საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3464-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018067
3464-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 10/07/2023
010190020.04.001.018067
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები.

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლით, ამ კანონის მე-12 მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

3. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.  თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

4. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ცესკოს წევრობის კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენელი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სათანადო კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს თითოეულ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან 1 კანდიდატურას წარუდგენს.“;

ვ) მე-9−მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3464-XIIრს-Xმპ