„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3461-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.021017
3461-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 21/07/2023
450140000.05.001.021017
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ქ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება, ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი.“.

3. 24-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო შედგება 11 წევრისგან – მეურვისგან.

2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს/თავმჯდომარის მოადგილეს მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭო თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო აირჩა – მისი არჩევის მომენტიდან. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.“.

5. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო:

ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, აგრეთვე ცვლილება შეაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;

გ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, აგრეთვე ცვლილება შეაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;

დ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებას და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტში ცვლილებას და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ვ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;

ზ) გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს აღემატება;

თ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს აღემატება;

ი) განსაზღვრავს გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

კ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

ლ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.“.

6. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“.

7. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს. ამ ბიუჯეტში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი ხარჯები.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების (მათ შორის, თანადაფინანსების) მიზნით სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის.“.

8. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. აუდიტი

1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

2. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარე აუდიტს.

3. გენერალური დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორი ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წინაშე.

5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვს, დაავალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

6. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვს, დაავალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს ანგარიში

1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;

ბ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;

გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;

დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;

ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;

თ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;

ი) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

კ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს.

3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებში.

4. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.“.

9. 353 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო;“.

10. 354−359 მუხლები ამოღებულ იქნეს.

11. 3510−3512 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3510. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

2. დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

3. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

4. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5. დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დირექტორობის კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს.

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დირექტორთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს.

7. დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებითა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მუხლი 3511. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) იგი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

გ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

დ) იგი 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ განახორციელებს ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

ე) მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდობლობას გამოუცხადებს – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;

ვ) იგი საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის ოფიციალურად წარდგენის დღიდან;

ზ) იგი გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

5. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს უნდობლობა არ გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

მუხლი 3512. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 17%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს.“.

12. 3513 მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 762 მუხლი:

„მუხლი 762. 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა

1. ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ბიუჯეტის 16%-ისა და ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლის 365-ზე განაყოფის ოდენობის თანხით. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სათანადო ხელმძღვანელმა ორგანოებმა ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ განახორციელონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამ პუნქტით დადგენილი ოდენობის თანხით დაფინანსების უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023 წლის ბიუჯეტში სათანადო ცვლილების შესატანად.

2. 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 16%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.“.

მუხლი 2

1. ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის არჩეული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა, რომლითაც იგი ამ მუხლის ამოქმედებამდე აირჩა აღნიშნულ თანამდებობაზე, უცვლელი დარჩეს.

2. ამ მუხლის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს. ამასთანავე, მათ ამ პუნქტის შესაბამისად მიეცეთ კომპენსაცია. ეს კომპენსაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებისთანავე შეუწყდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, მიეცეს ყოველთვიურად მისი უფლებამოსილების დარჩენილი ვადის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ პერიოდში არ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობას ანდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან სხვა სახის შრომით ურთიერთობას არ დაამყარებს. აღნიშნული კომპენსაციის ოდენობაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესაბამისი წევრისთვის მიცემული ბოლო თვის ჰონორარის ოდენობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 3512 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 3512 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3461-XIIრს-Xმპ