლექტიური უფლებების მართვა განახორციელოს (განახორციელონ) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციით. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად მიენიჭება აკრედიტაცია, აკრედიტაციის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) უფლებამონაცვლედ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების და მოსარგებლეების მიმართ. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციის (ორგანიზაციების) წევრები ჩაითვალონ ახლად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წერილობით უარს განაცხადებენ აკრედიტებული ორგანიზაციის წევრობაზე (გარდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ აკუმულირებული თანხები განაწილდება იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე. თანხა, რომლის მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია, გადაეცემა ორგანიზაციას, რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა, ამ კანონით დადგენილი წესით განსაკარგავად აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. 4. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ პირველად აკრედიტებული ორგანიზაცია ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) უფლებამონაცვლედ უცხო ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტის“ მოთხოვნის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მუხლი 3 1. 2023 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესები; ბ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები. 2. 2023 წლის 1 სექტემბრამდე „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 3 ივლისი 2023 წ. N3450-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები