დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3305-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.020970 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;“. 3. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“. 4. 90-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.“. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა ან ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3305-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები