რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3284-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.020968
3284-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 06/07/2023
360090000.05.001.020968
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი, დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად და იმ პირთა უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ახორციელებენ მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება.

2. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროებში, აგრეთვე რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებს.

3. ამ კანონის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება არამაიონებელი გამოსხივება და მის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, ასევემაიონებელი გამოსხივების წყაროს სამხედრო მიზნით გამოყენება.

4. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან გამორიცხულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასა და რადიოაქტიურ წყაროზე, რომლის დონეები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 2. აკრძალული საქმიანობა

1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, ფლობასა და გადაცემას, ამ იარაღისა და მოწყობილობების პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს, მათ შესაქმნელად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, ასევე ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არამშვიდობიანი მიზნით გამოყენებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება იწვევს საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

მუხლი 3. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის მიზნებია:

ა) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში;

ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ­− ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ − მარეგულირებელი ორგანო) ფუნქციების განსაზღვრა მაიონებელი გამოსხივების წყაროს მშვიდობიანი მიზნით გამოყენებაზე მარეგულირებელი კონტროლის განსახორციელებლად;

გ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით;

ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში,ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით გამოწვეული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას პერსონალის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება;

გ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ ქვეყნებს შორის დადებულ შეთანხმებას;

დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მოპყრობა;

ე) ბირთვული დაცულობა − ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიურ მასალასთან, ასოცირებულ ობიექტთან ან ასოცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამ ქმედებებზე რეაგირება;

ვ) ბირთვული დაცულობის კულტურა − მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და ქცევის ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ბირთვული დაცულობის მდგრადობას;

ზ) ბირთვული დაცულობის სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული ტერორიზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის პრევენცია;

თ) ბირთვული უსაფრთხოება − ოპერირების სათანადო პირობები, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია და ამ სიტუაციის შედეგების მიტიგაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც ხორციელდება არასათანადო რადიაციული რისკისგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა;

ი) ბირთვული უსაფრთხოების კულტურა − მახასიათებლებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა, რომლითაც რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განსაზღვრულია პრიორიტეტულად და მათ პირის საქმიანობაში სათანადო ყურადღება ენიჭება;

კ) ბირთვული მასალა − სპეციალური ხლეჩადი მასალა ან ნებისმიერი საწყისი მასალა. სპეციალურ ხლეჩად მასალას განეკუთვნება: ურანი-233, ურანი-235-ით ან ურანი-233-ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა აღემატება ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ ზემოხსენებულ ნივთიერებას; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ-238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს. საწყის მასალას განეკუთვნება: ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი და თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით;

ლ) ბუნებრივი გამოსხივება − გარემოში მუდმივად არსებული მაიონებელი გამოსხივება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან გარემოში არსებულ წყაროებთან, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია;

მ) დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა;

ნ) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე;

ო) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი;

პ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, რომელსაც შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება და რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო, სამრეწველო ან სამედიცინო მიზნით;

ჟ) მაიონებელი გამოსხივების წყარო − მაიონებელი გამოსხივების გენერატორი, რადიოაქტიური წყარო ან სხვა რადიოაქტიური მასალა;

რ) მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტის ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ს) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტი − ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული I და II ავარიული მზადყოფნის კატეგორიებისთვის მიკუთვნებული ობიექტები, ასევე ნებისმიერი დანიშნულების ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც საობიექტო შემთხვევების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ობიექტზე დაცვითი ღონისძიებებისა და რეაგირების სხვა ღონისძიებების მიღება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნების მისაღწევად; ან სადაც წარსულში მოხდა ამგვარი საობიექტო შემთხვევა;

ტ) მოსახლეობის დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად ადამიანების პროფესიული ან/და სამედიცინო დასხივება;

უ) ოპერატორი − პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება;

ფ) პროფესიული დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად პერსონალის დასხივება, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს;

ქ) რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ;

ღ) რადიაციული დაცვა − ადამიანთა დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და მისი მიღწევის საშუალებები;

ყ) რადიაციული რისკი − რადიაციული დასხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ასევე, ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც დასხივების, რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში გაფრქვევის, ასევე ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციასა და რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის პირდაპირი შედეგია;

შ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში მათ არსებობას;

ჩ) რადიოაქტიური მასალა − რადიოაქტიური ნივთიერების შეცველი მასალა;

ც) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;

ძ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე;

წ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ჭ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ხ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია რადიაციული დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია;

ჯ) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო;

ჰ) რადიონუკლიდი − ქიმიური ელემენტის ატომი, რომლის ბირთვი არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას;

1) რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ფარგლებში;

2) რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების ცალკეული კატეგორიის გამიზნული გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლის სფეროდან;

3) რეგულირებიდან გათავისუფლება − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური გამოსავალია;

4) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის დროს ან მკურნალობის მიზნით; პაციენტის დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც ვრცელდება პროფესიული დასხივება); მოხალისე, რომელიც ჩართულია ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამაში;

5) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

6) საქმიანობის გაფართოება − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება;

7) უსაფრთხოების შეფასება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება;

8) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ან მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა გადაცემული ავტორიზაციის გარეშე;

9) ფიზიკური დაცვა − მაიონებელი გამოსხივების წყაროს, ბირთვული მასალისა თუ შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანების, დაკარგვის, უკანონო დაუფლებისა და გადაცემის პრევენციის ღონისძიებები.

მუხლი 5. რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები

მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის მიზნით, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის − რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა უპირველესად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება;

ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება − ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას უნდა არეგულირებდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული კანონმდებლობის დაცვით;

გ) უსაფრთხოების ეფექტიანი მართვა და ხელმძღვანელობა − ამ კანონით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, შექმნან და შეინარჩუნონ დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ბირთვული უსაფრთხოების კულტურა;

დ) დასაბუთება − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანის ან/და მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს საქმიანობის შედეგად მიყენებულ შესაძლო ზიანს. არსებული ან მოსახლეობის დასხივების სიტუაციაში, დასხივების ახალი გზების ან არსებულის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა დასაბუთდეს შემდეგი პრინციპით, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ზიანზე უფრო მეტი სარგებლის მომტანი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;

ე) ოპტიმიზაცია − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიაციული დაცვის ზომები, რათა მოსახლეობის დასხივებისადმი და პროფესიული დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირების ინდივიდუალური დოზების მასშტაბი, დასხივების ალბათობა და დასხივებული ადამიანების ოდენობა შენარჩუნდეს გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, არსებული ტექნიკური ცოდნისა და ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. სამედიცინო დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირის დაცვის ოპტიმიზაცია უნდა გავრცელდეს დასხივების ინდივიდუალურ დოზებსა და სამედიცინო დანიშნულებასთან შესაბამისობაზე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;

ვ) დოზური ზღვრები − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის მიერ მიღებულმა დასხივების ჯამურმა დოზამ არ გადააჭარბოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რათა არავინ აღმოჩნდეს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული დაუშვებელი რისკის ქვეშ. დოზური ზღვრების პრინციპი არ ვრცელდება სამედიცინო დასხივებაზე;

ზ) დღევანდელი და მომავალი თაობების რადიაციული რისკისგან დაცვა − რადიაციული რისკის კონტროლის მიმდინარე ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი შესაძლო შედეგები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა ამგვარი რისკებისაგან აწმყოსა და მომავალში;

თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და შედეგების მიტიგაციისათვის უნდა განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება;

ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება − მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისი ავტორიზებული პირები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილი უწყებები ვალდებული არიან, ჩამოაყალიბონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების სისტემა;

კ) არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება − არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებები უნდა იყოს დასაბუთებული და ოპტიმიზებული.

მუხლი 6. ბირთვული დაცულობის პრინციპები

სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების შედეგებისაგან ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, ბირთვული დაცულობის ეფექტიანი რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა − სახელმწიფომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ბირთვულ მასალაზე, სხვა რადიოაქტიურ მასალაზე, ასოცირებულ დანადგარსა და ასოცირებულ საქმიანობაზე;

ბ) ბირთვული დაცულობის სფეროში პასუხისმგებლობების განსაზღვრა − საქართველოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვროს მარეგულირებელი ორგანოს, სხვა კომპეტენტური უწყებებისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობები და თანამშრომლობის ვალდებულება ბირთვული დაცულობის სფეროში;

გ) პასუხისმგებლობა ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვის − ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვისპასუხისმგებლობა უპირველესადბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება;

დ) პასუხისმგებლობა ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის საერთაშორისო გადაზიდვისათვის − სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შესაბამისი დაცვა, ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაზეც, ამ პასუხისმგებლობის სხვა სახელმწიფოსთვის სათანადოდ გადაცემამდე;

ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა − ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუზრუნველყოფილ იქნეს მათი აღსრულება;

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება − სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად;

ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა, ეს საფრთხეები სახელმწიფოს იურისდიქციას ექვემდებარება თუ არა, ასევე მათი შეფასების მუდმივ განახლებას;

თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის სამიზნეები და პოტენციური შედეგები;

ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა − ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას, ღონისძიებების ან/და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, დიფერენცირებულ მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას უნდა ეფუძნებოდეს;

კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს მფლობელ ორგანიზაციაში ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, მასზე დროული რეაგირების მიზნით;

ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმების შემუშავებასა და პერიოდულად მათ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე;

მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა − ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობის გასაძლიერებლად თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები, ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდულად გამოცდა და შეფასება, შედეგიანი, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აგრეთვე შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და მიტიგაციის პროცედურები.

მუხლი 7. საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა

1. აკრძალულია საკვებ პროდუქტში, სათამაშოში, სამკაულში, კოსმეტიკურ საშუალებასა და სამომხმარებლო პროდუქტში რადიოაქტიური ნივთიერების განზრახ დამატება, ასევე ამ საგნების იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

2. დაუშვებელია რადიონუკლიდებით დაბინძურებული საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის გამოყენება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.

3. აკრძალულია რადიონუკლიდებით დაბინძურებული სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.

 

თავი II. ეროვნული მარეგულირებელი სისტემა

მუხლი 8. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია

1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება;

ბ)რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა.

2. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

 გ) ამ სფეროებში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობა;

დ) ამ სფეროებში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;

ე) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი კომპეტენციებია:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მაიონებელი გამოსხივების გამზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორის მფლობელი ობიექტისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების მიღება; ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, ინციდენტის ადგილის შესწავლა, გამოსაკვლევი ობიექტის ამოღება და მისი შემდგომი კვლევა; რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის პრევენცია და გამოვლენა;

გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემების შექმნა, მათი ფუნქციონირების, მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − მისდამი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის სამედიცინო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების დაგეგმვა და ორგანიზება; დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და დასხივებულ პირთა აღრიცხვა; რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია; დასხივებულ პირთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის პროცედურის დადგენა;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა;

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა, ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.

მუხლი 10. მარეგულირებელი ორგანო

1. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირებას.

2. მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების მარეგულირებელ კონტროლს.

3. მარეგულირებელი ორგანო კომპეტენტურია რადიაციულ დაცვასთან, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებულ საკითხებში და მას საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და რესურსები.

მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები

მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია:

ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება;

გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება;

ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება;

თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;

ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება;

კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი;

ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის;

მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის;

ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;

რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა;

ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული;

უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა;

ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.

მუხლი 12. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია

1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების მხარდაჭერა;

დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა;

ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.

მუხლი 13. მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური და ადამიანური რესურსი

1. მარეგულირებელი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით.

2. მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობა უნდა ფინანსდებოდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

მუხლი 14. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

1. მარეგულირებელი ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2. მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას.

3. მარეგულირებელი ორგანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, აწვდის მაღალაქტიური დახურული და სხვა რადიოაქტიური წყაროსა თუ რადიოაქტიური მასალის დაკარგვის, ქურდობის ან აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას.

4. მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით შემუშავებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული ეროვნული პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით.

მუხლი 15. ფიზიკური პირის უფლება-მოვალეობები

1. ფიზიკური პირი ვალდებულია, დაიცვას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) იცხოვროს და იმუშაოს რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;

გ) მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღებაში;

დ) მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლების დასაცავად ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

თავი III. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება

მუხლი 16. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება და ავტორიზაცია

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ექვემდებარება მარეგულირებელი ორგანოსათვის შეტყობინებას ან ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად, გარდა რეგულირებიდან გამორიცხული საქმიანობისა და მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ტრანსპორტირებისა და შენახვისა.

2. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის (რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის) გარეშე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობისა.

მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება

1. მარეგულირებელი ორგანო იღებს შეტყობინებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე.

2. მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინების ფორმა განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 18. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზანია რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

2. მარეგულირებელი ორგანო, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებლისათვის განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვებს.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 19. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია

1. მარეგულირებელი ორგანო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს:

ა) რენტგენის დანადგარის (გარდა რკინიგზის სტაციონარული რენტგენის სკანერის და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა) გამოყენებით ბარგის კონტროლი;

ბ) დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება;

გ) ოსტეოდენსიტომეტრიის რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება;

დ) მეორადი რენტგენის გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობების გამოყენება;

ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით (გარდა I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროებისა) ვაჭრობა;

ვ) V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენება;

ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება;

თ) ქრომატოგრაფის გამოყენება;

ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და გაზომვების ჩატარება;

კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.

2. მარეგულირებელი ორგანოსთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას განუსაზღვრელი ვადით ახორციელებს.

4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია.

მუხლი 20. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა

1. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს იმ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის, რომელიც შეტყობინებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ არის გამორიცხული რეგულირებიდან.

2. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას განუსაზღვრელი ვადით გასცემს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 21. ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება

1. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისა ან/და ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გასაფართოებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს.

2. ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად, მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. რეგისტრაციის მფლობელმა ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

მუხლი 22. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები

1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვას გასცემს შემდეგ საქმიანობებზე:

ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი;

ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი;

გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი;

დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა;

ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება;

ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი;

ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.

2. მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით:

ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად;

ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად;

გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად;

დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევებში წარუდგინოს მათ სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ნებართვის საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის მიწოდების წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 23. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა მარეგულირებული ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღოს წერილობითი განმარტება;

გ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გაასაჩივროს იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 24. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის პროგრამა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა და ბირთვული დაცულობის გეგმა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბირთვული და რადიაციული ობიექტის გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ობიექტის დეკომისიის გეგმა;

გ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა 7 დღის ვადაში;

დ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;

ე) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;

ვ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყარო, რომელსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია, ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე კონტეინერში;

ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ, ხოლო რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად, აგრეთვე რადიაციული დაცვისა და ბირთვული დაცულობისთვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი;

თ) ორგანიზება გაუწიოს პერსონალის ჯანმრთელობის ყოველწლიურ პროფესიულ შემოწმებას და დააფინანსოს იგი, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა;

ი) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის;

კ) ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხების თაობაზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგების ჩატარება;

ლ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რადიაციული დაცვა;

მ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალა, რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები;

ნ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის, მათ შორის, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;

ო) შეასრულოს ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვები;

პ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს თავის მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ხოლო დარღვევისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;

ჟ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;

რ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

ს) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას ან რეგისტრაციას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს;

ტ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

2. ამ კანონში მითითებული, ასევე განმცხადებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტები, სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო დოკუმენტაცია და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არის სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო პირობები, რომელთა დაცვაც ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მიერ სავალდებულოა.

მუხლი 25. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ადმინისტრაციული წარმოება

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით ხორციელდება.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი, საქმიანობის რეგისტრაციის მისაღებად, მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ითხოვს რეგისტრაციის მაძიებელი და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.

4. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

5. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ან საქმიანობის გაფართოებას და უკვე ფლობს სხვა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას ან ლიცენზიას, მარეგულირებელი ორგანო არ იკვლევს იმ სალიცენზიო ან/და სარეგისტრაციო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც წინა ლიცენზიის ან/და რეგისტრაციის გაცემისას დადგინდა.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში რეგისტრირებული პირი ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს ამ ცვლილების თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

8. თუ რეგისტრირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ასევე აქვს მის ფილიალსაც. რეგისტრირებული იურიდიული პირი ვალდებულია მისი ფილიალის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ფილიალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მქონე იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე რეგისტრაციის გაცემას.

9. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაფართოების თაობაზე რეგისტრირებული პირის მიერ მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე.

10. განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ;

ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა;

გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა.

11. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

მუხლი 26. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს.

4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება.

5. რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც.

მუხლი 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ;

ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა;

გ) ბირთვული დაცულობის გეგმა;

დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა.

4. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

5. ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია:

ა) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების შესახებ;

ბ) რადიოაქტიური წყაროს მწარმოებლის/მომწოდებლის საგარანტიო წერილი I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ (იმპორტის შემთხვევაში);

გ) რადიოაქტიური მასალის მიმღების, გამგზავნის და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის შესახებ;

დ) ტრანზიტის შემთხვევაში, რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის თანხმობა რადიოაქტიური წყაროს მიღების შესახებ.

6. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

7. ბირთვულ მასალასთან ან/და I, II და III კატეგორიების რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გასაცემად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 28. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება

1. მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას, ლიცენზიას ან/და ნებართვას, თუ:

ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული;

ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებს;

გ) განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება.

2. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში − სამინისტროში ან სასამართლოში.

მუხლი 29. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა.

მუხლი 30. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.

2. კონკრეტულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად, მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება ან/და დაცულობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.

მუხლი 31. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება

1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შესაძლებელია იყოს გეგმური ან/და არაგეგმური.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების აღსრულების მხარდაჭერას უზრუნველყოფს სათანადო ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსებით.

მუხლი 32. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანი და ამოცანები

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო რეაგირება.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების ამოცანებია:

ა) ავტორიზებული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, სარეგისტრაციო ან/და სალიცენზიო პირობების ან/და შეზღუდვების შესრულების კონტროლი ან/და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების დარღვევის გამოვლენა;

ბ) არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა;

გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 33. ობიექტის დათვალიერება

1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, განახორციელოს ობიექტის დათვალიერება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ობიექტის დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს ავტორიზებული ან არაავტორიზებული პირისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არ არის საჭირო.

მუხლი 34. იძულებითი ღონისძიებები

1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების ან/და შეზღუდვების დარღვევის ან არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში.

2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სარეგისტრაციო ან სალიცენზიო, ან სანებართვო პირობის ან/და შეზღუდვების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.

3. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად ადგენს გონივრულ ვადას და წერილობით ატყობინებს დამრღვევს.

4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები/შეზღუდვები ან/და გაუუქმოს რეგისტრაცია ან/და ლიცენზია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმებს, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესებს ამტკიცებს მინისტრი.

6. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონით.

მუხლი 35. იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას

1. თუ პირი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებს ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, პირს დროებით შეუჩეროს საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა).

2. მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელს იმ პერსონალის სამუშაოზე არდაშვება, რომლის კვალიფიკაცია ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელი თავის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.

4. მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორი, იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

თავი IV. რადიაციული დაცვა

მუხლი 36. რადიაციული დაცვის კონტროლი

1. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან ადამიანებისა და გარემოს დასაცავად, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასხივების დოზური ზღვრები მარეგულირებელი ორგანოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის.

2. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის საქმიანობები ან/და წყაროები, რომლებზეც არ გავრცელდება მარეგულირებელი ორგანოს კონტროლი, თუ:

ა) ადამიანებისთვის მაიონებელი გამოსხივების რისკები საკმაოდ დაბალია;

ბ) მთლიანობაში რადიოლოგიური ზემოქმედება საკმაოდ დაბალია;

გ) საქმიანობა ან წყარო, საკუთარი მახასიათებლებით, მიიჩნევა უსაფრთხოდ და არ არსებობს იმგვარი სიტუაციის წარმოშობის ალბათობა, რომლის დროსაც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება.

3. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებიდან ამოღების ის მნიშვნელობები, რა შემთხვევაშიც, ავტორიზებული საქმიანობის ფარგლებში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის რეგულირებიდან ამოღების გადაწყვეტილება.

მუხლი 37. რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები

ავტორიზაციის მაძიებელი/ავტორიზებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:

ა) მას სათანადოდ უნდა ჰქონდეს აღქმული რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;

ბ) მან პერსონალისა და მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის უნდა განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, მათ შორის, დადგენილ ზღვრებამდე მიღებული დოზების შენარჩუნება და როგორც აწმყოში, ისე მომავალში, მოსახლეობისათვის მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისათვის ყველა აუცილებელი ზომის მიღება;

გ) მან სათანადო უსაფრთხოების, მათ შორის, რადიოლოგიური საფრთხეებისაგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები;

დ) მან უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების და ბირთვული დაცულობის შესაბამისი გეგმა;

ე) მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასხივების დოზური ზღვრების გადაუჭარბებლობა და განახორციელოს პერსონალის დასხივების მონიტორინგი;

ვ) მას დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა;

ზ) მას რადიოაქტიური ნარჩენების განთავსებისა და დეკომისიის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შექმნილი ფინანსური გარანტიები;

თ) მან მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი სპეციალისტები უნდა დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ი) მან ავტორიზებული საქმიანობის ცვლილება, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, არ უნდა განახორციელოს;

კ) მან ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე, არ უნდა გააფართოოს;

ლ) მან მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია.

მუხლი 38. ავტორიზებული პირის მოვალეობები რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად

ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, დაიცვას პერსონალისთვის, მოსახლეობისა და გარემოში რადიონუკლიდების გაშვებისათვის დადგენილი დოზები, გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

მუხლი 39. სამედიცინო დასხივება და პაციენტის დაცვა

1. გარდა ამ კანონით დადგენილი ზოგადი ვალდებულებებისა, სამედიცინო დასხივების რეგულირების მიზნით, „ტექნიკური რეგლამენტის − „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები:

ა) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;

ბ) იმ პირთა დაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც მაიონებელი გამოსხივების წყაროებს იყენებენ;

გ) პაციენტთა დაცვით ღონისძიებებთან, მათ შორის, საქმიანობის დასაბუთებასთან და დასხივების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით;

დ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორებისა და რადიონუკლიდების შემცველი მოწყობილობების პროექტირებისა და ფუნქციონირების კრიტერიუმებთან დაკავშირებით;

ე) რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოებისა და დაცულობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

2. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელმა ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთმა პაციენტმა არ მიიღოს დიაგნოსტიკური ან თერაპიული დასხივება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის დანიშნულების გარეშე, რომლის უპირველესი ფუნქცია და ვალდებულებაა სამედიცინო დასხივების დანიშვნისას და მიმდინარეობისას პაციენტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

თავი V. რადიოაქტიური წყარო

მუხლი 40. რადიოაქტიური წყაროს მარეგულირებელი კონტროლი

1. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს რადიოაქტიური წყაროს და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის მარეგულირებელ კონტროლს.

2. მარეგულირებელი კონტროლის მიზანია ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა რადიოაქტიური წყაროს გამოყენების დაწყებიდან დასრულებამდე.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია ხორციელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და ეფუძნება ადამიანებისა და გარემოსათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას, თუ დადგენილი წესით არ იქნება უზრუნველყოფილი ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.

მუხლი 41. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი

1. საქართველოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო წესების საფუძველზე შემუშავებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს რადიოაქტიური წყაროს მიმღების თაობაზე ინფორმაციის შეფასების ვალდებულებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს რადიოაქტიური წყაროს მიღების ავტორიზაცია და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

3. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებას, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, დარწმუნდეს, რომ იმპორტიორ ქვეყანას აქვს შესაბამისი ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა რესურსები, ასევე მოთხოვნილი რადიოაქტიური წყაროს მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მარეგულირებელი სტრუქტურა.

4. I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის ნებართვის გაცემა უნდა განხორციელდეს იმპორტიორი ქვეყნისთვის წინასწარი შეტყობინებით და მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.

მუხლი 42. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო და მასზე კონტროლის განხორციელების აღდგენა

1. ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს რადიოაქტიურ წყაროზე კონტროლის განხორციელების დაკარგვის ან რადიოაქტიურ წყაროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სიტუაციის ან ინციდენტის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა რადიოლოგიური ან ქონების/გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება.

2. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს იმ აღმოჩენილი უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, რომლის მფლობელის დადგენა შეუძლებელია;

ბ) შეაგროვოს და გააანალიზოს ქვეყანაში წარსულში გამოყენებული რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირის ან/და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ ინფორმაცია შესაძლო უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს არსებობის დასადგენად;

გ) უზრუნველყოს დროული რეაგირება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისას, მათზე კონტროლის აღდგენის მიზნით;

დ) დაეხმაროს სახელმწიფო უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, (სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, აეროპორტს, პორტს, საზღვაო სივრცეს, ჯართის შემგროვებელ პუნქტსა და ჯართის გადამამუშავებელ საწარმოს, სხვა ორგანიზაციებს) შეიმუშაონ და განახორციელონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების აღმოსაჩენად.

3. მოთხოვნები და პროცედურები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს მოძიებისა და მასზე მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის თაობაზე განისაზღვრება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესის ტექნიკური რეგლამენტით.

 

თავი VI. დეკომისია

მუხლი 43. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები

1. ამ კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა უნდა დასრულდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიით, გარდა შემდეგი ობიექტებისა:

ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც ექვემდებარება დახურვას, შემდგომი კონტროლის დაწესების პირობით;

ბ) ობიექტი, რომლის ყველა დანადგარის, მოწყობილობისა და კონსტრუქციის დაშლა რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნას არ გამოიწვევს;

გ) ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების ინჟინრულად გამართული შესანახი.

2. დეკომისია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე.

3. საქართველოს კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს დეკომისიის მოთხოვნები, მათ შორის:

ა) უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები, დეკომისიის საბოლოო მდგომარეობის პირობების ჩათვლით;

ბ) რადიონუკლიდების შემცველი დანადგარების მარეგულირებელი კონტროლისაგან გათავისუფლების ლიმიტები და პირობები;

გ) დეკომისიის დროს და დასრულებისას რადიოაქტიური მასალის ამოღების კრიტერიუმები.

მუხლი 44. დეკომისიის გეგმა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის პირველადი გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს ობიექტის ტიპის, სტატუსისა და მისი დეკომისიისას დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, მშენებლობამდე უნდა განახორციელოს ადგილის საბაზისო გამოკვლევა, მათ შორის, შეისწავლოს რადიოლოგიური პირობები.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის გეგმა უნდა განაახლოს 10 წელიწადში ერთხელ ან/და მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით.

4. თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის პირველად გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეცვლილი გარემოებების ასახვისთვის შეცვალოს და განაახლოს დეკომისიის გეგმა და შესათანხმებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს.

5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს დეკომისიის გეგმის გაცნობა და მასზე მოსაზრებების გამოთქმა მის შეთანხმებამდე.

6. ავტორიზებულმა პირმა დეკომისიის საბოლოო გეგმა უნდა მოამზადოს და მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად წარუდგინოს დეკომისიის აქტივობების განხორციელებამდე.

7. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროგრამის არსებობა იმ ადგილებისათვის, სადაც დეკომისიის შემდეგ კვლავ შეზღუდულია ადგილის სამომავლო გამოყენება.

8. მარეგულირებელმა ორგანომ დეკომისიის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს მასთან შეთანხმებული დეკომისიის გეგმის შესაბამისად დასრულებული დეკომისიის ღონისძიებების დამადასტურებელი ანგარიშების სათანადოდ შენახვა.

მუხლი 45. დეკომისიის დროს ავტორიზებული პირის ვალდებულებები

დეკომისიის დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება, დაცულობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების განხორციელებისას;

ბ) მოამზადოს დეკომისიის გეგმის განსახორციელებლად საჭირო უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებები;

გ) შექმნას იმ ძირითადი საკითხებისა და ცვლილებების მონაცემთა შენახვის სისტემა, რომლებიც შეიძლება მოხდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის არსებობისას და რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დეკომისიაზე;

დ) ეფექტიანად და დროულად უზრუნველყოს ადგილის საბაზისო კვლევა;

ე) დაასაბუთოს დეკომისიის ახალი ან გამოუცდელი მეთოდები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;

ვ) საბოლოო დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოს აცნობოს 2 თვით ადრე და წარადგინოს ობიექტის დეკომისიის განაცხადი, დეკომისიის საბოლოო გეგმასთან ერთად, ოპერირების საბოლოო შეწყვეტამდე 2 წლით ადრე;

ზ) დაყოვნებული დემონტაჟის შემთხვევაში უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოება და შესაბამისი დეკომისიის განხორციელება მომავალში;

თ) დეკომისიის უსაფრთხოდ განსახორციელებლად უზრუნველყოს სათანადო მართვის სისტემა და პერსონალი, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების გადამზადება საჭირო უნარებისა და ცოდნის მისაღებად;

ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ასოცირებული საფრთხეების შესაბამისი ქმედებები და ინციდენტების შესახებ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს;

კ) დეკომისიის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა.

მუხლი 46. დეკომისია

1. დეკომისიის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს დეკომისიის გეგმაში ცვლილების შეტანა, რაც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით უნდა განხორციელდეს.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულებისას, დეკომისიის დასახული მიზნის მიღწევის დასადასტურებლად, უნდა განახორციელოს რადიოლოგიური მონიტორინგი.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულების შემდეგ მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება დეკომისიის შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების ჩათვლით.

4. მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო მდგომარეობა, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა.

5. ბირთვული და რადიაციული ობიექტი მარეგულირებელი კონტროლისაგან არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი არ დაადასტურებს, რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული.

მუხლი 47. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების დასაფარად.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები.

3. დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში. დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, ასევე უნდა გადაიხედოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც.

4. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

თავი VII. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო  სიტუაციისათვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება

მუხლი 48. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა

1. დაუშვებელია პირის ავტორიზება, თუ მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე შემუშავებული და მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა (შემდგომ − რეაგირების გეგმა).

2. პირმა რეაგირების გეგმის შემუშავებისას:

ა) უნდა შეაფასოს ბირთვული ან რადიოლოგიური სიტუაციის მოსალოდნელი რისკი, საფრთხე და სავარაუდო მასშტაბი, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და მოქცეული ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობაც;

ბ) მხედველობაში უნდა მიიღოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ნებისმიერი შემთხვევის ანალიზის შედეგები და ამ შემთხვევით მიღებული გამოცდილება.

3. რეაგირების გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) მოთხოვნას, ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, როდესაც მოსალოდნელი რადიოლოგიური რისკის გამო საჭიროა რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) შესაბამისი ფუნქციების განაწილებას;

გ) იმ გარემოებების იდენტიფიცირებას, რომლის დროსაც რეაგირება საჭიროა;

დ) დაცვითი ღონისძიებების ინტერვენციულ დონეებსა და მათი გამოყენების მასშტაბს სავარაუდო საგანგებო სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით;

ე) შესაბამის უწყებებთან დაკავშირებისა და მათგან დახმარების მისაღებად კომუნიკაციის დამყარების წესებსა და პროცედურებს;

ვ) საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების შესაფასებელი მეთოდოლოგიისა და საშუალებების აღწერას;

ზ) თითოეული დაცვითი ღონისძიების შეწყვეტის კრიტერიუმებს;

თ) რეაგირების გეგმის შესაბამისობის შესამოწმებლად, ასევე, ყველა ჩართული მხარის სათანადო ინფორმირებულობისა და მომზადების უზრუნველსაყოფად, პერსონალის ტრენინგების, გადამზადებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების პერიოდულობასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებს;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შედეგად შესაძლო დაზარალებული მოსახლეობისთვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდების დებულებებს;

კ) სხვა დებულებებს, რომლებიც განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. რეაგირების გეგმის შემმუშავებელმა პირმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით, უნდა გადახედოს მას, განაახლოს და გამოსცადოს იგი.

5. ავტორიზებულმა პირმა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში უნდა განახორციელოს მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული რეაგირების გეგმა.

მუხლი 49. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა

1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს მარეგულირებელი ორგანო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

3. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმით უნდა განისაზღვროს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის კატეგორიები, მზადყოფნასა და რეაგირებაში ჩართული ყველა პირის უფლებამოსილებები და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხები.

4. საქართველოს მთავრობამ გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა განსაზღვროს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დაცვის სტრატეგია.

მუხლი 50. ტრანსსასაზღვრო ავარია

1. თუ განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად არსებობს საქართველოს ფარგლების გარეთ რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელების რისკი, მარეგულირებელმა ორგანომ, ოფიციალური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და იმ ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებსაც ეხებათ ან შეიძლება შეეხოთ რადიოლოგიურად მნიშვნელოვანი დაბინძურება „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ და „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.

 

თავი VIII. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება

მუხლი 51. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების რეგულირების რეჟიმი

1. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების მოთხოვნები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უახლესი რეგულაციებისა და „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ 1957 წლის 30 სექტემბრის ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად, განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის – „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებით.

2. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების შემუშავებული მოთხოვნებით განისაზღვრება რადიოაქტიური მასალის კატეგორიზაცია ტიპის, რაოდენობისა და გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით დადგენილი პოტენციური საფრთხის შესაბამისად, ასევე რადიოაქტიური მასალის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები.

მუხლი 52. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების ავტორიზაცია

დაუშვებელია რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე.

 

თავი IX. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები

მუხლი 53. ბირთვული მასალის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების ვალდებულება

საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად, ბირთვული მასალის გამოყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნითაა დასაშვები.

მუხლი 54. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება

1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა (შემდგომ − შეთანხმება) და ამ შეთანხმების დამატებითი ოქმის (შემდგომ − დამატებითი ოქმი) შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს ბირთვული იარაღისა და მასალის, აგრეთვე ატომური იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობის გაუვრცელებლობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია.

2. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს:

ა)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტრუქტურებსა და უწყებებთან კოორდინაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსათვის შეთანხმებითა და დამატებითი ოქმით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად;

ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის დროულად მიწოდება;

გ) საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის განხორციელების, ასევე ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი დაშვების ხელშეწყობა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მხარდაჭერა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად;

ე) შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის, საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და დანერგვა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. დამატებითი ოქმის მოთხოვნების იმპლემენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით − „გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესი“.

მუხლი 55. ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში

შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის საკითხებზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს:

ა) შეამოწმოს შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული ობიექტი ან მისი ცალკეული ნაგებობა;

ბ) შეამოწმოს ბირთვული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული დანადგარები ან/და საქმიანობა;

გ) განახორციელოს არსებული ბირთვული მასალის ვერიფიკაცია;

დ) ჩაატაროს გაზომვები და აიღოს სინჯები შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული დანადგარის, ობიექტის ან მისი ცალკეული ნაგებობის ნებისმიერი ადგილიდან.

მუხლი 56. ბირთვული მასალის მფლობელის ვალდებულებები ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში

ბირთვული მასალის მფლობელი ვალდებულია:

ა) აღწეროს თავის საქმიანობაში გამოყენებული ბირთვული მასალის ფიზიკური და ქიმიური თვისებები;

ბ) აღრიცხოს ბირთვული მასალა, აწარმოოს ფიზიკური ინვენტარიზაცია და წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს ანგარიშები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ბირთვული მასალით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ორგანიზაციის საპროექტო დიზაინისა და სხვა მოსალოდნელი ცვლილების ჩათვლით;

დ) უზრუნველყოს ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოების ზომების მიღება დადგენილი წესით;

ე) დაუყოვნებლივ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ბირთვული მასალის დაკარგვის ან აღმოჩენის შესახებ.

 

თავი X. რადიოაქტიური ნარჩენები

მუხლი 57. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის, ამ კანონის, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა რადიოაქტიური ნარჩენი საბოლოოდ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში უნდა იქნეს განთავსებული.

3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქცია ეკისრება მარეგულირებელი ორგანოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტს, რომლის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 58. ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ძირითადი მოთხოვნები

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე სრულად უნდა იქნეს დაცული ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მეთოდოლოგიები უნდა განისაზღვროს დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებით.

3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 59. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ავტორიზაცია და პასუხისმგებლობა

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ექვემდებარება ლიცენზირებას კანონის შესაბამისად.

2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისათვის უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტისთვის გადაცემამდე.

3. მარეგულირებელი ორგანო პასუხისმგებელია იმ რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისათვის, რომელთა კანონიერი მფლობელის დადგენაც შეუძლებელია.

მუხლი 60. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი

1. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი.

3. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ:

ა) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი არ განხორციელდეს სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით;

ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურა, ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია რადიოაქტიური ნარჩენების იმგვარი მართვისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების დაცვით;

გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური დასტური;

დ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნები დაცულ იქნეს.

 

თავი XI. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი

 მუხლი 61. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნები

ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის, ბირთვულთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნებია:

ა) მოსახლეობისა და გარემოს დაცვა, ასევე დაცულობისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფა;

ბ) საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

გ) ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი და უსაფრთხო გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა;

დ) ბირთვული იარაღის და ასაფეთქებელი ან რადიონუკლიდების გამფრქვევი მოწყობილობების გავრცელების პრევენციის საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერა.

მუხლი 62. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია

1. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი და იმპორტი ავტორიზაციის გარეშე.

2. საქართველოს კანონმდებლობით დეტალურად უნდა განისაზღვროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის პროცესი, მათ შორის:

ა) ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქონლის სია;

ბ) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის სიის პერიოდული გადახედვისა და განახლების თაობაზე დებულებები, ტექნოლოგიური მიღწევების შედეგებისა და შესაბამისი გარემოებების ცვლილებების სიაში ასახვისათვის;

გ) საქონლის საბოლოო მიმღების კონტროლი;

დ) საქონლის ექსპორტის დაწყებამდე შეტყობინების ვალდებულება, თუ ამგვარი შეტყობინება საჭიროდაა მიჩნეული;

ე) ავტორიზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

მუხლი 63. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

1. მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის ექსპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ექსპორტირებული საქონლის მიმღებ ქვეყანას გაკეთებული აქვს მბოჭავი განაცხადი მისაღები საქონლის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ;

ბ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების რეჟიმი გავრცელდება გადასაზიდ მასალაზე;

გ) ექსპორტირებული საქონლის მიმღები ქვეყანა ყველა საკუთარ ბირთვულ მასალასა და დანადგარს გარანტიების საერთაშორისო რეჟიმს უქვემდებარებს;

დ) მესამე ქვეყანაში საქონლის გადაზიდვა ექვემდებარება ამ ქვეყნის მხრიდან წინასწარი თანხმობის უფლებას;

ე) ექსპორტირებულ მასალაზე გასავრცელებელი ფიზიკური დაცვის დონეები შეესაბამება „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციით დადგენილ დონეს;

ვ) განმცხადებელმა წარმოადგინა ინფორმაცია ექსპორტირებული საქონლის საბოლოო გამოყენებისა და მისი საბოლოო მიმღების თაობაზე, რაც ადასტურებს საქონლის მშვიდობიანი მიზნით და უსაფრთხოდ გამოყენების განზრახვას;

ზ) ბირთვული მასალა არ გადაიგზავნება იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით მისი გადაგზავნა დაუშვებელია.

2. მარეგულირებელმა ორგანომ საქონლის იმპორტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირება არ არის აკრძალული;

ბ) იმპორტირებული საქონლის მიმღებს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) იმპორტირებული საქონლის საბოლოო მიმღებს აქვს სათანადო ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობები და რესურსები იმპორტირებული საქონლის გამოსაყენებლად ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების მიხედვით.

 

თავი XII. ბირთვული დაცულობა, ფიზიკური დაცვა და არალეგალური მიმოქცევა

მუხლი 64. ბირთვული დაცულობა

1. ბირთვული დაცულობის მიზანია ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვა ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების უარყოფითი შედეგებისგან.

2. ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპლექსურად, რათა ბირთვული დაცულობის ღონისძიებებმა არ დააზიანოს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პირიქით.

3. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეფექტიანი ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმის შექმნას, ფუნქციონირებასა და სტაბილურობას დაცულობასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.

4. ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმით უნდა ჩამოყალიბდეს:

ა) პირობები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს უკანონო დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს;

ბ) დაკარგული ბირთვული მასალის ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გაწევის, ინფორმაციის მიწოდებისა და საბოტაჟის შედეგების მაქსიმალურად შემცირების ღონისძიებები, ასევე აღმოჩენილი მასალისა და წყაროს დაბრუნების ოპერატიული ზომები;

გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ტრანზიტის აკრძალვა;

დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ბირთვული დაცულობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ზომები.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მუხლი 65. ფიზიკური დაცვა

1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.

2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება:

ა) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია და რადიოაქტიური ნარჩენების კლასები;

ბ) დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციასა და რადიოაქტიური ნარჩენების კლასებზე დამყარებული დაცვის ღონისძიებები;

გ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები;

დ) ავტორიზაციის მოთხოვნები და პროცედურები ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად;

ე) ინსპექტირებისა და კონტროლის ზომები ფიზიკური დაცვის შესამოწმებლად;

ვ) იძულებითი ღონისძიებები ფიზიკური დაცვის მოთხოვნების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 66. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება

მარეგულირებელმა ორგანომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ინციდენტების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის ქურდობას, ძარცვას ან მათ სხვაგვარ უკანონო დაუფლებას.

მუხლი 67. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

არავის აქვს უფლება, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირისთვის ცნობილი გახდა „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციების დებულებების შესაბამისად.

 

თავი XIII. უწყებრივი რეესტრი

მუხლი 68. უწყებრივი რეესტრის წარმოება

1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის მართვისა და მარეგულირებელი ზედამხედველობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აწარმოებს უწყებრივ რეესტრსდა ახორციელებს მასში მოცემული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანოსა და ავტორიზაციის მფლობელი პირის ვალდებულებები მაიონებელი გამოსხივების წყაროს, რადიოაქტიური ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან მისი დაშვება განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, შეტყობინების უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ინსპექტირების უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით.

4. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ბირთვული მასალების უწყებრივ რეესტრში მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.

 

თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 69. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი;

ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი;

გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დაცვის სტრატეგია;

დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი;

ვ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი;

ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის შესახებ;

თ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციისა და ტრენინგების მიმართ მოთხოვნები;

ი) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სერტიფიცირების პროცედურები;

კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესები;

ლ) გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;

მ) იმპორტირებული სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი;

ნ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი;

ო) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტი;

პ) მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;

ჟ) ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი.

2. მინისტრმა 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესები“.

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ახალი, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე ძალაში დარჩეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 70. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიები

ავტორიზებული პირი, რომლის ბირთვული და რადიაციული საქმიანობაც ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება რეგისტრაციას, ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინოს განაცხადი რეგისტრაციის თაობაზე 2026 წლის 1 მაისამდე.

მუხლი 71. დასკვნითი დებულებები

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631), გარდა ამ კანონის IV თავისა.

2. 2026 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონის IV თავი.

3. ეს კანონი, გარდა ამ კანონის III თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

4. ამ კანონის III თავი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3284-XIმს-Xმპ